Category Archives: ბათუმური დღიურები

ცხვირების კლასიკური მუსიკა

სტანდარტული

ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც დოკუმენტურ ფილმს ნახავს კლასიკურ მუსიკაზე მოწყენის გარეშე… თვით მუსიკოსებს შორისაც კი…

ვინ არის კლასიკური მუსიკის შემსრულებელი? ადამიანი, ვინც გრძნობს, გადმოგცმს იმას, რაც საუკნეების წინ იგულისხმა კომპოზიტორმა. ერთგვარი მოციქულივითაა ღმერთ-ხელოვანსა და უბრალო მსმენელს შორის. ცოტა რთულია, წარმოიდგინო შემსრულებელი რეალურ ცხოვრებაში, სცენის მიღმა. უფრო რთულია იცინო კლასიკურ მუსიკის ფონზე…

ჰოდა, ადგა ალქსეი იგუდესმანი და გადაიღო ფსევდო-დოკუმენტური ფილმი თავის მეგობარზე, ვიოლინოს ვირტუოზ ჯულიან რაკლინზე და მის ორკესტრზე, და გააჯერა საოცარი იუმორით, ტროლინგით და სკეტჩებით…

იგუდესმანი მევიოლინისა და დირიჟორს როლს კარგად ერგება ცხოვრებაში, ამჯერად რეჟისორის სავარძელიც მოუხდა. ცნობილი სახეებიც მოახვედრა საკუთარ იუმორისტულ სატირაში: ჯონ მალკოვიჩი და სერ როჯერ მური, რომელთა იუმორი ცალკე საუბრის თემაა.

ფილმში საოცრად ბევრი სიცილია, რომლის მიღმა ტრაგედიის დანახვაც შეგიძლია. ბედი, რომელიც დღეს კლასიკური მუსიკის შემსრულებელს ელოდება, არცთუ სახარბიელოა. სურათში საოცარი იუმორით პასუხი არის გაცემული ამ კითხვაზე: პარიზის მეტრო… და ვირტუოზი შემსრულებლები ასწავლიან სტუდენტებს, როგორ შეასრულონ და იმათხოვრონ ერთდროულად. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…

ასევე კარგი გზავნილებია გაკეთებული კლასიკურ მუსიკასა და მის მოთხოვნაზე საზოგადოებაში. ჩნდება განცდა, რომ იგი არავის სჭირდება, აქტუალობა დაკარგა. ეს ფილმი და მუსიკის გადმოცემის მსგავსი საშუალება ეხმარება შემქმნელებს კლასიკა მიიტანონ ნებისმიერ თაობასთან.

ფილმისათვის მასალებს 2 კვირის განმავლობაში იღებდნენ, თუმცა მისმა მონტაჟმა წელიწადნახევარს გასტანა. სებასტიან ლაითნერმა, ოპერატორმა და მონტაჟის ავტორმა, ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ საკმაოდ რთული იყო აურაცხელი მასალიდან ამოერჩიათ ზუსტად ის, რაც ფილში მოხვდა. მას მონტაჟის პროცესი ძალიან უყვარს და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სურათის შეკვრას ამდენი ხანი მოანდომა. როგორც გამოირკვა, ახლაც მუშაობენ პროექტზე, სადაც კლასიკური მუსიკის შემსრულებლები ითამაშებენ ფილმში საკუთარ თავებს, რაც ასევე საინტერესო იქნება.

მოკლედ, ნახეთ „ნოუსლენდი“, მოუსმინეთ საოცარ მუსიკას და იცინეთ ბევრი…მერე იფიქრეთ…

დაგვიანებული, მაგრამ მაინც პროტესტი

სტანდარტული

ჯანსაღი პროტესტი ჩაისახა და პოლიტიკურმა მაშამ აბორტის წესით დაანაწევრა უსუსური ნაყოფი და მასთან ერთად ყველანაირი იმედი. ჩვენ შანსი გვქონდა მართლა შეგვეცვალა რაღაც. ჩვენი ხმა არ ყოფილიყო „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, არ გვეგრძნო თავი სრულ არარაობად. შეგვეძლო მომავალში უმცროსი თაობისათვის გვვეთქვა, რომ ერთხელ, ყველა როგორც ერთი, დადგა ქუჩაში და გაილაშქრა ძალადობის წინააღმდეგ… რომ ჩვენი თაობა არ იყო ეკრანს მიმჯდარი „კლავიატურის ბიჭების“ თაობა…

და რას ვაკეთებთ? გამოვდივარ და ვაწყდები პოლიტიკური პიარის მცდელობის მაგალითებს, ქაოტურ, ჩამოუყალიბებელ მოთხოვნებს. სირცხვილია, რომ პროტესის გამოხატვის კულტურაც არ გვაქვს…

ძალადობა- ეს ისეთი მოვლენაა, რომლის წინააღმდეგ ყველა უნდა აღსდგეს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა და მრწამსისა. დატოვონ თავანთი დროშები და ტრიბუნები ოპოზიციონერებმა სახლში და როგორც რიგითი მოქალაქეები ისე დადგნენ ხალხის გვერდით! ნუთუ ასეთი უგულოები არიან, სხვის უბედურებაზე თავიანთი რეკლამის გაკეთება რომ არ ეთაკილებათ….

შე კაი ადამიანო, რომ გამოდიხარ და პირდაპირ სააკაშვილის გადაყენებას ითხოვ, დაგიკმაყოფილებს ვინმე ამ მოთხოვნას? ადექი და მოითხოვე პენიტენციალურ სისტემაში ძირეული რეფორმა! ძირეული რამდენმე ადამიანის დაკავებას კი არ გულისხმობს, არამედ მთელი შემადგენლობის განთავისუფლებას უკანასკნელ პაიკამდე ( აღნიშნულმა მეთოდმა საოცრად გაამართლა პოსტრევოლუციური პოლიციის რეფორმის შემთხვევაში)

სოციალური მედია გაფუჭებულ ტელეფონად იქცა. დეზინფორმაციამ წალეკა ფეისბუქი. „ვენდეტას“ ნიღბის დაყენება პროფილის სურათად ან მისი დაშეარება პრობლემას არ აგვარებს. ან იცით კი „ვენდეტას“ ფილოსოფია? ან ანონიმუსის? მათ ჩვენგან განსხვავებით საოცრად კონკრეტულად ჩამოყალიბებული მოთხოვნები აქვთ და ძალაც შესწევთ საკუთარი მიზნებისაკენ წელგამართულებმა იარონ.

სიტყვების „ცოცხი და ტრაკი“ საერთო კონტექსტში გამოყენებით დაზარალებულებს რომ შეურაცხყოფას აყენებთ თუ ხვდებით? ასეთი დელიკატური პრობლემისას მეტი დაფიქრება და თავშეკავებულობა გვმართებს.

ძალადობა უნდა დაიგმოს, მხოლოდ არა ძალადობითვე! „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“ ბუკვალურად არ უნდა იქნეს აღქმული!

ჩემი ბლოგის მკითხველმა უწყის, რომ პოლიტიკაზე არასოდეს ვწერ. ეს პოსტიც არაა გამონაკლისი. ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ვარ, სადაც ნაჩვენები იქნა ნორვეგიელი დოკუმენტალისტი რეჟისორის, პერტ ლომის ფილმი „ისევ მოედანზე“, სადაც აღწერილია რევოლუციის შემდგომ ეგვიპტეში ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევები. აღნიშნულ ფილმზე პოსტიც დავწერე, მაგრამ უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, გამოქვეყნება გადავდე. აბა როგორია, დავგმო წამება ეგვიპტეში, როცა აქ ასეთი კადრები ვრცელდება მედიის საშულებით? დუმილი ამ დროს სირაქლემის პოზიციაში ყოფნის ტოლფასად მეჩვენა.

პროტესტი აუცილებელია, მაგრამ საკუთრივ პროტესტის ფორმამ და გამომხატველობამ ახალი პროტესტი არ უნდა წარმოშვას!

ბათუმი

19-20 სექტემბერი

2012

გავიღვიძე თუ არა, თემუჩინმა მითხრა, ყველა შეიცვალა ციხის სისტემაშიო… უკლებლივ ყველაო…  ბადრაგად პატრული შევიდაო…

BIAFF 2012. დღე I

სტანდარტული

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი ოფიციალურად შევიდა ძალაში. პირველი საკონკურსო დღე გახსნა პეტერ ლომის ფილმმა „ისევ მოედანზე“.

აღნიშნული სურათი აღწერს პოსტრევოლუციური ეგვიპტის მწვავე რეალობას. რეჟისორი არ შეუშინდა ეგვიპტის ძალოვანი სტრუქტურებისა და საზოგადოების ნაწილის ზეწოლას და მოახერხა ფილმში ეჩვენებინა ჯანსაღი პროტესტი, უფლებააყრილი, დამცირებული ადამიანთა განცდები. სურათი საკმაოდ ემოციური და მძიმედ საყურებელია.

მეორე ფილმად ნაჩვენები იქნა იერჟი ჰოფმანის „ვარშავის ბრძოლა, 1920“. აღნიშნული სურათი წლევანდელი ფესტივალის გახსნის ფილმად მოგვევლინა.  ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილი იყო რეჟისორის მასტერ კლასი, თუმცა, სამწუხაროდ, ჰოფმანმა, საორგანიზაციო ჯგუფისაგან დამოუკიდებელ მიზეზებთა გამო, ჩამოსვლა ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა.

რიგით მესამე ფილმი საკონკურსო ნამუშევარი გახლდათ მხატვრული ფილმების სექციიდან: აგნეშკა ჰოლანდის „სიბნელეში“

ეს სახელი და გვარი ინტელექტუალური კინოს მოყვარულთა წრეში საკმაოდ ცნობადი და დაფასებულია. მისი სადებიუტო ნამუშევარი „პროვინციელი მსახიობები“ 1980 წელს კანის კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა რჩეული გახდა. ფილმი „სიბნელეში“ რეალურ ფაქტებზე აგებული მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც გამოირჩევა საოცარი ემოციური ფონით. რეჟისორმა შეძლო ეჩვენებინა ჰოლოკოსტის მთელი სისასტიკე, საზოგადოების დამოკიდებულება ებრაელთა მიმართ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ადამიანის თვითგადარჩენის ინსტიქტის მისეული ხედვა. ჰოლანდმა მოახერხა და დახატა რეალური გმირის სახე, ყოველი ნაკლით და პიროვნული მინუსით, რითაც გაექცა დაშტამპული, წმინდანის დონეზე აყვანილი გადამჩენლის ხატებას. სურათი საოცრად ემოციური და მძიმედ სანახავია, თუმცა მაყურებელს აიძულებს გაშეშებულმა უყუროს ეკრანს.

ჰოლანდის ნაშრომის შემდეგ წარმოდგენილ იქნა ასევე საკონკურსო სურათი მხატვრული ფილმების სექციიდან: უკრაინელი რეჟისორის, ევა ნეიმანის  „სახლი კოშკურით“.

სურათი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საოცრად დაბალი ბიუჯეტით შექმნა შედევრი. ფილმი მიმდინარეობის ნელი, უსიცოცხლო ტემპით გენიალური შემოქმედის, ანდრეი ტარკოვსკის შემოქმედებას შეიძლება შევადაროთ, რაც გასაკვირი არცაა. სურათი შექმნილია ფრიდრიხ გორენშტეინის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით. ამ უკანასკნელის კალამს ეკუთვნის „სოლარისის“ სცენარი. ფილმი აღწერს მეორე მსოფლიო ომისას საბჭოთა ცხოვრებას, საზოგადოდ გამეფებულ ადამიანთა მანკიერ ბუნებასთან 8 წლის ბიჭუნას ჭიდილს. სურათი მძიმედ სანახავი და ძალზე ემოციურია, რაც მაყურებელს ღრმად დაფიქრების, თვითჩაღრმავების საბაბს აძლევს.

პირველი საფესტივალო დღე დაიხურა ოსტატთა კოლექციის ბრწყინვალე წარმომადგენლის, ლეო კარაქსის ბოლო ფილმით „ზეციური მანქანები“.

ფრანგი რეჟისორი არტ-ჰაუსის მოყვარულთა წრეში დიდი სიყვარულით და დაფასებით სარგებლობს, რაზეც მიუთითებდა სავსე დარბაზი და დიდი მოლოდინი. აღნიშნული მოლოდინი გამართლდა. მსურველებს ფესტივალი საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ დატკბნენ შემოქმედის აღნიშნული სურათით 22 სექტემბერს, 14:30-ზე, ტრადიციულად, კინოთეატრ “აპოლოში“.

ფესტივალის პირველი დღე ინტელექტუალური კინოს მოყვარულებს იმედს უმართლებს და შემდგომ მოლოდინებს ტოვებს.

BIAFF 2012. ფესტივალის გახსნა

სტანდარტული

არის! აღსრულდა!

BIAFF 2012 ძალაში შევიდა. ვინც არ იცით, გეტყვით, ბათუმში ვარ, საოცარი გარემოთი, ხალხით და გემოვნებიანი ფილმებით ვტკბები.

ბევრი ვიფიქრე, რაზე დამეწერა ფესტივალის დროს. შევეცდები ფილმების მიმოხილვა გავაერთიანო იმ გარემოს აღწერასთან, რაც ირგვლივ სუფევს. ვნახოთ, რა გამოვა….

რეჟისორ იერჟი ჰოფმანის ბიოგრაფია მეტად საინტერესოა. დაიბადა 1932 წელს, ქალაქ კრაკოვში. როგორც ფესტივალის საინფორმაციო კატალოგში წერია, 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიული ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა კინემატოგრაფიაში სცენარისტად და რეჟისორად.

ფესტივალის გახსნის ფილმად ნაჩვენები გახლდათ ჰოფმანის ბოლო ნამუშევარი „ვარშავის ბრძოლა 1920“.

საკუთრივ ის ფაქტი, რომ ფილმი 3D-შია, მაშინვე მიუთითებს, რომ ფილმი კომერციული ბუნების მატარებელია. ბიაფის გახსნის ფილმად მისმა არჩევამ მრავალი კითხვა გამიჩინა, თუმცა ამაზე მერე…

ფილმი აღწერს საბჭოთა რუსეთის მიერ პოლონეთში შეჭრის პერიოდს, მიმდინარე ბრძოლებს. ამის პარალელურად სურათს მიყვება Love Story და ცდილობს აჩვენოს ომის სისასტიკის ფონზე სიყვარულის სისპეტაკე და მარადიულობა.

საკუთრივ ფილმი, ჩემი აზრით, პროპაგანდისტულ ნამუშევარს მიეკუთვნება. ესაა მცდელობა აჩვენოს საბჭოთა სისატიკე, ხაზი გაუსვას რეჟიმის საშინელებას. რამდენად საჭიროა პროპაგანდა და ანტისაბჭოთა ფილმები? რა არის მთავარი საომარი ფილმების გადაღებისას? ვისზეა გათვლილი მსგავსი ნაწარმოებები? მსგავსი კითხვები ტრიალებდა ფილმის შემდეგ ბლოგერებს შორის.

ფილმის ნახვის შემდეგ, რაც პირველი ასოციაცია ჩნდება, ესაა ავად სახსენებელი „აგვისტოს 5 დღე“. დაახლოებით მსგავსი კუთხით შეიძლება მივუდგეთ ჰოფმანის ნამუშევარსაც. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ „ვარშავის ბრძოლა 1920“ საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი ნამუშევარია, და ჰარლინის „შედევრისაგან“ განსხვავებით, ამართლებს დანახარჯებს. ვიზუალური თვალსაზრისით საინტერესოა სპეცეფექტები, კოსტიუმები, მაგრამ გარემოს დაძველება თითქოს არ ხდება, ანუ ვერ იჯერებ, რომ ეს მართლაც 1920-იანი წლების ვარშავაა. (დემეტრეს შენიშვნა) ხვდები, რომ ხელოვნურად გათამაშებული სცენაა, რაც საკმაოდ გამაღიზინებლად მოქმედებს ჩემზე. ზედმეტად ბევრი სისხლი, კადრები, რომელთა მიზანსაც ვერ მივხვდი, ასევე ნერვებს მიშლის. ტექნიკურ ხარვეზებსა და უზუსტობებს ფილმში არ შევეხები, ზედმეტ დაკნინებად რომ არ ჩამეთვალოს.

საჭიროებდა თუ არა კინემატოგრაფი მსგავს ნამუშევარს? გავბედავ და ვიტყვი, რომ არა. გაცილებით ბევრი საომარი დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი არსებობს, რომელსაც სათქმელი უფრო კარგად მიაქვს მაყურებელთან. ზედმეტად გაჭიმული სურათი, მითუმეტეს ბათქა-ბუთქი, მოსაბეზრებელია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ პირადად ჩემთვის პოლონეთის ისტორიის აღნიშნული მონაკვეთი და ერის ტკივილი, უცნობია. ამიტომაც, არ ვიცი, რა რეაქცია ექნება რიგით პოლონელს ჰოფმანის სურათის ხილვისას.

რაც შეეხეება ანტისაბჭოთა პროპაგანდას. საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ არა გადამლაშებულად, რადგანაც ამ დროს საკუთრივ პროპაგანდას მიმართ ვითარდება უარყოფითი რეაქცია.

საომარ ფილმებში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია იმის გადმოცემა, რომ ყველანაირი ომი საშინელებაა. ხაზი უნდა გაესვას არა სისხლისა და აფეთქებების რაოდენობას, არამედ ადამიანური ტრაგედიის გარდაუვალობას. კარგმა საომარმა სურათმა უნდა დაგანახოს, რომ ბარიკადების ორივე მხარეს ადამიანები არიან, რომელთაც ერთნაირად სტკივათ ომი. ერთ-ერთ საინტერესო ნამუშევრად ომის საშინელების გადმოცემის თვალსაზრისით, მიმაჩნია No Man’s Land. მადლობა ხერგიანს, რომ შეძლო და სათაური გაიხსენა.

დიალოგი საკუთარ თავთან

-რამდენად ახლოსაა აღნიშნული ფილმი ბიაფთან?

-არანაირად!

-რატომ ბიაფის გახსნაზე?

-ალბათ, რეჟისორის პატივისცემის ნიშნად.

სასიამოვნო ფაქტია, რომ ბიაფის მხრიდან წმინდა სახის ადამიანურ ურთიერთობებს ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი მის მენეჯმენტში.

ზურიუსის გემოვნებას ვენდობი და უსიტყვოდ ვეთანხმები, რომ „მუსიკა, საკუთრივ, კარგი იყო, მაგრამ ფილმში ზედმეტად პროპაგანდისტულია“ (სტილი დაცულია)

საბოლოო ჯამში, გახსნის ცერემონიამ კარგად ჩაიარა, კინომ- ისე რა…

მთავარი მაინც მოლოდინია, რაც  ბიაფის წლევანდელი ფესტივალის შემთხევევაში ძალიან დიდია. ამიტომაც, გახსნის ფილმით ზოგადად ფესტივალზე მსჯელობა, უმართებულოდ მიმაჩნია. გირჩევთ, თუ ხართ ბათუმში, ეწვიოთ კინოთეატრ „აპოლოს“ და დატკბეთ ინტელექტუალური კინოს სურათებით.

მზიანი ღამის ფიქრები

სტანდარტული

-დიმა, გაიღვიძე, ნახე რა მზეა, რა ამინდია!- მამიდაშვილის ზარმა გამაღვიძა.

-ხო?- შანსი არაა, ალბათ მატყუებს, რომ ავდგე. ფანჯრისკენ გავიხედე, – ვააა! მზე?

-ხო, ამოდი დროზე, ისაუზმე და აუზში ჩავიდეთ.

-ახლავე.

სასწრაფოდ ავდექი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მზეს პირველად ვხედავ. სითბოა ჰაერში. ასწორებს.

როგორც ყოველთვის, ახლაც ნელა ვჭამ. ნათიამ, მამიდაშვილმა, მალევე დაგვტოვა. თაკოს გავუბი საუბარი, მის დაქალს. ყველაფერს მოვედე, ენდოკრინოლოგიას, დიეტოლოგიას, პლასტიკურ ქირურგიას, ტრანსპლანტოლოგიას. მოკლედ, მედიცინაზე საუბრის დროს ზღვარს ვკარგავ ხოლმე.

როგორც იქნა მოვრჩი საუზმობას. მალევე გავემზადე და აუზზე ჩავედი. ხალხით სავსეა აქაურობა. მზე მაინც თავისას შვება. წყალი საკმაოდ ცივია, მაგრამ პრინციპის ამბავია ასეთ ამინდში წყალში ჩასვლა. თავიც დავისველე, ცურვით დავიღალე. მზეს არ მივეფიცხე. ნარუჯის (უთხარი არა „ზაგარს“) წინააღმდეგი ვარ, მედიცინის კუთხით.

ოთახში დავბრუნდი. ხელახლა წავედი საზაუზმოდ, ამჯერად ბიძაშვილთან ერთად. ბათუმს გადმოვცქერით. აქედან, როგორც ხელისგულზე, ისე ჩანს ყველაფერი. ამინდი გაფუჭებას იწყებს. იღრუბლება. ჩემ ქვეშ განფენილ ქალაქს ვაკვირდები. საოცრად მჭიდროდაა დასახლებული. ცარიელი, დაუსახლებელი ადგილი ნაკლებად მოგხვდება თვალში. ერთ სახლს მეც ვიქონიებდი ამ ქალაქში, ვფიქრობ.

საკმაო დრო გავიყვანეთ საუბარში. ყველაფერს მივედ-მოვედეთ. ქარი ძლიერდება, ცივი ჰაერი დატრიალდა. ოთახში დავბრუნდი.

To: Omara

Jambaz gaigvidze? 😀

From: Omara

Ho. Vcham tore dges saertod ar michamia da gushin kide da davlaslaseb 😀

To: Omara

Ro morchebi da moicli gamagebie da moval, sadme gavidet 😀

From: Omara

Ok. Mogwer cota xanshi

ამასობაში გაწვიმდა. ძილი მომეკიდა. ომარას მივწერე, წვიმს და რომ გადაიღებს მერე გამოვალთქო. დავიძინე.

საღამოს პიაცაზე გავედით. საოცარ ცოცხალ შესრულებას შევესწარი. ინსტრუმენტალური აღმოსავლური ჰანგებისა და ოპერის ნაზავს. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, იმდენად მომაჯადოებლად ჟღერდა ეს ყოველივე პიაცას განათებულ ფონზე. სამწუხაროდ, ბოლო 3 კომპოზიცია მოვისმინე.

კაფეში ავედით.  თაროებით და წიგნებითაა სავსე აქაურობა. მაგიდებს გადავხედე, წიგნი არავის ხელში არ შემინიშნავს…

სად იქნება ომარა? აღმოჩნდა, რომ ლიტკაფეში, პიაცადან საკმაოდ ახლოს. სხვას არც ველოდი. ზოგადად ეს ისეთი ადამიანია, სრულიად უცხო ქალაქში რომ დაგეკარგოს, მაშინვე წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში უნდა დაუწყო ძებნა. შანსი არაა, მალევე მიაგნებ.

მოკლედ გეზი ლიტკაფესკენ ავიღეთ და გზად მალევე შეგვხვდა ომარა მეგობრებთან ერთად. გიოს ვიცნობ, მაგარი კაცია, საოცარი ადამიანია ურთიერთობაში. ილო და თორნიკე გავიცანი.  ილოს  ბლოგს ვიცნობდი. მის მიერ შედგენილი ფილმების სია საოცრად მომწონს. თორნიკეს ჩვენ შორის ყველაზე მაგარი ვარცხნილობა აქვს.  ჩემებს დავემშვიდობე და გზას გავუყევით. უჟმურად ცრის.

ყველაფერს მივედ-მოვედეთ. თბილისის ამბებიდან დაწყებული- ბათუმით დამთავრებული. ბულვარში 3D სტრიტ-არტი ვნახეთ. მაგარია, აქამდე მხოლოდ ინტერნეტში მქონდა ნანახი. მძინარე გველეშაპი და იაზონი გამოესახა არტისტთა ჯგუფს. ეს უკანასკნელი ოქროს საწმისს ხსნიდა ხიდან. წვიმამ იმატა. ომარას და გიოს სასტუმროსკენ ავიღეთ გეზი. გიომ უახლესი ტექნიკის დახმარებით გაგვიკვალა გზა. მეტ-ნაკლებად დავსველდით. ომარა ლუდით გამიმასპინძლდა. მე, თორნიკე და ილო „Pussy Riot”-ზე ვსაუბრობდით. მერე არტ-დაჯგუფება „ვოინა“ და მათი პერფორმანსები გავიხსენე.

განახლებული ბაგრატის ტაძარის სურათები ვნახეთ. საოცრად საღად მოაზროვნე ადამიანები გამაცნო ომარამ. ადამიანთან საუბარი რომ გსიამოვნებს, ისეთი ბიჭები არიან. ამასობაში მამიდაშვილმა დამირეკა. აღმოჩნდა, რომ გასაღები წამომყოლია. ომარას  და გიოს დავემშვიდობე,  ილო  და თორნიკეც წამოვიდნენ. გზაშიც საკმაოდ ვისაუბრეთ. მათაც დავემშვიდობე და ტაქსს დავუწყე ლოდინი.

-ეჰ, ბაბუ! შენ ღამე თუ არ გიბანავია ზღვაში, ჩათვალე, რო ზღვა არ გცოდნია რა არი. მე აქედან ახლა ზღვაზე წავალ- მითხრა მოხუცმა ტაქსისტმა

ალბათ მართლაც ასეა. სიბნელე, უკიდეგანო ზღვა და საოცარი სიწყნარე- პირდაპირ ოცნებაა ჩემთვის. რაც არ უნდა იყოს, დრო აღარ მრჩება. ხვალ მივდივარ. ხვალ რა, უკვე დღეს. 12-ს კარგა ხანია გადასცდა. პოსტი მაქვს გამოსაქვეყნებელი, „ტურისტული ფიქრები“ დავარქვი. რაღაც უაზრო სათაურია, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

03:48

19 აგვისტო, 2012

***

11:50- ზე გავიღიძე. სასწრაფოდ ჩავალაგე ნივთები. ნაჩქარევად ჩავტენე ჩანთები საბარგულში და ბათუმი დავტოვე. აი, ასე, ყოველგვარი სენტიმენტებისა და გამოთხოვების გარეშე. მიუხედავად საზიზღარი ამინდისა, ფრიად ვისიამოვნე ადამიანური ურთიერთობებით, განახლებული ბათუმის სილამაზით და მუსიკით. მეტი რაღა მინდა? ამ საოცარ ქალაქს კვლავ დავუბრუნდები 15 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გამო. „ბათუმურ დღიურებს“ მერეც გავაგრძელებ.