Category Archives: ვინილი.

როგორ შევხვდი ჯონ ლენონს

სტანდარტული

სიზმარის სამყარო გასაოცარია. ასეთი თავისუფლება, უკონტროლობა და უკიდეგანობა რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა კედელზე ჩამოკიდებული ჩარჩო, რომელსაც რაც არ უნდა ეცადო ვერ გასცდები. ხის რიკულებიანი ნაჭრები მჭიდროდ გვეკვრის გარს და სულს გვიხუთავს. ჩვენს მიერ თვალსაწიერის გაფართოება კი სხვა არაფერია, თუ არა ირგვლივ არსებული ოთხკუთხედი სამყაროს პერიმეტრის გაზრდა, რითაც ვახერხებთ კედლის უფრო დიდი ფართი მოვიცვათ, თუმცა არ გვიწერია მთლიანად შევიცნოთ იგი. ზუსტად ასეთი შეგრძნება დამეუფლა, როცა  ბენქსის საგამოფენო ნამუშევარს შევავლე კომპიუტერის ეკრანზე პირველად თვალი.

“There are four basic human needs; food, sleep, sex and revenge.”
Banksy

და მაინც, რახანაც ვართ “თავის უფლები” მხოლოდ ძილში, ჩვენი ტვინის ხვეულების ალფა რხევებში, ვახერხებთ რამდენიმე წუთით გადმოვიდეთ შავთეთრი სურათიდან და ფერადი კედელი მოვათვალიეროთ.

სიზმარი ფრიად საინტერესო თვისებით ხასიათდება. იგი ყოველთვის ქვეცნობიერს გამოავლენს, რომელთან წვდომაც ადამიანის ცნობიერს არ აქვს. სწორედ ამიტომაც სწავლობდა ფროიდი პაციენტების სიზმრებს, რომელთა შესწავლის საფუძველზეც დააშენა შემდეგ საკუთარი “ფსიქოანალიზი”.

სიზმრად უცხო ადამიანი გინახავთ? საინტერესო ფაქტი: ძილში ახალი სახის შექმნა არ შეგვიძლია. ჩვენთვის “უცხო” ადამიანები სინამდვილეში სადღაც ნანახი, შეიძლება უბრალოდ თვალმოკრული რეალური პიროვნებები არიან, რომლებიც ღრმად ჩაიბეჭდნენ მეხსიერებაში და ფიზიკური მოსვენების ჟამს ბურუსიდან გამოიკვეთნენ, როგორც სუსხიანი შემოდგომის ნისლიან დილას თანდათან ჩნდება პეიზაჟი. სიზმრად სრულდება ჩვენი დამალული ოცნებები და სურვილები, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში მიღწევა ხშირად არ უწერიათ. მე, მაგალითად ბითლზის კონცერტზე ვიყავი ერთხელ, სულ წინა რიგებში, ხშირად დავფრინავ ყოველგვარი დახმარების გარეშე, ოპერაციებს, ან უბრალოდ შეხვევებს ვაკეთბ, ზოგჯერ სამყაროს ფერადოვნებით დაძაბუნებული მხატვარიც ვარ…

***

ქალაქში ვარ… ქუთაისს ჰგავს ძალიან, მაგრამ თბილისია აშკარად. საუბარი და ქუჩების განლაგება დედაქალაქისას მიუგავს, ყოველშემთხვევაში. ვიღაც გოგსთან ერთად ვარ. საოცრად ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვერ შევიცანი ვერაფრით. მშვიდად ვარ, საფრთხეს ვერ ვგრძნობ. წყნარად მივუყვები ქუჩას და მანქანების კოლონას ვაკვირდები. ქუჩის კუთხეში კომიქსების მაღაზიას მოვკარი თვალი. საოცრად მომინდა შესვლა და დათვალიერება, კომიქსი ხომ რეალურ ცხოვრებაში თვალითაც არ მინახავს… საოცარი გარემოა… შემინული დახლები ფერადად ბრჭყვიალებს. ჩემთვის სრულიად უცნობ და ასე საინტერესო სუპერგმირებს შევყურებ პრიალა გარეკანზე… ნება-ნება ვათვალიერებ დახლებს… სალაროს ვუახლოვდები, რომლის მარცხნივაც უზარმაზარი შემინული კარადა დგას. კი მეუცნაურა, ცოტა მოუხერხებლად ჩაუდგამთ, მაგრამ ამისთვის ვის სცხელა? კარადის წინ ავეყუდე…

სიტყვებით რთულია გადმოსცე განცდა რაც მისი შიგთავსის დანახვისას მეუფლება! ეს არის ბითლზის ალბომების სტერეო რემასტერი ვინილზე (ცნობისათვის, ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა, 12 ნოემბრიდან გაეშვება ქსელში)

The Beatles studio album remasters on 180 gram vinyl

საოცარია… პირდაპირ ჯადოსნური… განათებაც კი ისეთი აქვს, მიუწვდომელს და ხელშეუხებელს რომ ხდის.

-ხედავ? ხედავ???- ისტერიკულად ვეკითხები გოგონას, რომლის სახეც ასე მეცნობა, და მაინც ვერ გავიხსენე რა ჰქვია.

გოგო სალაროში გამყიდველთან საუბარს მორჩა და ჩემ გვერდით აიტუზა. დამუნჯებულები შევცქერით ვიტრინას.

კარის თავზე ჩამოკიდებული ზარი გაწკრიალდა… მაღალი, თხელ მანტოში გამოწყობილი, შავი მზის სათვალით და ოდნავ გრძელი ცხვირით, თხელი, ვიწრო ბაკენბარდებით, ჰაეროვნად შემოაბიჯა ამ მიკარგულ კომიქსების მაღაზიაში ღმერთმა- ჯონ ლენონმა! წამით ვიგრძენი, რომ გული გამიჩერდა…

“არა! ეს შეუძლებელია! წარმოუდგენელია! როგორ?”- ფიქრები თევზებივით აირია თავში.

გვერდით ჩაგვიარა, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და თავი დაგვიკრა… სალაროს მიადგა… გაჭაღარავებულ, მსუქან გამყიდველს, რუს საშას, გაუბა ჩუმად საუბარი…

-ისაა???- ვკითხე ჩემ გვერდით მდგომ უცნობ-ნაცნობ გოგონას, რომელმაც მხრები აიჩეჩა.

იდაყვით სალაროს მაგიდას ჩამოეყრდნო, მუხლები მოხარა… კევს ღეჭავს…

-საშა, ჩემთვის უნდა იყოს რაღაც…

საშამ დავთარი ამოიღო…

-ჯონ ლენონი.

საშამაც კირკიტი დაუწყო ჟურნალს. ეტყობა რაღაც სიაა, ისე ჩააყოლა კალამი…

“ისაა! ისაა!!!”- ეს აზრი ისე ხმამაღლა ყვირის ჩემ თავში,  ყურებზე ხელს ვიჭერ, რომ “ბარაბნები” არ გამისკდეს…

-ასეთი სახელი სიაში არაა!- რუსულად პასუხობს მსუქანი საშა

“რაა? ეს ხომ არ გამოყლევდა??? რას ქვია არაა! ჯონ ლენონია, ბოლოსდაბოლოს! ვერ ცნობს, ეს ჩემისა?”- ხელები ამჯერად პირზე ავიფარე, რომ აზრები ტუჩებს მიღმა არ გამქცეოდა.

-ააა, ხო!- უდარდელ გაეცინა ჯონს- მართალია! რობერტ ჰაქსლი ნახე!

-კი, არის, ბატონო რობერტ!

“რაა? რა რობერტ? ვინაა რობერტ ჰაქსლი?- გამიელვა აზრმა, მაგრამ მალევე გადამავიწყდა. ჩემ გვერდით მდგომი გოგო ჯონს მიუახლოვდა და რაღაც ჰკითხა. მას გაეღიმა, თავი დახარა და ოდნავ დააქნია… ხელი ჩამოართვა… ჩემსკენ წამოვიდა…

კანკალი ამიტყდა… ხელისგულები გამიოფლიანდა… რამდენჯერმა სწრაფად დავისვი შარვალზე… ენა მებმევა… რაღაც აზრის გამოთქმა მინდა რუსულად…

-я ваш фанат…   ისაა… ჯანდაბა!- საერთოდ წამერთვა ლაპარაკის უნარი

-Easy, boy!- გაეცინა მას და ხელი ჩამომართვა, – მე მესმის და ვგებულობ.

მთელ სხეულში ელექტრო მუხტმა დამიარა თითქოს…

რამდენიმე წამით წყდება სიზმარი

ახლა მე და ლენონი ვდგავართ ვიტრინის წინ და ბითლზის რემასტერ-ვინილ ალბომების ყუთს შევყურებთ.

-ჰა, როგორია?

-მე ვერ შევწვდები, ძალიან ძვირია- ჩუმად ჩავილაპარაკე. 319$ ღირს, ფასი ვიცი უკვე… (სიზმარშიც კი ჯიბეგაფხეკილი ვარ)

-ეგ არაფერი! შენ Shaved Fish-ს უნდა მოუსმინო!- მითხრა მან და სალაროსკენ წავიდა…

საშამ პატარა, შესასვლელი კარი გაუღო და დახლში შეიყვანა. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კედელზე აწოწილი რკინის კარადა გახსნა, რომელიც ცელოფნის დაფასოებული პარკებით იყო გამოტენილი. ლენონი ოდნავ აიწია და ორი პაკეტი ჩამოიღო. ნაცრისფერი პაკეტის ზედაპირზე მისი სურათი გავარჩიე…

ნახატი პარკზე

მომიახლოვდა და პაკეტი გამომიწოდა…

-გახსენი, შენია! ჩემგან.

პაკეტი გამოვართვი და გახსნა დავიწყე. რამდენიმე მაისური მისი გამოსახულებით, საოცრად მოკლე, “ლივერპულის” საფერხურთო შორტი, პლაკატი ხელმოწერით და მისივე დახატული სურათი კომპაქტურად იწყო პარკში.

-მადლობა! დიდი მადლობა!

-ააჰ, ეგ არაფერი! გახსოვდეს, მთავარი მშვიდობაა, მეგობარო! Peace- თქვა და მარჯვენა ხელის ორი თითით მშვიდობის სიმბოლო გამოხატა…

ამ სიტყვები შემდეგ, ლენონის ნაჩუქარი პაკეტით ხელში უდაბნოში, უზარმაზარ რიგში ამოვყავი თავი… რატომღაც ჩავთვალე, რომ ახლო აღმოსავლეთში მოვხვდი… სუფთა წყალს ელოდებოდა ხალხი…

***

რა არის მაინც სიზმარი, და სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის? ჩემი სიზმარი იმდენად რეალურს ჰგავდა, რომ ახლაც, ფხიზელ გონებაში მიჭირს ამ ყოველივეს უბრალო ზმანება ვუწოდო. იმედია კიდევ მომეცემა საშუალება ჯონს მშვიდაბაზე ვესაუბრო.

სიზმრის თემას რამდენჯერაც არ უნდა შევეხო, გაჩერება მიჭირს… სანამ თავს მოგაბეზრებთ, გირჩევთ ნახოთ/კიდევ ერთხელ გადახედოთ კროსტოფერ ნოლანის შედევრს Inception. დატკბით ადამიანის გონებისა და შესაძლებლობების უკიდეგანობით…

მე კი ბონუსად ჯონ ლენონის Shaved Fish-ს დაგიტოვებთ.

ფერად სიზმრებს გისურვებთ…

Advertisements

ხელში დაჭერილი მუსიკა

სტანდარტული

    მუსიკა– ყველასთვის ერთნაირი  და  განსხვავებული თითოეულისთვის. განსხვავებულია მისი მოსმენის მეთოდებიც. ზოგისთვის ის კოპიუტერის გამაძლიერებლებიდან ისმის, ზოგიერთი ყურსასმენებით შეიმეცნებს მას, ზოგიერთი იღბლიანი კი “სერიოზული” სტერეო–სისტემით ეშვება მელოდიურ ბგერათა ნირვანაში. განსხვავებულია მუსიკის გადმოცემის გზებიც. ამჟამად MP3 ფორმატებია ზენიტში. ამ უკანასკნელმა CD დისკები ჩაანაცვლა. 90–იანებს ჩაბარდა ლენტიანი კასეტები და მანიკიური 🙂 მანამდე იყო ე.წ. “ბაბინები”, რომელთა შესახებ საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მის შესახებ ბევრი მსმენია “35 მანეთიანთა” თაობის წარმომადგენლებისგან.
    თუმცა მე ამჯერად ფირფიტებზე, ანუ “პლასტინკებზე”, ანუ ვინილზე გაგესაუბრებით. თქვენი უმრავლესობისთვის, პლასტინკა ბავშვობასთან ასოცირდება. ჩემთვისაც ასე იყო… მეც ხშირად მისვრია იგი. მიყვარდა ხმა, რომელსაც ფირფიტა გამოსცემდა ჰაერის გაკვეთისას. ტრაექტორია, რომელსაც შემოხაზავდა ლივლივით და კულმინაცია– მიწაზე დანარცხება და ნაწილებად დაფშვნა. (დღეს რომ იგივეს მოვკრა თვალი, ალბათ “გული დამარტყამს”)
    რა იყო ამ ვანდალიზმის მიზანი? ამ კითხვას ხშირად ვუსვამ თანატოლებს. ბევრი ამბობს,  რომ ეს უბრალოდ ბავშვობაა და მიზეზებს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცაღა ყველა ბავშვურ თამაშს თავისი ახსნა გააჩნია. რატომ არის, რომ ზოგიერთი ბიჭი მანქანებზე გიჟდება, ზოგი თოფებით დარბის და გამუდმებით ომობანას თამაშობს, ზოგიერთი კი ბურთთან ერთად იძინებს და პიჟამოს მაგივრობას კი საფეხბურთო ფორმა უწევს? ეს ყოველივე, მეტ–ნაკლებად, ბავშვის შემდგომ ცხოვრებაში ჰპოვებს ასახვას.
     პირადად მე, ფირფიტის ტყორცნაში უცხოპლანეტელთა მფრინავ თეფშს წარმოვიდგენდი. როგორ მინდოდა ცოცხლად მეხილა მთელი თავისი სიდიადით და ბრწყინვალებით. ჰაერში გასროლილი “პლასტინკა” ამ ოცნებას რამდენიმე წამით ფრთებს ასხამდა… გართობის ამ მეტად უცნაურმა სახეობამ, საბოლოოდ, უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემ შემდგომ ცხოვრებაზე…
     კიდევ ერთი გამოყენება პლასტინკამ დეკორატიულ გაფორმებაში ჰპოვა. დარწმუნებული ვარ, თქვენს უმრავლესობას სახლში მოეპოვებ(ოდ)ა ფირფიტებისგან გაკეთებული საყვავილეები. პირველად ვის მოუვიდა ეს დანაშაულებრივი, მახინჯი აზრი თავში? ისტორიამ მის შესახებ ინფორმაცია არ შემოგვინახა.
     ორიოდ წლის წინ TV-ში გადაცემას ვუყურებდი ბიტლზის და ქართველი ბიტლომანების შესახებ. სტუდიაში მოწვეულმა ყველასათვის ცნობილმა ფოტოგრაფმა იმ საღამოს აღწერა პროცესი, როგორ უნდა მოისმინო ბიტლზი ვინილზე. გაოცებული მივჩერებოდი ეკრანს. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, მხოლოდ იმ რიტუალს წარმოვიდგენდი, თუ როგორ გავაკეთებდი მე ამას. ამ გაფიქრებაზე კი ტანში საოცარი სითბო დამივლიდა და მაძაგძაგებდა. იმ საღამოს შევძელი აზრობრივად მეგრძნო მუსიკა, მთელი მისი მომხიბვლელობით და გრაციოზულობით. იმ საღამოს მე განუკურნებელი სენი შემეყარა– ვინილომანია… და მივხვდი, მისი შერწყმა ბიტლომანიასთან ჩემს კულტურულ თვითშეგნებაზე რევოლუციურად იმოქმედებდა…
      ასეც მოხდა. ერთხელ ძმაკაცთან წამომცდა: ყოველთვის წარმოვიდგენ ჩემ თავს ფირსაკრავთან იატაკზე მჯდომს, მუსიკაში რომ  გადავეშვებითქო. მას არაფერი უთქვამს. მისი დუმილის არსს ვერ ჩავწვდი მაშინ…
       დაახლოებით 3 კვირაში დამირეკა და მკითხა: “Abbey Road” თუ “Love Songs”? ჩემთვის ეს ისეთივე კითხვაა, პატარა ბავშვს მშობლების თანდასწრებით რომ ეკითხებიან: “დედა უფრო გიყვარს, თუ მამა?”  მიხვდა, რომ მე თვითონ პასუხს ვერ ვეტყოდი და “Love Songs”-ზე შეაჩერა არჩევანი…
    4 თვის განმავლობაში ვუყურებდი ფირფიტებს და ვოცნებობდი… “პრაიგრივა--ელი” ჯერ არ მქონდა. მაგრამ დადგა დღე, როცა ვიღაც გურამას სახლში აღმოვჩნდი და ჩემი ოცნება ვიყიდე…
    შემდეგ იყო ხანგრძლივი მოლოდინი გამაძლიერებლის მოლოდინში, მაგრამ ესეც მოხდა ერთ მზიან დღეს. ვიღაცას ფული ძალიან სჭირდებოდა იმ დღეს…
     იკითხავთ, რატომ მაინცდამაინც ფირფიტა? ამას იმიტომ კითხულობთ, ჩემო კარგებო, რომ არ იცით რას ნიშნავს, როვა ვინილი ხელში გიჭირავთ  რა გრძნობაა. ამ დროს ხვდები, რომ  მუსიკა შენს ხელთაა, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით… აკვირდები ამ საოცარ დისკოს, და ის შენ გელაპარაკება… გიყვება განვლილ ცხოვრებაზე. თუ ვინაა, რა გამოიარა, რამდენად უყვარდათ მის პატრონებს და როგორ ექცეოდნენ. მასზე ხომ თითოეულ ნაკაწრს თავისი ისტორია, თავისი ტკივილი აქვს.
     ყუთიდან იღებ, მის გლუვ კიდეს თითებზე მოიქცევ, ნელა ამოაცოცებ დამცავი გარაკენიდან, ცერა თითს კი ცენტრში მიადებ, სწორედ იმ ადგილას, სადაც პაწია ნახვრეტი აქვს. როცა ცალ ხელში მოიმწყვდევ, მეორესაც მიაშველებ. ამჟამად ხელისგულებით გიჭირავს. ჰორიზონტალურად დაიჭერ და ზემოდან დახედავ, შემდეგ თვალების სიმაღლეზე ამოიტან. ნახავ, მტვერი ხომ არ ადევს. ნელა უბერავ სულს, ისე, თითქოს თოთო ბავშვს ნატკენ ადგილს უამებდე. ფრთხილად მოათავსებ ფირსაკრავზე. საჩვენებელი თითით ნემსას აიღებ და ფირფიტის კიდეზე ფრთხილად ჩამოდებ. და ესაა სწორედ Carpe Diem. ის შიშინი, რაც ამ დროს გამაძლიერებლებში ისმის, ყველაზე საოცარი ხმაა მთელს დედამიწაზე. იგი მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება. სასიამოვნო ტანჯვის წამებს ვეძახი მე მას. ამ დროს ერთადერთი, რაც თავსი მომდის: ” შეჩერდი წამო! მშვენიერი ხარ”.  ესაა ის დრო, როცა მუსიკის გადმოღვრას ელოდები.  და მერე იწყება….

     რას ნიშვანს ჩემთვის ვინილზე მუსიკის მოსმენა???
     სიტყვებით ვერ გეტყვით. ეს უნდა განიცადოთ!