Category Archives: მემუარები

077

სტანდარტული

სამსახურში მაგვიანდებოდა (როგორც ყოველთვის). ნაჩქარევად ქუჩაში გამოვარდნილმა ტაქსი გავაჩერე და იმაზე დავიწყე ფიქრი, დილის პიკის საათს რამდენად გადავურჩებოდი. მობილურში ცქერით გავერთე, დღის მნიშვნელოვანი საქმეები To do list-ის სახით მქონდა ჩამოწერილი და ვარჩევდი, რომელი მათგანი უფრო საჩქაროდ შესასრულებელი იყო, რომელი- მოიცდიდა საღამომდე. ტაქსმა სწრაფად დაამუხრუჭა, რამაც მაიძულა მზერა წინ გაჩერებულ შავი ფერი მანქანაზე გადამეტანა (მოდელებს ვერ ვცნობ) სანომრე ნიშანი მომხვდა თვალში- 077. არ ვიცი რატომ, მაგრამ საოცარი სიმშვიდის შეგრძნება დამეუფლა ამ რიცხვების შემყურე.

***

ბავშვობის მოგონებების უმრავლესობა ჩვენივე ფანტაზიის მიერ არის შელამაზებული, რადგანაც დროთა განმავლობაში დამახსოვრებული ინფორმაცია ტვინიდან იშლება და მას ალტერნატიული ილუზია ანაცვლებს. ჩემი ყველაზე ბედნიერი ბავშვობის მოგონება დაახლოებით ასეთია: ზაფხულის თაკარა მზე ანათებს ფანჯრიდან. გარეთ ყველაფერს მოთეთრო ელფერი დაჰკრავს. მე კი წელსზევით შიშველი, საოცრედ მოკლე ჯინსის შორტით დივანზე ვზივარ, ტელევიზორის წინ და რაღაც იაპონურ მულტფილმს ვუყურებ საოცრად აღტაცებული

***

გარეთ ბნელა და ყინავს. ქარი უბერავს, როგორც ყოველთვის. მე “კარმას” მიყუდებულს ხელში ცხელი, ვეება ჭიქა მიჭირავს. პირველად ვუსმენ “ბითლზის” სიმღერას “Cry Baby Cry”

საათები გადის, მე კი ვერ ვწყდები ამ ჯადოსნურ მელოდიას, სანამ ეზოდან ხმაური არ მიმახვედრებს, რომ უკვე გათენდა

***

თბილისის სუნი- ასფალტიდან ასხლეტილი მტვრით შეზავებული თბილი, სქელი ჰაერი, ასე ძალუმად რომ ავსებდა ფილტვებს ბავშვობაში. თბილისი ყოველთვის ნაცრისფერი იყო ბავშვობის მოგონებებში. ასეთი უფერული, შორი და მიმზიდველი

***

-ნახე, ჯეირან ბიძიამ მაჩუქა!- ნეკა თითის ოდენა პლასტმასის ფიგურა გამომიშვირა მან

ვარდისფერ, მრგვალ პეტესდალზე იდგა მუქი მწვანე უფორმო ფიგურა (ვერაფრით ვახერხებ ზუსტ დეტალიზაციას, რამდენადაც არ უნდა დავძაბო გონება) და ამ საჩუქარს ასდიოდა მალინის კანფეტის სუნი, რომელიც მეტჯერ აღარ განმიცდია. სამყაროს გავცვლიდი იმ არომატის შეყნოსვაზე

***

აივნის იატაკზე გაფენილ ლეიბზე წამოწოლილს თხელი გადასაფერებელი ყელამდე მქონდა ამოქაჩული. ცა კი ვარსკვლავებს ვერ იტევდა და მე მათ დათვლას არ ვცდილობდი (მეჭეჭები გაგიჩნდება ეგრე თუ იზამო, ბებიამ გამაფრთხილა) პირველად მაშინ დავინახე ვარსკვლავის ჩამოვარდნა და პირველი სურვილიც მაშინ ჩავუთქვი: “ხის ძველებური სათამაშო მანქანა მინდა მქონდეს!”

***

საშინელი ხვატი იდგა თბილისში. პირველად მოხდა ისე, რომ მთელი ზაფხულით შევრჩი ქალაქს. აუტანელი გახდა გაუუთოებელი თეთრი ხალათი და ჩაშავებული თვალის უპეები. თბილისის ზღვაზე გავედი და ნაპირს დავუყევი სოფლებისკენ.

Advertisements

ამბავი ძველი “ბაბაჩკისა”

სტანდარტული

ვაკეში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

სროლა თბილისში– აბაშიძეზე მამაკაცი დაჭრეს

19 წლის ახალგაზრდა დანით დაჭრეს

მეტროსადგურ “გოცირიძეში” მამაკაცი დაჭრეს

მიცკევიჩზე ორი ახალგაზრდა იარაღით დაჭრეს

***

არაფერი მიკვირს, აღარ ვარ იმ ასაკში უკვე. ცხოველური საწყისების რეპრეზენტაციას ხომ პერმანენტული სახე მიეცა, ჯერ კიდევ 90–იანი წლებიდან. ამგვარი მაიმუნის მსგავსი კვაზი–ინდივიდები დღეს რომ მორალს გვიკითხავენ ტელე–ეკრანებიდან, უბრალოდ მწარედ მეცინება ადამიანური მეხსიერების მწირ შესაძლებლობებზე. თუმცა, ამაზე სხვა დროს. ახლა სულ სხვა ისტორიას დასტრიალებს ჩემი გონება

***

ჩხუბი მოუვიდა თანაკლესელთან მეგობარს. მეგობრებიც ვიყავით და უბნელებიც, სხვა თუ არაფერი. ღრმა ბავშვობიდან ერთად შეზრდილნი. ჯერ კიდევ ბაღის აღსაზრდელთ, ბაბუა გვარიგებდა: „თქვენ ძმები ხართ და ძმურად უნდა ედგეთ ერთმანეთს გვერდშიო“.

როცა ეს ამბავი მოხდა, ჩვენ უკვე იმ ასაკში შევდიოთ, ჩხუბი და მუშტის ქნევა აქტუალური რომ ხდება ყმაწვილობაშეპარულ ბიჭებში. თანაც ერთგვარი სიამაყე იყო მაშინ ამგვარი საქმიანობა: “სტრელკა”,  „კაჩავი“, „ფინგალი“ და ამგვარი „კაცური“ რაღაცეები. ასე იყო თუ ისე, დასახმარებლად წავედით მეც და ლარცუც.

ლარცუ ის კაცი გახლდათ, ერთს რომ მოსდებდა ადამიანს და ტრაკით დასვამდა. მუდმივად ჩხუბში იყო, ვერ იტანდა უსამართლობას და არც ეშინოდა მოქნეული ხელის. ბევრიც ხვდებოდა და ბევრსაც არტყამდა, მოკლედ რომ მოვჭრა. ხვდებოდა ლარცუს, ანუ მხვდებოდა მეც.  თითქმის სულ ერთად ვიყავით  ამგვარ საკითხებში. ეს ის დროა, სიტყვა „მობილური“ დიდ, მძიმე აგურთან რომ ასოცირდებოდა. მაშინ ოპერატიულად ვერ გამოცხადდებოდი ძმაკაცის „სტრელკაზე“ დასახმარებლად. ან იქვე უნდა ყოფილიყავი, ვინმე რომ ეტყოდა „გავიდეთ, აბა!“, ან კაცი უნდა ეფრინა მოჩხუბარს შენი სახლისკენ: აქაოდა ჩხუბი მაქვს, გვერდში მდგომა მჭირდებაო.

ჩემი ფიზიკური სიძლიერე ახლა იწვევს ღიმილს მეგობრებში და მაშინ ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამრტყმელი ვიქნებოდი. ერთი კია, არ მეშინოდა. ეს შიშიც ლარცუს მხარდამხარ დავძლიე, მეხუთე კლასში. მაშინ ლარცუ, ნიკულინა და მე პარალელური კლასის ბიჭების პირისპირ მარტონი დავრჩით. „ერთზე ასი მოდიოდა“–თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ჰა ჰა 3,5 ბიჭი მაინც იწევდა თითოეულ ჩვენგანზე. პირველად მუშტი მაშინ ვუთავაზე სახეში ადამიანს და არც გამკვირვებია ხურდა რომ დამიბრუნა. იმ „ფინგალს“ ფრიად ამაყად ვატარებდი რამდენიმე დღე. ლარცუმ და ნიკულინამ მაშინ კარგად ცემას კი გადამარჩინეს, უამრავი წიხლის სანაცვლოდ.

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ მე და ლარცუ კვლავ მხარდამხარ ვიდექით იმ დღესაც. მოწინააღმდეგე მხარეს მდგომმა მთავარმა პერსონაჟმა “ბაბაჩკა” გაშალა და ტრიალი დაუწყო: „მოდი, აბა რა საქმე გაქვსო!“– ჩვენ საერთო მეგობარს მიმართა.

1004px-Parts_of_a_balisong3

მე მისგან მარცხნივ ვიდექი და მაშინვე მივუგე: “დანა შეინახე, რას გვიტრიალებთქო”. ყური ამავლო, ვითომ არც გაუგია. “დანა შეინახე და ისე ვისაუბროთ!”– კიდევ მივმართე. ამჯერად ხელი ამიქნია. “რა ხელებს იქნევ, ბიჭო? დანა შეინახე!”– დავიძაბე. დაძაბვა ეგრე არ უნდაო, გადაიქნია თავისი “ბაბაჩკა” და ლაზათიანად მომიქნია სახისკენ.

ბევრ რამეზე მოვასწარი ფიქრი და ცხოვრებამ კადრებად გამირბინათქო, ვერ გეტყვით, არ ყოფილა მსგავსი რამ. ვერც კი მივხვდი, რა მოხდა. ლარცუმ დაუჭირა ხელი ბედად და დანის წვერი მარცხენა ლოყასთან რამდენიმე სანტიმეტრში გააქვავა… მერე კი ანანა საკუთარი საქციელი “ბაბაჩკის” პატრონს… რამდენჯერმე მწარედ ვანანეთ და გავახსენეთ შემდგომ…

მას მერეც ბევრჯერ ვიდექით გვერდი–გვერდ. სრულიად უთანასწორო ჩხუბებშიც ერთად ვიყავით, ძირითადად უფროსკლასელებთან. კარგად ხვდებოდა ლარცუს, მეც არ მაკლებდნენ ერთი–ორ მუშტს და მის კერძ წიხლს.

***

„–საით, ლარცუ?

–ჩხუბი მაქვს, ბიო! ხო წამოხვალ?

–კანეშნა!“

და მერე ვიქნევდით კიდურებს, სანამ ვინმე ქალთაგანი არ დაიკივლებდა, „სტრელკის“ მახლობლად ეზოდან: „გაწყდით ერთ დღეს! მილიციას დოვურეკავ ახლა!“ მერე კი იყო „პლეტი“ და „რივოკით“ სირბილი მახლობელ შუკებსა და ვიწრო, საცალფეხო ბილიკებზე…

***

ლარცუმ დამირეკა ორიოდ თვის წინ. არცთუ ფხიზელი იქნებოდა, ასე მეჩვენა…

„ ვინ, ბიო? ეს ყლეები? მაგას რავა ამბობენ, მაგათი დედის მუტელი მოვტყან მე! გოვუხევ სახეს, ბიო, საცხა ვნახავ! შენ პროსტა თქვი და დედას მოვუტყნავ მაგენს, ბიო!“– ლეჩხუმურად, თავისი დუდღუნა ხმით აგინებდა ჩემს მაწყევართ.

ვუსმენდი და მეღიმებოდა. ჩვენ ისევ ის ბიჭები ვიყავით, მხარდამხარ რომ ვიდექით  ჯანით უფროსი ჭაბუკების პირისპირ და გულის სიღმეში ვფქრობდით: „ეგებ იმ შობელძაღლმა ქალმა მალე დაიკივლოს, თორემ გაგვაშტერებენ ცემაში ეს საქონლები…”

24

სტანდარტული

გაღვიძება. სიგარეტი. ცივი წყალი სახეზე. ყავის დრო არ არის.

მარშუტკა. ზარი მობილურზე. “ა, 5 წუთში მანდ ვარ!”

სიგარეტი. გასახდელი. სამუშაო ფორმა.

მიმღები. ქირურგიული განყოფილება. საოპერაციო.

პაციენტების შეხვევა. ავადმყოფის ისტორია გასასწორებლად.

ფორმა 100. კურსუსი. გაწერის ეპიკრიზი.

საოპერაციო. თბილი წყალი ხელებზე. ცივი სტერილიუმი.

სკალპელი. პირველი სისხლი. დამწვარი ცხიმის სუნი.

ნაწლავები. სისხლი. ბევრი სისხლი. “ჭიმავს!”

აბრეშუმის ძაფით გაჭრილი თითები. “იგლაძერჟაწელი”. მაკმილან–დონატის ნაკერი.

ჰისტოლოგიური კვლევის ფურცელი. ოპერაციის პროტოკოლი. პოსტოპერაციული პალატა.

სიგარეტი. ქირურგიული განყოფილება. მიმღები.

გასინჯვის ფურცელი. ანალიზების პასუხი. დანიშნულება.

ავადმყოფის ისტორია გასასწორებლად. ფორმა 100. კურსუსი. გაწერის ეპიკრიზი.

პალატა. “როგორ გრძნობთ თავს?”

ცივი ბუტერბროდი. ყავა. სიგარეტი.

ავადმყოფის ისტორია. ფორმა 100. კურსუსი.

პალატა. პაციენტების შეხვევა. “ცოტა გეტკინება”

მიმღები. ნაკერების მოხსნა. “ჯანმრთელობას გისურვებ!”

გასახდელი. ადამიანური ტანსაცმელი. ყურსასმენები.

მარშუტკა. სახლი. სიგარეტი.

კონდრატენკოს “გადაუდებელი ქირურგია”. ნაღვლკენჭოვანი დაავადების დიფერენციალური დიაგნოსტიკა ზეპირად.

ნეტერის ანატომიის გადაფურცვლა. ვირზუნგი და სანტორინი.

ბიჭები. ლუდი. ბევრი ლუდი. მიწისთხილი. სიგარეტი. მორიგეობების განხილვა. “ჟიზნენი” საუბრები სამზარეულოში

Facebook. Twitter.

ცხელი წყალი მთელ სხეულზე. წვერის გაპარსვა ხვალ დილისთვის (არ უნდა დამავიწყდეს!)

გაღვიძება. სიგარეტი. ცივი წყალი სახეზე. ყავის დრო არ არის.

Fitter Happier

ამბავი ძველი ციგისა

სტანდარტული

იწერება გრაფინიასთვის, უნებურად მოპარული მოთხრობის სანაცვლოდ

***

-დაწერე რამე?

-არა

-რატომ მერე? ამინდის ბრალია?

დედაჩემთან ლაპარაკისას

***

ამინდიცაა და ამინდიც, როგორც სოფლად იტყვიან. დიდად არ მოქმედებს ჩემზე, ამას ვიმეორებ სულ. ერთი კია, ვერ ვიტან სიცივეს, პაპანაქება მირჩევნია. “სუნელი ხო არ ხარ, ბიოო”- დაუმატებდნენ ხოლმე ჩემ სიტყვებს ლეჩხუმელი სოფლის ბერიკაცები. არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ ხასიათი მაქვს ალბათ ასეთი. თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობსო, ზამთარი მაინც მიყვარდა. ზამთარში თოვლს ვგულისმობ, რათქმაუნდა. აბა, ზამთარი უთოვლოდ, ვის გაეგონა ბავშვობაში? სულ მიკვირდა მამაჩემის გამწარებული სახის შემხედვარეს, პირველი თოვლის მოსვლას რომ შეაგებებდა ხოლმე პირქუშად. ახლაც ასეა, ვერ მოიშალა. მე კი ამგვარად მქონდა დაცდილი. სანამ კოჭზე არ დადებდა, მანამდე “სანკას” ხელს არ ვახლებდი. ამინდი დაითარსებოდა, ასე მეგონა. შტერი ბავშვი ვიყავი, მოკლედ.

***

“რაკეტობანა” მიყვარდა თოვლის მოსვლისას. “რაკეტობანას” მე ვეძახდი, ისე არა მგონია სახელი ჰქონდეს. გავეტუზებოდი ფანჯრის წინ და ფიფქების ცვენას ავცქეროდი თბილი სახლიდან. რამდენიმე წუთი სჭირდებოდა ასე გულდაგულ ყურებას და მერე ასე მეგონა, ფიფქები ადგილზე გაყინულან ჰაერში და ეს მე მივფრინავ რაკეტით ცისკენ საოცარი სიჩქარითთქო. გეუბნებით, შტერი ბავშვი ვიყავითქო, ზოგს კი ალბათ ეჭვიც ეპარებოდა.

***

“სანკა” მყავდა, მამაჩემის გაკეთებული. ასეთი რა გაუკეთა, ვერ გეტყვით, მაგრამ ღორის ქონით რაოდენ მონდომებითაც არ უნდა გამეპოხა მის ფეხებზე დაჭედებული “ცინკა”, მაინც ერთნაირად დაჩანჩალებდა. “აგრანიჩიწელი” დაადო ალბათ, ბავშვი არ დამელეწოსო. ამგვარი უცნაურობის გამო ათვალწუნებული მყავდა ჩემი მომცრო ციგა. სხვის “სანკებზე” მეჭირა სულ თვალი. ამ ციგაზე იყო სწორედ, ნიკულანამ რომ დაიქადნა, წაქცეული ხის ქვეშ გავძვრებიო. ეტყობა ვერ მოზომა სიმაღლე და ხორხზე განივად გადაუჭრა კანი მერქანმა. ახლაც ამჩნევი შრამი მკრთალად. ავითვალწუნებდი, აბა რა იქნებოდა? ამიტომაც იყო, ალბათ, ერთხელ საკუთარ ეზოში მესერთან ახლოს დავტოვე მოღამებულზე. დილით კი აღარ დამხვდა.

“არაფრის ღირსი შენ არ ხარო”- მამაჩემმა.

უცნაური კი ის გახლდათ, რომ სანამ მყავდა, ვერ ვიტანდი. დავკარგე თუ არა- მაშინვე დამენანა საშინლად. მერე იკაკომ მითხრა, “ჩემ კლასელს უნდა ჰყავდეს შენი “სანკაო”. ლაშა ერქვა მის კლასელს. როგორღაც ჩამოვიტყუეთ ჩვენს სამოსახლოში. თავი გაიგიჟა, ვიპოვეო, მაგრამ მაინც დამიბრუნა. მას მერე ისეთი თოვლიც აღარ მოსულა, რომ გვეციგავა. “სანკაც” მალე დაიშალა და ოჯახის ღუმელში დაასრულა არსებობა.

***

ეს იკაკო და მე თანშეზრდილი ძმაკაცები ვართ. “სანკა” იქნებოდა, “დენდი” იქნებოდა, ძროხების გარეკვა რომაა, ისიც კი- ყველგან ერთად ვიყავით. ერთად დავიწყეთ მოწევა. ნაფაზებს არ ვურტყამდით, ოღონდაც. მერე მე ვუთხარი, “მიდი, ეგ ბოლი შეისუნთქეთქო” და კინაღამ დაიხრჩო ხველებით.

საწყალმა ბებიაჩემმა გამოგვიჭირა მე და იკაკო. “არა, რავა გეკადრება, არ მოგვიწევიათქვა”,- ვიძახდით. ბებიამ დათოს დაუძახა. დათო იკაკოს დეიდაშვილია, ჩვენზე 3 წლით უფროსი. წყალტუბოდან ჩამოდიოდა ზაფხულობით. “დათო, დედაშვილობას, ნახე აბა, სიგარეტის სუნი თუ ასდითო”-ბებიაჩემმა. “აუჰ, წასულია ჩვენი საქმეთქვა”,- გავიფიქრე. დათოიემაც, “კიო, სიგარეტის სუნი ასდითო”. მოკლედ, იმ დღეს ისეთი რამ დაგვმართეს ცალკე -მე, ცალკე- იკაკოს ჩვენმა მშობლებმა, რომ აქ არ ვიტყვი, “იუნისეფმა” არ ნახოს, მეშინია.

იკაკო და მე  ზაფხული. 2010 წ

იკაკო და მე
ზაფხული. 2010 წ

გამექცა აზრი…

***

კუთხის ამოსახვევში ვსრიალებდით. სულ ზევიდან ვეშვებოდით, მეზობლის ჭიშკრიდან. მეზობელს ერქვა ჟღვრიე. ჟორა ერქვა ისე, მაგრამ ყველა ასე ეძახდა მაინც. ჰოდა, ერთხელაც ჟღვრიე წაგვეჩხუბა, “სახლის გზას ნუ მიტრისავთ ამ სანკებით, აქედან ნუ სრიალებთო”. შეიძლება იმიტომაც გვითრა, რომ მისი სახლიდან განსაკუთრებით სწრაფად ვეშვებოდით. აბა, ბავშვისთვის აკრძალვა არსებობს?

ავედით ჟღვრიეს სახლთან და ვემზადებით დაშვებისთვის, მაგრამ რად გინდა? საღამო ხანი დგება და შუკაში ძროხები გახიმულან გზაზე. საწყალი ზურიკო იდგა იქვე. “ე, ბიჯო, გადოუტოე მა ძროხებსო!”- იკაკომ გასძახა. ხმა მოესმაო, გავხედე ჟღვრიემ დაგვინახა ეზოდან და სწარაფად წამოვიდა ჭიშკრისკენ. “ე, ბიჯო, მევიდა და დაგვცხებს ახლათქვა”- იკაკოს ვუთხარი და “სანკას” მოვახტი. დავიწყე დაშვება. ეგიც მომყვა. წინ კიდე ზურიკელა ძროხებს “ოჩი! ოჩის” ეძახის.  ვკრიფავთ სიჩქარეს და ვუყვირით “გადარეკე ე უპატრონო, გადარეკე!”

ამ ყვირილმა პირუტყვი დააფრთხო ეტყობა და ერთმა ძროხამ ისეთი ნახტომი გააკეთა, ტოლდოს შეშურდებუდა (ტოლდოზე მაგარი მეკარე არ გვეგულებოდა მაშინ ჩვენ). უკანა ფეხები ისე ახლოს ამიქნია სახესთან, ლამის მისი ჩლიქების სუნი ვიგრძენი. ავყირავდით. მეც და იკაკოც. ჩვენ თავს არ ვჩივით, ეს ძროხა დაეცა ისე უბედურად, რომ ადგომას ვეღარ შვება. დედა, რაღა ვქნათ?

ვეტაკე რქებში… აბა, გაგიგონია? ვერ ვშველით. იკაკო ზურგიდან აწვება- ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი. “ახლა რო რამე მოუვიდეს, ამ შობელძაღლს, სახლში მომკლავენთქვა”,- ვფიქრობ. გაგვდის სიმწრის ოფლი. აქეთ მე, იქეთ- იკაკოს. ამნაირ გაწამებულ ყოფაში ვართ და დაგვადგა თავზე ჟღვრიე. არ წაგვჩხუბებია, ერთი ჩასჭიდა ხელი ძროხას რქებში და წამოაგდო ფეხზე. დავტაცეთ ხელი “სანკებს” და გამოვიქეცით სახლისკენ.

***

დღეს კისერმოღრეცილი ვიჯექი სავარძელში და წვრილი ფიფქები ცვენას ვუყურებდი სარკმილდან. უაზრო ფიქრებმა წამიღო. ფანჯრებზე გისოსები და მთლიანად ოთახი ნამდვილ, თავისუფლების აღმკვეთ საკნად მომეჩვენა. ზამთარიც და თოვლიც შევიძულე, კარგახანია. ოთახში თბილოდა, მაგრამ მაინც სიცივემ დამიარა მთელ სხეულში. საშინლად დამეზარა ფეხზე წამოდგომა და “რაკეტობანას” თამაში. ეტყობა, ის შტერი ბავშვი აღარ ვარ.

კისერმოღრეცილი ხედი ფანჯარაში

კისერმოღრეცილი ხედი ფანჯარაში

ამბავი სიცოცხლისთვის მებრძოლი მეცნიერისა

სტანდარტული

მესამე კურსი ახალი დაწყებული გვქონდა. პათოლოგიური ფიზიოლოგიის კურაციას გავდიოდით. ერთგვარად ახალი ხილი იყო ჩვენთვის ეს ყოველივე. მაღლივის “ბიოლოგიების” შემდეგ პირველად მოგვიწია “ქალაქად” გასვლა. ამ მეტად საინტერესო საგანს “არამიანცის” კლინიკის ეზოში გავდიოდით, ერთ უღიმღამო ორსართულიან შენობაში. მედიკებს ერთი უცნაური ჩვევა გვაქვს. ლექტორის სახელებს არ ვიმახსოვრებთ. “აი, ის ლექტორი, ამა და ამ საგანს რომ გვასწავლიდა”- ამგვარად ვიხსენებთ ხოლმე ხალხს.

ლექციის დაწყების მოლოდინში მეორე სართულის დერეფანში ვლაზღანდარობდით ბიჭები. მძიმე ნაბიჯების ხმა მისწვდა ჩემ ყურს. ყურადღება არ მიმიქცევია. დიდი ამბავი, რამდენი ადამიანი ამოივლის ხოლმე კიბეებს? ეს განსაკუთრებული შემთხვევა გახლდათ. კიბეები ამოათავა და მზერა მოგვავლო მაღალმა, ახოვანმა კაცმა. სქელი, ხშირი წვერ-ულვაში უფარავდა სახეს. დიდრონი სათვალეების მინიდან მომზირალი თვალებიდან წამოსული სხივი რენტგენის სხივივით ატარებდა სხეულში. მომენტალურად ყველანი გავჩუმდით. რატომ? ვერავინ იტყვის! არც არაფერს ვაშავებდით, კაცმა რომ თქვას.

-ვინ არის?- ჩუმად ვკითხე გვერდით მდგომ კურსელს

-კოტე ჰქვია. ლექტორია…

კონსტანტინე ჭიჭინაძე

ასე შევხვდი პირველად ბატონ კონსტანტინე ჭიჭინაძეს და ამ მოგონებას ვერ ამოშლის მეხსიერებიდან ვერაფერი. მსგავსი ქარიზმა ერთეულ ადამიანს დაჰყვებათ ხოლმე.

მოგვიანებით ბატონმა კოტემ ლექციაც წაუკითხა კურსს. მე იმ დღეს არ ვყოფილვარ. მეორე დღეს კი ლეგენდასავით ვისმენდი ლექციის შინაარსს. “იცი, რა ჩაატარა?”- მსგავსი ეპითეტი ბიჭებისგან უდიდესი შეფასებაა ლექტორისათვის. ჩვენი კრიტერიუმით, რათქმაუნდა! მეც მშურდა მათი, ვინც ლექციას დაესწრო და იმ იმედით მივდიოდი ყოველდღე, რომ ბატონი კოტე კიდევ წაგვიკითხავდა რამეს. სამწუხაროდ, ისე ჩავათავეთ პათოლოგიური ფიზიოლოგიის კურაცია, მე მისი ლექციის მსმენელი ვერ გავხდი…

შემდეგ შეხვედრამდე წელიწადნახევარმა განვლო. შეიცვალნენ ლექტორები… ბევრმა წყალმა ჩაიარა, რომ იტყვიან, მაგრამ  კვლავ გაიჟღერებდა ხოლმე კოტე ჭიჭინაძის სახელი და მისი ფრაზები სამეგობროში. თითქმის სტენოგრაფიული სიზუსტით ახსოვდათ ბიჭებს მისი სიტყვები.

ასე გაგრძელდა მანამ, სანამ არ მოაწია 2011 წლის ზაფხულმა. მეოთხე კურსს ვხურავდით. მეტად უცანური საგანი გვქონდა ცხრილში: “ადამიანის ადაპტაციის ქცევითი, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური და პათოფიზიოლოგიური მექანიზმები”. ვერც არსი გავიგე აღნიშნული საგნის და ვერც მის კავშირს მივხვდი მედიცინასთან, მაგრამ ჩემი ფორიაქი მას შემდეგ შეწყდა, რაც მითხრეს, რომ აღნიშნულ კურაციას ბატონი კონსტანტინე ჭიჭინაძე გაუძღვებოდა. და მეც ვიყავი მოლოდინში, სანამ პირველი ლექცია მოაწევდა.

ამჯერად, დიღომში, ყოფილი მორფოლოგიური ინსტიტუტის შენობაში, გვიტარდებოდა ლექციები. ბატონმა კოტემ სია ამოიკითხა. პირველი, რამაც გაკვირვება გამოიწვია ჩემში, ეს იყო ამ ადამიანის განსწავლულობა თითოეული გვარის წარმომავლობაში, საქართველოს კუთხეების ადათ-წესებსა  და დამახასიათებელი თავისებურებებში. მეორე- ეს გახლდათ საოცარი სახეცვლილება. ჩემს წარმოსახვაში ამ ადამიანის ხატება მეტად მკაცრ, ულმობელ ლექტორთან ასოცირდებოდა, მაგრამ საოცრად შევცდი… საკმარისი იყო მისი ხმის გაგმონება, რომ ჩემს წინაშე გაჩნდა საოცრად კეთილი, ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანი, რომელიც მოხარული გახლდათ საკუთარი ცოდნა ახალგაზრდებისათვის გაეზიარებინა.

რაც შეეხება საკუთრივ ლექციას… მისეული თხრობის მანერა გასაოცარია, უბრალოდ დამამუნჯებელი. ისე ყვება საკითხს, რომ იძულებულს გხდის უსმინო, ყური მიადევნო მის საუბარს. განა იმიტომ, რომ უცებ გკითხავს: “აბა რა ვთქვიო”, ლექტორების უმრავლესობას რომ ჩვევია. არა, იმდენად ჩამთრევია მისი საუბრის სტილი და გადმოცემა, რომ ყველაზე მოსაწყენ თემაზეც კი რომ იყოს საუბარი, უტყვად მოუსმენ ამ ადამიანს. არ გღლის, დაძინების საშუალებას არ გაძლევს ლექციის მიმდიანარეობისას, ხელში ჰყავს აუდიტორია და ამ ყოველივეს ისე ახერხებს, რომ ერთხელაც კი არ აუმაღლებს ხმას. სტუდენტებთან პოლემიკაში შესვლა სიამოვნებდა, რადგან იცოდა, რომ ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდოდა კამათიდან. მსგავსი არგუმენტირებული, ლოგიკური, ღრმა მსჯელობის წინაშე უსუსურნი ვიყავით ბავშვები. ისე, ახლა ბატონ კოტესთან კამათი დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა და ბევრს მასწავლიდა ნამდვილად.

ბატონი კოტე და იუმორი… ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს. მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში, მასზე უკეთ რომ ფლობდეს შავ იუმორს. უბრალოდ, მეფეა ამ საკითხში. მის ლექციებამდე მსგავსი სახის ხუმრობებს წარბაწეული ვუსმენდი. მომკალით და არ მეცინობოდა ამ ყოველივეზე. ჭიჭინაძის ლექციების შემდეგ შავ იუმორი ჩემ სისუსტედ იქცა და ვინ კი ახლოს მიცნობს, იცის, ისეთ რამეზეც კი შემიძლია სიცილით მოვკვდე, ადამიანს რომ მთხრობელის მკვლელობისკენ უბიძგებს. განსაკუთრებული, რაც ბატონ კოტეს ჰქონდა, ეს იყო თვითირონია, რაც მეტად იშვიათია დღევანდელობაში. “ჩეჩენი ვარო!”- ღიმილით იტყოდა და მართლაც გაგეცინებოდა მისი წვერ-ულვაშის შემხედვარეს. ჩეჩენ “ბოევიკს” ჩამოჰგავდა მართლაც იერით.

მოკლედ რომ ითქვას, იმდენი მოახერხა ამ ადამიანმა, რომ მისი პერსონის სიყვარულით მეგობარმა ყალბი Facebook-გვერდიც გააკეთა, სადაც ბატონი კოტეს სახელით მისივე ფრთიანი ფრაზებით დაგვეცემოდა ხოლმე თავს. ეს ყოველივე არ გახლდათ არანაირად შეურაცმყოფელი არც ბატონი კოტეს პიროვნებისთვის და არც ჩვენთვის. უბრალოდ, ამგვარად ვმხიარულობდით, ვიხსენებდით მეტად შთამბეჭდავ ადამიანს.

მოგვიანებით მისი მონოგრაფიის სატიტულო გვერდის სურათი გავრცელდა. “აგრესია”– ასე ჰქვია ბატონი კოტეს ნაშრომს. ჩვენც ვხუმრობდით, საცდელ ბაჭიებად ვიქეცით, ჩვენ აგრესიას აკვირდებოდა ჭიჭინაძე და ახლა წიგნად გამოსცათქო

agresia-500x500

რამდენიმე კვირის წინ ინფორმაციას წავაწყდი მედიკოს კურსელებს შორის, ბატონი კოტე ავად არისო. არ დავიჯერე. ვინმე გაბრაზებული სტუდენტი მოიგონებდა რამესმეთქი,  მეგობრებს ვუმტკიცებდი და თავს ვაჯერებდი. არ ყოფილა ეს ყოველივე ხუმრობა, სამწუხაროდ…

ბატონი კონსტანტინე ჭიჭინაძე ავადაა. მეტად მძიმე დიაგნოზი დაუსვეს ქართველ მეცნიერს: მწვავე ლეიკემია (ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ) ფაქტი სახეზეა და მისი შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ რაც ჩვენს ხელთაა, ეს არის დახმარება, უბრალოდ ერთი ზარით, ერთი გაღებული ლარით, რათა მოხერხდეს და შეგროვდეს საკმარისი თანხა მკურნალობისათვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ გასაოცარი მეცნიერესათვის.

მე თქვენთვის არაფერი მითხოვნია ამ ბლოგის არსებობის 2 წლის მანძილზე. ამჟამად, გავკადნიერდები, და გთხოვთ, ნუ დაიზარებთ, ნუ დაინანებთ და უბრალოდ დარეკეთ 09 01900 901.

გადაარჩინე სიცოცხლე

ავტორი: ელენე ფასური, ალექსანდრე ასათიანი

გაიღეთ მცირედი ძვირფასი სიცოცხლის გადასარჩენად. ვისაც ლარზე მეტის გაღება არ გენანებათ, აქვეა ბანკის ანგარიში:

მიმღები ბანკი: ს.ს. “რესპუბლიკა”
ბანკის BIC კოდი: REPLGE22
მიმღები: კონსტანტინე ჭიჭინაძე
მიმღების IBAN ანგარიშის ნომერი: GE66BR0000010390402357

მე მჯერა ჩემი ბლოგის მკითხველთა გულისხმიერების და მერწმუნეთ, ამაყი ვიქნები თითოეული თქვენგანით, ვინც გულთან მიიტანთ ამ ყოველივეს და დახმარებას არ დაიზარებთ!

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ Facebook-გვერდს:  ქართველი მეცნიერი კონსტანტინე ჭიჭინაძე