Category Archives: ნანო

ნანოს

სტანდარტული

გუშინ შენს საფლავთან ვიჯექი და ვფიქრობდი: რა რჩება ადამიანის სიკვდილის შემდეგ? შავი ქვა და შემოღობოლი გალავანი. ტკივილი ყუჩდება ნელ-ნელა. ამას თავისი ახსნაც აქვს. ერთადერთი ღირებული, რაც ადამიანის გარდაცვალების მერე რჩება, ესაა მოგონება. გახუნებულ, გაცრეცილ კადრთა ერთობლიობა ხალხის მეხსიერებაში. ადამიანის მეხსიერება კი მეტად საინტერესო რამაა. დროთა სვლა დამახსოვრებული ფაქტის სიმკვეთრეს ცვითავს, ამახინჯებს, ამიტომაც გონება ცდილობს მოგონებაში არსებული დაკარგული კადრები რაიმეთი შეავსოს. აქ საქმეში წარმოსახვა ერთვება და ჩვენც ვალამაზებთ, ჩვენდაუნებურად ვცვლით მოგონებებს. ვატყობ, მეც ასე მემართება. მეშინია იმის წარმოდგენა, რა მოხდება წლების შემდეგ. მკეთრად მახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრა, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ხმაც და სიცილიც მახსოვს, ოღონ უფრო მკრთალად. თავს ძალას ვატან, საფეთქლებზე თითებს ვიჭერ, რომ სკოლის წლებში გაგიხსენო. ცალკეულ მოგონებათა კასკადი აწყდება გონებას მხოლოდ: როგორ მირბიხარ, ხელს როგორ იწევ, მერხიდან უკან როგორ ტრიალდები. ერთიანი სცენის აღდგენა მიჭირს მხოლოდ.

ესაა სწორედ ადამიანის წარმავალობა. ფიზიკური გარდაცვალების კვალდაკვალ დგება სრული გარდაცვალება, წაშლა ხალხის მოგონებებიდან. და აქ ვფიქრდები: იქნებ ჩვენ სხვა არაფერი ვართ, თუ არა მოგონებები ადამიანთა გონებაში? ჩვენი მთელი ცხოვრება და არსებობა სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, ღრმად აღვიბეჭდოთ სხვათა ტვინის ხვეულებში? საკუთრივ ჩვენც სხვის შესახებ მოგონებათა მატარებელნი ვართ და ასე ვკრავთ ერთიან ჯაჭვს. ისტორიაც ხომ ვიღაცის მოგონებათა კრებულია ფურცელზე გადატანილი…

ადამიანი წარმავალია. მასზე უფრო წარმავალია მისი გონება. რატომ არის გონწართმეული ადამიანი საზოგადოებისგან გარიყული? იმიტომ, რომ ზედმეტ ტვირთადაა ქცეული სხვათა გონებაში, მაშინ როცა თვითონ არ ძალუძს სხვისი არსებობის შესახებ ინფორმაციის შენახვა.

დღევანდელობა საშუალებას გვაძლევს შევინახოთ საკუთარი მოგონება ყველაზე ობიექტურად: ციფრულ ფორმატში. ამგვარად, ძვირფასი ადამიანის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ინახება კომპიუტერის მყარ დისკზე, მობილურის მეხსიერების ბარათზე. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ უმაღლესი განვითარების ადამიანს დღესაც არ ძალუძს მოგონებათა გარანტიული შენახვა ამ პირობებშიც კი. კომპიუტერი ვირუსდება, ჩიპი შეიძლება გადაიწვას და იკარგება ფასდაუდებელ მოგონებათა კრებული.

ყველაზე საშიში და მტკივნეული სწორედ ეს განცდაა, ჩემო ნანო! გააზრება იმისა, რომ ერთ დღესაც შეიძლება დამავიწყდე და ეს ვერაფერმა გამოასწოროს. ამიტომაც, თავს ძალას ვატან, ვიხსენებ, ვწერ, ვცდილობ შენზე მოგონება წაკითხულის სახით სხვის გონებაშიც დავტოვო. თუ არადა, მე მაინც დავიხსომო, გადავინახო. შეიძლება ეს ცდა ამაო იყოს, მაგრამ ხომ ვცდილობ?

მე რაღა დამრჩენია? ვცილობ სხვათა მეხსიერებაში დავიკავო პატარა კუნჭული. სპეციალურად არა, თავისთავად გამოდის ასე. შენ კი ჯერ კვლავ ჩემ მოგონებებში ცოცხლობ. ეს რომ არ გახუნდეს, მობილურში სურათებს ვნახულობ. ხედავ? ფაქტიურად ჯიბით დავატარებ შენი სიცოცხლის პატარა ნაწილს.

შენ მირ მოწერილ ბოლო მესიჯსაც ვინახავდი. კარგად ვერ შევინახე, წაიშალა. სატელეფონო წიგნაკიდანაც არ წამიშლია შენი ნომერი. ესეც ერთგვარი მცდელობაა დამახსოვრების. თითქოს კვლავ ველოდები, წელიწად ნახევრის მერეც კი, როდის დარეკავ და მეტყვი: „რავა ხარ, ლიპიტო?“

ცაგერი

25.08.2012

 

Advertisements

სასაფლაო

სტანდარტული

სასაფლაოზე გავლის არასოდეს შემშინებია.  მითუმეტეს, რომ არსებობდა უამრავი ლეგენდა გაცოცხლებულ, მანათობელ მკვდრებზე, რომლებიც „გტაცებენ ხელს და სად წაგიყვანენ, კაცმა არ იცის“. არც ის მაშინებდა, ვინმესთვის გათხრილ საფლავში რომ ჩავვარდნილიყავი. მოკლედ, არ მეშინოდა ამ სასაფლაოსი და რა მექნა? ერთია, დიდად არ მიყვარდა გახუნებულ მარმარილოზე უცხო სახეების თვალიერება და მათი ასაკის გამოთვლა. არ მეცნობოდა მათი სახეები, ვის გალავანსაც უფროსები შეაღებდნენ და „თითოს წაუქცევდნენ“. თან ვიღლებოდი ამ უაზრო ბორიალით. რამდენჯერმე ღამეც მომიწია სასაფლაოზე გავლა. მეგონა, შემაშინებდა შავად მოელვარე მარმარილოს  კრთომა. ასე არ მომხდარა. არც ახლა ხდება, სიმართლე რომ ვთქვათ.

დღეს კი ნაცნობ სახეებს ვაწყდები ირგვლივ. მოხუცებსაც და ახლგაზრდებსაც. განსაკუთრებით ჩემი ტოლების საფლავებთან მისვლა მიჭირს. ერთგვარი სინდისის ქეჯნა დამრევს ხელს, რომ ცოცხალი ვარ. აქ ვაანალიზებ მხოლოდ საკუთარ მოკვდავობას. ქვაზე მომღიმარ სახეებს ვუყურებ და მათ ადგილას ჩემ სიფათს წარმოვიდგენ ხოლმე. საშინლად უსიამოვნო განცდაა. არა საკუთრივ ის ფაქტი, რომ აღარ ხარ, არამედ ის, თუ რა ტკივილს აყენებ ცოცხლად დარჩენილთ.

ვათვალიერებ რუდუნებით მოვლილ გალავანს და ვერ ვხვდები, ვისთვის არის ეს ყოველივე? ვინც სურათზეა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ ყოველივეს. საკუთრივ ჭირისუფლისთვის? არ მინდა, რომ ეს მართლაც ასე იყოს, რადგანაც აქედან გამომდინარე ჩემეული შეხედულება, რომ ადამიანი ეგოისტია და მას ვერაფერი გამოასწორებს, კიდევ ერთხელ დადასტურდება და ეს ფაქტი საბოლოოდ დამიკარგავს ადამიანთა რწმენას. არადა,  სხვა არაფერი დამრჩენია. ნუთუ სოციუმი ითხოვს ამ ყოველივეს? რა უფლებით, რა ნამუსით? არც მიკვირს, როდის გამორჩეულა ჩვენი საზოგადოება მახვილგონიერებით?

თუმცა დარჩენილი ჭირისუფლის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ყველაფერს ნათელი მოვფინოთ. აბა რა ქნას დედამ, რომელმაც შვილი დამარხა? რაღა აკეთოს ცარიელ სახლში? ეს არის დედაშვილური მზრუნველობის ბოლო გამოხატვა და ეს აიძულებს ალბათ დედას, რომ ცოცხალი დარჩეს. და განწირულია იგი სამუდამო მზრუნველობისათვის, სანამ შვილის სურათის გვერდით მისი მომღიმარი პორტრეტიც არ გაჩნდება.

სასაფლაო იქცა ფიქრის და განსჯის ალაგად ჩემთვის. სახლში დაბრუნებული სწორედ აქ ვგრძნობ თავს ყველაზე მშვიდად და ამასთანავე ყველაზე მშფოთვარედ. აქ ვარ ყველაზე ცოცხალი. ამ მარტოობაში არ მჭირდება ნიღბით სიარული. მარმარლოს ქვებს არ აინტერესებთ ვინ ვარ და რა მინდა. აქ ვთავისუფლდები… საკუთარი თავისაგან…

მოტკბო სევდა

სტანდარტული

რაც არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ასე იყო.

   მეგობრებს დაემშვიდობე და სახლში გაუშვი. წინა ღამის ნათევს ერთი სული გქონდა სასთუმალზე თავი მიგედოდა და ტკბილ ძილს მისცემოდი. შინ დარეკე და შობა  მიულოცე მშობლებს . თან დაამატე: “ღამენათევი ვარ, ხომ იცით და არ დამირეკოთ. სახლში როგორც კი მივალ დავიძინებ”. შემდეგ გზა განაგრძე… სამედიცინოს ეკლესიასთან პირჯვარი გადაიწერე და ქვემოთ განაგრძე გზა, დელისისკენ… ქუჩის გადაღმა მარკეტს მოჰკარი თვალი. საოცრად მოგინდა შოკოლადი… რამდენი ხანია მისი გემო დაგავიწყდა. მარცხნივ გაიხედე, მანქანების დინებას დააკვირდი… საჭირო მომენტი დაიჭირე და ქუჩაზე გადაირბინე. მაღაზიის კართან ფეხი გაიწმინდე შესასვლელთან დადებულ ტილოზე, რომელსაც ეწერა Welkome. თუმცა იმდენად გაბინძურებული იყო, ასოები თითქმის არ განირჩეოდა. მაღაზიაში შეაბიჯე და გამყიდველს ქრისტე- შობა მიულოცე.
    -ერთი ალპენ გოლდი, თუ შეიძლება!-თქვი დაღლილი ხმით.
    -რომელი, დედი?- გკითხა გამყიდველმა, წინ გადმოიხარა და შოკოლადის ვიტრინას გარედან შეხედა.
     -ეს!-საჩვენებელი თითი მიადე ვიტრინას.
     საფულეში ხურდები ბლომად გქონდა. გადაითვალე და გამყიდველს მიაწოდე
     -კარგად ბრძანდებოდეთ.-თქვი და გარეთ გამოხვედი.
     ღრმად შეისუნთქე ცივი ჰაერი. ცხვირის ნესტოები გაგეყინა. ყელზე გადაგდებული კაშნე წამოიწიე და ცხვირზე გაიდაიფარე. თბილმა ჰაერმა დაანესტიანა, მაგრამ ეს გსიამოვნებდა. შოკოლადი ჩანთაში ჩადე. 50-ოდე მეტრში მიწიშქვეშა გადასასვლელს გახედე. შენი ყველა კუნთი დაღლილი იყო. საოცრად მოგინდა სახლში, ლეჩხუმში…
     პირდაპირ ქუჩაზე გადასვლა დააპირე… სადგომზე გაჩერებულ მანქანებს შორის გაიარე და გზაზე გახვედი, რომ კვლავ მანქანების დინებას დაკვირვებოდი. საჭირო მომენტი დაგეჭირა… ერთადერთი, რისი დანახვაც მოასწარი, ეს თეთრი “მარშუტკა” იყო, რომელიც საოცრად ახლოს აღმოჩნდა შენთან. მისკენ შებრუნდი და ბავშვივით ხელები თვალებზე აიფარე. მერე რაღაც განათდა… დაღლა და ძილის სურვილი სადღაც გაქრა…

რაც დანამდვილებით ვიცი.

   ცხოვრება უსამართლოა.
   კლასში ასაკით ყველაზე უფროსი, მალე ყველაზე უმცროსი იქნები…
   ვუყურებდი შენს სასახლეს, შენს შეცვლილ, დაკერილ და დაპუდრულ დახეს და გულში ვიმეორებდი: ეს რეალობა არ არის! ეს რელობა არ არის! უნდა გავიღვიძო. ალბათ საოცარ კოშმარს ვერ დავაღწიე თავი.” მაგრამ არ გამეღვიძა… ღამეს გითევდით ბიჭები. ხომ იცი,  გული ქვად მაქვს ქცეული, ვერ გიტირე. სამაგიეროდ ისე გავილეშე, ბიჭებმა ძლივს მიმიყვანეს სახლამდე… დღემდე ვნანობ ჩემს საქციელს.
    შენთან ერთად წავიდა სიხარული ჩვენს გულებში. ნიკულინა მეუბნებოდა შენს დაკრძალვაზე: “დანაკლისს ვერ ვგრძნობ, ასე მგონია სადღაც აქვეა ნანო და წუთი-წუთზე მოვა და გადაგვეხვევა”. მე ვუპასუხე: “დანაკლისს იცი როდის ვიგრძნობთ? როცა კლასელები შევიკრიბებით, და რაღაც განსაკუთრებული მხიარულება არ გვექნება, ვიღაც აშკარად დააკლდება ჩვენს თვალებს. როცა ბიჭები ნანოს სახლის კარს მივადგებით და ერთხმად დავუძახებთ, მაგრამ ის არ გამოგვხედავს. როცა ბაღში გამოვალთ, მაგრამ არავინ შემოგვეგებება. აი, მაშინ მივხვდებით რა დაგვაკლდა!”
    ვუყურებდი შავოსან მღვდელს და ვფიქრობდი: “რა უნდა უთხრას გამწარებულ დედას? ბებიას? მამას და ძმას? მოეპოვება ამ ფაქტის რაიმე ახსნა?”
    შენთან ერთდად წავიდა ჩემგან ის მცირეოდენი რწმენა, რაც გამაჩნდა…
    პირველმა მომილოცე დაბადების დღე. როგორც ყოველთვის უკანასკნელი იყავი, ვისაც სამადლობელო მესიჯი მივწერე. პასუხად მომწერე: “ase mafaseb xo? :D:D:D”  ეს წერილი დღემდე ტელეფონში მაქვს…
    ვერ მოგილოცე შობა, ვერ მოგილოცე ახალი წელი… თუმცა შენ არვინ გავიწყდებოდა… ყველას ეფერებოდი და უხვ სიყვარულს უანგაროდ აბნევდი…
    შენი წასვლის მერე, ისე ვცხოვრობ, თითქოს ჩემი უკანასკნელი დღე იყოს. უკეთესი გავხდი და სიცოცხლის ფასი ვისწავლე. ხედავ, ქვეყნიერებიდან წასვლის შემდეგაც კი სიკეთეს თესავ!
     7 იანვარი არასოდეს იქნება ხალისით და სიხარულით სავსე…
    ვწუხვარ, რომ ვერასოდეს შევხვდებით კიდევ ერთხელ…
    ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი…

ზარი

სტანდარტული

     სახლიდან გასვლას ვაპირებდი, მეგობრები უნდა მენახა. ქეიფისმაგვარ ღონისძიებას ვგეგმავდით აზრობრივად. სამხიარულოდ ნამდვილად გვქონდა საქმე. არც მეტი, არც ნაკლები შობა დღე გახლდათ. მზეც საოცრად თბილად ანათებდა, არ იგრძნობოდა, რომ იანვარი იდგა. ცოტაც და ალბათ ტყემალიც გაყვავილდებოდა.
     ტელეფონმა დამირეკა. სკოლის ძმაკაცი მირეკავდა თბილისიდან.
     -ხოო ლარცუ, რავა ხარ?
     -არამიშავს… საით ხარ?
    – სად ვიქნები? ლეჩხუმში ვარ. მამაშენი ვნახე გუშინ, მითხრა შვებულება ჯერ არ უწევსო.
     -ხო რა… ბიჯო…
     -ჰოუ!
     -ჯაბაიამ დამირეკა და ასე მითხრა ნანოს მანქანამ დაარტყაო და მართალია?
     – სანე დაარტყაო?
     -აქანე, თბილიში!
     -რა სისულელეა! დეიდაჩემმა მითხრა, გუშინწინ შემხვდა  ცენტრშიო. გაგეკაიფა ალბათ!
     -არა ბიჯო! ქალებმა შეიცხადესო სამეზობლოშიო. ამნაირ ტყულს არ მეტყოდა…
     -ეხა უნდა გევიდე ცაგერში და გაგირკვევ იკო!
     – მიდი ძმურად და დამირეკე.
     – ნუ გეშინია, ტყული იქნება.
     – კაი, დამირეკე.
  ტელეფონი გავთიშე და გონება მოვიკრიბე. “კი, ნაღდად ასე მითხრა მანომ, გუშინწინო. შეიძლება შეეშალა… ჯანდაბა ჩემ თავს…”
   ამჯერად სახლში დარეკა ტელეფონმა.
   -ბატონო- მონოტონური ხმით უპასუხა დედაჩემმა
   “2 დღეა ჩამოვედი, არც გავსულვარ, არავინ მომიკითხია, ძილის მეტი არაფერი…”
    ფიქრებიდან დედაჩემის ტირილმა გამომარკვია.
     -რა არი, რა მოხდა?- ვიყვირე და სახლში შევირბინე
     -ბიჭო, ქეთინოს ნანოს მანქანა დასჯახებია თბილისში…საწყალი ადგილზე გათავებულა…
     -რას ამბობ დედა, მანომ 2 დღის წინ ვნახეო და…
     -რავი, მამაშენმა დარეკა და ასე მითხრა. ჯერ არ ეუბნებიან საცოდავ დედამისს…
არაფერი არ მიგრძვნია, გულიც არ ამჩქარებია. ცივად გამოვბრუნდი და შარვალს დავუწყე ძებნა.
    -სადაა ჯინსი?
    -სადაც დატოვე, იქ იქნება, რა ვიცი მე? გადავედი ჭკუიდან.
    -კაი ახლა, ნუ ტირიხარ! ეგება ტყულია? დოურეკე გიას და კითხე წვრილად.
    -რა ვკითხო? მილიციისთვის გადმოუციათ და იქიდან გეიგო.
    -მილიციამ საიდან გეიგო?
    -პირადობით ალბათ, რა ვიცი მე? ვაი ჩემო ნანო, ვაი რა ბოვში. დედა, დედა, დედააა
    -კაი, გავდივარ მე. ნუ ტირიხარ ხო გითხარი. ისტერიკაში არ ჩავარდე!
   სწაფად წამოვედი. “სანამ არ ვნახავ, არ დავიჯერებ! რა დღე გათენდა ამნაირი? ვინ დაწყევლა ეს კუთხე? რა ცოდვა გვაქვს კისერზე ასეთი, რო ყოველ ზამთარს რაღაც უბედურება უნდა დაგვატყდეს თავს?
   ტელეფონმა დარეკა. Larcu- ეწერა ეკრანს.
   -ხო ბიჯო!
   -მართალი ყოფილა ბიჯო, ნანო აღარ არი. ტელევიზორშიც უთქვამთ ამ დილით…
    ძალაგამოცლილი დავაწექი წითელ ღილაკს…

ზუსტად სამი თვე გავიდა  ლარცუს იმ ზარის შემდეგ. 2011 წლის შობა დილა არასდროს დაგვავიწყდება.
გვიყვარხარ, გვენატრები, გვაკლიხარ.
შენი ლიპიტო.