Category Archives: პროტესტი

დღევანდელობა ანუ Хочу перемен!

სტანდარტული

ჩამყაყებული საზოგადოების ნგრევის ერთ-ერთი პიონერი გახლდათ ვიქტორ ცოი. მისი შემოქმედება ე.წ. “ზასტოის” პერიოდის ბოლოს იწყება და მთელი სიძლიერით იფურჩქნება “პერესტროიკაში”. ახალგაზრდა, რომელიც არ მოერიდა საზოგადოებრივ ნორმებს, არ შეუშინდა საბჭოთა დაჟანგებულ მანქანას და ხმამაღლა თქვა ის, რაც იმდროინდელ ახალგაზრდობას  სტკიოდა. პირდაპირობა და სიმართლე– ეს გახლდათ მისი სიმღერების თანამდევი. თვითონაც პოზას არასოდეს იჭერდა, როგორც მღეროდა, ისე ცხოვრობდა.

“პერესტროიკასა” და დღევანდელობას შორის საინტერესო პარალელების გავლება შეიძლება. აღნიშნული ყველაზე მეტად ახალგაზრდა, სიცოცხლეს მოწყურებულ ახალგაზრდებს აწუხებთ და მტკივნეულად ახსენებთ თავს. თავისუფლების, რაღაც სიახლის ილუზია და ამასთანავე ამ მეტად უცხო ხილის გასინჯვის შეუძლებლობა. ჩამკვდარი სოციალური ცხოვრება, რომელიც  ადამიანთა ცალკეული ჯგუფების სახლში შეკრებით ახდენს კომპენსირებას. მაღალი უმუშევრობის დონე და აგრერიგად ძვალ-რბილში გამჯდარი სიზარმაცე.

მომავლის უსასრულო, სევდიანი იმედით ცქერა. ხშირად ამას მუდმივი მარტოობისა და გაუცხოების განცდაც ემატება, ახალგაზრდობა, საკუთარი მსოფმხედველობის გამო,  ირგვლივარსებულ საზოგადოებაში  თავს ხორცმეტად აღიქვამს. ეს ყოველივე  საერთო შტრიხად გასდევს 80-იანების “პერესტროიკასა” და ჩვენს დღევანდელობას.

წარმოუდგენელია, ახალგაზრდა- პროტესტის განცდის გარეშე, მსგავს პირობებში. “პერესტროიკის” თაობის პროტესტს ცოი აყალიბებდა საკუთარი სიმღერებით, რადგანაც მას, როგორც რიგით მოქალაქეს, მწვავედ სტიკოდა ირგვლივ არსებული მდგომარეობა. არ აქვს მნიშვნელობა, იქნებოდა ეს საზოგადო, თუ მეტად პირადი, ოჯახური პრობლემები. ლტოლვა რაღაც ახლისკენ, საკუთარი თვითმყოფადობის გამოხატვის მცდელობა, საერთო შებოჭილობის ფონზე – მეტად სახასიათო გახლდად მისი მუსიკისათვის. მსგავსად დამუხტული სიმღერები გამოხმაურებას ნათლად ჰპოვებს დღევანდელობაშიც.

ვაკვირდები რა ბოლო პერიოდში ახალგაზრდების, სტუდენტების გააქტიურებას და მათ ჩარევას საზოგადოების საჭირბოროტო საქმეთა დინებაში, ვხვდები, არსებობს შინაგანი მძაფრი პროტესტი, რომელსაც ვერ დაიტევს ვერც ფურცელი და ვერც კომპიუტერის ცივი ეკრანი. ამიტომაც, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ:

Хочешь ли ты изменить этот мир?

Сможешь ли ты принять как есть?

Встать и выйти из ряда вон?

Сесть на электрический стул или трон?

ამგვარი ახალგაზრდული ამბოხი მისასალმებელია. ეს ადამიანის გონებრივ პროგრესზე მიანიშნებს. ნათლად აჩვენებს, რომ გაუზრებელი ბავშვობიდან, მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადასვლა ხდება მწარე რეალობაში. ფაქტია, რომ ირგვლივ გამეფებულ არასამართლიანობას შეუჩვეველი თვალი გაცილებით მალე ამჩნევს და სანამ დასაკარგი არაფერი აქვს, ცდილობს გამოასწოროს ყოველივე.

სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანთა უმრავლესობაში ამგვარი პროტესტის მუხტი თანდათანობით ქრება და ერთდროს რევოლუციონერი ახალგაზრდები, კონფორმისტ, ბედს შეგუებულ ზრდასრულებად იქცევიან.

ცოი მისი თაობის ახალგაზრდობის ხმა გახლდათ, რომელმაც შეძლო და მილიონობით ადამიანის გულამდე მიიტანა საკუთარი და საზოგადო სატკივარი. მან მოახერხა, გაქცეოდა დროის ჩარჩოებს და ამიტომაცაა, რომ მისი ტექსტები დღემდე არ კარგავს აქტუალობას. სავარაუდოდ, ეს ყოველივე იმის ბრალია, რომ მას ყველაზე კარგად ესმოდა ეპოქის ტკივილი, გამოხატული ახალგაზრდათა თვალებში. იგი ხედავდა ამ ჩუმ, მდუმარე პროტესტს და არ უშინდებოდა მის გასაჯაროებას.

მუსიკოსის პროტესტის პიკს წარმოადგენს სიმღერა“Хочу перемен!” რომელიც “პერესტროიკის” ჰიმნადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. 90-იანი წლების ქართული ალტერნატივა, რომელმაც ერთგვარი სინათლე შემოიტანა ქართველთა გონებაში, თანდათანობით დავიწყებას ეძლევა, რაც ძალზე სამწუხარო ტენდენცია გახლავთ. თუმცა, მიუხედავად ამისა,  მეტად მსიამოვნებს, რომ მსგავსი ქვეტექსტის მატარებელი სიმღერები დღევანდელობაშიც იწერება ნელ-ნელა.  ეგებ, მუსიკამ მართლაც მოახერხოს რაიმეს შეცვლა, თანამედროვე ადამიანთა გონებაში…

ამჟამად, ჩვენ გარდამავალ სტადიაზე ვართ, დაღლილები სიტყვათა თამაშითა და ტყუილ-მართალის გამორკვევით ტელე-ეკრანებსა თუ Facebook-კომენტარებში. იმედია, მოვახერხებთ აქტიური მოქმედების ფაზაში გადასვლასაც…

ვიქტორ ცოი 1990 წლის 15 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა, თუმცა მისი იდეები დღემდე ცოცხლობს მის ტექსტებში. ამიტომაცაა, რომ მისი შემოქმედების  მოყვარულები, გამუდმებით ერთსადაიმავეს იმეორებენ: Цой Жив!

Цой Жив

Цой Жив!


					

ევოლუცია ქართულად

სტანდარტული

ყოველთვის მიკვირდა ადამიანების, რომლებიც ამბობენ: “არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე!” ამ სიტყვებში იგრძნობა განზე განდგომა შემეცნებისაგან და ეს ყოველივე კი ადამიანში ადამიანობის დეფიციტზე მიუთითებს. ევოლუციის ხსენებისას, თავში მაშინვე ასე გაღეჭილი ფრაზა, “გადარჩევა შერჩევის გზით” მოგვივა.  და თუ უფრო დავძაბავთ გონებას, ასევე შეიძლება გაგვახსენდეს “იმარჯვებს უძლიერესი”

დიდი ხნის განმავლობაში მიმაჩნდა, რომ ევოლუციამ ჩაიარა. ჩვენა ვართ მისი უმაღლესი საფეხური და მორჩა, აქ დაისვა წერტილი. ასე არ არის, ჩვენ ვვითარდებით და უბრალო რგოლი ვართ ამ ხანგრძლივ ჯაჭვში. გადარჩენისათვის ბრძოლას თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ჩვენამდე მოღწეულ ცხოველთა უმრავლესობას ერთი საერთო ნიშანი გააჩნიათ: მათ შეძლეს ადაპტირება მოცემულ გარემოში, გაუძლეს ბუნების კატაკლიზმებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში განიცადეს ტრანსფორმაცია, მაგრამ საბოლოოდ გადარჩნენ და ჩვენამდე მოაღწიეს. მინდა ვიფიქრო, რომ ადამიანებს, ამ კონკრეტულ ქვეყანაში, საქართველოს რომ უწოდებენ, აქვთ მომავალი, შეძლებენ გადარჩენას და არ დაიკარგებიან უსახელოდ ევოლუციის მკაცრ პირობებში.

საკუთარი აღნაგობის შემხედვარეს სულ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში: ამგვარი ფიზიკური მონაცემებით ველურ ბუნებაში სიცოცხლე არ მეწერა. ფიზიკური სიძლიერე და სიჯანსაღე  უპირველესი ფაქტორი გახლდათ პირველყოფილებში თვითგადარჩენის ინსტიქტის ამუშავებისას. ამიტომაც, ბავშვობიდან თავი მივეჩვიე იმ აზრს, რომ გადარჩენა გონებრივი სიძლიერითაც შეიძლება. სწორედ ეს იყო, ალბათ, ქვეცნობიერად ჩემი მამოძრავებელი ამდენი ხნის განმავლობაში. დაუღლელი გონებრივი მუშაობა, თვალსაწიერის გაფართოვება წიგნის ყვითელი ფურცლებიდან, საკუთარი მსოფმხედველობის გაჩენა და განმტკიცება. მიმაჩნდა, რომ კუნთების სიძლიერე არ განსაზღვრავს ჩემს არსებობას ამ ქვეყნად.

ვხედავ რა ადამიანებს, რომლებიც ცოდნას ზურგს აქცევენ, მე თვალნათლივ წარმოვიდგენ მათ ინდივიდებად, რომლებმაც ევოლუციას ზურგი აქციეს. თუ რაიმე დასკვნის გამოტანა შეგვიძლია პირველყოფილი ადამიანისა და თანამედროვის შედარებისას, ესაა მისი გონებრივი მუშაობის სინატიფის გაჩენა, ინტელექტის დახვეწა. ამის შედეგი იყო სწორედ პირველყოფილი იარაღების გამოგონება, თანდათანობით კომფორტის ცნების გაჩენა, საკუთარი მეს უზრუნველყოფა, ცხოვრების გამარტივება. ვაკვირდები რა საზოგადოებას, მიმაჩნია, ჩვენ კვლავ პირველყოფილთა დონეს დავუბრუნდით, ვერ განვვითარდით. გონის დაძაბვას, კუნთის დაჭიმვას ვამჯობინებთ. მტყუან-მართალის გარკვევისას მუშტებზე ვიყურებით, ლოგიკურ მსჯელობას უარვყოფთ და საკუთარი აზრის ძალით გატანას ვლამობთ. ამგვარი ევოლუცია კი იქამდე მიგვიყვანს, რომ გადავთელავთ სუსტ, მაგრამ მოაზროვნე ინდივიდებს, ფიზიკურად გავაქრობთ მათ და საბოლოოდ მივიღებთ ძლიერ, კუნთმაგარ, მაგრამ თავცარიელ ბრბოს, რომლის მართვა და დამორჩილება გონიერი ხრიკებით ძალზე მარტივია.

zezva-and-mzia

ტექნიკის პროგრესთან ერთად, გაადვილდა ცოდნის მოპოვება, მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერესმა იკლო. ეს სულ უფრო მარტივი შესამჩნევი ხდება. ამგვარი გაქანება საბოლოოდ ფსკერთან შეტაკებამდე მიგვიყვანს. ამ განწირულ რბოლაში თითოელმა უნდა სცადოს საკუთარი წვლილის შეტანა.

განვიცდი, რომ ჩემ ძმას წიგნზე მეტად კომპიუტერული თამაშები აინტერესებს. ვაძალებ, ვეჩხუბები კიდეც, მაგრამ ამგვარად ინტერესის გაჩენა სწავლისადმი წარმოუდგენლად მიმაჩნია. მის ასაკში მყოფი ირგვლივ გამეფებულ უსამართლობას ვუყურებდი. ჩემი და ცოტა უფროსი თაობის წარმომადგენლები კანონიერ ქურდობაზე მეოცნებე უსაქმურების ჯგუფი გახლდათ. მე მაშინ ერთგვარი პროტესტის განცდა მქონდა ირგვლივარსებული უცოდინარობის მიმართ, ერთგვარი მოტივატორი გახლდათ ეს ჩემთვის. იქედან მოყოლებული ვცდილობდი ამ ერთფეროვანი სიშავიდან თავის დაღწევას.

დღესაც თვალს ვავლებ ირგვლივ და კვლავ უკუნს ვხედავ. მინდა სინათლე შემოვიტანო, მცირედი მაინც, თუნდაც ჩემს ირგვლივ, მაგრამ საოცრად რთულია აღნიშნული გასაკეთებლად. იმედს არ ვკარგავ, მაგრამ გული მიგრძნობს საკუთარი მცდელობის სამომავლო კრახს. ვცდილობ საკუთარი თავი დავხვეწო. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, უფრო მეტად მიპყრობს სევდა, რომ ფიზიკურად არ ეყოფა ჩემი ცხოვრება ყველაფრის შეთვისებას. ამგვარი დეპრესიის დროს, ხშირად მსტუმრობს ამგვარი აზრი: იქნებ, მე ვცდები? ნუთუ მართლა კუნთების სიდიდე წყვეტს ყველაფერს ცხოვრებაში?

“კუზიანს სამარე გაასწორებსო”- ჩემზეა ზედგამჭრილი. ცოტახნის წინ მართლაც კინაღამ დამასამარეს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ფიქრსა და განსჯაში. პირიქით, ერთგვარი ხელშემწობი გახდა, თითქოს “მეორე სუნთქვა” გამიხსნა.

უბრალოდ, აღარ მინდა ისეთი საზოგადოებაში ცხოვრება, რომელმაც “არ იცის და არც აინტერესებს”, მეტი არაფერი…

ცხვართა დუმილი

სტანდარტული

ვერ ვიტან ხმაურს. წყობიდან გამოვყავარ უაზრო ყაყანს, მაგრამ  უფრო მეტად სრული სიჩუმე მეზიზღება… არაფრისმთქმელი, უძრავი მდუმარება…

***
ჩემი დაბადება ქვეყანაში ხმაურიან პერიოდს დაემთხვა. საბჭოთა წყობილება თავის არსებობის ბოლო თვეებს ითვლიდა. მუდმივად ჩუმად მყოფი მამების თაობა თანდათან ხმას უწევდა, უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა გამოთქვამდა საკუთარ აზრს და რაც ყველაზე დასანანია, ცდილობდა საკუთარი „სიმართლე“ სხვებისთვის თავს მოეხვია. ამგვარად, ხმამაღლა საუბარი მალე ყაყანში გადაიზარდა, სანამ ეს გნიასი ავტომატების ჯერმა არ გადაფარა. ცეცხლისმფრქვევლ რკინას საოცარი ეფექტის მოხდენა შეუძლია პირგაალმასებულ ბრბოზე. მასთან ჩხუბი შეუძლებელია, მას ვერ აჯობებ ყვირილში, მის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტი უძლურია. როგორც ტელევიზორის პულტს აქვს ღილაკი Mute, ასევე ჩახმახზე ხელის გამოკვრაა მხოლოდ საჭირო და გაცხარებული ცხვრის ფარაც მყისვე ჩუმდება, მორჩილი ხდება.

mute smie
უგრძნობი, ცეცლისმფრქვეველი ხმაური ნერგავდა ირგვლივ მკვდარ სიჩუმეს 90-იანებში. და მამების თაობაც მიხვდა, გადარჩენისათვის  ბოქლომი არის საჭირო ტუჩებზე. ვინაც ამდენს ვერ ხვდებოდა, მას აგებინებდნენ, თანაც საკმაოდ გასაგებ ენაზე.
შვილებსაც, უფროსი ძმების თაობას და მეც ასე მზრდიდნენ იმ წლებში. „ჩუმად იყავი, არ ილაპარაკო“ უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალო დარიგება. ირგვლივ გამეფებული სიჩუმე და მასიურად ჩანერგილი შიში ცხვრის ფარას ადვილად მართავდა. ამას მიემატა კრიმინალური მენტალობის გაძლიერება, რომელიც სიჩუმე-შიშის ერთგვარი კონცენტრირებული ნაზავი გახლდათ. უყურებდა ამ ყოველივეს ხალხი, ყველას ესმოდა გვერდით სახლში დაუთოებული მეზობლის კივილი, მაგრამ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. მასიური, უძრავი, მკვდარი სიჩუმე სუფევდა ირგვლივ.
2000-იანების დასაწყისში ხმის ამოღება დაიწყო ხალხმა. ნელ-ნელა ჩურჩულს მიჰყვეს ხელი, ჯერ ოჯახებში, შემდეგ ჯგუფ-ჯგუფად, თანდათან უმატეს ხმას. ნელ-ნელა აფუსფუსდნენ, აზრიალდნენ, როგორც გამოზაფხულზე გამოიფხიზლებს ხოლმე ფუტკრის სკა ხანგრძლივი ზამთრის ძილის შემდეგ. მალე ხმამაღლა საუბარსაც არ შეუშინდნენ ზოგ-ზოგიერთები. ცოტა ხანში, საოცარი გნიასი დადგა. ვიღაცამ ჩაი დალია, ვიღაც სახლში წავიდა. ეგზალტირებული ცხვრის ფარა დიდხანს, დაუღლელად სკანდირებდა: „სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!“
ჩაის მოყვარულმა იცოდა, რომ მუდმივად მოხმაურე ხალხი სიკეთეს არ მოიტანდა. ისევ ცეცხლისმფრქვეველი სიჩუმის აპარატი მოიმარჯვეს შავნიღბიანებმა და დღისით-მზისით რამდენიმე სპეც-ოპერაცია ჩაატარეს, რამდენიმე ახალგაზრდა გააჩუმეს სხვის დასანახად, მაგრამ ხმამაღლა მოსაუბრე მასის გაჩუმება საკმაოდ ძნელი გახდა…
დიდმა ძმამ, მუდამ რომ გვითვალთვალებს, შეშფოთება გამოთქვა, რადგანაც ცეცხლის ენით დემოკრატიის გავრცელება მასავით დიდ ბიჭებს შეუძლიათ და ჩვენსავით პატარა ძმა ჯერ მხოლოდ რეზინის სათამაშოებს უნდა დასჯერდეს.
ნოემბერში ძალიან ბევრ ადამიანს გაასინჯეს რეზინანარევი დემოკრატიის ძალა...

ხალხი გაჩუმდა. ცოტა ხნით. იყო უნიათო მცდელობები ხმის აწევისა, მაგრამ ვინც ამას ბედავდა, მალევე აღმოუჩენდნენ ხოლმე აკრძალულ ნივთებს ჩხრეკისას. ადამიანს არამარტო ფიზიკურად, იდეურად აჩუმებდნენ. ერთგვარ „რეალითი შოუდ“ იქცა მაშინ მთელი ქვეყანა. საინფორმაციო ზომბო-ნიუსებიდან ხალხი გებულობდა, ვინ ვის რა უთხრა ტელეფონზე საუბრისას, ვინ ვის აგინებდა, ვინ ვისი კაცი იყო.
მასიური შიში მოედო კვლავ ცხვრის ფარას. ადამიანები მობილურს თიშავდნენ და ბატარეიას იღებდნენ ტელეფონიდან, სანამ რაიმეს იტყოდნენ. ერთმანეთს მკერდზე უყურებდნენ, თვალების ნაცვლად, რომ ყოვლიმხედველს ისიც არ გამოეჭენებინა მეორე დღეს საინფორმაციო „რეალითი შოუში“.
მაისშიც გააჩუმეს ახმაურებული ადამიანთა ჯგუფი. უფრო გამორჩეულად, ვიდრე ოდესმე. კარგად აჩვენეს ხმაურის მსურველებს რა დღე დაადგებოდათ.
მოგვიანებით რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით. ჩაის მოყვარული და მისი მეგობრები მათსავე ფანდზე წამოაგეს, მისივე მეთოდებით გამოიჭირეს და პირველად ამდენი წლის მანძილზე საარჩევნო უბანზე საკუთარი საწერი კალმით შეიარაღებულმა ადამიანებმა დამსახურებულ პენსიაზე გაისტუმრეს „უფალნი ამა ქვეყნისა“
ხალხმა კვლავ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი. ტელეფონებს აღარ თიშავენ, ცდილობენ თვალი-თვალში გაგისწორონ საუბრისას, მაგრამ ცხვრები მაინც ვერაფერს სწავლობენ. მიამიტად უნდათ დაიჯერონ, რომ მწყემსი მათ საძოვარზე მიიყვანს. და ისინიც ბრმად მისდევენ, ყოველგვარი აზრდატანების გარეშე.
უფროსი ძმების თაობისგან განსხვავებით, ჩვენს თაობაში იმატა იმ ინდივიდთა რიცხვმა, რომელთაც დუმილი არ უყვართ, არ აშინებთ მოქნეული მუშტები და რეზინის დემოკრატია. მაგრამ „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“

***
როგორც გითხარით, ვერ ვიტან ხმაურს. მაგრამ  უფრო მეტად სრული სიჩუმე მეზიზღება. ამგვარი მდუმარება კი მაშინ დგება, როცა ადამიანი გონების მუშაობას წყვეტს. ზედმეტ ღრიანცელშიც არ აღინიშნება ტვინის აქტივობა. უბრალო საუბარი, კონსტრუქციული, ფაქტებზე დამყარებული, ლოგიკური მსჯელობა გამიხდა სანატრელი ჩემ ქვეყანაში.
ცხვრის ფარა მორჩილად ელოდება ყვირილი-სიჩუმის მორიგ ციკლს…
P.S.  The Who-ს აქვს ასეთი სიმღერა,  “Won’t Get Fooled Again“, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება:

Meet the new Boss,
Same, as the old Boss

მეგის ქარდავას “მექანიკური ფორთოხალი”

სტანდარტული

1971 წელს ეკრანებზე გამოვიდასტენლი კუბრიკის ლეგენდარული “მექანიკური ფორთოხალი”, ენტონი ბერჯესის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ნანახმა მაყურებელი შოკში ჩააგდო. ყველაზე სინტერესო რაც გახლავთ, იმის მაგივრად, რომ საზოგადოება დაფიქრებულიყო ძალადობის უაზრობაზე, ფილმმა პირიქით იმოქმედა. ბრიტანეთის მასშტაბით გაიზარდა ძალადობის შემთხვევები. ხშირად თავს ესხმოდნენ უსახლკაროებს, მათხოვრებს, დაუცველ ადამიანებს.

კადრი ფილმიდან "მექანიკური ფორთოხალი"

კადრი ფილმიდან “მექანიკური ფორთოხალი”

***

ეკრანზე ნანახი ყოველთვის დიდ ემოციას იწვევს მაყურებელზე. ჩემთვის ასე იყო პროკურატურის მიერ გავრცელებულ  კადრებზეც.  ეს იყო საშინელი ძალადობა ადამიანის შინაგან სამყაროზე, არანაკლებ შემძვრელი და ემოციური ვიდრე ფიზიკური ძალმომრეობა.

“მეგის ქარდავა”- მითოლოგიური პერსონაჟივით იქცა. არა, ჩემთვის უფრო მონსტრივით. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ გადაშენების პირას მყოფი იშვიათი ცხოველიათქო. კარგი, ბატონო, ეს ვიღაც მეგის ქარდავა დამნაშავეა, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ…

მაგრამ, მე, უბრალო ადამიანს მიჩნდება კითხვა, რეალურად ვინაა დამნაშავე?

ისევ და ისევ ჩვენ, საზოგადოება!  ხშირად გამიგონია “ტოლერანტულად” განწყობილი ადამიანებისგან: “აბა, სად ირღვევა მაგათი უფლებები? იყვნენ თავისთვის, ჩვენ არაფერს ვუშავებთო.” მეტი რაღა უნდა დავაშავოთ? ადამიანებს ვაიძულებთ გამუდმებით მალვაში იყვნენ, მუდმივად ნიღბით იცხოვრონ. ასეთ სტრესს კი რთულია გაუმკლავდეს ადამიანი. ა, ხო! ჩვენ ხომ მათ ადამიანებადაც არ აღვიქვამთ! რაღაა გასაკვირი? “იყოს გეი, ოღონდ მე ნუ გამაგებინებს” პრინციპი მუშაობს.

საზოგადეობის მენტალური მზაობა რომ ყოფილიყო, მსგავსი ჩანაწერების გაკეთების აუცილებლობა უბრალოდ არ იარსებებდა. ყველამ ჩავიხედოთ გულში. მცირეოდენი მეგის ქარდავა ჩვენც გვიზის ღრმად, სადღაც შიგნით, ზოგნი რომ სულს უწოდებენ.

ზოგიერთი, ამის წამკითხველი, გაბრაზდება ჩემზე. “მე, აქაოდა ტოლერანტულად ვარ განწყობილი სექსუალური უმცირესობების მიმართ და შენ ტალახს მცხებო”- მეტყვის. არა, ბატონებო! თქვენ საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ. “ჩვენში” მე საკუთარ თავს მოვიაზრებ. ჰომოფობ თანამოქალაქეებთან ერთად, მეც მიმიძღვის ჩემი წილი დანაშაული, საკუთარ ტვირთს საზოგადოებას ვერ ავკიდებ. როგორც ჩანს, საკმარისად აქტიურად არ გამოვდივარ და არ ვაპროტესტებ, საკმარისად არ ვითხოვ ადამინის უფლებათა დაცვას. ამის შეცვლა მაინც შემიძლია, საზოგადოების აზროვნების თუ არა. სოციუმის მსოფმხედველობის ცვლილებაც ასე იწყება, ერთი ადამინის გონებაში მომხდარი რევოლუციით.

ფსიქიატრიიდან ვისწავლე, როცა ძალადობას უყურებ და შენში ეს ემოციას იწვევს, ეს ნორმალურია. თუკი იგივეს რამდენჯერმე უყურებ, შენ ტოლერანტული ხდები ნანახის მიმართ და ემოციური გაღიზიანებაც წყდება. იმისათვის, რომ შემდგომში ძალადობამ შენში ემოციური გაღიზიანება გამოიწვიოს, იგი წინაზე, ადრე ნანახზე უფრო სასტიკი უნდა იყოს. ფსიქიკის აღნიშნული დაცვითი მექანიზმი ადამიანის გადარჩენაში ეხმარება, მაგრამ თავისთავად საშიშ ხასითს ატარებს, რადგანაც შესაძლოა ადამიანი მის წინაშე მომხდარი ძალადობის აქტის მიმართ ინდიფერენტული გახდეს, რადგანაც ეს მასში ემოციურ ფონს აღარ ცვლის. მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოებას ერთიანი პროტესტისათვის ციხის კადრებზე უფრო საშინელი კადრები სჭირდება, რათა ემოციური განმუხტვა მოახდინოს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ასე დიდი გამოხმაურება არ მოჰყვა. ააა, თუმცა რას ვამბობ! ჩვენ ხომ საქართველოში ვართ! ჩვენ ხომ სექსუალური უმცირესობის ბედი ფეხზე გვკიდია!

***

“მექანიკური ფორთოხალი” რატომღა ვახსენე? თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რაშია საქმეა. ნანახს და განცდილს საზოგადოებაში კათარზისი უნდა გამოეწვია. ასევე უნდა ყოფილიყო ჩვენს შემთხვევაში. ეკრანზე ნანახს უნდა გამოეწვია თანაგრძნობის, დაზარალებულთა ტკივილის განცდა, რასაც შემდეგ უნდა მივეყვანეთ კათარზისამდე, რაც საბოლოოდ გამოიწვევდა ფასეულობათა გადაფასებას. შემდეგ, შესაძლოა, ამას დიდი ცვლილებებიც მოჰყოლოდა…

სანაცვლოდ რას ვღებულობთ? კომენტარებში, უბრალო საუბრებში, კიდევ უფრო დიდი აგრესია ჩანს. საზოგადოების რაღაც ნაწილი საკუთარი საქციელით მეგის ქარდავას ამართლებს. საწყენია… სირცხვილია…

ნაწილი კი თვალებს ხუჭავს… და წყნარად აგრძელებს ცხოვრებას, ვითომც არაფერი მომხდარა…

საოცარი ანდაზა გვაქვს ქართველებს: “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი”

***

იშტვან საბოს “პოლკოვნიკი რედლი” ისტორიული ფაქტების ალტერნატიული, რეჟისორისეული ხედვა გახლავთ. აღნიშნული სურათი ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია რეჟისორის შემოქმედებაში.  პოლიტიკური თამაშები, სამეფო ინტრიგები და მუდმივად ნიღაბს ამოფარებული ადამიანის ტრაგედია- აი, რას ნახავთ ფილმში. გადახედეთ, ბევრი საინტერესო პარალელი გამოიკვეთება დღევანდელობასთან მიმართებით აღნიშნულ კინოსურათში.

კადრი ფილმიდან "პოლკოვნიკი რედლი"

კადრი ფილმიდან “პოლკოვნიკი რედლი”

 

სისტემა უნდა დაინგრეს?

სტანდარტული

ამ პოსტის დაწერის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ერეკლე დეისაძის „სისტემა უნდა დაინგრეს“ მოვისმინე და ძმაკაცმა მითხრა: „რაღას მღერის? რა უნდა? სისტემა ხომ უკვე დაინგრა?“

***

„-სოფლელებით გაივსო ქალაქი… ხოო… ხოო… ამათი ბრალია, გარყვნეს ყველაფერი… გარყვნეს ყველეფერითქო…“- მობილურზე საუბრობდა 50 წლამდე ასაკის კაცი. ტალახის შხეფებით დასვრილი შავი ჯინსის შარვალი ეცვა, ხაკისფერი ზამშეს კურტაკი, გადაქექილი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი ცხვირზე საცოდავად გადატყავებოდა. მარჯვენა მტევნის ცერა და საჩვენებელ თითებს შორის, ხელის ზურგზე „ბეში“ (ერთი კაცი ოთხ კედელში) ჰქონდა ამოსვირინგებული, მარცხენა ხელის შუათითზე დამრეცი ჯვარი…

***

„სისტემა უნდა დაინგრეს! სისტემა უნდა დაინგრეს!“

ყველგან ეს მესმოდა, ყველგან ამას ვკითხულობდი, Facebook- კომენტარებიდან და სტატუსებიდან დაწყებული ქალაქში შენობის ფასადებით დამთავრებული. მეც ვფიქრობდი ასე: სისტემა უნდა დაინგრეს! ფაქ ზე სისტემ!

Banksy -Riot

Banksy -Riot

დანგრევას როცა ვახსენებ ყოველთვის ჰანა მახმალბაფის ფილმი, „ბუდა სიცხვილისაგან აფეთქდა“ მახსენდება.

სურათიც სწორედაც რომ აფეთქებით იწყება, თუმცა მერე ვხვდები, რომ ეს არაფერია იმ ნგრევასთან შედარებით, რაც პატარა გოგონას გონებაში ხდება სურათის განმავლობაში. ვერანაირი  ნაგებობისა თუ გამოქვაბულის მიწასთან გასწორება ვერ შეედრება იმას, რასაც ბავშვობის გაცამტვერება ჰქვია. თვალნათლივ ხედავ, როგორ იშლება აგურ-აგურ ფერადი სამყარო და ნანგრევების ბუღში სასტიკი, დენთის სუნით გაჯერებული რეალობა იკვეთება. დასასრულს კი რეფრენად გასდევს პატარა გოგონას მეგობრის ისტერიული ყვირილი: „მოკვდი და თავისუფალი იქნები! მოკვდი და თავისუფალი იქნები!“

***

სისტემის ნგრევა ჩემთვის ეს არის. ერთდროულად, ასანთის ღერებით ნაშენი ხუხულის ჩამონგრევა, თუმცა, როგორ ჩანს, სისტემამ მესამე გოჭივით ჭკუა იხმარა და ბინა საიმედოდ დაცულ მდიდრულ სასახლეში დაიდო. შენობის ნგრევაზე როცა მიდის საქმე, წესით და რიგით ასე ხდება: მცხოვრებლებს გამოასახლებენ, უსაფრთხოების პარამეტრებს დაიცავენ და მიმდინარეობს დემონტაჟი, შემდეგ კი იწყება ნანგრევებისაგან გაწმენდის დაუსრულებელი პროცესი. თქვენ რა, გგონით ჩვენც ამ ეტაპზე ვართ და დარღვეული მმართველობის ნანგრევები გაგვაქვს სანაგვეზე?

არა, მეგობრებო! ჩვენ მაძღარი ხალხი გამოვასახლეთ შენობიდან და მშიერი, ულევი მადის მქონენი შევასახლეთ შიგნით, თან გავიძახით, რომ სასახლის დემონტაჟმა წარმატებით ჩაიარა. მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვა: ძველი, ძლიერი სისტემა ახლით შევცვალეთ და ახლა ველოდებით, ხელს ვუწყობთ მას, როდის გაიდგამს ღრმად ფესვებს, როდის მოძლიერდება. მერე რა, რომ ჩრდილეთის ქარი უბერავს, გაგებით ვეკიდებით…

***

ცხვრის ფარას თხას უყენებენ წინ, რომ სულელი პირუტყვი არ დაიბნეს. მოაშორებ თუ არა ყოჩს, ფარა ირევა, ქაოსის ჟამი დგება და ზოგიერთი, ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი დროს იხელთებს, ბენზინგასამართ სადგურს დააყაჩაღებს, ვიღაცას საფულეს მოპარავს, ვიღაცას ყელს გამოღადრავს… და როცა ახალ თხას ჩააყენებენ წინ, ისინი კვლავ  კიკინით გაჰყვებიან მას და თვალებს აქეთ-იქეთ გააცეცებენ, ეგებ საკბილოს გამოჰკრან ხელი. ვაი რომ, ასე ნაქები თხა ახლა სწავლობს ნაბიჯების გადადგმას და უღრან ტყეში მიუძღვის ფარას, რომლის ბოლოსაც ხევის კიდე მოჩანს…

Banksy- monkey parliament

Banksy- monkey parliament

***

სისტემა გვჭირდება, მის გარეშე არარაობანი ვართ! ფაქტმა აჩვენა ეს 90-იანებში და ფაქტებივე აჩვენებენ ახლაც. გაუფრთხილდით სისტემას! გადაარჩინეთ სისტემა!

***

ჭეშმარიტად სისტემის დანგრევაზე როდის შეიძლება “ოცნება”, იცით? როცა საკუთარი გონების მიერ დამყარებულ რეჟიმს მოუწყობ რევოლუციას! როცა მიხვდები, რომ მართმადიდებელ ქრისტიანს და მუსულმანს შეუძლიათ მშვიდობით და ურთიერთპატივისცემით არსებობა… როცა გაანალიზებ, რომ “ჰომოსექსუალიზმი” მუშტების ქნევით „არ იკურნება“ და შვილებს, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ „გაგიპიდარასტებენ“… როცა შეიგნებ, რომ საქალწულე აპკი პატიოსნებას არ განსაზღვრავს… როცა მიხვდები, რომ „არ ტეხავს“ „მოიკაზე“ მუშაობა… როცა მიხვდები, რომ 40 წლის ასაკში უკვე დროა დედიკოს პენსიას არ უცდიდე სიგარეტის საყიდლად… როცა მიხვდები, რომ მიშას, ბიძინას, პეტრეს, პავლეს მთავრობას სულაც ჰკიდია შენი ქვეყანა, იმიტომ რომ მათ „ფული უნდა იშოვონ, მილიონერები უნდა გახდნენ“… როცა მიხვდები, რომ ის, რასაც ეკრანზე უყურე, რამაც ნერვები უკიდურესად დაგაწყვიტა და ქუჩაში გამოგიყვანა ყვირილით „დღეს მეც პატიმარი ვარ“, სინამდვილეში შენს გონებას უკეთებს ახლა მთავრობა… როცა ბოლოსდაბოლოს გაანალიზებ, რომ სისტემა, ეს შენი აზროვნება, ობმოდებული მსოფმხედველობაა და დაანგრევ მას, რომ „მოკვდე, რათა გათავისუფლდე“. უკვე მერე შეძლება გამოხვიდე და ხმამაღლა დაიძახო: „სისტემა უნდა დაინგრეს!“

 You tell me it’s the institution

Well, you know

You better free your mind instead

P.S. ქალაქში კორპუსების კედლებს ვათვალიერებ ყოველთვის, მიყვარს წარწერების კითხვა… „სისტემა უნდა დაინგრეს“ ყველგან გადაჩხაპნილი და გადაღებილია… ვიღაცას ძალიან უნდა, რომ წაშალოს ჩვენში ეს მოგონება… ნუ ვიჩქარებთ, გაგებით მოვეკიდოთ…
სისტემა უნდა დაინგრეს