Category Archives: საავადმყოფოში დაწერილი პოსტები.

24

სტანდარტული

გაღვიძება. სიგარეტი. ცივი წყალი სახეზე. ყავის დრო არ არის.

მარშუტკა. ზარი მობილურზე. “ა, 5 წუთში მანდ ვარ!”

სიგარეტი. გასახდელი. სამუშაო ფორმა.

მიმღები. ქირურგიული განყოფილება. საოპერაციო.

პაციენტების შეხვევა. ავადმყოფის ისტორია გასასწორებლად.

ფორმა 100. კურსუსი. გაწერის ეპიკრიზი.

საოპერაციო. თბილი წყალი ხელებზე. ცივი სტერილიუმი.

სკალპელი. პირველი სისხლი. დამწვარი ცხიმის სუნი.

ნაწლავები. სისხლი. ბევრი სისხლი. “ჭიმავს!”

აბრეშუმის ძაფით გაჭრილი თითები. “იგლაძერჟაწელი”. მაკმილან–დონატის ნაკერი.

ჰისტოლოგიური კვლევის ფურცელი. ოპერაციის პროტოკოლი. პოსტოპერაციული პალატა.

სიგარეტი. ქირურგიული განყოფილება. მიმღები.

გასინჯვის ფურცელი. ანალიზების პასუხი. დანიშნულება.

ავადმყოფის ისტორია გასასწორებლად. ფორმა 100. კურსუსი. გაწერის ეპიკრიზი.

პალატა. “როგორ გრძნობთ თავს?”

ცივი ბუტერბროდი. ყავა. სიგარეტი.

ავადმყოფის ისტორია. ფორმა 100. კურსუსი.

პალატა. პაციენტების შეხვევა. “ცოტა გეტკინება”

მიმღები. ნაკერების მოხსნა. “ჯანმრთელობას გისურვებ!”

გასახდელი. ადამიანური ტანსაცმელი. ყურსასმენები.

მარშუტკა. სახლი. სიგარეტი.

კონდრატენკოს “გადაუდებელი ქირურგია”. ნაღვლკენჭოვანი დაავადების დიფერენციალური დიაგნოსტიკა ზეპირად.

ნეტერის ანატომიის გადაფურცვლა. ვირზუნგი და სანტორინი.

ბიჭები. ლუდი. ბევრი ლუდი. მიწისთხილი. სიგარეტი. მორიგეობების განხილვა. “ჟიზნენი” საუბრები სამზარეულოში

Facebook. Twitter.

ცხელი წყალი მთელ სხეულზე. წვერის გაპარსვა ხვალ დილისთვის (არ უნდა დამავიწყდეს!)

გაღვიძება. სიგარეტი. ცივი წყალი სახეზე. ყავის დრო არ არის.

Fitter Happier

#LifeInClinic

სტანდარტული

მაგიდასთან ვთვლემდი, როცა ზურგში ქირურგის ხელი მომხვდა

-დიტო! რა ხდება ბლოგზე?

-2 თვეა არაფერი დამიწერია.

-რატომ მერე?

***

-5 წელია დასვენებულს არ გამიღვიძია. აი, რომ დაიძინებ საღამოს და დილით სრულიად დასვენებული იღვიძებ. სულ დაღლილი ვარ, ასე მგონია…

სიგარეტს ვეწეოდი და მის სიტყვებს თავისქნევით ვუგდებდი ყურს

***

დიალოგი გასახდელში

-გაუმარჯოს!

-გაუმარჯოს.

-მოხვედი, თუ მიდიხარ?

-მივდივარ

-გილოცავ!

***

-რა დროს ოპერაცია იყო? რა კარგად მეძინა…

-ჰმ, აბა ჩვენ გვკითხე!- გაუაზრებლად ვუპასუხე

დაღლილობას საერთოდ ვერ ვგრძნობდი

***

-ნოე, გაიღვიძე!

ნოეს მკდარივით ეძინა. ექიმის ასისტენტმა მე გადმომხედა.

-მოიცა, ახლავე გავაღვიძებ- მობილურს გადავწვდე და პლეილისტი გადავქექე

ნოემ გაიღვიძა

***

-აქამდე ვარ უკვე, აი, აქამდე! დავიღალე!- ნერვიულად ყელზე გაისვა საჩვენებელი თითი ექიმმა და ტირილი აუვარდა.

ვუყურებდი და ვფიქრობდი: “კარგი იქნებოდა ნორმალურად მეჭამა დილით”

***

მიმღებში გამომძიებლები შემოვიდნენ და საწოლისკენ გაემართნენ

-აბა, როგორ მოხდა ეგ ყველაფერი?

-სიგარეტი მომთხოვეს ვიღაც მთვრალებმა და მერე მცემეს რა.

ერთმა გამომძიბელმა მეორეს გადახედა და ირონიულად უთხრა:

-გესმის? სულ ასეა! ჯერ სიგარეტს სთხოვენ და მერე ურტყამენ

***

-დიტო, სად იყავი?

-მეძინა

-გამოიძინე?

-მმმ… ისე რა

-ძალიან კარგი! მიდი, პაციენტი შეახვიე!

***

-თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორია შანსები? რა პროცენტული ალბათობა არსებობს?

საშინლად დაღლილს ნერვები დამეჭიმა იმედიანი პასუხის მომლოდინეთა სახის გამომეტყველებაზე

***

-გაუმარჯოს! იზვინი, გაგაღვიძე

-ეგ არაფერი!- ენას ძლივს ვაბრუნებ- რა ხდება?

-ოპერაციაზე მიეხმარები? ასე ნახევარ საათში.

-2 წუთში ავდგები და მოვალ

10268155_750337098319824_870482161_n

 

სისტემა უნდა დაინგრეს?

სტანდარტული

ამ პოსტის დაწერის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ერეკლე დეისაძის „სისტემა უნდა დაინგრეს“ მოვისმინე და ძმაკაცმა მითხრა: „რაღას მღერის? რა უნდა? სისტემა ხომ უკვე დაინგრა?“

***

„-სოფლელებით გაივსო ქალაქი… ხოო… ხოო… ამათი ბრალია, გარყვნეს ყველაფერი… გარყვნეს ყველეფერითქო…“- მობილურზე საუბრობდა 50 წლამდე ასაკის კაცი. ტალახის შხეფებით დასვრილი შავი ჯინსის შარვალი ეცვა, ხაკისფერი ზამშეს კურტაკი, გადაქექილი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი ცხვირზე საცოდავად გადატყავებოდა. მარჯვენა მტევნის ცერა და საჩვენებელ თითებს შორის, ხელის ზურგზე „ბეში“ (ერთი კაცი ოთხ კედელში) ჰქონდა ამოსვირინგებული, მარცხენა ხელის შუათითზე დამრეცი ჯვარი…

***

„სისტემა უნდა დაინგრეს! სისტემა უნდა დაინგრეს!“

ყველგან ეს მესმოდა, ყველგან ამას ვკითხულობდი, Facebook- კომენტარებიდან და სტატუსებიდან დაწყებული ქალაქში შენობის ფასადებით დამთავრებული. მეც ვფიქრობდი ასე: სისტემა უნდა დაინგრეს! ფაქ ზე სისტემ!

Banksy -Riot

Banksy -Riot

დანგრევას როცა ვახსენებ ყოველთვის ჰანა მახმალბაფის ფილმი, „ბუდა სიცხვილისაგან აფეთქდა“ მახსენდება.

სურათიც სწორედაც რომ აფეთქებით იწყება, თუმცა მერე ვხვდები, რომ ეს არაფერია იმ ნგრევასთან შედარებით, რაც პატარა გოგონას გონებაში ხდება სურათის განმავლობაში. ვერანაირი  ნაგებობისა თუ გამოქვაბულის მიწასთან გასწორება ვერ შეედრება იმას, რასაც ბავშვობის გაცამტვერება ჰქვია. თვალნათლივ ხედავ, როგორ იშლება აგურ-აგურ ფერადი სამყარო და ნანგრევების ბუღში სასტიკი, დენთის სუნით გაჯერებული რეალობა იკვეთება. დასასრულს კი რეფრენად გასდევს პატარა გოგონას მეგობრის ისტერიული ყვირილი: „მოკვდი და თავისუფალი იქნები! მოკვდი და თავისუფალი იქნები!“

***

სისტემის ნგრევა ჩემთვის ეს არის. ერთდროულად, ასანთის ღერებით ნაშენი ხუხულის ჩამონგრევა, თუმცა, როგორ ჩანს, სისტემამ მესამე გოჭივით ჭკუა იხმარა და ბინა საიმედოდ დაცულ მდიდრულ სასახლეში დაიდო. შენობის ნგრევაზე როცა მიდის საქმე, წესით და რიგით ასე ხდება: მცხოვრებლებს გამოასახლებენ, უსაფრთხოების პარამეტრებს დაიცავენ და მიმდინარეობს დემონტაჟი, შემდეგ კი იწყება ნანგრევებისაგან გაწმენდის დაუსრულებელი პროცესი. თქვენ რა, გგონით ჩვენც ამ ეტაპზე ვართ და დარღვეული მმართველობის ნანგრევები გაგვაქვს სანაგვეზე?

არა, მეგობრებო! ჩვენ მაძღარი ხალხი გამოვასახლეთ შენობიდან და მშიერი, ულევი მადის მქონენი შევასახლეთ შიგნით, თან გავიძახით, რომ სასახლის დემონტაჟმა წარმატებით ჩაიარა. მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვა: ძველი, ძლიერი სისტემა ახლით შევცვალეთ და ახლა ველოდებით, ხელს ვუწყობთ მას, როდის გაიდგამს ღრმად ფესვებს, როდის მოძლიერდება. მერე რა, რომ ჩრდილეთის ქარი უბერავს, გაგებით ვეკიდებით…

***

ცხვრის ფარას თხას უყენებენ წინ, რომ სულელი პირუტყვი არ დაიბნეს. მოაშორებ თუ არა ყოჩს, ფარა ირევა, ქაოსის ჟამი დგება და ზოგიერთი, ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი დროს იხელთებს, ბენზინგასამართ სადგურს დააყაჩაღებს, ვიღაცას საფულეს მოპარავს, ვიღაცას ყელს გამოღადრავს… და როცა ახალ თხას ჩააყენებენ წინ, ისინი კვლავ  კიკინით გაჰყვებიან მას და თვალებს აქეთ-იქეთ გააცეცებენ, ეგებ საკბილოს გამოჰკრან ხელი. ვაი რომ, ასე ნაქები თხა ახლა სწავლობს ნაბიჯების გადადგმას და უღრან ტყეში მიუძღვის ფარას, რომლის ბოლოსაც ხევის კიდე მოჩანს…

Banksy- monkey parliament

Banksy- monkey parliament

***

სისტემა გვჭირდება, მის გარეშე არარაობანი ვართ! ფაქტმა აჩვენა ეს 90-იანებში და ფაქტებივე აჩვენებენ ახლაც. გაუფრთხილდით სისტემას! გადაარჩინეთ სისტემა!

***

ჭეშმარიტად სისტემის დანგრევაზე როდის შეიძლება “ოცნება”, იცით? როცა საკუთარი გონების მიერ დამყარებულ რეჟიმს მოუწყობ რევოლუციას! როცა მიხვდები, რომ მართმადიდებელ ქრისტიანს და მუსულმანს შეუძლიათ მშვიდობით და ურთიერთპატივისცემით არსებობა… როცა გაანალიზებ, რომ “ჰომოსექსუალიზმი” მუშტების ქნევით „არ იკურნება“ და შვილებს, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ „გაგიპიდარასტებენ“… როცა შეიგნებ, რომ საქალწულე აპკი პატიოსნებას არ განსაზღვრავს… როცა მიხვდები, რომ „არ ტეხავს“ „მოიკაზე“ მუშაობა… როცა მიხვდები, რომ 40 წლის ასაკში უკვე დროა დედიკოს პენსიას არ უცდიდე სიგარეტის საყიდლად… როცა მიხვდები, რომ მიშას, ბიძინას, პეტრეს, პავლეს მთავრობას სულაც ჰკიდია შენი ქვეყანა, იმიტომ რომ მათ „ფული უნდა იშოვონ, მილიონერები უნდა გახდნენ“… როცა მიხვდები, რომ ის, რასაც ეკრანზე უყურე, რამაც ნერვები უკიდურესად დაგაწყვიტა და ქუჩაში გამოგიყვანა ყვირილით „დღეს მეც პატიმარი ვარ“, სინამდვილეში შენს გონებას უკეთებს ახლა მთავრობა… როცა ბოლოსდაბოლოს გაანალიზებ, რომ სისტემა, ეს შენი აზროვნება, ობმოდებული მსოფმხედველობაა და დაანგრევ მას, რომ „მოკვდე, რათა გათავისუფლდე“. უკვე მერე შეძლება გამოხვიდე და ხმამაღლა დაიძახო: „სისტემა უნდა დაინგრეს!“

 You tell me it’s the institution

Well, you know

You better free your mind instead

P.S. ქალაქში კორპუსების კედლებს ვათვალიერებ ყოველთვის, მიყვარს წარწერების კითხვა… „სისტემა უნდა დაინგრეს“ ყველგან გადაჩხაპნილი და გადაღებილია… ვიღაცას ძალიან უნდა, რომ წაშალოს ჩვენში ეს მოგონება… ნუ ვიჩქარებთ, გაგებით მოვეკიდოთ…
სისტემა უნდა დაინგრეს

თბილისის კინოფესტივალი. სამოთხე: მაყურებელი

სტანდარტული

თბილისის კინოფესტივალი აგერ უკვე მესამე კვირაა რაც დამთავრდა, მაგრამ დასკვნითი პოსტის დაწერას ვერა და ვერ მოვაბი თავი. ალბათ იმიტომ, რომ მიჭირს ამ აზრთან შეგუება…

ფესტივალის პოსტერი

ინგლისურს იმდენად კარგად ვერ ვფლობ, რომ თარგმანის და სუბტიტრების თანხვდომაზე ვისაუბრო. ვერც ტექნიკურ მხარეს შევაფასებ… რა ბევრ ფესტივალზე მე ვყოფილვარ. რათქმაუნდა, ვიცოდი, რომ მცირეოდენი ხარვეზები იქნებოდა, მაგრამ ეს ხელს არ შემიშლიდა საინტერესო ფილმის ცქერაში. პატარა ფესტივალს ვერ მოვთხოვთ დააკმაყოფილოს კანის სანაპიროს უმაღლესი სტანდარტები. იმედია, უკეთესობისკენ ვითარდება მთლიანი ღონისძიება. ამაზე ის იმსჯელებს კარგად, ვინც თბილისის წინა წლების ფესტივალებზე აქტიური მაყურებელი გახლდათ. ერთადერთი, რასაც შევეხები, დარბაზში მსხდომი აუდიტორიაა.

დიდი მნიშვნელობა აქვს რას უჩვენებ და ვინ არის შემფასებელი. ამ მხრივ, სამწუხაროდ, შესაშურად ვერა გვაქვს საქმე.

როდესაც საავტორო კინოს სანახავად მოდიხარ, პოპკორნს და კოლას ყიდულობ და ისე მიაბიჯებ დარბაზში, დამერწმუნეთ, აშკარად შინაგანი კულტურის დეფიციტს განიცდი. ეს  ჩემთვის, კინომოყვარულისთვის, იგივეა, რაც მორწმუნე ადამიანისათვის ეკლესიაში ანთებული სიგარეტით შესული პიროვნების შემჩნევა. დიდი არაფერი, კინოს და ირგვლივმყოფთა პატივისცემაზე და ელემენტარულ კულტურაზე მაქვს საუბარი.

როცა ფილმს უყურებ… არა, როცა დარბაზში ზიხარ და მობილურის ეკრანს თვალს ვერ წყვეტ, მესიჯს მესიჯზე აგზავნი, ფეისბუქზე აჩექინებ, რომ კინო რუსთაველში/ამირანში ხარ და მერე, ალბათ, თავი მოგაქვს, ესაოდა მაღალინტელექტუალურ კინოს ვეზიარეო, თვალთმაქცი იდიოტი ხარ და მეტი არაფერი.

როცა დარბაზში ხარ, ეკრანზე სურათს თვალს ზერელედ ავლებ და მთელი 90-120 წუთის განმავლობაში ენას არ აჩერებ… ნუ, აღარ დავამთავრებ, ნერვები მომეშალა უკვე.

ფაქტია, რომ დარბაზში იჯდა ან „პერო“ საზოგადოება, ან კლასიკური კინოს მოყვარულთა ჯგუფი, რომელთათვისაც თანამედროვე არტ-ჰაუსის გაგება ცოტა რთულია, ან შეყვარებული წყვილები, სადღაც უკანა რიგში. მცირერიცხოვანი ჯგუფი იყო მხოლოდ ახალგაზრდებისა, ვისაც ესმის, ხვდება ნახატის არსს და პრობლემას. უხმოდ, გატრუნულნი, თვალდაუხამხამებლად მისჩრებოდნენ ეკრანს და აშკარა სიამოვნებას იღებდნენ პროცესისაგან.

რეჟისორთან გასაუბრება ნამდვილად იშვიათი სიამოვნებაა. გაიგო, როგორ მოუვიდა იდეა, რა ტექნიკური მხარე გამოიყენა, როგორი იყო მუშაობის პროცესი, ანუ  კინო -Behind The Scenes. ნაცვლად ამისა რომ ისმის კითხები: „ბოლოს დედა იყო მკვლელი?“ „გადარჩა საბოლოოდ?“… სირცხვილია.

ზოგადად ჩემთვის, საკმაოდ უსიამოვნო იყო აღნიშნული პროცესი. ფილმს რომ ვნახულობ, დრო მჭირდება რომ გავიაზრო, სიღრმეს ჩავწვდე, სხვადასხვა კუთხიდან შევხედო და ამ დროს, ვიღაც აიძულებს რეჟისორს საკუთარი კითხვით, რომ დეტალურად განიხილოს, რა და რატომ გააკეთა. ფაქტიურად ლუკმას მიღეჭავს და პირში მტენის. მთელ სიამოვნებას მიკაგავს. დავრწმუნდი, რომ კითხვის დასმის კულტურა არ გაგვაჩნია…

ხალხი, რომელიც ფილმის დასასრულს პირველი ტიტრის გამოჩენას ელოდება, რომ წამოხტეს და გაიქცეს, უპატივცემულობას ავლენს, ჩემი აზრით. მგონი იმსახურებს სურათის შემქმნელთა კოლექტივი პატივს, რომ მაყურებელი, სიმბოლურად, საფინალო ტიტრების დასასრულს დაელოდოს.

არ გეგონოთ, ვინმეს მორალს ვუკითხავდე. პირიქით, ეს ნაწილობრივ თვითკრიტიკაცაა, მაგრამ ადამიანები ვართ, კულტურული ზრდა უნდა შეგვეძლოს.

ზოგჯერ გვავიწყდება, რომ არტ-ჰაუსი აუცილებლად გაუგებარ, ჩახლართულ და რთულად აღსაქმელ კინოს არ ჰქვია. ზოგჯერ ეს მარტივად გასაგები მწარე რეალობაა და არ სჭირდება მას გამოცანების შეთხზვა. როცა ფილმის სათქმელს ვერ გებულობ, ნუ დაიწყებ ყვირილს, რომ ეს გენიალური სურათია. ზოგჯერ რეჟისორს სათქმელიც არაფერი აქვს და ცდილობს გადაღების ეშმაკური ხრიკებით გონი აგირიოს. გაიძულოს იფიქრო, რომ ეს შენა ხარ ერთადერთი, ვინ ყველაფერი გაიგო და ყველა დანარჩენი, შენნაირ გენიასთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა.

Kazimir-Malevich-Black-Suprematist-Square-

მალევიჩის კვადრატი

ბიაფთან გავავლებ პარალელს. თბილისში, დარბაზში მინიმუმ 30- 50 ადამიანი მაინც ესწრებოდა თითოეულ ჩვენებას, მაგრამ, აქედან სურათის სანახავად, რეალურად დაახლოებით 10-15 კაცი იყო მოსული. დანარჩენი, უბრალოდ, „აქ იყო გიო და თიკო“ ტიპის მაყურებელი გახლდათ. ბათუმში, დარბაზში შესაძლოა 15-20 ადგილი იყო დაკავებული, მაგრამ უკლებლივ ყველა კინოს სიყვარულით იჯდა სავარძელში. ფაქტია, საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად მსგავსი ტიპის კინოჩვენებებისათვის, რაც ესოდენ სამწუხაროა.

კულტურულ დეფიციტს განვიცდით.

P.S. ეკრანზე გამოჩენილი სიშიშვლისას რომ სიცილი ისმის დარბაზში, ალბათ შეგიმჩნევიათ. ეს ერთგვარი ისტერიულად გასროლილი ემოციაა, რაც დაფარულის, ტაბუირებულის გასაჯაროებას ახლავს თან. ულრიხ ზაიდლის „სამოთხე: სიყვარული“-ს ჩვენებისას დარბაზის სიცილს თურმე ნებისმიერი კომედიური ფილმი ინატრებდა…

P.P.S. კრისტიან მუნჯიუს ფილმში, „გორაკებს მიღმა“ არის სცენა, როდესაც მთავარ გმირს მონაზვნები ცოდვების სიას უკითხავენ და ესეც ფურცელზე იწერს, რაც ჩაუდენია. მოკლედ რომ ვთქვათ, სულიერად შიშვლდება მაყურებლის წინაშე… ამ კადრებმაც ვერ ჩაიარა გადახარხარების გარეშე…

მარტოობა

სტანდარტული

უეცრად საოცარმა მარტოობამ მოიცვა. საშინლად მოუნდა ვინმესთვის დაერეკა, ვისაც მისი ესმოდა. ფანჯარასთან მოკალათდა და მობილური მიიდო ყურზე. რაფაზე წვიმის წვეთების წკარუნი ლურსმნებივით ერჭობოდა ყურის დაჭიმულ აპკს. წელში ტკვილმა დაუარა. ფეხები სკამზე შემოაწყო. არაფერმა უშვლა.

ტუუუ… ნეტა აიღოს, ხმა გამაგონოს! რაიმე ხომ არ… ტუუუ… ალბათ სძინავს, ან ხმა გაუთიშა ტელეფონს… ტუუუ… ამას აჯობებდა საერთოდ არ გასულიყო, მაშინ… ტუუუ…

მობილური გათიშა და მაგიდაზე მოისროლა. გარინდებული გასცქეროდა უკუნს ფანჯარაში. ესეც მობეზრდა. ზლაზვნით აიტანა დამძიმებული ტანი სკამიდან. გამომრთველს გადასწვდა და საკუთარი სულიერი უკუნი მთელ ოთახში გაამეფა.

ყველაფერი მობეზრდა, დაიღალა, გული ეტკინა. ფეხებში ძალა გამოეცალა.სუნთქვას ახერხებდა მხოლოდ. წვივებში ჟრუანტელმა დაუარა. მუხლები გაეთიშა და სხეული ახვავებული ზვავივით გაიშალა იატაკზე. ტკივილს ვერ გრძნობდა. ყოველგვარმა ემოციამ, გრძნობამ დატოვა მისი ლეში. დარჩა მხოლოდ სიბნელე და შიში.