Category Archives: ჩანახატი

ეს სისხლია!

სტანდარტული
ეს სისხლია!

აწეწილ-აცდენილი აბდაუბდად ნაწერი პოსტ- ჩანახატი, რომლის დინებაც შესაძლოა სრულად აცდენილია ავტორის განზრახვებსა და ჩანაფიქრებს. თითოეული აბზაცი იკითხება შესაბამისი ტრეკის ფონზე და ამგვარად ქმნის მუსიკალურ- ვიზუალურ ფიქრთა კასკადს

…ინფანტილური მარშით გაუყვები გზას დაკარგული სიყვარულისკენ და გაიხსენებ მისი სხეულის სითბოს, რომელიც უკვე დაკარგე. ეცდები წარმოიდგინო, როგორი იქნებოდა სიცოცხლე ერთად რომ დარჩენილიყავით. გულისრევამდე იტრიალებდით კარუსელებზე და ირბენდით ქვიშიან სანაპიროზე. მარტო დარჩენილს სიტყვებისა და სარკეების ლაბირინთში საკუთარი გადაწყვეტილებების გამო გულში შხამიანი ისრების წვიმას იგრძნობ და ეცდები მისი სახელი გაიხსენო, მაგრამ არაფერი გამოგივა. წარმოდგენაში მისი სახე უკვე წაშლილია…

…იმედგაცრუებული კოკაინს გაიყნოსავ და სითბური ტალღები დაგივლის მთელს სხეულში. ზურმუხტად გადაქცეული გულიდან ლივლივით წაიღებს ბგერებს ალმასის თვალებისკენ ეგოიზმი და ამგვარი გარდაქმნა წამიერად სინდისის ქეჯნას მოგგვრის. სადღაც შიგნით ხმა გეტყვის, რომ ეს დასასრულია, თუმცა ბნელი ტყიდან ვარსკვლავების ცვენის ცქერა შენს სხეულს ფერფლად გადააქცევს…

…გამოფხიზლებულს უიმედობა შეგიპყრობს. აკანკალებული გაიქცევი სახლისკენ, სადაც უკვე კარგანია არავინ გელოდება. ათას ნაწილად დაშლილი პატიებას ითხოვ საყვარელი ადამიანებისგან. მგლის ტრავში გახვეული მობუზული ბეკეკასავით გაექცევი სიცოცხლეს…

… სირბილით დაღლილი ხვდები, რომ თავის მოტყუება სიხარულს განიჭებს, რადგანაც  კათარზისი ყოველთვის აუტანლად მტკივნეულია. იცი, კვლავ დაიფშვნები. უიმედოდ ჩამოჯდები მდინარის წინ და შეეცდები ანარეკლი შეიცვალო. წყალში ცქერაში ძილი მოგერევა და წაგთვლემს. მთვარის შუქით ალაპლაპებულ შავს სითხეს შეურევ საკუთარ სხეულს და მიხვდები, რომ გულის ტკივილი ყველაზე კარგი მასწავლებელია. ზურზე დაწოლილი წაყვები მდინარის ცივ ტალღებს. მეჩხერი დინება აქეთ-იქეთ გაქანავებს, მაგრამ შენს ძილს ეს ვერ დააფრთხობს. საკუთარ თავზე შეყვარებული კვლავ ბავშვად გადაიქცევი სიზმრებში…

…მოგონებები ერთმანეთში აგეხლართება და მუდმივი დეჟავუ გამოზომილი რუდუნებით შეუდგება ტვინის უჯრედებს კვლას. თვალებში ნაპერწკლები იწყებს ფრქვას. სარკეში ჩახედავ საკუთარ ჩამოცვენილ თვალის უპეებსა და უსიცოცხლო ლოყებს. ნახევარი სახე მობრეცით დაიწყებს ღვენთას იატაკზე.  ყურებზე ხელებმიჭერილი ბოლო ხმაზე დაიწყებ ყვირილს, მაგრამ ხმა არ აგმოხდება პირიდან, თითქოს იოგებზე ვინმემ თხევადი ყინული მიაშხურაო. იგრძნობ მათ წყვეტას და წვიმის კრისტალებრ ცვენას ყელში. გულის ზიდებით ამოანთხევ სისხლს და მოწყვეტით დაენარცხები ზურგით იატაკს თავბრუდახვეული…

…შავ-თეთრ ზმანებაში გახვეული ხედავ, როგორ დარბიხარ მინდორში ჯერ კიდევ უგონო ბავშვი, როდესაც ასე დაბზარული არ იყო შენი შინაგანი სამყარო. ციცინათელების დევნით დაიღლები და ზაფხულის ღამის სიჩუმეს დაუგდებ ყურს. არარაობის ხმაურით დათრგუნული დაივიწყებ, რისი გახსენებაც გსურდა…

…წვიმაში გაღვიძებული გაიხსენებ პირველ სიყვარულს. სკოლის რვეულების და მკრთალი მელნის სუნი გააღვიძებს შორეულ მოგონებებს. ნეირონებში გატარებული იმპულსები ქალას სიღრმეში დაიწყებს აფეთქებას და იგრძნობ, როგორ დაიწყებს ტვინის შავ-თეთრი წილი ფერად ზეთის საღებავში აზელვას. ცხვირიდან სისხლი დაიწყებს წვეთას…

…ნახევრად მთვლემარე მოიწმენდ მაჯით ცხვირს. თეთრი ფხვნილის შავი აჩრდილი გალუმპულს ამოგატივტივებს საკუთარი სააბაზანოს იატაკზე. ნაგვად ქცეული ცხოვრება ქვასავით დაგაწვება ფაქიზ გულმკერდზე და ნეკნებს ჭახჭახს დაუწყებს. ეცდები დაივიწყო საკუთარი არსებობა და სიკვდილის კიდევ ერთ სპეტაკ ბილიკს შეუყვები…

…გზა კი არის შორი და ქანცისგამწყვეტი. უიმედოთ შთენილს ცრემლები წაგსკდება. ნელ-ნელა დაიწყებ დესინქრონიზაციას და უჯრედ-უჯრედ  დაშლას. მტვრად და ფერფლად. უპეებიდან დაცვენილ წვეთებში აღმოაჩენ ახალ სამყაროს, ასე შორეულს და სანატრელს შენთვის. გაიწურები და ნელა ჩაირეცხები საკუთარი სხეულის შიგნით. თავბრუდახვეული გულისრევას იგრძნობ. თვალებში წვრილი ვარსკვლავები დაიწყებს გადღაბვნას…

…იატაკზე დაგდებულ საკუთარ გვამს ზემოდან დახედავ და დაგენანება სუსტი სხეული, თუმცა უკანდასაბრუნებელი გზა უკვე ჩაიკარგა შავი სისხლისთ გაჯერებულ ვენურ კოლექტორებში. უსასრულობისკენ მიმავალ ამომავალი მზის სხივებს გაყვები მსუბუქი ფარფატით. შეუსრულებელი დაპირებები გაიძულებს ხალასად იფრინო მზისკენ. უაზროდ გაფრენილ სიტყვებს შეერევი ბგერებად და ქარად გადაიქცევი. მობერილი სიო კი შენი გვამიდან აიტაცებს შემხმარი სისხლის მოტკბო მტვერს.

 

 

 

Advertisements

თქვი, რომ გიყვარვარ

სტანდარტული

მელისა 2008 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა. მოულოდნელად, ანევრიზმის გახეთქვითო, ასეც ამბობენ. მაშინ ის მხოლოდ 31 წლის იყო.

მის მეუღლეს, მარკს, 3 წლის ტყუპი ქალიშვილი დაუტოვა გასაზრდელად. მარკი მუსიკოსი გახლდათ. 80-იანი წლებიდან მოყოლებული წერდა და უკრავდა. მთელი მსოფლიო არ იცნობდა, მაგრამ სხვა მუსიკობს უყვარდათ და პატივს სცემდნენ.

მელისას პიცის გაკეთება და საღამოობით ღვინის წრუპვა უყვარდა. ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე მეგობრები. ახლა კი თითქოს გაცარიელდა ყველაფერი. მეუღლის გარეშე ცხოვრება გაუჭირდა მარკს. ქალიშვილების აღზრდა დიდ დროს და ენერგიას ითხოვდა მისგან. ერთბაშად ჩამოშორდა მუსიკას. გაუჭირდა, მაგრამ ასე იყო საჭირო ქალიშვილებისათვის.

არადა ერთდროს მეგობრებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა, კონცერტი კონცერტზე ჰქონდა. ახალგაზრდა და ცოტათი მეამბოხეც იყო. ხალხს ხომ მოსწონს ზომიერად მეამბოხენი. რებელიაო, ახლა იტყვიან ასეთებზე. მაგრამ, ეს ადრე იყო, შორეულ 80-იანებში

მეგობრებმა უბრალოდ დახმარება გადაწყვიტეს. კარგი მუსიკოსები ისედაც ცოტანი დარჩნენ. მარკის ძველ დისკოგრაფიას ჩაუჯდნენ და სიმღერების გადანაწილება დაიწყეს. მელისას მოსაგონებლად ალბომის ჩაწერა და შემოსული თანხით მარკის დახმარება ჰქონდათ განზრახული. ალბომის სათაურზე დიდხანს არც უფიქრიათ.

1280x1280

ტომმაც აარჩია სიმღერა და დახმარება ძმას სთხოვა. ისიც დაეხმარა, ჩუმად, ზედმეტად გამოჩენის გარეშე. პირველად მოხდა, რომ უფროს ძმასთან ერთად ასე სახალხოდ მოუწია მღერა. ხმა ააყოლა უბრალოდ, ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც.

კარგად გამოუვიდათ

 

 

ყვავილობა

სტანდარტული

Everything was normal and as it should be until one day I woke up and there was something wrong

რაღაც უნდა შეცვლილიყო. ის ხვდებოდა ამას… ყველანი ხვდებოდნენ, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდნენ. შეიძლება ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ ხოლმე, მაგრამ ღიად ამაზე საუბარს ერიდებოდნენ. ალბათ შემდგომი სირთულეების ეშინოდათ.

საქმეზეც დაეტყოთ. ხშირად საათობით ისხდნენ და რამდენიმე იდეაზე მუშაობნენ. “იდეა” მეტად ხმამაღალი ნათქვამია,  თივაში ნემსის ძებნა უფრო შეეფერებოდა მათ საქციელს.

მუშაობით დაღლილები შეისვენებდნენ ხოლმე. ჩახუთული სახლიდან სიმწვანისკენ მიუწევდათ გული. სიცივის და ნესტის მიუხედევად სულ უფრო ხშირად გამოდიოდნენ ახალნაწვიმარზე და მიწის სინოტივეს აკვირდებოდნენ. უფრო და უფრო უკლეს მუშაობას. მათი სასეირნო არეალიც ნელ-ნელა გაფართოვდა.

მას კი ტყისკენ მიუწევდა გული. იცოდა,  ბევრ საიდუმლოს ინახავდა თავის ბნელ ლაბირინთებში. მეგობარსაც კი სთხოვა, ნაჩქარევად რაიმე დაეხატა მისთვის.

ღამით, როცა ყველას ეძინა, ფანჯარას აღებდა და ტყის ხმაურს უსმენდა. იყო ამაში რაღაც აღტაცების მომტანი და შესაშური, რადგანაც თვითონ უკვე დაეკარგა ფიქრის ხალისი. მაცოცხლებელი ენერგია ეწურებაო, ვინმე ბუდისტი დააზუსტებდა ალბათ.

გაცივდა. შინაგანადაც. ღამით ფანჯრის გაღებას ვერ გადაეჩვია. დიდხანს უგდებდა ყურს ტყიდან ხარირემის ყმუილს.  ეს ხმა საერთოდაც აქვავებდა. ერთგვარად გარდასახავდა და ტყის მცველად აქცევდა თავის არეულ წარმოსახვებში.

მეგობარი მხატვრი კიდევ ეწვია სტუმრად. არტისტები ხომ ისეთი ხალხია, უთქმელად რომ ესმით სხვისი. ბევრი არ უსაუბრიათ. პლედშემოფარებული ისხდნენ მოქანავე სავარძლებზე ფანჯარასთან და კვლავ ტყეს გასცქეროდნონ უსიტყვოდ. დასაძინებლად ადრე დაწვა. ძალა თითქმის სულ არ შერჩენოდა.

მეგობარი მხატვარი კი დილით ადრე წავიდა. დაუმშვიდობებლად. ერთგავარად გაახარა კიდეც ამ ამბავმა. მთელი ცხოვრება დამშვიდობების მეტი არაფერი უკეთებია და კიდევ ერთი ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა.

მთელი დღე საწოლში გაატარა, მხოლოდ შებინდებისას წამოდგა, რომ ტყის მცველი ირმისთვის მოესმინა და თვითონაც ხეების სიბნელეში დაკარგულ მოჩვენებად ქცეულიყო. მოქანავე სავარძელზე ქაღალდშემოხვეული ნივთი დახვდა. ფორმით და სუნით მიხვდა, ნახატი უნდა ყოფილიყო. ნაჩქარევად შემოახია არაფრისმთქმელი ფურცელი.

Poor End

მთელი ღამე უცქერდა სურათს ბუხრის შუქზე. გარეთ კი ქარი ზუზუნებდა  და ვერცხლისფერი დაჰკრავდა არემარეს. სავსემთვარეობა იყო.

სიცივემ გამოაღვიძა. ბუხართან ჩასძინებოდა. ზანტად ადგა და ტანთ ჩაიცვა. თბილად. ჩუმად გაიპარა სახლიდან, ვინმეს რომ არ შეემჩნია. სიბნელეს თვალი ადვილად შეაჩვია. ისედაც უკუნში გაატარა ბოლო რამდენიმე კვირა. ქარს წვიმა დამატებოდა, შავი ღრუბლები ფარავდნენ სავსე მთვარეს, ირმის ყივილიც არ მოისმოდა. მხოლოდ ტყის გაბმული გუგუნი ავსებდა არემარეს.

ნელა დაუყვა გზას. 3 მილი ჰქონდა გასავლელი ფეხით. სვენებ-სვენებით მიიწევდა წინ, შრიალისკენ.

წყნარად შეუყვა მეჩხერ ხეებს. უკვე აღარც ბნელოდა დიდად. განთიადი დგებოდა და ტყეც ნელ-ნელა იღვიძებდა. ჩიტების ხმას იგი სულ უფრო ღრმად შეჰყავდა უსიერში.

მინდორზე აღმოჩნდა. თვითონაც ვერ მიხვდა როგორ. დატოტვილ, სანახევროდ ჩამოქცეულ ხეს წააწყდა. ეს იყო ტოტების მეფე, 1000 წელს გადაცილებული მუხა. საოცრად ბებერი, ქარ-წვიმისგან გალახული, მაგრამ ცოცხალი, ბრძნად მოშრიალე და დიდბუნებოვანი.

მისი ფესვები ტანის ირგვლი იტოტვებოდა რამდენიმე მეტრზე. თითქოს მიწაზე გართხმულა და სარკისებრად აღიბეჭდავს საკუთარ თავსო. შუაში ხე მეხის დარტყმას გადახსნა. ამგვარ უცნაურობით მასში მოულოდნელი ფუღურო გაჩენილიყო. საოცარი თავშესაფარი გახლდათ ადამიანისთვის. მისთვის, საერთოდაც მისწრება. ამგვარად შეძლებდა საკუთარ თავს და ცხოვრებას დამალვოდა.

ფუღურო კი იყო საოცრად თბილი და მშრალი. ქართა ცემას მისთვის წვიმის წვეთებით ვერაფერი დაეკლო. და ისიც მშვიდად შეეზარდა შიგნიდან ტოტების მეფეს.

განთიადმა სული დალია.

 

ცხვართა დუმილი

სტანდარტული

ვერ ვიტან ხმაურს. წყობიდან გამოვყავარ უაზრო ყაყანს, მაგრამ  უფრო მეტად სრული სიჩუმე მეზიზღება… არაფრისმთქმელი, უძრავი მდუმარება…

***
ჩემი დაბადება ქვეყანაში ხმაურიან პერიოდს დაემთხვა. საბჭოთა წყობილება თავის არსებობის ბოლო თვეებს ითვლიდა. მუდმივად ჩუმად მყოფი მამების თაობა თანდათან ხმას უწევდა, უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა გამოთქვამდა საკუთარ აზრს და რაც ყველაზე დასანანია, ცდილობდა საკუთარი „სიმართლე“ სხვებისთვის თავს მოეხვია. ამგვარად, ხმამაღლა საუბარი მალე ყაყანში გადაიზარდა, სანამ ეს გნიასი ავტომატების ჯერმა არ გადაფარა. ცეცხლისმფრქვევლ რკინას საოცარი ეფექტის მოხდენა შეუძლია პირგაალმასებულ ბრბოზე. მასთან ჩხუბი შეუძლებელია, მას ვერ აჯობებ ყვირილში, მის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტი უძლურია. როგორც ტელევიზორის პულტს აქვს ღილაკი Mute, ასევე ჩახმახზე ხელის გამოკვრაა მხოლოდ საჭირო და გაცხარებული ცხვრის ფარაც მყისვე ჩუმდება, მორჩილი ხდება.

mute smie
უგრძნობი, ცეცლისმფრქვეველი ხმაური ნერგავდა ირგვლივ მკვდარ სიჩუმეს 90-იანებში. და მამების თაობაც მიხვდა, გადარჩენისათვის  ბოქლომი არის საჭირო ტუჩებზე. ვინაც ამდენს ვერ ხვდებოდა, მას აგებინებდნენ, თანაც საკმაოდ გასაგებ ენაზე.
შვილებსაც, უფროსი ძმების თაობას და მეც ასე მზრდიდნენ იმ წლებში. „ჩუმად იყავი, არ ილაპარაკო“ უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალო დარიგება. ირგვლივ გამეფებული სიჩუმე და მასიურად ჩანერგილი შიში ცხვრის ფარას ადვილად მართავდა. ამას მიემატა კრიმინალური მენტალობის გაძლიერება, რომელიც სიჩუმე-შიშის ერთგვარი კონცენტრირებული ნაზავი გახლდათ. უყურებდა ამ ყოველივეს ხალხი, ყველას ესმოდა გვერდით სახლში დაუთოებული მეზობლის კივილი, მაგრამ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. მასიური, უძრავი, მკვდარი სიჩუმე სუფევდა ირგვლივ.
2000-იანების დასაწყისში ხმის ამოღება დაიწყო ხალხმა. ნელ-ნელა ჩურჩულს მიჰყვეს ხელი, ჯერ ოჯახებში, შემდეგ ჯგუფ-ჯგუფად, თანდათან უმატეს ხმას. ნელ-ნელა აფუსფუსდნენ, აზრიალდნენ, როგორც გამოზაფხულზე გამოიფხიზლებს ხოლმე ფუტკრის სკა ხანგრძლივი ზამთრის ძილის შემდეგ. მალე ხმამაღლა საუბარსაც არ შეუშინდნენ ზოგ-ზოგიერთები. ცოტა ხანში, საოცარი გნიასი დადგა. ვიღაცამ ჩაი დალია, ვიღაც სახლში წავიდა. ეგზალტირებული ცხვრის ფარა დიდხანს, დაუღლელად სკანდირებდა: „სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!“
ჩაის მოყვარულმა იცოდა, რომ მუდმივად მოხმაურე ხალხი სიკეთეს არ მოიტანდა. ისევ ცეცხლისმფრქვეველი სიჩუმის აპარატი მოიმარჯვეს შავნიღბიანებმა და დღისით-მზისით რამდენიმე სპეც-ოპერაცია ჩაატარეს, რამდენიმე ახალგაზრდა გააჩუმეს სხვის დასანახად, მაგრამ ხმამაღლა მოსაუბრე მასის გაჩუმება საკმაოდ ძნელი გახდა…
დიდმა ძმამ, მუდამ რომ გვითვალთვალებს, შეშფოთება გამოთქვა, რადგანაც ცეცხლის ენით დემოკრატიის გავრცელება მასავით დიდ ბიჭებს შეუძლიათ და ჩვენსავით პატარა ძმა ჯერ მხოლოდ რეზინის სათამაშოებს უნდა დასჯერდეს.
ნოემბერში ძალიან ბევრ ადამიანს გაასინჯეს რეზინანარევი დემოკრატიის ძალა...

ხალხი გაჩუმდა. ცოტა ხნით. იყო უნიათო მცდელობები ხმის აწევისა, მაგრამ ვინც ამას ბედავდა, მალევე აღმოუჩენდნენ ხოლმე აკრძალულ ნივთებს ჩხრეკისას. ადამიანს არამარტო ფიზიკურად, იდეურად აჩუმებდნენ. ერთგვარ „რეალითი შოუდ“ იქცა მაშინ მთელი ქვეყანა. საინფორმაციო ზომბო-ნიუსებიდან ხალხი გებულობდა, ვინ ვის რა უთხრა ტელეფონზე საუბრისას, ვინ ვის აგინებდა, ვინ ვისი კაცი იყო.
მასიური შიში მოედო კვლავ ცხვრის ფარას. ადამიანები მობილურს თიშავდნენ და ბატარეიას იღებდნენ ტელეფონიდან, სანამ რაიმეს იტყოდნენ. ერთმანეთს მკერდზე უყურებდნენ, თვალების ნაცვლად, რომ ყოვლიმხედველს ისიც არ გამოეჭენებინა მეორე დღეს საინფორმაციო „რეალითი შოუში“.
მაისშიც გააჩუმეს ახმაურებული ადამიანთა ჯგუფი. უფრო გამორჩეულად, ვიდრე ოდესმე. კარგად აჩვენეს ხმაურის მსურველებს რა დღე დაადგებოდათ.
მოგვიანებით რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით. ჩაის მოყვარული და მისი მეგობრები მათსავე ფანდზე წამოაგეს, მისივე მეთოდებით გამოიჭირეს და პირველად ამდენი წლის მანძილზე საარჩევნო უბანზე საკუთარი საწერი კალმით შეიარაღებულმა ადამიანებმა დამსახურებულ პენსიაზე გაისტუმრეს „უფალნი ამა ქვეყნისა“
ხალხმა კვლავ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი. ტელეფონებს აღარ თიშავენ, ცდილობენ თვალი-თვალში გაგისწორონ საუბრისას, მაგრამ ცხვრები მაინც ვერაფერს სწავლობენ. მიამიტად უნდათ დაიჯერონ, რომ მწყემსი მათ საძოვარზე მიიყვანს. და ისინიც ბრმად მისდევენ, ყოველგვარი აზრდატანების გარეშე.
უფროსი ძმების თაობისგან განსხვავებით, ჩვენს თაობაში იმატა იმ ინდივიდთა რიცხვმა, რომელთაც დუმილი არ უყვართ, არ აშინებთ მოქნეული მუშტები და რეზინის დემოკრატია. მაგრამ „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“

***
როგორც გითხარით, ვერ ვიტან ხმაურს. მაგრამ  უფრო მეტად სრული სიჩუმე მეზიზღება. ამგვარი მდუმარება კი მაშინ დგება, როცა ადამიანი გონების მუშაობას წყვეტს. ზედმეტ ღრიანცელშიც არ აღინიშნება ტვინის აქტივობა. უბრალო საუბარი, კონსტრუქციული, ფაქტებზე დამყარებული, ლოგიკური მსჯელობა გამიხდა სანატრელი ჩემ ქვეყანაში.
ცხვრის ფარა მორჩილად ელოდება ყვირილი-სიჩუმის მორიგ ციკლს…
P.S.  The Who-ს აქვს ასეთი სიმღერა,  “Won’t Get Fooled Again“, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება:

Meet the new Boss,
Same, as the old Boss

მარტოობა

სტანდარტული

უეცრად საოცარმა მარტოობამ მოიცვა. საშინლად მოუნდა ვინმესთვის დაერეკა, ვისაც მისი ესმოდა. ფანჯარასთან მოკალათდა და მობილური მიიდო ყურზე. რაფაზე წვიმის წვეთების წკარუნი ლურსმნებივით ერჭობოდა ყურის დაჭიმულ აპკს. წელში ტკვილმა დაუარა. ფეხები სკამზე შემოაწყო. არაფერმა უშვლა.

ტუუუ… ნეტა აიღოს, ხმა გამაგონოს! რაიმე ხომ არ… ტუუუ… ალბათ სძინავს, ან ხმა გაუთიშა ტელეფონს… ტუუუ… ამას აჯობებდა საერთოდ არ გასულიყო, მაშინ… ტუუუ…

მობილური გათიშა და მაგიდაზე მოისროლა. გარინდებული გასცქეროდა უკუნს ფანჯარაში. ესეც მობეზრდა. ზლაზვნით აიტანა დამძიმებული ტანი სკამიდან. გამომრთველს გადასწვდა და საკუთარი სულიერი უკუნი მთელ ოთახში გაამეფა.

ყველაფერი მობეზრდა, დაიღალა, გული ეტკინა. ფეხებში ძალა გამოეცალა.სუნთქვას ახერხებდა მხოლოდ. წვივებში ჟრუანტელმა დაუარა. მუხლები გაეთიშა და სხეული ახვავებული ზვავივით გაიშალა იატაკზე. ტკივილს ვერ გრძნობდა. ყოველგვარმა ემოციამ, გრძნობამ დატოვა მისი ლეში. დარჩა მხოლოდ სიბნელე და შიში.