Tag Archives: ბენქსი

Banksy NY- Before/After

სტანდარტული

“ვანდალიზმის ვანდალიზმი”- ამგვარი დახასიათებაც შეიძლება მივცეთ აღნიშნულ პოსტს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ის, რასაც ბენქსი აკეთებს, კანონის თვალთახედვით, ვანდალიზმად ფასდება და დასჯას ექვემდებარება. მეორეს მხრივ, მისი ნამუშევრები მაღალმხატვრულ ღირებულებას ატარებს და მათი დაზიანებაც, ასევე ვანდალიზმად ფასდება. ამგვარად, დაუსჯელი არავინ რჩება… მათ შორის, არც უბრალო დამთვალიერებელი…

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სტრიტ-არტისტი, ბენქსი, ქუჩას დაუბრუნდა. თავის ახალ პროექტს მხატვარმა “Better Out, Than In” დაარქვა. ოქტომბერში იგი  ნიუ-იორკში იმყოფებოდა “მივლინებით”, სადაც ერთი თვის განმავლობაში, ყველასაგან მალულად ხატავდა კედლებს და აწყობდა პერფორმანსებს, აკეთებდა ვიდეო-არტს. ასე იყო, თუ ისე, ბენქსის სტუმრობამ მუდმივი ხმაურის ქალაქში 30 დღეს გასტანა და გულგრილი არავინ დატოვა.

banksy-nyc2013

როდესაც “უსახელო ნაბიჭვარმა” (როგორც მას სამშობლოში უწოდებენ) ფილმი, Exit Through the Gift Shop, გადაიღო, იქვე ხაზი გაუსვა დოკუმენტალისტკის აუცილებლობას, რადგანაც მისი ნამუშევრები ქუჩაში გამოჩენიდან, არცთუ იშვიათად, მეორე დღესვე ქრება. პროექტმა “Better Out, Than In” მხატვრის სიტყვები მწარე რეალობით დაამტკიცა. ქვემოთ წარმოდგენილ კოლაჟებში თქვენ იხილავთ ბენქსისეულ ორიგინალ სურათებს და მათ ამჟამინელ მდგომარეობას.

The street is in play

The street is in play

This is my New York Accent

This is my New York Accent

All I ever wanted was a shoulder to crayon.

All I ever wanted was a shoulder to crayon

ვიდეო-არტის სფეროში ბენქსის პროფესიონალიზმში ეჭვს ვერ შევიტანთ. სხვა თუ არაფერი, მისი სარეჟისორო დებიუტი “ოსკარის” ნომინაციით აღინიშნა. ამჯერად არტისტი ახლო აღმოსავლეთში გააქტიურებულ ტერორიზმის თემას გამოეხმაურა. როგორც ყოველთვის, ფრიად ორიგინალურად და მისთვის დამახასიათებელი სატირით

ბენქსიმ მისეულ ბუშტების თემატიკას ნიუ-იორკშიც ვერ აუქცია გვერდი.  აღნიშნული ნამუშევარი, ამჟამად სპეციალურ დამცავ მინაშია მოქცეული, რათა როგორმე მოხერხდეს მისი კონსერვაცია

banksy heart ballon

შემდეგი ნამუშევარი ალუზიაა ამერიკელი სამხედროების გახმაურებულ ოპერაციაზე ერაყში, როდესაც მათ უიარაღო, მშვიდობიანი მოქალაქეები დაცხრილეს უპილოტო გამანადგურებლის საშუალებით. აღნიშნული ფაქტის შესახებ მსოფლიომ ჟულიან ასანჟის “ვიკილიქსის” წყალობით შეიტყო. სურათს შესაბამისი აუდიო-ფაილი დაურთო მხატვარმა, რათა მაყურებელმა სრული სიცხადით შეიგრძნოს მთელი ამ დანაშაულის ტრაგიზმი. სამწუხაროდ, აღნიშნული ნამუშევარი სანახევროდ არის შემონახული

Banksy- Crazy Horse

ბენქსის სტუმრობა საკმაო ხმაურითაც გამოირჩეოდა ნიუ-იორკში. აღნიშნულის მიზეზი, არტისტის პერფორმანსი გახლდათ, რომელსაც მან “Sirens of the lambs” უწოდა. ამ  წარმოდგენით, იგი შეეცადა მნახველთა ყურადღება გაემახვილებინა ცხოველთა ბედსა და მათ უფლებებზე.

მხატვრის შემდეგ ნამუშევრებსაც არ დაადგათ კარგი დღე

Concrete confessional

Concrete confessional

ბენქსიმ ძალიან ჭკვიანური და დამაფიქრებელი გზავნილი დაუტოვა ხელოვნების მოყვარულთ შემდეგი პერფორმანსით. იგი შეეცადა, ეჩვენებინა ყველასთვის, რომ მთავარი ხელოვნებაა და არა არტისტის ავტოგრაფი ნამუშევარზე. ამის დასამტკიცებლად, მან საკუთარი ორიგინალი სურათები ქუჩაში გასაყიდად გამოიტანა. მათი ფასი კი სულ რაღაც 60$ (!) გახლდათ. იმის აღნიშნვნა საჭირო არ უნდა იყოს, რომ ბენქსის მსგავსი ნამუშევრების ღირებულება აუქციონებზე კოლოსალურ მასშტაბებეს აღწევს.

სამწუხაროდ, ვანდალებმა არ დაინდეს მხატვრის სხვა ექსპონატებიც.

Some people criticize me for using sources that are a bit low brow (this quote is from 'Gladiator') but you know what? "I'm just going to use that hostility to make me stronger, not weaker" as Kelly Rowland said on the X Factor

Some people criticize me for using sources that are a bit low brow (this quote is from ‘Gladiator’) but you know what? “I’m just going to use that hostility to make me stronger, not weaker” as Kelly Rowland said on the X Factor

Banksy 9/11

Banksy

Banksy boy

მსოფლიო პროვოკატორის შემდეგ ვიდეო-ინტალაციას უკომენტაროდ დავტოვებ

ნიუ-იორკი იმითაც გახლდათ გამორჩეული, რომ ბენქსიმ მის გარეუბანს  სფიქსის მისეული სკულპტურაც შემატა, თუმცა მსახვრალ ხელს ვერც ეს ქანდაკება გადაურჩა

No turn unstoned. A 1/36 scale replica of the great Sphinx of Giza made from smashed cinderblocks. You're advised not to drink the replica Arab spring water.

No turn unstoned. A 1/36 scale replica of the great Sphinx of Giza made from smashed cinderblocks. You’re advised not to drink the replica Arab spring water.

შემდეგი ნამუშევარი ჩემი ფავორიტია. მისი სამომავლო ბედი უკვე გარკვეულია და უახლოს ხანში იგი რომელიმე პრესტიჟულ აუქციონზე კვლავ გაიელვებს… ისიც მხოლოდ ცოტა ხნით…

Waiting in vain at the door of the club

Waiting in vain at the door of the club

შემდეგი ნამუშავრის ადრესატი “The New York Times” გახლდათ. ირონიულია, ნახატის ამჟამინდელი მგომარეობა

Today’s piece was going to be an op-ed column in the New York Times. But they declined to publish what I supplied.

Today’s piece was going to be an op-ed column in the New York Times.
But they declined to publish what I supplied.

ბენქსის ამერიკული ვოიაჟის ფინალური აკორდი გახლდათ გრაფიტის ფონტის სტილში შესრულებული ინსტალაცია, რომლის ფასიც, როგორც ამას მავანი ამბობს, 200 000$-ს აღემატება.

An inflatable throw-up

An inflatable throw-up

And that’s it.
Thanks for your patience. It’s been fun. Save 5pointz. Bye
Banksy

სამწუხაროა, რომ სტრიტ-არტისტის დაუზიანებელ ნამუშევართა მხოლოდ ნაწილის ხილვა შეუძლია დამთვალიერებელს. მხატვრის ამერიკული ტურნეს შესახებ, უახლოეს ხანში, კიდევ მოგითხრობთ. შემდეგ ჯერზე, მის ინოვაციურ მიგნებაზე ვისაუბრებთ.

Advertisements

როგორ შევხვდი ჯონ ლენონს

სტანდარტული

სიზმარის სამყარო გასაოცარია. ასეთი თავისუფლება, უკონტროლობა და უკიდეგანობა რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა კედელზე ჩამოკიდებული ჩარჩო, რომელსაც რაც არ უნდა ეცადო ვერ გასცდები. ხის რიკულებიანი ნაჭრები მჭიდროდ გვეკვრის გარს და სულს გვიხუთავს. ჩვენს მიერ თვალსაწიერის გაფართოება კი სხვა არაფერია, თუ არა ირგვლივ არსებული ოთხკუთხედი სამყაროს პერიმეტრის გაზრდა, რითაც ვახერხებთ კედლის უფრო დიდი ფართი მოვიცვათ, თუმცა არ გვიწერია მთლიანად შევიცნოთ იგი. ზუსტად ასეთი შეგრძნება დამეუფლა, როცა  ბენქსის საგამოფენო ნამუშევარს შევავლე კომპიუტერის ეკრანზე პირველად თვალი.

“There are four basic human needs; food, sleep, sex and revenge.”
Banksy

და მაინც, რახანაც ვართ “თავის უფლები” მხოლოდ ძილში, ჩვენი ტვინის ხვეულების ალფა რხევებში, ვახერხებთ რამდენიმე წუთით გადმოვიდეთ შავთეთრი სურათიდან და ფერადი კედელი მოვათვალიეროთ.

სიზმარი ფრიად საინტერესო თვისებით ხასიათდება. იგი ყოველთვის ქვეცნობიერს გამოავლენს, რომელთან წვდომაც ადამიანის ცნობიერს არ აქვს. სწორედ ამიტომაც სწავლობდა ფროიდი პაციენტების სიზმრებს, რომელთა შესწავლის საფუძველზეც დააშენა შემდეგ საკუთარი “ფსიქოანალიზი”.

სიზმრად უცხო ადამიანი გინახავთ? საინტერესო ფაქტი: ძილში ახალი სახის შექმნა არ შეგვიძლია. ჩვენთვის “უცხო” ადამიანები სინამდვილეში სადღაც ნანახი, შეიძლება უბრალოდ თვალმოკრული რეალური პიროვნებები არიან, რომლებიც ღრმად ჩაიბეჭდნენ მეხსიერებაში და ფიზიკური მოსვენების ჟამს ბურუსიდან გამოიკვეთნენ, როგორც სუსხიანი შემოდგომის ნისლიან დილას თანდათან ჩნდება პეიზაჟი. სიზმრად სრულდება ჩვენი დამალული ოცნებები და სურვილები, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში მიღწევა ხშირად არ უწერიათ. მე, მაგალითად ბითლზის კონცერტზე ვიყავი ერთხელ, სულ წინა რიგებში, ხშირად დავფრინავ ყოველგვარი დახმარების გარეშე, ოპერაციებს, ან უბრალოდ შეხვევებს ვაკეთბ, ზოგჯერ სამყაროს ფერადოვნებით დაძაბუნებული მხატვარიც ვარ…

***

ქალაქში ვარ… ქუთაისს ჰგავს ძალიან, მაგრამ თბილისია აშკარად. საუბარი და ქუჩების განლაგება დედაქალაქისას მიუგავს, ყოველშემთხვევაში. ვიღაც გოგსთან ერთად ვარ. საოცრად ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვერ შევიცანი ვერაფრით. მშვიდად ვარ, საფრთხეს ვერ ვგრძნობ. წყნარად მივუყვები ქუჩას და მანქანების კოლონას ვაკვირდები. ქუჩის კუთხეში კომიქსების მაღაზიას მოვკარი თვალი. საოცრად მომინდა შესვლა და დათვალიერება, კომიქსი ხომ რეალურ ცხოვრებაში თვალითაც არ მინახავს… საოცარი გარემოა… შემინული დახლები ფერადად ბრჭყვიალებს. ჩემთვის სრულიად უცნობ და ასე საინტერესო სუპერგმირებს შევყურებ პრიალა გარეკანზე… ნება-ნება ვათვალიერებ დახლებს… სალაროს ვუახლოვდები, რომლის მარცხნივაც უზარმაზარი შემინული კარადა დგას. კი მეუცნაურა, ცოტა მოუხერხებლად ჩაუდგამთ, მაგრამ ამისთვის ვის სცხელა? კარადის წინ ავეყუდე…

სიტყვებით რთულია გადმოსცე განცდა რაც მისი შიგთავსის დანახვისას მეუფლება! ეს არის ბითლზის ალბომების სტერეო რემასტერი ვინილზე (ცნობისათვის, ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა, 12 ნოემბრიდან გაეშვება ქსელში)

The Beatles studio album remasters on 180 gram vinyl

საოცარია… პირდაპირ ჯადოსნური… განათებაც კი ისეთი აქვს, მიუწვდომელს და ხელშეუხებელს რომ ხდის.

-ხედავ? ხედავ???- ისტერიკულად ვეკითხები გოგონას, რომლის სახეც ასე მეცნობა, და მაინც ვერ გავიხსენე რა ჰქვია.

გოგო სალაროში გამყიდველთან საუბარს მორჩა და ჩემ გვერდით აიტუზა. დამუნჯებულები შევცქერით ვიტრინას.

კარის თავზე ჩამოკიდებული ზარი გაწკრიალდა… მაღალი, თხელ მანტოში გამოწყობილი, შავი მზის სათვალით და ოდნავ გრძელი ცხვირით, თხელი, ვიწრო ბაკენბარდებით, ჰაეროვნად შემოაბიჯა ამ მიკარგულ კომიქსების მაღაზიაში ღმერთმა- ჯონ ლენონმა! წამით ვიგრძენი, რომ გული გამიჩერდა…

“არა! ეს შეუძლებელია! წარმოუდგენელია! როგორ?”- ფიქრები თევზებივით აირია თავში.

გვერდით ჩაგვიარა, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და თავი დაგვიკრა… სალაროს მიადგა… გაჭაღარავებულ, მსუქან გამყიდველს, რუს საშას, გაუბა ჩუმად საუბარი…

-ისაა???- ვკითხე ჩემ გვერდით მდგომ უცნობ-ნაცნობ გოგონას, რომელმაც მხრები აიჩეჩა.

იდაყვით სალაროს მაგიდას ჩამოეყრდნო, მუხლები მოხარა… კევს ღეჭავს…

-საშა, ჩემთვის უნდა იყოს რაღაც…

საშამ დავთარი ამოიღო…

-ჯონ ლენონი.

საშამაც კირკიტი დაუწყო ჟურნალს. ეტყობა რაღაც სიაა, ისე ჩააყოლა კალამი…

“ისაა! ისაა!!!”- ეს აზრი ისე ხმამაღლა ყვირის ჩემ თავში,  ყურებზე ხელს ვიჭერ, რომ “ბარაბნები” არ გამისკდეს…

-ასეთი სახელი სიაში არაა!- რუსულად პასუხობს მსუქანი საშა

“რაა? ეს ხომ არ გამოყლევდა??? რას ქვია არაა! ჯონ ლენონია, ბოლოსდაბოლოს! ვერ ცნობს, ეს ჩემისა?”- ხელები ამჯერად პირზე ავიფარე, რომ აზრები ტუჩებს მიღმა არ გამქცეოდა.

-ააა, ხო!- უდარდელ გაეცინა ჯონს- მართალია! რობერტ ჰაქსლი ნახე!

-კი, არის, ბატონო რობერტ!

“რაა? რა რობერტ? ვინაა რობერტ ჰაქსლი?- გამიელვა აზრმა, მაგრამ მალევე გადამავიწყდა. ჩემ გვერდით მდგომი გოგო ჯონს მიუახლოვდა და რაღაც ჰკითხა. მას გაეღიმა, თავი დახარა და ოდნავ დააქნია… ხელი ჩამოართვა… ჩემსკენ წამოვიდა…

კანკალი ამიტყდა… ხელისგულები გამიოფლიანდა… რამდენჯერმა სწრაფად დავისვი შარვალზე… ენა მებმევა… რაღაც აზრის გამოთქმა მინდა რუსულად…

-я ваш фанат…   ისაა… ჯანდაბა!- საერთოდ წამერთვა ლაპარაკის უნარი

-Easy, boy!- გაეცინა მას და ხელი ჩამომართვა, – მე მესმის და ვგებულობ.

მთელ სხეულში ელექტრო მუხტმა დამიარა თითქოს…

რამდენიმე წამით წყდება სიზმარი

ახლა მე და ლენონი ვდგავართ ვიტრინის წინ და ბითლზის რემასტერ-ვინილ ალბომების ყუთს შევყურებთ.

-ჰა, როგორია?

-მე ვერ შევწვდები, ძალიან ძვირია- ჩუმად ჩავილაპარაკე. 319$ ღირს, ფასი ვიცი უკვე… (სიზმარშიც კი ჯიბეგაფხეკილი ვარ)

-ეგ არაფერი! შენ Shaved Fish-ს უნდა მოუსმინო!- მითხრა მან და სალაროსკენ წავიდა…

საშამ პატარა, შესასვლელი კარი გაუღო და დახლში შეიყვანა. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კედელზე აწოწილი რკინის კარადა გახსნა, რომელიც ცელოფნის დაფასოებული პარკებით იყო გამოტენილი. ლენონი ოდნავ აიწია და ორი პაკეტი ჩამოიღო. ნაცრისფერი პაკეტის ზედაპირზე მისი სურათი გავარჩიე…

ნახატი პარკზე

მომიახლოვდა და პაკეტი გამომიწოდა…

-გახსენი, შენია! ჩემგან.

პაკეტი გამოვართვი და გახსნა დავიწყე. რამდენიმე მაისური მისი გამოსახულებით, საოცრად მოკლე, “ლივერპულის” საფერხურთო შორტი, პლაკატი ხელმოწერით და მისივე დახატული სურათი კომპაქტურად იწყო პარკში.

-მადლობა! დიდი მადლობა!

-ააჰ, ეგ არაფერი! გახსოვდეს, მთავარი მშვიდობაა, მეგობარო! Peace- თქვა და მარჯვენა ხელის ორი თითით მშვიდობის სიმბოლო გამოხატა…

ამ სიტყვები შემდეგ, ლენონის ნაჩუქარი პაკეტით ხელში უდაბნოში, უზარმაზარ რიგში ამოვყავი თავი… რატომღაც ჩავთვალე, რომ ახლო აღმოსავლეთში მოვხვდი… სუფთა წყალს ელოდებოდა ხალხი…

***

რა არის მაინც სიზმარი, და სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის? ჩემი სიზმარი იმდენად რეალურს ჰგავდა, რომ ახლაც, ფხიზელ გონებაში მიჭირს ამ ყოველივეს უბრალო ზმანება ვუწოდო. იმედია კიდევ მომეცემა საშუალება ჯონს მშვიდაბაზე ვესაუბრო.

სიზმრის თემას რამდენჯერაც არ უნდა შევეხო, გაჩერება მიჭირს… სანამ თავს მოგაბეზრებთ, გირჩევთ ნახოთ/კიდევ ერთხელ გადახედოთ კროსტოფერ ნოლანის შედევრს Inception. დატკბით ადამიანის გონებისა და შესაძლებლობების უკიდეგანობით…

მე კი ბონუსად ჯონ ლენონის Shaved Fish-ს დაგიტოვებთ.

ფერად სიზმრებს გისურვებთ…

Война- Fuck The Police

სტანდარტული

პოსტის წაკითხვამდე, გადახედეთ მის პირველ ნაწილს Война- ხელოვნების სახელით!

  • 2010 წლის 14 ივნისის ღამე.

ჩე გევარას დაბადების დღე არტ-ადჯგუფება “ვოინამ” აქციით “ХУЙ в ПЛЕНУ у ФСБ”  აღნიშნა. მათ სანკტ-პეტერბურგში, ლიტეინის გასახსნელ ხიდზე 23 წამის განმავლობაში სიგრძეში 65 მეტრი, ხოლო სიგანეში 27 მეტრის ზომის პენისი დახატეს.

“კოსმოსური ყლე”- ასე უწოდეს მხატვრებმა საკუთარ ნამუშევარს. მთავარი მესიჯი კი მეტად საინტერესო გახლდათ. აღნიშნულ ხიდთან მდებარეობს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური- ФСБ (ყოფილი კა-გე-ბე) ამიტომაც გასახსნელ ხიდის გაშლისას “კოსმოსური ყლის” ერექცია ყველაზე კარგად სწორედ ამ შენობიდან ჩანდა.

აღნიშნულმა სურათმა და აქციამ “ვოინას” მსოფლიო აღიარება მოუტანა სტრიტ-არტისტთა წრეში.  ნამუშევარმა გაიმარჯვა რუსეთის თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების კონკურსში “ინოვაცია” და ჯილდოდ 400 000 რუბლი ერგო, თუმცა პრიზის მისაღებად არავინ გამოჩენილა…

შეიძლება იფიქროთ, აბა პენისის დახატვა თუ ხელოვნებაა, ნამდვილად არტ-ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენი კედლების შემხედვარეო. პირადად მე კრეატიულობა მიყვარს. მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი სტრიტ-არტისტი, ბენქსიც, არ ერიდება კედლებზე პენისების ხატვას.

დამეთანხმებით, იმედია, რომ “ვოინას” აღნიშნული აქცია გამომხატველობის ფორმით მართლაც მშვენიერია. სათქმელიც პირდაპირ მიაქვს ადრესატამდე. სამწუხაროდ, აღნიშნული შემოქმედება მალევე წაშლილ იქნა ხიდიდან. არაა ალბათ სასიამოვნო ეფ-ეს-ბე-ს თანამშრომლებისთვის და მმართველი ჩინოვნიკებისთვის მსგავსი სურათის ყოველდღიური ხილვა. პოლიციური სისტემის წინააღმდეგ გალაშქრება “ვოინას” არ ეშლება, მითუმეტეს, რომ საკუთარ ტყავზე აქვთ გამოცდილი ცემა, დარბევა, დაპატიმრება. მათი შემდგომი აქციები ძალადობრივი პოლიციის წინააღმდეგ უფრო და უფრო აგრესიულ სახეს იღებდა. მათი მიზანიც ხომ ესაა? პარტიზანული ბრძოლით მოახდინონ მაყურებელის ღრმა, ემოციურ მდგომარეობაში ჩაგდება.

  • 2010 წლის 16 სექტემბერი. ღამე

გაიმართა აქცია “Дворцовый переворот”, ანუ “Хуёвому мусару – яйца мешают!”  “მოგვეცით საწყისი წერტილი და ჩვენ გადავატრიალებთ საძაღლეთს” ასეთი იყო აქციის ერთ-ერთი მოწოდება. აღნიშნული აქციის ფარგლებში დაჯგუფების წევრებმა  რამდენიმე მილიციის მანქანა გადააბრუნეს.

აქციის შეფასებისას ვოროტნიკოვმა აღნიშნა: “ჩვენ ვაჩვენეთ, როგორ უნდა ჩატარდეს მილიციის რეფორმა”. აღნიშნულ აქცის წინ ერთვოდა მთავრობის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთში მილიციის რეფორმა ერთგვარი გადატრიალება იქნებაო, რაც არტ-დაჯგუფების წევრებმა სიტყვასიტყვით შეასრულეს 🙂

ფეხბურთის ბურთსაც კი მისცეს დატვირთვა აქციის მონაწილეებმა. “ეს არის მოკვეთილი თავი, რომელსაც ფეხებს უტყამენ, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის შანსი” ამით მათ ანალოგია მოიყვანეს მილიციასთან, რომელსაც დროული ჩარევის შემთხვევაში ჯერ კიდევ შეუძლია ადამიანური სახე შეინარჩუნოს და რეალურად შეასრულოს საკუთარი მოვალეობა კეთილსინდისიერად. არტისტების ასეთი მკაცრი დამოკიდებულება ძალოვანი სტრუქტურების მიმართ გამოწვეულია მათი კორუმპირებული და სასტიკი ქმედებების გამო, ამიტომაც საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევენ საზოგადოების გამოფხიზლებას და ძალადობაზე გალაშქრებას.

აღნიშნული აქციები ბენქსის ყურადღების მიღმაც არ დარჩენილა

აქციის შემდეგ 15 ნოემბერს ოლეგ ვოროტნიკოვი და ლეონიდ ნიკოლაევი სპეცრაზმმა აიყვანა. ისინი გადაყვანილ იქნენ საგამოძიებო იზოლატორში, სადაც იმყოფებოდნენ 2011 წლის 24 თებერვლამდე. მათ დაკავებას მსოფლიო დონის გამოხმაურება მოჰყვა. გაიმართა მხარდასაჭერი აქციები ევროპის მასშტაბით. ბენქსიმ აღნიშნა, რომ არტ-დაჯგუფება “ვოინა” მისი ერთ-ერთი ფავორიტია და მათ დასახმარებლად 80 000 გირვანქა სტერლინგი გადმოურიცხა დაჯგუფებას.

რამდენადაა ეს არტი, ამაზე პასუხის გაცემა მართლა მიჭირს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ პერფორმანსი არის გარკვეულწილად პროტესტი ფერწერის მიმართ, რომელსაც ვერ ჩამოკიდებ. ზოგადად პროტესტი/ალტერვატივა ხელოვნების ყველა არსებული ფორმის მიმართ,  მაშინ ვერაფერს ვიტყვით. ამაზე მეტი პროტესტი რაღა უნდა იყოს? თუმცა, როგორც ჩანს პარტიზანი არტისტებისთვის შიშის ცნება უბრალოდ სასაცილოა, ხოლო მათი ფანტაზია- ულევი…

  • 2011 წლის 31 დეკემბერი. ღამე.

იმართება აქცია “Менто-Ауто-Да-Фэ”, “Ёбаный Прометей” ანუ “Пиздец Черной Маруси”. აქტივისტები ამბობენ, “Уничтожим все тюрьмы! Свободу политзаключенным! Федералы не ебут нас – мы ебем федералов! С Новым годом, товарищи!”

აღნიშნული აქცია მიეძღნათ პოლიტპატიმრებს. აქცია შემდეგში მდგომარეობდა. დაჯგუფებამ შეაღწია მილიციის ეზოში და დაწვა ფურგონი, რომლითაც პატიმრები გადაჰყავთ.

ეს არის სიმბოლო თავისუფლების აღკვეთის, არაადამიანური მოპყრობის! დაკავებულთა წამება აქედანვე იწყება. მილიციელები განყოფილებაში მიყვანამდე აქ სცემენ პატიმრებს- დაახლოებით ასეთი განცხადება გაავრცელეს დაჯგუფების წევრებმა.

აღნიშნული პერფორმანსი განსასჯელად თქვენთვის მომინდვია.

“ვოინას” შესახებ წერას აქ შევწყვეტ დღეს. მალე შემოგთავაზებთ აღნიშნული დაჯგუფების, ჩემი აზრით, ყველაზე შოკისმომგვრელ პერფორმანსებს. მანამდე გირჩევდით, წაიკითხოთ შესანიშნავი პოსტი რატომ არის პერფორმანსი ხელოვნება?  მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსებს სამომავლოდ განვიხილავ.

ასევე კარგი იქნება თუ ნახავთ მსოფლიო პროვოკატორის, იდუმალი ბენქსის სარეჟისორო დებიუტს  Exit Trough The Gift Shop რომელიც 2011 წელს “ოსკარის” ნომინანტი გახლდათ დოკუმენტური კინოს სექციაში.

დასასრულს, ერთგვარი ჰიმნი ანარქიული ხელოვნების მოყვარულთათვის: ჯგუფი Ленинград , სიმღერით Меня зовут Шнур

გაგრძელება: Война- ანარქია ყველგან და ყოველთვის

პოსტში გამოყენებულია მასალა არტ-დაჯგუფება “ვოინას” მედია-მხატვრის Плут (Алексей Плуцер-Сарно)- ს ბლოგიდან და დაჯგუფების ოფიციალური საიტიდან free-voina.org