Tag Archives: ბიაფი

თბილისის კინოფესტივალი. სამოთხე: მაყურებელი

სტანდარტული

თბილისის კინოფესტივალი აგერ უკვე მესამე კვირაა რაც დამთავრდა, მაგრამ დასკვნითი პოსტის დაწერას ვერა და ვერ მოვაბი თავი. ალბათ იმიტომ, რომ მიჭირს ამ აზრთან შეგუება…

ფესტივალის პოსტერი

ინგლისურს იმდენად კარგად ვერ ვფლობ, რომ თარგმანის და სუბტიტრების თანხვდომაზე ვისაუბრო. ვერც ტექნიკურ მხარეს შევაფასებ… რა ბევრ ფესტივალზე მე ვყოფილვარ. რათქმაუნდა, ვიცოდი, რომ მცირეოდენი ხარვეზები იქნებოდა, მაგრამ ეს ხელს არ შემიშლიდა საინტერესო ფილმის ცქერაში. პატარა ფესტივალს ვერ მოვთხოვთ დააკმაყოფილოს კანის სანაპიროს უმაღლესი სტანდარტები. იმედია, უკეთესობისკენ ვითარდება მთლიანი ღონისძიება. ამაზე ის იმსჯელებს კარგად, ვინც თბილისის წინა წლების ფესტივალებზე აქტიური მაყურებელი გახლდათ. ერთადერთი, რასაც შევეხები, დარბაზში მსხდომი აუდიტორიაა.

დიდი მნიშვნელობა აქვს რას უჩვენებ და ვინ არის შემფასებელი. ამ მხრივ, სამწუხაროდ, შესაშურად ვერა გვაქვს საქმე.

როდესაც საავტორო კინოს სანახავად მოდიხარ, პოპკორნს და კოლას ყიდულობ და ისე მიაბიჯებ დარბაზში, დამერწმუნეთ, აშკარად შინაგანი კულტურის დეფიციტს განიცდი. ეს  ჩემთვის, კინომოყვარულისთვის, იგივეა, რაც მორწმუნე ადამიანისათვის ეკლესიაში ანთებული სიგარეტით შესული პიროვნების შემჩნევა. დიდი არაფერი, კინოს და ირგვლივმყოფთა პატივისცემაზე და ელემენტარულ კულტურაზე მაქვს საუბარი.

როცა ფილმს უყურებ… არა, როცა დარბაზში ზიხარ და მობილურის ეკრანს თვალს ვერ წყვეტ, მესიჯს მესიჯზე აგზავნი, ფეისბუქზე აჩექინებ, რომ კინო რუსთაველში/ამირანში ხარ და მერე, ალბათ, თავი მოგაქვს, ესაოდა მაღალინტელექტუალურ კინოს ვეზიარეო, თვალთმაქცი იდიოტი ხარ და მეტი არაფერი.

როცა დარბაზში ხარ, ეკრანზე სურათს თვალს ზერელედ ავლებ და მთელი 90-120 წუთის განმავლობაში ენას არ აჩერებ… ნუ, აღარ დავამთავრებ, ნერვები მომეშალა უკვე.

ფაქტია, რომ დარბაზში იჯდა ან „პერო“ საზოგადოება, ან კლასიკური კინოს მოყვარულთა ჯგუფი, რომელთათვისაც თანამედროვე არტ-ჰაუსის გაგება ცოტა რთულია, ან შეყვარებული წყვილები, სადღაც უკანა რიგში. მცირერიცხოვანი ჯგუფი იყო მხოლოდ ახალგაზრდებისა, ვისაც ესმის, ხვდება ნახატის არსს და პრობლემას. უხმოდ, გატრუნულნი, თვალდაუხამხამებლად მისჩრებოდნენ ეკრანს და აშკარა სიამოვნებას იღებდნენ პროცესისაგან.

რეჟისორთან გასაუბრება ნამდვილად იშვიათი სიამოვნებაა. გაიგო, როგორ მოუვიდა იდეა, რა ტექნიკური მხარე გამოიყენა, როგორი იყო მუშაობის პროცესი, ანუ  კინო -Behind The Scenes. ნაცვლად ამისა რომ ისმის კითხები: „ბოლოს დედა იყო მკვლელი?“ „გადარჩა საბოლოოდ?“… სირცხვილია.

ზოგადად ჩემთვის, საკმაოდ უსიამოვნო იყო აღნიშნული პროცესი. ფილმს რომ ვნახულობ, დრო მჭირდება რომ გავიაზრო, სიღრმეს ჩავწვდე, სხვადასხვა კუთხიდან შევხედო და ამ დროს, ვიღაც აიძულებს რეჟისორს საკუთარი კითხვით, რომ დეტალურად განიხილოს, რა და რატომ გააკეთა. ფაქტიურად ლუკმას მიღეჭავს და პირში მტენის. მთელ სიამოვნებას მიკაგავს. დავრწმუნდი, რომ კითხვის დასმის კულტურა არ გაგვაჩნია…

ხალხი, რომელიც ფილმის დასასრულს პირველი ტიტრის გამოჩენას ელოდება, რომ წამოხტეს და გაიქცეს, უპატივცემულობას ავლენს, ჩემი აზრით. მგონი იმსახურებს სურათის შემქმნელთა კოლექტივი პატივს, რომ მაყურებელი, სიმბოლურად, საფინალო ტიტრების დასასრულს დაელოდოს.

არ გეგონოთ, ვინმეს მორალს ვუკითხავდე. პირიქით, ეს ნაწილობრივ თვითკრიტიკაცაა, მაგრამ ადამიანები ვართ, კულტურული ზრდა უნდა შეგვეძლოს.

ზოგჯერ გვავიწყდება, რომ არტ-ჰაუსი აუცილებლად გაუგებარ, ჩახლართულ და რთულად აღსაქმელ კინოს არ ჰქვია. ზოგჯერ ეს მარტივად გასაგები მწარე რეალობაა და არ სჭირდება მას გამოცანების შეთხზვა. როცა ფილმის სათქმელს ვერ გებულობ, ნუ დაიწყებ ყვირილს, რომ ეს გენიალური სურათია. ზოგჯერ რეჟისორს სათქმელიც არაფერი აქვს და ცდილობს გადაღების ეშმაკური ხრიკებით გონი აგირიოს. გაიძულოს იფიქრო, რომ ეს შენა ხარ ერთადერთი, ვინ ყველაფერი გაიგო და ყველა დანარჩენი, შენნაირ გენიასთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა.

Kazimir-Malevich-Black-Suprematist-Square-

მალევიჩის კვადრატი

ბიაფთან გავავლებ პარალელს. თბილისში, დარბაზში მინიმუმ 30- 50 ადამიანი მაინც ესწრებოდა თითოეულ ჩვენებას, მაგრამ, აქედან სურათის სანახავად, რეალურად დაახლოებით 10-15 კაცი იყო მოსული. დანარჩენი, უბრალოდ, „აქ იყო გიო და თიკო“ ტიპის მაყურებელი გახლდათ. ბათუმში, დარბაზში შესაძლოა 15-20 ადგილი იყო დაკავებული, მაგრამ უკლებლივ ყველა კინოს სიყვარულით იჯდა სავარძელში. ფაქტია, საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად მსგავსი ტიპის კინოჩვენებებისათვის, რაც ესოდენ სამწუხაროა.

კულტურულ დეფიციტს განვიცდით.

P.S. ეკრანზე გამოჩენილი სიშიშვლისას რომ სიცილი ისმის დარბაზში, ალბათ შეგიმჩნევიათ. ეს ერთგვარი ისტერიულად გასროლილი ემოციაა, რაც დაფარულის, ტაბუირებულის გასაჯაროებას ახლავს თან. ულრიხ ზაიდლის „სამოთხე: სიყვარული“-ს ჩვენებისას დარბაზის სიცილს თურმე ნებისმიერი კომედიური ფილმი ინატრებდა…

P.P.S. კრისტიან მუნჯიუს ფილმში, „გორაკებს მიღმა“ არის სცენა, როდესაც მთავარ გმირს მონაზვნები ცოდვების სიას უკითხავენ და ესეც ფურცელზე იწერს, რაც ჩაუდენია. მოკლედ რომ ვთქვათ, სულიერად შიშვლდება მაყურებლის წინაშე… ამ კადრებმაც ვერ ჩაიარა გადახარხარების გარეშე…

Advertisements

კლიშე ანუ The Indian

სტანდარტული

კლიშე- სიტყვათშეთანხმებების ტიპიური სქემები და სინტაქსური კონსტრუქციები, კონკრეტულ სიტუაციაში სამეტყველო ქცევის ტიპიური მოდელები.

ერთი შეხედვით, საკმაოდ გაურკვევლად მოგეჩვენებათ. განსაზღვრებასთან უფრო ახლოს დგას სტანდარტული მისალოცი ტექსტი, რომელსაც დღესასწაულებზე SMS სახით ვუგზავნით ნაცნობ-მეგობრებს: “გილოცავ ამა და ამას, მრავალს დაესწარი ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.” თუმცა, კლიშე მხოლოდ უბრალო სიტყვათა რახარუხსაც არ გულისხმობს. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც გამოხატავს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის შეხედულებას.  მაგალითისათვის, ქართული მენტალობის მიერ დამკვიდრებული კლიშეა: “ყველა არაქალიშვილი ბოზია”, “ქალი ვიცი მე კუხნაში”, “გოგო, რომელსაც “ნაკოლკა” აქვს, იძლევა” და ა.შ. მსგავსი სახის მოვლენა საშიშ სახეს იღებს. ამის დამადასტურებელი მაგალითი ყბადაღებული სატანისტების თემა გახლდათ, როდესაც ნოდარ მელაძემ საკუთარ გადაცემაში ყველა სახის სუბკულტურა, თუ განსხვავებული თვითგამომხატველობა ერთი კლიშეს ქვეშ მოაქცია.

კლიშე ყოველდღიურობის ნაწილია. თუნდაც, რამდენჯერ წერთ მესიჯისას გაუაზრებლად სმაილს? 🙂 ან, ა-Like-ბთ სურათს, სტატუსს, თუ ან სხვადასხვა სახის კონტენტს ისე, რომ წესიერად არც ეცნობით? მეტნაკლებად ნათელი ხდება, როგორი დაშტამპული ცხოვრებით ვარსებობთ…

არ მიყვარს კლიშე… თუმცა ვერც გავურბივარ. ბოლო დროინდელ ინტერნეტ-კლიშეს კარგი მაგალითია “ჯერ სად ხართ”. რა ვქნა, ვერა და ვერ ველევი! (ჯერ სად ხართ?)

კლიშე ყველაზე საინტერესო და სასაცილო ფილმებსა და სერიალებშია. სერიალებიდან ჩემი ფავორიტია: “ეს ის არ არის, რაც შენ გგონია! მე ყველაფერს აგიხსნი!” კინოებიდან კი ბოლო წამებზე წითელ და ლურჯ სადენებს შორის არჩევანის გაკეთება, რათა მთავარმა გმირმა აფეთქება აიცილოს თავიდან. ერთხელ წავიკითხე, “მე რომ ცუდი ტიპი ვიყო, ბომბის ტაიმერს ისე დავაყენებდი, რომ აფეთქება 0:05 წამზე მოხდესო!” ფილმში ჯერ ასეთი რამ არ შემხვედრია. უდაოდ სიცილით გავიგუდებოდი მსგავსი კადრის ხილვისას!

მსგავსი ტიპის შესავალი რისთვის დამჭირდა? ახლავე გიამბობთ.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მსვლელობისას ფილმ “Noseland”-ზე გიამბეთ. ძალიან მომეწონა სურათი! საოცარი სიამოვნება მივიღე მისი ცქერისას. მიყვარს მსგავსი ავანტიურები კინოში.

ნახატში ერთი კლიშე გამოვარჩიე განსაკუთრებით: “ყველა კლასიკური მუსიკოსი გეია!” მე კი მეგონა, რომ “სკრიპაჩებს” მარტო ჩვენთან აჩმორებდნენ კაი ბიჭები! ამ გახსენებაზე, არ დაიზაროთ და ნახეთ ანდრეი ტარკოვსკის ადრეული მოკლემეტრაჟიანი სურათი “საციგურაო მოედანი და ვიოლინო“, სადაც აღნიშულ კლიშეს ხაზი საკმაო სიმწვავით ესმევა. ასევე კარგად ჩანს დამოკიდებულება  ბურჟუაზიულ და უბრალო მუშათა კლასს შორის. ნაჩვენებია კლასთა შორის არსებული დიდი ნაპრალი და სოციალური გაუცხოების დაძლევისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები.

თემას მოვწყდი… ჰო, ფესტივალზე ასევე იმყოფებოდა “Noseland“-ის თანარეჟისორი, ოპერატორი და მონტაჟის ავტორი, სებასტიან ლაითნერი, რომელიც აღნიშნულ სურათს პროდიუსირებას უწევდა. ამ ადამიანთან, ჩემი დამტვრეული ინგლისურით, ვისაუბრე ფილმის შესახებ, დავინტერესდი გადაღების და მონტაჟის თავისებურებებით. დასასრულს სამომავლო გეგმებზეც ჩამოვაგდე სიტყვა. მან მითხრა, რომ მუშაობდა ახალ პროექტზე, რომელიც ძირითადად ფილმებში გამოყენებულ კლიშეებს დაეთმობოდა. რათქმაუნდა დავინტერესდი და მოლდინის რეჟიმში გადავერთე. მიყვარს პაროდიები ფილმებზე.

…და როგორც იქნა, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ,  ფილმის ტრეილერიც გამოჩნდა, რომელიც სებასტიანმა Facebook-ის საშუალებით მომაწოდა.

პირველივე რაც თვალში მეცა და ნამდვილად გამეცინა, იყო კინოში ესოდენ დამკვიდრებული Bad guy- Russian guy კლიშე.  ბონდის პაროდიამ და პარადის სცენამაც ფრიად გამამხიარულა. აღნიშნულმა ფილმმა გამახსენა “The Love Guru” რომელიც მისი დაბალი რეიტინგისა და “ოქროს ჟოლოს” მიუხედავaდ (ყველაზე ცუდი სცენარი, მსახიობი, სურათი) მაინც მიყვარს მისი უაზრო იუმორის გამო. მოკლედ, იდეაში The Indian კარგი უნდა გამოვიდეს, ჩემი აზრით.

გირჩევთ ნახოთ ფილმის ტრეილერი, მხარი დაუჭიროთ მას kickstarter-ზე. (მეტი არაა ჩემი მტერი, ასე მოიქცეთ, მაგრამ მაინც)

P.S. ისე, არც ჩვენ გვაწყენდა მსგავსი ტიპის საიტი ქართველი დამწყები რეჟისორებისა თუ საინტერესო პროექტების მხარდასაჭერად…

გამოქვაბულიდან – მთებს მიღმა

სტანდარტული

მიყვარს კინოსა და რეალურ ცხოვრებას შორის პარალელების გავლება. ამით ვრწმუნდები, რომ ფილმებს ჭეშმარიტად გააჩნია ღირებულება და ის მხოლოდ ტიტრებით არ მთავრდება…

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში  ნაჩვენები იყო თურქი რეჟისორის, ემინ ალფერის, „მთებს მიღმა“.

სოფლად მყოფ მამასთან შვილი ჩადის სტუმრად შვილიშვილებთან ერთად. მიკარგულ ადგილას მყუდროებას მომთაბარეები არღვევენ, რომლებიც საკუთარი პირუტყვის მამულის გავლით გაყვანას დააპირებენ. ოჯახის მოხუცი უფროსი ამის კატეგორიული წინააღმდეგია, ამიტომაც მომხვდურთა გასაფრთხილებლად მათი ფარიდან ცხვარი მოიტაცა, თუმცა მომთაბარეები არ ერიდებიან კოფლიქტში შესვლას და ხანგრძლივი დაზვერვისა და პარტიზანული მოქმედების შემდეგ ნამდვილი ომიც იწყება…

დიდი არაფერია წასაკითხად, დამერწმუნეთ, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ მომთაბარეებს ვერცერთ კადრში ვერ ვხედავთ.  გმირები უბრალო ადამიანები არიან, ოღონდ ცუდი გაგებით… შინაგანად, ფსიქიკურად, გონებრივად ხეიბარი მაქვს მხედველობაში. ეტაპობრივად, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად იკვეთება მათი მანკიერი მხარეები: ავხორცობა, ვირივით სიჯიუტე, შეუგნებლობა. ყველაზე მთავარი რაცაა, ვხვდები, მტერი არ არსებობს! ეს უბრალოდ საჭიროა, რომ არსებობდეს, რათა მათ სიცოცხლეს ფასი, აზრი მიეცეს… და მერე რა, რომ გამოგონილ მოწინააღმდეგეს აკვდებიან, მაინც მზად არიან ბოლომდე ებრძლოლონ ქარის წისქვილებს.

დღევანდელობას მოვავლე თვალი. ჩვენც გვჭირდება მტერი! აუცილებელია ეს! ამიტომაცაა, რომ როცა ჭეშმარიტი მოწინააღმდეგე თვლემს, ჩვენ ვქმნით მის ხატებას და სასტიკად ვუპირისპირდებით: არა აქვს მნიშვნელობა ნაციონალურ ფონზე, თუ პოლიტიკურ მოსაზრებაზე, რელიგიურ მრწამსსა თუ სექსუალურ ორიენტაციზე, მთავარი მტრის არსებობაა, რადგან ბრძოლაში (სიტყვიერში, რათქმაუნდა! ფიზიკურის ტრაკი სადა გვაქვს აბა?) ვრწმუნდებით საკუთარ თავში და ვნიღბავთ სისუსტეებს. არადა ერთადერთი, ვინც ნამდვილად დაპირისპირების ღირსი და უძლეველი მეტოქეა: ეს ჩვენივე თავია! სანამ გამოხვალთ და ვიღაცას მხოლოდ იმიტომ აგინებთ, რომ თქვენს აზრს არ ითვალისწინებს, დაფიქრდით, თქვენს თვალში დირემ ხომ არ დაგაბრმავათ? სხვის შეცვლას მაშინ მოახერხებ, როცა თვითონ შეძლებ იგივეს გავლას. ფიზიკური ძალადობა კვლავ ძალადობას შობს და მჯობნზე მჯობნს რა დალევს? საკუთარი აზრის დამტკიცება კუნთების ხარჯზე ყველაზე სუსტებს შეუძლიათ. როცა ძალა არ შეგწევს, ლოგიკური პასუხი მოუძებნო შენს წინააღმდეგ არგუმენტს და მუშტებზე დაიხედავ, დაფიქრდი, რით განსხვავდები მაიმუნისაგან…

მთავარია ადამიანს სურდეს საკუთარი თავის დახვეწა. ამის გააზრება უკვე სანახევროდ გაკეთებულ საქმეს უდრის. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ამ ნდომას დღეს ვერ ვხედავ. ალბათ ხალხს სურს კვლავ გამოქვაბულის დონეზე დარჩეს, რადგანაც „რაც უფრო ცოტა იცი, უკეთ გძინავს“. გამღვიძებელიც გამოჩნდება ოდესმე, რომელსაც კვლავ ტყვიას ვესვრით და წლების მერე ცხარედ დავიტირებთ…

BIAFF 2011. Room 304

სტანდარტული

სასაცილოა, რომ ახლა ვცდილობ შარშანდელი კინოფესტივალის ქრონიკა შევქმნა.  სხვა ქალაქში კინოსთვის წასვლა, სამწუხაროდ, ჩემს ძალებს სცილდება. ამიტომაც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა 2011 წელს ჩენგან შეუმჩნევლად ჩაიარა. მოგვიანებით მოვიძიე მხოლოდ ინფორმაცია ფილმების შესახებ, რამდენიმე რეცენზიას გადავხედე და ეს იყო სულ. დავგეგმე კიდეც, ამ ფილმებს აუცილებლად ვნახავთქო და როგორც იქნა, ერთი წლის თავზე მოვახერხე კიდეც. ნამუშევართა უმრავლესობა “პირატულად” გადმოვწერე და ჩავუჯექი. ამიტომაც ამ ფესტიფალს სახელიც შევუცვალე ჩემებურად: საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო პირატული ფესტივალი 2011.

თბილისის კინოფესტივალის დროსაც ვფიქრობდი “პირატული” პოსტების დაწერას. ფილმების უმრავლესობა ვნახე მაშინ… ასევე “პირატულად”. სახლიდან გასვლა დამეზარა კინოთეატრში. სიმართლე ითქვას ამდენი ფულიც არ მქონდა, რომ ყველაფერი მენახა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვფიქრობდი პოსტების მთელი სერიის დაწერას, მაგრამ გადავიფიქრე. არანაირი ინტერესის იმედი არ მქონდა. ახლაც ასეა, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ, ომარას რჩევას დავუჯერებ და ყველაფერს დავიკიდებ. მხოლოდ ჩემთვის დავწერ…

გახსოვდეთ, რომ მე უბრალო მაყურებელი ვარ, რომელსაც კინოსთან მხოლოდ სიყვარული აკავშირებს და ამიტომაც ფილმებისა თუ რეჟისორების შეფასება შესაძლოა მეტად სუბიექტური იყოს.

ჩემეული შეფასებები იწერება ფილმის ნახვისთანავე, ამიტომაც ემოციები შესაძლოა გადაჭარბებულიც მოგეჩვენოთ.

ფილმის რეჟისორი გახლავთ ბირგიტე სტარმოსე, რომლის ბოლო ნამუშევარიც , წარმოდგენილი იყო  საავტორო კინოს ბათუმის VI საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ფილმების სექციაში

დაფიქრებულხართ რა არის სასტუმრო? გიფიქრიათ იმ საცხოვრებელ ნომერზე, სადაც დროებით გაჩერდით? საინტერესოა თითოეული ოთახის ისტორია. ჩვენ არ ვიცით რა იყო ამ ოთახში ჩვენამდე, სამაგიეროდ ვიცით რას გადავცემთ ჩვენ შემდგომ მობინადრეს. თითქოს ერთგვარი ურთიერთობათა და გრძნობათა გაცვლა გვაკავშირებს ერმანეთთან. დიდი სიხარულის და ტკივილის მომცველია სასტუმრო. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ აღნიშნული დაწესებულება ერთგვარი მედიატორია, რომელიც ერთმანეთთან აღნიშნულ ემოციებს აკავშირებს. სწორედ ამის გადმოცემა სცადა ფილმში, „ოთახი 304“ რეჟისორმა.

ეს მისი პირველი ნამუშევარი არაა, თუმცა, სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი მისი სხვა ფილმების მოძიება. ყურადღებას იპყრობს საკუთრივ გადაღების სტილი, რომლითაც „ოთახი 304“ ძალიან ჰგავს გას ვან სენტის ტრილოგიას სიკვდილზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც „სპილოში“, აქაც კამერა ცოცხალი არსებასავით დასდევს ფილმის გმირებს, ხდება თითოეული პერსონჟის ცხოვრების აღწერა, ანუ  აღნიშნული პერსონაჟის მცირე ისტორიის მოთხრობა. ასევე აღნიშნული ფილმი „სპილოს“ ემსგავსება ერთიდაიგვე სიტუაციის სხვადასხვა რაკურსით ხედვის ტექნიკით, თითქოს ამით ხაზი ესმევა ფილმის გმირების მკაცრ ინდივიდუალობას, ამასთანავე როგორც „უკანასკნელ დღეებში“ აქაც გვხვდება ერთიდაიგივე კადრის გამეორება, სხვადასხვა გმირის კონტექსში. ანუ მიუხედავად ინდივიდულობისა, სიტუაციის ზოგადი აღქმა საერთოა ყველასათვის. საკუთრივ გადაღების ასეთი სტილი ფილმს საოცრად ყურებადს ხდის, პირადად ჩემთვის. საინტერესოა აგრეთვე სცენარიც. ფილმის დასაწყისშივე ვიცით, რა მოხდა, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს არა საკუთრივ ფაქტი, არამედ ლოგიკური ჯაჭვი, სიტუაციის განვითარება, რომლის ფინალიც ჩვენთვის ცნობილია, ანუ ჩვენთვის საინტერესოა კითხვა „რატომ“. ამიტომაც, აუცილებელია თითოეული დეტალის გაანალიზება, ამისათვის კი მოქმედ პერსონაჟებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთმანეთისათვის სრულიად უცხო ადამიანები უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებულნი. ალბათ ესაა სასტუმროს პრინციპი. ხაზგასასმელია, რომ ფილმში ბედნიერ ადამიანს ვერ ვხედავთ. მოქმედი პერსონაჟები დაფიქრებულნი, დასევდიანებულნი არიან. მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ყველას ერთნაირად სტკივა და განიცდის, რაც ადამიანებს ათანასწორებს. ემოციური მდგომარეობაა, რაც საერთო აქვს ნიუ-იორკში მცხოვრებ თანამედროვე პიროვნებას და აფრიკის მიკარგულ ჯუნგლებში მცხოვრებ პირველყოფილს. ადამიანთა განსხვავებულობის და ამასთანავე საოცარი მსგავსების ხაზგასასმელად რეჟისორმა მრავალენოვნება გამოიყენა. ფილმი არის დანიურ-ფილიპინურ-გერმანულ-ესპანურ ენოვანი. საკუთრივ მიმდინარეობა ძალიან ჩამთრევია. სცენარი ერთგვარი დეტექტიური ჟანრისაა, მაგრამ უფრო ყურადსაღები, ამ ფილმში, პერსონაჟების ფსიქო-ემოციური მდგომარეობაა. საკუთრივ ტიპაჟების დახატვაა ყურადსაღები. ჩვენ ვხვდებით ძლიერ, სუსტ, მიტოვებულ და ასევე უემოციო ადამიანებს. განსაკუთრებით ყურადღებას ამ უკანასკნელზე გავამახვილებდი. ადამიანი, რომელმაც არ იცის როგორ გაიცინოს, რადგანაც ეს სრულიად უცხოა მისთვის. თითქოს ადამიანებმა დაივიწყეს რა არის ბედნიერება, სიხარული, უბრალოდ ღიმილიც კი. აღნიშნული ფილმი საშუალებას გვაძლევს დავფიქდეთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. თითქოს რეჟისორი არ ცდილობს გვაჩვენოს სერიოზული დრამა, მაგრამ ფილმში ნანახი იმდენად ადამიანური და ნაცნობია, რომ შეუძლებელია გულგრილად შეხედო ამას.

განსაკუთრებით საინტერესოა ფილმის დასასრული, რომელიც ამასთანავე დასაწყისიცაა. საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტაა. რეჟისორი არ გვაჩვენებს მხოლოდ ფაქტს, არ ტოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს. მას შემდეგ, რაც განვითარებული მოვლენები პიკს აღწევს, ავტორი კვლავ უბრუნდება პერსონაჟებს, კვლავ მათ ემოციებს გადმოგვცემს, ანუ ის ცივი გონებით არ განსჯის ფაქტს, საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ, ვიმსჯელოთ.

თუ თვალებს ფართოდ გავახელთ, აღმოვაჩენთ, რომ აღნიშნულ ფილმში აღწერილი სასტუმრო დედამიწის ერთგვარი მოდელია. მართლაც ასეა. ჩვენ, ყველანი მდგმურები ვართ ერთ, უზარმაზარ სასტუმროში, დედამიწას რომ უწოდებენ. სრულიად უცხონი, ერთმანეთს ვუკავშირდებით საკუთარი ემოციებით, განცდებით. საოცრად განვსხვავდებით და ამასთანავე ვგავართ ერთურთს. ვიკვებებით სხვისი არსებით, ვკვებავთ სხვას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ფაქტის სხვისი კუთხიდან აღქმა შეგვეძლოს, რათა მოვახდინოთ შედარებითი ობიექტურობის მიღწევა. ჩვენი მკაცრი ინდივიდუალობის მიღმა გახედვა უნდა შეგვეძლოს. უნდა ვიგრძნოთ სხვისი განცდები, რათა გვქონდეს ბედნიერება, საკუთარ თავს ადამიანი ვუწოდოთ.

შეიძლება აღნიშნული განხილვა საკმაოდ სუბიექტურია… ნახეთ ფილმი „ოთახი 304“, გამოთქვით საკუთარი აზრი და ეგებ მივაღწიოთ შედარებით ობიექტურობას.

თითქმის კაცების ასავალ-დასავალი

სტანდარტული

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე,  საკონკურსო სექციაში მეტად საინტერესო ფილმი, მარტინ ლუნდისთითქმის მამაკაცი” აჩვენეს. მთავარი გმირი 35-ს გადაშორებული, დაოჯახებული მამაკაცია. ეს ის ასაკია, როცა ადამინს არც ახალგაზრდა ეთქმის და არც მოხუცი. ერთგვარი საფეხურია ზრდასრულობაში გადასასვლელად. ამ დროს კაცი აფასებს განვლილ ცხოვრებას, მომავალს სკეპტიკურად უყურებს… რა ელოდება წინ? გართობა უკვე ისეთი საინტერესო აღარაა, როგორც წინათ, ასაკი ავალდებულებს ერთგვარ ჩარჩოებში მოექცეს, ოჯახური ტვირთი მის თავისუფლებას ზღუდავს. ამიტომაც მთავარი გმირი იღებს გადაწყვეტილებას, არ დაემორჩილოს საზოგადო ეტიკეტს. აიწყვიტოს, გააფრინოს წვეულებებზე, თანამოაზრეებთან ერთად ათასგვარი ბავშვური სისულელე ჩაიდინოს და ამით გაექცეს პასუხისმგებლობას.

ასეთი ქცევა ძალიან ჰგავს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, რადგანაც რაოდენ მოჩვენებითი სამყარო არ უნდა შექმნა საკუთარი თავის ირგვლივ, რეალობა შესაძლოა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს და ადრე თუ გვიან მასთან შეტაკება მოგიწევს. ცხოვრება კი ისეთი რამაა, რომ მხოლოდ მაშინ მოგასვენებს, როცა სიცოცხლეს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.

გარდატეხის ასაკი ძირითადად ფიზიკურ ცვლილებას მოიაზრებს, გაცილებით მტკივნეული მენტალური მომწიფების ფაზაა, რომელიც ზოგიერთ ინდივიდს საოცრად დიდხანს უგრძელდება…

ფილმის ნახვის შემდეგ, ცალკეული ადამიანების ინდივიდუალურ პრობლემებზე დავფიქრდი და შევეცადე საზოგადოების მათდამი დამოკიდებულება განმესაზღვრა. “მოიყვანს ცოლს და დაჭკვიანდება”- არსებობს ასეთი ფრაზაც, რომელიც ხშირად ამართლებს, რადგანაც რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ახდენს ემოციური ფონის განმუხტვას და ადამინის დაცლას, უარყოფითის დადებითად გარდაქმნას. ამიტომაცაა, ალბათ, “ატეხილი” მამრი მალევე შოშმინდება და მისი ქცევაც მეტად დინჯი ხდება დროთა განმავლობაში. თუმცა სულ ასეც არაა საქმე. სექსი ყველაფრის პასუხი არაა. იგი ერთგვარი ინდიკატორია მენტალური ზრდის პროცესში… და რა ხდება მაშინ, როცა…

სათაურიდან გამომდინარე, ალბათ იფიქრებთ, “სად ერეკლე და სად მისი ხმალიო”. ახლავე აგიხსნით.

ბოლო დროინდელი მოვლენების შემხედვარეს მარტინ ლუნდის აღნიშნული ფილმი გამახსენდა. ამან საშუალება მომცა ჩარჩოს მიღმა გამეხედა. მენტალურად ჩამოუყალიბებელ და “თითქმის მამაკაცად” ამჯერად საზოგადოება მეჩვენა. ესოდენ დაგროვილი აგრესია იფრქვევა ყველგან, რადგან მისი შეკავება უკვე შეუძლებელი გახდა. აგრესია ქუჩაში, სამსახურში, სასწავლებელში, ტელევიზორში, ფეისბუქზე, პრესაში… პრესაზე შევჩერდები…

ერთდროს ოპოზიციური, ამჯერად “გამარჯვებული ხალხის საყვირი” აღზევებულ ურჩხულს დაემსგავსა, ირგვლივ რომ შხამს აფრქვევს და ყველას წამლავს. ამჯერად გონება იწამლება და მსგავსი ტოქსინის საწინააღმდეგო ანტიდოტი ცოტა რთული საპოვნელია ჩვენს საზოგადოებაში. ჯანსაღ აზრს ვგულისხმობ, მეგობრებო, ჯანსაღ აზრს!

ორიოდ კვირის წინ სოციუმი ერთ აზრამდე მივიდა: “ძალადობა დაუშვებელია და უნდა აღიკვეთოს!” ამჯერად ასეთი აზრი ვითარდება: “ძალადობა დაშვებულია მოძალადეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რადგანაც მათი ჩაქოლვით მოძალადეც აღარ დარჩება!” იმედია, ამის შემდეგ მსგავსი ინდივიდები ადგებიან და საფეთქელში ტყვიას დაიხლიან, რამეთუ უკვე თვითონ იქცნენ მოძალადეებად და მათი მოქმედების პრინციპი მათსავე არსებობას ეწინააღმდეგება. შემდეგ ყველა დიდხანს და ბენიერად იცხოვრებს… ჭირი აქა, ლხინი იქა...

ფაქტია, რომ სოციუმი “თითქმის მამაკაცის” ასაკშია. აღსანიშნავია, რომ ციხის ჯალათებზე ძალადობა საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა და ეს გამოხატა, რაც მაფიქრებინებს: მენტალურ ზრდაში წინსვლა არსებობს, მაგრამ ასეთი მწვავე უთანხმოების ფონზე, ყოველგვარი იმედი მეწურება.

რა ვეღარ გავიზარდეთ, რა აღარ დაგვადგა საშველი! იმის მაგივრად, რომ ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე კონსტრუქციული ფიქრი დაიწყონ, შეწყვიტონ გესლის ნთხევა და როგორმე ჭაობიდან ამოსასვლელ ფონს მიაგნონ, უფრო მეტად ეფლობიან ტალახში. ამ დროს გამოწვდილი ხელი თუ გადაგარჩენს მხოლოდ, რაც კარგად დავინახე საღად მოაზროვნე ახალგაზრდათა ჯგუფის მხრიდან, თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოება ჯერ არ არის მზად აღიაროს, რომ ყელამდე ნეხვში იხრჩობა და ამჯობინებს ამაყად განაგრძოს ჩაძირვა. მოქმედებს პრინციპი: “ვინც ჩვენსკენ არ არის, ჩვენი მტერია”, ამიტომაც ჯანსაღ აზრს უკვე “ნაცური”, “მიშისტური” უწოდეს, მოაზროვნე ინდივიდებს: “პატარა მიშა”.

ეჰ, დაიღლება ეს ახალგაზრდობაც და აახვევს ამ ქვეყნიდან, სანამ ძალა უდგას. მერე მისდექით და აგინეთ “არაპატრიოტებს”. თუ თქვენ, ასეთი ქცევით თავს პატრიოტებად მიიჩნევთ, მიმიფურთხებია თქვენი პატრიოტიზმისათვის, რომელიც ჰუმანურობისაგან და ადამიანობისაგან ასე შორსა დგას…

საოცარია, რამდენის გააზრებაში შეიძლება დაგეხმაროს საინტერესო ფილმი…

P.S. მოდი, ყველანი “ქალებში წავიდეთ” ან “მარჯვენა გავავარჯიშოთ”… რავიცი, ეგება გვეშველოს, არაა გამორიცხული…