Tag Archives: ლარს ფონ ტრიერი

კინოს გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

სტანდარტული

„თუკი გექნებათ კარგი ქრონიკა, სერიოზული და საგანმანათლებლო სურათები, არაუშავს, მაყურებლი მოსაზიდად რაიმე უსარგებლო ფილმიც რომ აჩვენოთ… რათქმაუნდა, ცენზურა მაინც საჭიროა. კონტრევოლუციური და უზნეო ფილმები არ უნდა დავუშვათ“

ვლადიმერ  ლენინი

***

რა ძალა გააჩნია კინოს და რა ზემოქმედების მოხდენის უნარი შესწევს მას ადამიანის ფსიქიკაზე? რით ემსგავსება მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის პროპაგანდისტული კინო თანამედროვეობის ხანის ფილმებს? რა ზიანის მოტანა შეუძლია სინემას? მოვყვეთ ქრონოლოგიურად.

***

საკუთარი იდეოლოგიის გასატარებლად, ევროპული სახელმწიფოები კინოს გამოყენებას მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან იწყებენ. 1920-იან წლების დასაწყისში კი კინემატოგრაფი მასაზე მოქმედების მძლავრ იარაღად ყალიბდება.

1922 წელს ლენინი იტყვის, რომ „კინო ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებაა.“ მისი სიტყვები განსაზღვრავს შემდგომი ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კინემატოგრაფის განვითარების კალაპოტს.

პროლეტარიატის კულტურული განვითარებისათვის ბრძოლაში უხმო, მოძრავი სურათები მოწინავე რიგებს იკავებენ.

პროპაგანდისტული კინო შეიძლება ორ ძირითად მიმდინარეობად დავყოთ: პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროპაგანდა. საზოგადოებრივი პროპაგანდა ნათლად წარმოაჩენდა ყოფით პრობლემებს: გაჭირვება, ჰიგიენის მნიშვნელობა, სოფლის მეურნეობის განვითარების სირთულეები. თავისი არსით, ამგვარი პროპაგანდა ხელს უწყობდა ადამიანის თვითშეგნების ამაღლებას და იგი არანაირ საფრთხეს არ შეიცავდა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროპაგანდას. ამ მხრივ გამოსაყოფია კინოს თეორეტიკოსის, საბჭოთა კინოს სულისჩამდგმელი სერგეი ეიზენშტეინის ადრეული ნამუშევრები.

„გაფიცვა“

„ჯავშნოსანი „პოტიომკინი“

„ოქტომბერი“

აღნიშნული სურათები ამდენი წლის შემდეგაც კი მაყურებელში აგრესიას იწვევს. საოცრად გადმოცემულ ეკრანულ სისასტიკეს რეალობა უდევს საფუძვლად, რასაც რეჟისორი ბურჟუაზიას, „თეთრ ინტელიგენციას“ აბრალებს. შეიძლება ითქვას, იგი პროპაგანდას უწევს ადამიანთა ამ ჯგუფზე ძალადობრივ ქმედებებს, რაც იმდროინდელ მოქალაქეებში, იმდროინდელი ემოციური ფონის გათვალისწინებით, უცილობელ აგრესიას გამოიწვევდა. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტების მოძიება ვერ ხერხდება, რადგანაც საბჭოთა სისტემა ამის გამოაშკარავებას არ დაუშვებდა.

***

პოლიტიკური, აგრესიული პროპაგანდის და ადამიანთა ფსიქიკაზე ზემოქმედების კლასიკურ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ფაშისტური პროპაგანდა და მისი ფლაგმანი, ლენი რიფენშტალი. მისი ფილმები,  „რწმენის გამარჯვება“,  „ვერმახტის თავისუფლების დღე“, საოცარი პათოსით არის გაჯერებული და მაყურებელს უეჭველად პატრიოტულ განწყობაზე დააყენებდა, ჯარისკაცებს საკუთარ თავში თვითდაჯერებულობას მოუმატებდა, უბრალო მოქალაქეებს კი ნაცისტური პარტიისადმი სიმპატიით განმსჭვალავდა.

„რწმენის გამარჯვება“

„ვერმახტის თავისუფლების დღე“

მისი ფილმი, „სურვილის ტრიუმფი“, არის ოდა, მიმართული ჰიტლერის პიროვნების კულტის შესაქმნელად.

სურათი იმგვარად არის გადაღებული, რომ ახლაც კი, რომ არ ვიცოდეთ ფიურერის ნამდვილი სახე, მის მიართ სიმპატიით განმსჭვალავდა მაყურებელს. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა სურათი ნაცისტ ჯარისკაცებზე და მოქალაქეებზე. ფაქტია, რომ კინოს სისხლიანი რეჟიმები მასაზე მოქმედების იარაღად იყენებდნენ. ადამიანთა გონებაში ნერგავდა იდეას, რომ ყველაზე მაღლა იდგნენ განვითარებით და მსოფლიო ბატონობისათვის ყველას დამონება, ან უკეთესი, ამოწყვეტა, გამართლებული აზრი გახლდათ.

***

1971 წელს გამუსულმა, სტენლი კუბრიკის „მექანიკურმა ფორთოხალმა“ (ენტონი ბერჯესის იმავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაცია) გამოიწვია შოკი. ფილმის მთავარი მოქმედი გმირის აგრესიული ქცევის გამშვები მექანიზმი გახლდათ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ჰანგები.

თვითონ ის ფაქტი, რომ წარმოჩენილი იყო მუსიკის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, აღნიშნულ სურათს უნიკალურს ხდის. საოცარია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ საზოგადოება დაფიქრებულიყო ძალადობის უაზრობაზე, ფილმმა პირიქით იმოქმედა. ბრიტანეთის მასშტაბით გაიზარდა ძალადობის შემთხვევები. ხშირად თავს ესხმოდნენ უსახლკაროებს, მათხოვრებს. აღნიშნულმა ფაქტმა ცხადყო, რაოდენ დიდი გავლენი მოხდენა შეუძლია მხატვრულ სურათს ადამიანის ფსიქიკაზე და რამდენად განაპირობებს მის ქცევას.

კადრი ფილმიდან "მექანიკური ფორთოხალი"

კადრი ფილმიდან “მექანიკური ფორთოხალი”

***

საბჭოთა კავშირის დასუსტებამ გამოიწვია ცენზურის შემცირება და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ჰოლივუდური ბლოკბასტერები. ფილმებში ნაჩვენებმა ძალადობამ იმდენად იმოქმედა ახალგაზრდებზე, რომ მათ დაავიწყდათ, რომ სურათში მთავარი გმირი ხშირად ტყვიამიუკარებელია. ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებისას დაფიქსირებული შემთხვევები, როცა ახალგაზრდა მეომრები, კინოს გავლენით, ივიწყებდნენ ელემენტარულ, დაუწერელ კანონებს: აქტიური ცეცხლისას სანგრის დატოვება სიკვდილის ტოლფასია. ხშირად ისინი ჯონ რემბოს მსგავსად იქცეოდნენ ბრძოლის ველზე, რასაც ფატალური შედეგები მოჰყვებოდა. კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ეკრანზე ნანახი ადამიანის გონებაზე

***

1995 წელს გამოსული, სკოტ კალვერტის ფილმი „კალათბურთელის დღიურები“ 2 შემზარავი დანაშაულების მიზეზი გახდა. 1997 წელს ჰიტის სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გაუხსნა თანაკლასელებს, 1999 წელს კი კოლუმბაინის სკოლაში ორმა სტუდენტმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. ორივე შემთხვევაში გამოძიებამ დაადგინა, რომ მსგავსი ქმედების იდეა დამნაშავეებმა სწორედ აღნიშნული ფილმიდან აიღეს, სადაც მთავარი მოქმედი გმირი წარმოიდგენს, თუ როგორ ხოცავს მასწავლებელსა და თანაკლასელებს.

2011 წელს ნორვეგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 77 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დამნაშავემ, ანდრეს ბერინგ ბრეივიკმა აღნიშნა, რომ აღნიშნული იდეა მას მიაწოდა ლარს ფონ ტრიერის ფილმმა, „დოგვილი“

***

საკმარისად ბევრი ფაქტი ჩამოვთვალე, რომ განსჯას შევუდგე. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა საზოგადოებას აჩვენებ ფილმს და რა პოლიტიკურ -სოციალური სიტუაცია სუფევს ირგვლივ. რომ არაფერი ვთქვათ მხატვრული სურათის ღირებულებასა და ხარისხზე. ფილმი მაყურებელზე დიდ  გავლენას ახდენს და მასში განსხვავებულ ემოციას იწვევს. ამ დროს გასათვალისწინებელია მაყურებლის ფსიქიკური მდგომარეობა და მზაობა ფილმში გამოთქმული აზრის მისაღებად. ჩემი აზრით, უმრავლეს შემთხვევაში, ავადმყოფური აზრი უკვე არსებობს დაავადებულთა გონებაში, მხატვრული სურათი კი მისი განხორციელების გამშვებ მექანიზმად გვევლინება. შესაძლოა, იგი ზოგჯერ აღნიშნული აზრის მასაზრდოებელიც კი იყოს წლების განმავლობაში, მაგრამ იმაზე მსჯელობა, რამდენად შეუძლია ფილმმა გონებაში ჩათესოს ავადმყოფური იდეა, საკმაოდ რთულია. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ იგი ავადმყოფური იდეის პირველწყაროდ მოიაზრება, შეუძლებელია მან ავადმყოფური აზრი ჯანსაღ ფსიქიკას მოახვიოს, რადგანაც ჯანმრთელ ადამიანს ლოგიკური განსჯის უნარი აქვს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, საკითხავია: რამდენად მზად იყო ფსიქიკა, როცა მას ფილმმა იდეა მიაწოდა? სავარაუდოდ, ქცევის განსახორციელებლად წინასწარგანწყობა, თუნდაც ქვეცნობიერის დონეზე, უკვე არსებობდა და მხატვრული ნამუშევარი დაეხმარა ცნობიერს აზრის ქვეცნობიერიდან ამოტანაში, გახდა ინსპირატორი.

პრაქტიკოსი ფსიქიატრისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, გაიგოს პაციენტის გემოვნება ფილმებში. ეს შესაძლოა დაეხმაროს მას ავადმყოფის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაში. რათმაუნდა გასათვალისწინებელი ფაქტორია, რამდენად ემოციურად აღიქვამს იგი სურათს. ეს საშუალებას მისცემს სპეციალისტს ზუსტად გაერკვეს ავადმყოფური იდეის გაჩენისა და ჩამოყალიბების მექანიზმში.

***

პიერ პაოლო პაზოლინის უკანასკნელი ნამუშევარი„სალო ანუ სოდომის 120 დღე“ საკრალური გახდა რეჟისორისათვის. ფილმში ნაჩვენები ენითუთქმელი სისასტიკე გულგრილს ვერ დატოვებს მაყურებელს ამდენი წლის შემდეგაც კი. მარკიზ დე სადის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციის გამო, ეჭვიც კი გაჩნდა, რომ რეჟისორის ფსიქიკა სრულად ჯანსაღი არ იყო, იმდენად შოკისმომგვრელი იყო ფილმში ნაჩვენები კადრები…

მისსავე შედევრს ჰგავდა პაზოლინის სიკვდილიც. 10 მოტეხილი ნეკნი, გაგლეჯილი გული, ჩამტვრეული ქვედა ყბა, მოტეხილი მარცხენა ხელი, თითქმის მოგლეჯილი ორივე ყური: ასეთ მდგომარეობაში იპოვეს გენიალური მაესტროს გვამი…

Advertisements

“დაუნი რობოტების ცეკვა” ანუ ბოდიში

სტანდარტული

“მე ვიტყვი სიტყვას- ათასები ყურს დამიგდებენ. მე ვიტყვი სიტყვას შვენიერზე და ღვთაებრივზე და ჩემი სიტყვა თუ დაეცა ფხვიერ ყამირზე, ამ სიტყვას მერმე ათასები ისევ იტყვიან.”

“დიონისოს ღიმილი”

კონსტანტინე გამსახურდია

დაუნის სინდრომი განვითარების თანდაყოლილი დარღვევაა, რომელიც გონებრივი ჩამორჩენილობით, ძვლების ზრდის დარღვევითა და სხვა ფიზიკური ანომალიებით ვლინდება. ეს არის გონებრივი ჩამორჩენილობის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა, თუმცა სრული იდიოტიზმი არასდროს ვითარდება.
დაუნის სინდრომით დაავადებულები ინარჩუნებენ ნაყოფის განვითარების ადრეული სტადიისთვის ნიშანდობლივ ფიზიკურ თვისებებს, მათ შორის – თვალის ვიწრო ნაპრალს, რაც ადამიანს მონგოლოიდური რასისთვის დამახასიათებელ გარეგნობას სძენს. 1866 წელს ლ. დაუნმა სწორედ ამ ნიშნის საფუძველზე უწოდა დაავადებას მონგოლიზმი და განავრცო რასული რეგრესიის მცდარი თეორია. სინამდვილეში დაუნის სინდრომი რასობრივ თავისებურებებთან არ არის დაკავშირებული და ყველა ერის წარმომადგენლებს შორის გვხვდება.


დაუნის სინდრომით დაავადებულს აქვს დამახასიათებელი გარეგნობა: ბრტყელი კეფა, ფართო ცხვირის ძვალი, პატარა ყურები, თვალის ირიბი ჭრილი, ნახევრად ღია პირი, კბილების ანომალია. თითები – მოკლე და მსუქანი, ნეკი – შედარებით პატარა და შიგნით მოხრილი, მტევანსა და ტერფზე პირველ და მეორე თითებს შორის მანძილი გაზრდილია, კიდურები მოკლეა, სხეულის სიმაღლე – ნორმაზე ნაკლები. ამასთან ერთად, აღინიშნება კუნთების გამოხატული ჰიპოტონია, ხშირია გულის მანკი და ადრეული სიმელოტე, მომატებულია ინფექციური და სიმსივნური დაავადების (ლეიკოზები) განვითარების რისკი. დაუნის დაავადების დროს ავადმყოფებს სასქესო ნიშნები სუსტად აქვთ განვითარებული და მათ უმრავლესობას შთამომავლობა არ ჰყავს.

დაუნის სინდრომის შესაძლო მიზეზებს შორის უამრავ ფაქტორს განიხილავდნენ. ამჟამად დადგენილია, რომ დაავადების საფუძველს ქრომოსომის ანომალია წარმოადგენს: ამ დარღვევის მქონე პირებს 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა აქვთ. ზედმეტი ქრომოსომა უჯრედების მომწიფების დარღვევის გამო წარმოიქმნება.

წყარო: mkurnali.ge

დღეისათვის ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების უმეტესობა განკურნებადია, ხოლო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია და საშუალოდ 55 წელს შეადგენს. დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა. ასეთი ბავშვები გვიან სწავლობენ ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს, თამაშს, საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურ ჩვევებს. ამასთან, ისინი ზედმეტად მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოსადმი. მათი წყენინება ძალიან ადვილად შეიძლება. ამავე დროს, ისინი სწრაფად რეაგირებენ მეგობრულ და მშვიდ დამოკიდებულებაზე, უყვართ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, სიახლე, არიან ცნობისმოყვარენი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სკოლის მასალას ნელა სწავლობენ და ნელა ითვისებენ ჩვევებს, მაგრამ ძალიან მონდომებულნი არიან; სწავლებისა და აღზრდის პროცესში მათი წახალისება მეტად ეფექტურია. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დიდი გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ყველა მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ისევე როგორც სხვა ბავშვებს, მათაც განსხვავებული უნარ-შესაძლებლობები და ნიჭები გააჩნიათ; უმეტესობას სუსტი და საშუალო ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს, დაავადებულთა მცირე პროცენტში აღინიშნება ძლიერ გამოხატულიგონებრივი ჩამორჩენილობა.

წყარო: education.ge

ალბათ მიხვდებოდით, რისთვის დამჭირდა ასეთი რაკურსის გაკეთება. ბევრ თქვენგანს, დარწმუნებული ვარ, გაუგია აღნიშნული დაავადების შესახებ, ზოგიერთს შესაძლოა ურთიერთობა ჰქონია აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებთან. თუმცა როგორც ჩანს ნაღები საზოგადოების ზოგიერთ “გლამურულ” წარმომადგენელს ამის შესახებ წარმოდგენაც არ გააჩნია…

სიტყვა “დაუნის” გამოყენება თაკო გაჩეჩილაძისა და ია ფარულავას მიერ მსგავს კონტექსტში, სხვა არაფერია თუ არა შეურაცხყოფა! ეს არის შეურაცხყოფა აღნიშნული სინდრომის მქონე ყველა ადამიანისა და მათი ოჯახების წინაშე, და სხვა თუ არაფერი, მინიმუმ საჯაროდ ბოდიშის მოხდას მაინც საჭიროებს. ეს დაახლოებით ისეთივე დონის შეურაცხყოფაა, ვინმემ ამერიკულ ტელესივრცეში აფროამერიკელი “ნიგერად” რომ მოიხსენიოს!

მეზობელი მყავდა ბავშვობაში დაუნის სინდრომით. საოცარი პიროვნება გახლდათ. მასთან თამაში განსაკუთრებით მიყვარდა, ყველასგან განსხვავებული, ჩემთვის უცნაური ხედვა ჰქონდა სამყაროსი. ასაკის მატებასთან ერთად მასთან კონტაქტი დამეკარგა, საერთო ენის გამოძებნა მიჭირდა. ის თავის სამყაროში დარჩა, მე- ნაცრისფერ რეალობაში. დღემდე ვნანობ ამ ფაქტს! ბევრი შემეძლო მისგან მესწავლა, თუმცა უკვე დიდი ხანია გვიანია…

თავს ვერ დავდებ, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი: სავარაუდოდ ამ ადამიანებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ აღნიშნული პათოლოგიით გატანჯულ ადამიანებთან და მათი ოჯახის წევრებთან. მათ, მეეჭვება, ელემენტარულად იცოდნენ, რა ტკივილის გავლა უწევთ ასეთ ოჯახებს.

რათქმაუნდა, ცხოვრებაში ყველას გამოგვიყენებია აღნიშნული სიტყვა! გვითქვამს სხვისთვის “დებილო”, “კრეტინო”, მაგრამ დარწმუნებული ვარ აღნიშნული შემთხვევების უმრავლესობა ადრეულ ბავშვობაში დარჩა. მეც არა ვარ გამონაკლისი, ამიტომაც ბოდიშს ვუხდი ყველას ჩემი გაუაზრებელი, უნებური საქციელის გამო.

ადამიანები ვართ ყველა და შეცდომა ყველას მოგვდის! უნებურად გაფრენილ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად გამაღიზიანებელად საკუთარი თავისთვის გამართლების მოძებნა მეჩვენება.

“მე ვახსენე დაუნი პირველმა?! გასაგებია, რომ იმ ადამიანმა, ვინც ცეკვავდა, თავის თავს “დაუნი რობოტი” უწოდა და გაიმეორა ეს სამჯერ. მე გავაკეთე მხოლოდ სიტყვების გადათამაშება, მეტი არაფერი. მე საერთოდ არ ვგულისხმობდი, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინა დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის, ან მათი მშობლებისთვის. მე დღეს ფეისბუკზე განვათავსე სტატუსი და ძალიან კარგი გამოხმაურება მქონდა, თან არამხოლოდ მეგობრებისგან… ეტყობა, ვიღაცას რაღაც პიარის გაკეთება უნდა. ადამიანის უამრავი უფლება ირღვევა: ხალხს ციხეში აწამებენ, ტრეფიკინგებია და ჩემს ერთ სიტყვას ეკიდებიან… მე ვფიქრობ, რომ ერთგვარ პიარს აკეთებენ და არ გავაკეთებინებ პიარს ია ფარულავას ხარჯზე”– განაცხადა ფარულავამ  medianews.ge -სათვის მიცემულ ინტერვიუში.  “სიტყვების გადათამაშება” ვინმეს ათავისუფლებს პასუხისმგებლობიდან? აი, რომ ავდგე ახლა და ჰიტლერის სიტყვები ებრაელთა ჰოლოკისტის შესახებ “გადავათამაშო” მართალი ვიქნები? “გადაათამაშა” და შავად იხუმრა ლარს ფონ ტრიერმა კანში, 2011 წელს.

ამას ის მოჰყვა რომ ამიერიდან მისი ფილმები ვერცერთ პრესტიჟულ ფესტივალზე ვერ მოხვდება. მოიხადა ამ ადამიანმა ბოდიში, პოზა არ დაუჭერია.

ციხის მოვლენებს რა პროტესტიც მოჰყვა, ყველას გახსოვთ. რატომ მიაჩნია ამ ადამიანს, რომ მის სიტყვებსაც არ უნდა მოჰყვეს გამოხმაურება? ფაქტია, რომ დიდი, ჯერ-ჯერობით გადაუჭრელი პრობლემები კვლავ არსებობს ქვეყანაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი ყურადღების მიღმა უნდა დავტოვოთ!

მიმაჩნია, რომ როცა შოუ-ბიზნესისა თუ მასმედიის წარმომადგენელი როცა ხარ, და ათასობით ადამიანი შემოგცქერის ეკრანის მიღმა, მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვება! ელემენტარულად, უნდა ხვდებოდე, რას ამბობ და როგორ გაიგებს ამას ადამიანი.

ბოდიშის მოხდას რა უდგას წინ? დააკლდება რაიმე ან ერთს, ან მეორეს? არამგონია, ეს ის საკითხი იყოს, სადაც ჯიბრზე დგომა რომელიმე მხარეს არგებს, შეურაცხყოფილთა მხარეს კი ეგებ ადამიანთა მიმართ ნდობა აღუდგინოს…

წვიმიანი ფიქრები

სტანდარტული

არ გაგვიმართლა… ბათუმში 2 დღეა წვიმს. წვიმასაც ვერ დაარქმევ, უფრო თქორავს, ჟინჟლავს. საკმაოდ სიგრილე და ნესტი ტრიალებს ჰაერში. კედებს უკვე სპეციფიური შმორის სუნი ასდის, იმიტომ რომ უკვე 2 ჯერ დამისველდა მთლიანად, მაღალი ტენიანობი გამო კი სრულად გაშრობას ვერ ასწრებს. რაღა დამრჩენია? ოთახში ვზივარ და მარტინ შულიკის ფილმებს ვუყურებ. მერე პოსტისათვის ჩანაწერს ვაკეთებ. 6 ფილმი უნდა განვიხილო. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოვა, ამიტომაც ორ ნაწილად ხომ არ გავყოთქო? შეიძლება ასეც. საქმესაც არ უნდა დავიწყება და მოდუნება. ტოპოგრაფიული ანატომიის ატლასს ვათვალიერებ, ურგენტულ აბდომინალურ ქირურგიას და ქირურგიულ ცნობარსაც ვავლებ თვალს. სიმპტომების დასაზეპირებლად ვერა და ვერ მოვიცალე. ამასაც მოევლება, ალბათ. ჩანთაში ჩავიხედე დღეს და აღმოჩნდა, რომ გამოუსადეგარი ტანსაცმლით გამიტენია. მხოლოდ ერთი ჯინსი და ერთი თხელი გრძელმკავიანი მაქვს წამოღებული. მეცინება. მე ხომ ყველაფერში ასე მემართება. ქუვეიტში რომ ჩავიდე საცხოვრებლად, იმ დღესვე ეკონომიკური კრიზისი დაიწყება და კიდევ ერთხელ ირანი დაარტყამს ალბათ. Mindfuck!

ბათუმს ვეღარ ვცნობ საერთოდ. არცაა გასაკვირი. 5 წლის წინ ვიყავი აქ ბოლოს. მაშინ ერთადერთი ღირშესანიშნაობა მედეას ძეგლი იყო მხოლოდ.

დღემდე მიკვირს, ამ ბოზის ძეგლს რატომ არ იღებენ? რისი სიმბოლოა, ოქროს საწმისით ხელში რომ გამოხირულა? კაცზე გადარევის და ყლეზე დახამების? თუმცა, მედიცინის ქალღმერთობას არ დავუკარგავ. სიტყვა „მედიცინა“ ხომ სწორედ მედეას სახელიდან მოდის.

ანბანის კოშკი მომეწონა, მინდა გითხრათ. დღისით დიდი ვერაფერი, ღამით- მართლა ლამაზი სანახავია. იუსტიციის სახლის დანახვაზე სულ „ძირითადი ინსტიქტი“ მახსენდება. ამ ფილმის გახსენებაზე… საკმარისია, მეტის გახსენება და მოგონება არაა საჭირო. ამაზე ისედაც ბევრი დაიწერა და ითქვა სოციალურ მედიაში თავისდროზე.

ის კედელიც ვნახე, „ბათუმი თურქების გარეშე“-ო რომ მიუწერია Homo Sapiens-ად წოდებულ „უმაღლესი ინტელექტუალური გავითარების“ ცხოველს. შემრცხვა…

ჩვენ აქ რუსეთში არსებულ ნეონაციმს ვაკრიტიკებთ და მათი მთავრობის მიერ ქართველთა დევნას ქსენოფობიად ვაფასებთ, თვითონ კი… იქაც ეგრე დაიწყებოდა, რა გგონიათ. დღეს- კედელზე წარწერა, ხვალ- გინების მიყოლება ხმამაღლა (გულში თქმაში მაგრები ვართ, ხო იცი!), ზეგ- ცემა-ტყეპა, მერე კი… მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და პროცესს ნუ დავაჩქარებთ. მიკვირს, რატომ არ წაშალეს აქამდე? რა იცი, რა აზროვნების ადამიანი წაიკითხავს? ასეთი მესიჯები ავადყოფ ფსიქიკაზე ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენდა. გავიხსენოთ: წარსულიდან- ჩარლზ მენსონი (ამ უკანასკნელს ხალხის ხოცვის დაწყება ბითლზის Helter Skelter-ის მოსმენის შემდეგ გაუჩნდა),

თანამედროვეობიდან- ანდრეს ბერინგ ბრეივიკი (მისი სიტყვებით, მის ქმედებაზე დიდი გავლენა ლარს ფონ ტრიერის „დოგვილმა“ იქონია)

ორივე მეზიზღება ჩემთვის უსაყვარლესი ხალხის შემოქმედების შებღალვის გამო.

რას ვამბობდი? ხო, არაა გამორიცხული, ამანაც კი ვინმეზე გავლენა მოახდინოსმეთქი. აბა, ჩემი ნაწერი თუ მოახდენს ვიმეზე გავლენას? ეჰ, მეეჭვება, სამწუხაროდ.

მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი მცირეხნიანი ვოიაჟი აჭარაში. სექტემბერში საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს ვეწვევი და ასე… ეს იქნება ჩემი დასვენება წელს. მანამდე კი, სანამ აქ ვარ, რამდენიმე პოსტსაც შემოგთავაზებთ. ზღვის მარილიანი ჰაერი და ტალღების დგაფუნის ხმა ჩემ ფანტაზიას ზედმეტად აღიზიანებს.

ბათუმი

05:22

16 აგვისტო, 2012.