Tag Archives: პოლ მაკარტნი 70

ჩემეული Paul 70

სტანდარტული

“არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გამოირჩევი საზოგადოებისაგან! მთავარია, რამდენად ამჩნევს ამას საკუთრივ სოციუმი”- ჩაიბურტყუნა და კიბეზე ჩაირბინა. ნელა შეაბიჯა უცხო გარემოში. ნაცნობებს მოჰკრა თვალი. არ აჩქარებულა, კედლებზე ფოტოებს დაუწყო თვალიერება და ნელა განაგრძო სვლა. ზურა მისალმა, გადაკოცნა. გაუკვირდა და გაუხარდა რომ იცვნეს. დარბაზისკენ წავიდა. ნელა მოავლო თვალი სივრცეს. ცენტრში მოთავსებულ აპარატურას ჰკიდა მზერა. დაენანა, რომ დაკვრა არ შეუძლია და საერთოდაც მუსიკოსი არ არის. მისთვის განკუთვნილი მაისური გადაიცვა. დარბაზიდან გავიდა და წიგნებით სავსე მაგიდას მიაშურა.
-შეიძლება?
-რათქმაუნდა!
თითები გადაუსვა გარეკანს. ესიამოვნა სიგრილე. ფრთხილად აიღო და გადაფურცვლას შეუდგა. ილუსტრირებულმა ბიოგრაფიამ მაშინვე მოხიბლა. “რამდენი სურათი არ მქონია ნანახი!” წიგნი დახურა და უკანვე დააბრუნა. არ უნდოდა მთელი სიამოვნება დაეხარჯა. მომავლისთვის შეინახა. ხელში გათამაშების ბილეთი შეაჩეჩეს. ღიმილით ჩაიდო შარვლის უკანა ჯიბეში. არასოდეს არაფერი მოეგო და არც ახლა ელოდა რამეს. ხის დივანზე ჩამოჯდა, ტელეფონი ამოიღო და აზრების ჩაწერას მიჰყო ხელი.
“რადგანაც ჩვენ მოაზროვნე ცხოველები ვართ, გადარჩენის ინსტიქტი გვაიძულებს, რომ გავერთიანდეთ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში, რაც ჩვენ ინტერესებს ასაზრდოებს. და ინდივიდები, რომლებიც ცდილობენ მარტო დარჩნენ, გაემიჯნონ სოციუმს, თავიდანვე განწირულნი არიან.”
-დიტო, შემო დარბაზში!- ფეხზე წამოაყენა ზურამ და დარბაზისკენ წაიყვანა.
დივანზე ჩამოჯდა, აპარატურის წინ. დიდ საზოგადოებაში, ოჯახის წევრებთანაც კი, უხერხულობას განიცდის და უსიამოვნო შეგრძნება ეუფლება. თვალი დახუჭა და წარმოიდგინა, რომ საავადმყოფოშია, საოპერაციო ოთახის ხელსაბანთან და თავს სარკეში უყურებს. მომენტალურად დამშვიდდა. უცნაურმა აზრმა გაუელვა თავში. “იქნებ ქირურგია სწორედ იმიტომ მიყვარს, რომ ადამინებთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი? არა, არაა მართალი! საუბარი მანამდეც და მერეც მიწევს, მაგრამ ის სულ სხვა შემთხვევაა… აბა, რატომ ვგრძნობ თავს ყველაზე მშვიდად სწორედ საოპერაციო მაგიდასთან და არა სხვაგან?”
ფიქრებს თავი დააღწია და ირგვლივ მიმოიხედა. ხალხი მომატებოდა დარბაზს. უჰაერობის განცდამ მოიცვა. სწრაფად წამოდგა, გასასვლელისკენ მოუჩქარა ნაბიჯს. სუფთა ჰაერზე სიგარეტი მოწია. “ჰმ, სუფთა ჰაერი! ირონიულია!”. კვლავ უკან დაბრუნდა. ისეთი ადგილი შეარჩია, საიდანაც სცენასაც ხედავდა, დიდ ეკრანსაც, ვიდეო მონიტორსაც და გასასვლელთანაც ახლოს იდგა.
“რატომ არ იწყებენ?”- მოესმა ვიღაცის სიტყვები. “მართლაც და რატომ? თუმცა სად მეჩქარება?”
აგურის კედელს მიეყუდა. ხალხს დაუწყო თვალირება. “ყველა ვიღაცასთან ერთად მოვიდა. ნუთუ ასე ძლიერია გადარჩენის ეს პირველყოფილი ინსტიქტი? პრინციპში, ამას სახელად მეგობრობა ჰქვია, სამეცნიერო ტერმინებს რომ მოვეშვათ.”
ამასობაში, შეამჩნია, რომ მუსიკოსები ინსტრუმენტების გასწორებას შეუდგნენ. პირველი აკორდი… სისხლში სითბომ დაუარა, თმები დაებურძგლა და გულმა იგრძნო, რომ შეგრძნებები კიდევ შემორჩა. რითმს ფეხი ააყოლა, ტექსტს პირი, უხმოდ, მაგრამ მაინც. მერე ტაშიც შემოჰკრა, ისე გაშინაურდა. ასე იყო პირველ რამდენიმე კომპოზიციაზე, Get Back-ზე ცდუნებას ვერ გაუძლო და ხმამაღლა დაიწყო სიმღერა…

მიხვდა, ემოციები არ ჰყოფნიდა. დარბაზს გამოშორდა ცოტა ხნით. ამოისუნთქა. შეეცადა წამი შეენახა. სრულიად უცხო ტელევიზიის წარმომადგენელმა მიკროფონი მიუშვირა. წამით ვერ მიხვდა რა ხდებოდა. კამერის განათების შუქმა თვალი მოსჭრა. უარის თქმა გვიანი იყო. საოცრად დაბნეულმა მისცა ინტერვიუ. პირველი კითხვა ახსოვს მხოლოდ:
-თქვენ ბითლზს უსმენთ თუ პინქ ფლოიდს?
-ძირითადად ბითლზს.
ისე სიმართლე გამოუვიდა. ბითლზის გარდაც ხომ არსებობენ საოცარი შემსრულებლები? მაგალითად ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი…
სცენისკენ წაიწია. ამჯერად სხვა სიმღერამ აიტაცა…

“სანამ ერთი ადამიანი მაინც იკივლებს ამ სიმღერაზე, მანამდე ყველაფერი კარგად იქნება”- გაიფიქრა და ცრემლი მოადგა. თავი შეიკავა, ემოციებს საზოგადოდ არ გამოხატავს. ასე გაზარდეს. ასე ჩამოაყალიბა ცხოვრებამ.
მობილურით გადაღება გადაწყვიტა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა, მუსიკის შეურაცხყოფა იქნება ჩემი ყურმილით დამახინჯებაო. ზოგჯერ ბედნიერებისთვის აუცილებელია, რომ მომენტი განუმეორებელი იყოს. უცვლელი და შეურყვნელი, მხოლოდ შენს თავში. მეხსიერება მას რამდენადმე ასხვაფერებს, მაგრამ ამით მხოლოდ ხიბლს სძენს. მრავალგზის გამეორება უხარისხო ტელეფონის ეკრანზე, სილამაზეს უკარგავს და თანდათან ანაცრისფრებს.
კვლავ კივილმა აიტანა იქაურობა. თვითონაც აჰყვა ემოციურ ტალღას ბითლზის საფირმო თავის ქნევით…

თვალები დახუჭა და კონცერტზე მოხვდა. წინა რიგში, შავთეთრ ეკრანზე. ლივერპულელი ბიჭები კი მხოლოდ მისთვის უკრავდნენ იმ მომენტში. “სიცოცხლეს დავთმობდიო ასეთი შესაძლებლობისთვისო”- უნებურად გაუელვა.
მერე იყო “მოგონებები გარდასულ დღეთა” ძირძველი ბითლომანებისაგან, რომელთაც ამცნეს, როგორ რუდუნებით აგროვებდნენ “ბარიგის” მიერ გაყიდულ “ბითლზ-კევს”, რომელზეც თურმე ოთხეულის “ნაკლეიკები” იყო შემოხვეული. როგორ ყიდულობდნენ “მუსიკას ძვლებზე”, ანუ “პირატულად” ჩაწერილ სიმღერებს რენტგენის ფირებზე. წამით მიხვდა, რომ ამ ხალხთან შედარებით თვითონ უბრალოდ უსუსური ბითლომანია. შეშურდა კიდეც მათი.
ოთო მოვიდა. გადაკოცნა და კამერის წინ ჰკითხა:
-რატომ უნდა ჩამოვიდეს პოლი საქართველოში?
პირველი, რამაც თავში გაუელვა Back In U.S.S.R.-ში ნათქვამი “That Georgia’s always on my mind”, თუმცა ეს უკვე სხვას ჩაუწერია. ამიტომაც, ამის შემდეგ რაც პირველი აზრად მოუვიდა იყო: “სიყვარული!” მოგვიანებით გაანალიზა, რომ რაიმე კონკრეტული, ლოგიკური მიზეზი არ გააჩნდა პოლის საქართველოში სანახავად. არ აქვს კომერციული ან პოლიტიკური მიზანი. უბრალოდ უნდა და მორჩა. ესაა ალბათ სიყვარული… როგორ გადმოსცე სიტყვებით, რატომ უნდა ჩამოვიდეს მისი ღმერთი საქართველოში?
დაიღალა. დივანზე ჩამოჯდა. თვალები დახუჭა და სმენად იქცა…

და საოცარი სიმშვიდის განცდა დაეფლა. ამჯერად საოპერაციოში აღარ იდგა. ის აქ იყო, სრულიად უცხო ხალხით გარშემოტყმული, უცნობ ადგილას და ისინი ამ მომენტში მისთვის ყველაზე ახლობლები იყვნენ. გაეღიმა… ბედნიერება იგრძნო… როგორც იქნა…
“ეს არის სწორედაც ბითლზის და პოლის მუსიკა! მეტი, ვიდრე აკორდს აყოლებული ხმა. ჰანგები, რომელთაც შეუძლიათ სრულიად შეგცვალონ უკეთესობისკენ, სიცოცხლე გაგრძნობინონ. მარტივი, მსუბუქი მელოდია, რომელიც გულამდე აღწევს და ტვინის ბნელ ხვეულებში მიძინებულ ჭეშმარიტ “მეს” გაპოვნინებს…”
დასასრულს იყო “ჰეი, იუდა!” 🙂

ემოციებისგან დაიცალა, სანთებელა- თხევადი გაზისაგან. ვახოს, ზურას, ოთოს მადლობა გადაუხადა დაუვიწყარი საღამოსთვის.
-ბლოგზე რატო აღარ წერ?-ჰკითხა ოთომ
-დღეს დავწერ!-უპასუხა გაკვირვებულმა და საოცრად ნასიამოვნებმა.
-აბა შენ იცი! დეპრესიას ნუ მიეცემი!
ცდილობს… არ ნებდება… სანამ მუსიკა აქვს, ყოველთვის ეშველება.

P.S. დასასრულს, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი thebeatles.ge -ს   და ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ მშვენიერი საღამოს მოწყობაში.
P.P.S. პოლ, არ დაბერდე!
Rocks

Advertisements