Tag Archives: პროტესტი

დღევანდელობა ანუ Хочу перемен!

სტანდარტული

ჩამყაყებული საზოგადოების ნგრევის ერთ-ერთი პიონერი გახლდათ ვიქტორ ცოი. მისი შემოქმედება ე.წ. “ზასტოის” პერიოდის ბოლოს იწყება და მთელი სიძლიერით იფურჩქნება “პერესტროიკაში”. ახალგაზრდა, რომელიც არ მოერიდა საზოგადოებრივ ნორმებს, არ შეუშინდა საბჭოთა დაჟანგებულ მანქანას და ხმამაღლა თქვა ის, რაც იმდროინდელ ახალგაზრდობას  სტკიოდა. პირდაპირობა და სიმართლე– ეს გახლდათ მისი სიმღერების თანამდევი. თვითონაც პოზას არასოდეს იჭერდა, როგორც მღეროდა, ისე ცხოვრობდა.

“პერესტროიკასა” და დღევანდელობას შორის საინტერესო პარალელების გავლება შეიძლება. აღნიშნული ყველაზე მეტად ახალგაზრდა, სიცოცხლეს მოწყურებულ ახალგაზრდებს აწუხებთ და მტკივნეულად ახსენებთ თავს. თავისუფლების, რაღაც სიახლის ილუზია და ამასთანავე ამ მეტად უცხო ხილის გასინჯვის შეუძლებლობა. ჩამკვდარი სოციალური ცხოვრება, რომელიც  ადამიანთა ცალკეული ჯგუფების სახლში შეკრებით ახდენს კომპენსირებას. მაღალი უმუშევრობის დონე და აგრერიგად ძვალ-რბილში გამჯდარი სიზარმაცე.

მომავლის უსასრულო, სევდიანი იმედით ცქერა. ხშირად ამას მუდმივი მარტოობისა და გაუცხოების განცდაც ემატება, ახალგაზრდობა, საკუთარი მსოფმხედველობის გამო,  ირგვლივარსებულ საზოგადოებაში  თავს ხორცმეტად აღიქვამს. ეს ყოველივე  საერთო შტრიხად გასდევს 80-იანების “პერესტროიკასა” და ჩვენს დღევანდელობას.

წარმოუდგენელია, ახალგაზრდა- პროტესტის განცდის გარეშე, მსგავს პირობებში. “პერესტროიკის” თაობის პროტესტს ცოი აყალიბებდა საკუთარი სიმღერებით, რადგანაც მას, როგორც რიგით მოქალაქეს, მწვავედ სტიკოდა ირგვლივ არსებული მდგომარეობა. არ აქვს მნიშვნელობა, იქნებოდა ეს საზოგადო, თუ მეტად პირადი, ოჯახური პრობლემები. ლტოლვა რაღაც ახლისკენ, საკუთარი თვითმყოფადობის გამოხატვის მცდელობა, საერთო შებოჭილობის ფონზე – მეტად სახასიათო გახლდად მისი მუსიკისათვის. მსგავსად დამუხტული სიმღერები გამოხმაურებას ნათლად ჰპოვებს დღევანდელობაშიც.

ვაკვირდები რა ბოლო პერიოდში ახალგაზრდების, სტუდენტების გააქტიურებას და მათ ჩარევას საზოგადოების საჭირბოროტო საქმეთა დინებაში, ვხვდები, არსებობს შინაგანი მძაფრი პროტესტი, რომელსაც ვერ დაიტევს ვერც ფურცელი და ვერც კომპიუტერის ცივი ეკრანი. ამიტომაც, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ:

Хочешь ли ты изменить этот мир?

Сможешь ли ты принять как есть?

Встать и выйти из ряда вон?

Сесть на электрический стул или трон?

ამგვარი ახალგაზრდული ამბოხი მისასალმებელია. ეს ადამიანის გონებრივ პროგრესზე მიანიშნებს. ნათლად აჩვენებს, რომ გაუზრებელი ბავშვობიდან, მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადასვლა ხდება მწარე რეალობაში. ფაქტია, რომ ირგვლივ გამეფებულ არასამართლიანობას შეუჩვეველი თვალი გაცილებით მალე ამჩნევს და სანამ დასაკარგი არაფერი აქვს, ცდილობს გამოასწოროს ყოველივე.

სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანთა უმრავლესობაში ამგვარი პროტესტის მუხტი თანდათანობით ქრება და ერთდროს რევოლუციონერი ახალგაზრდები, კონფორმისტ, ბედს შეგუებულ ზრდასრულებად იქცევიან.

ცოი მისი თაობის ახალგაზრდობის ხმა გახლდათ, რომელმაც შეძლო და მილიონობით ადამიანის გულამდე მიიტანა საკუთარი და საზოგადო სატკივარი. მან მოახერხა, გაქცეოდა დროის ჩარჩოებს და ამიტომაცაა, რომ მისი ტექსტები დღემდე არ კარგავს აქტუალობას. სავარაუდოდ, ეს ყოველივე იმის ბრალია, რომ მას ყველაზე კარგად ესმოდა ეპოქის ტკივილი, გამოხატული ახალგაზრდათა თვალებში. იგი ხედავდა ამ ჩუმ, მდუმარე პროტესტს და არ უშინდებოდა მის გასაჯაროებას.

მუსიკოსის პროტესტის პიკს წარმოადგენს სიმღერა“Хочу перемен!” რომელიც “პერესტროიკის” ჰიმნადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. 90-იანი წლების ქართული ალტერნატივა, რომელმაც ერთგვარი სინათლე შემოიტანა ქართველთა გონებაში, თანდათანობით დავიწყებას ეძლევა, რაც ძალზე სამწუხარო ტენდენცია გახლავთ. თუმცა, მიუხედავად ამისა,  მეტად მსიამოვნებს, რომ მსგავსი ქვეტექსტის მატარებელი სიმღერები დღევანდელობაშიც იწერება ნელ-ნელა.  ეგებ, მუსიკამ მართლაც მოახერხოს რაიმეს შეცვლა, თანამედროვე ადამიანთა გონებაში…

ამჟამად, ჩვენ გარდამავალ სტადიაზე ვართ, დაღლილები სიტყვათა თამაშითა და ტყუილ-მართალის გამორკვევით ტელე-ეკრანებსა თუ Facebook-კომენტარებში. იმედია, მოვახერხებთ აქტიური მოქმედების ფაზაში გადასვლასაც…

ვიქტორ ცოი 1990 წლის 15 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა, თუმცა მისი იდეები დღემდე ცოცხლობს მის ტექსტებში. ამიტომაცაა, რომ მისი შემოქმედების  მოყვარულები, გამუდმებით ერთსადაიმავეს იმეორებენ: Цой Жив!

Цой Жив

Цой Жив!


			
Advertisements

ევოლუცია ქართულად

სტანდარტული

ყოველთვის მიკვირდა ადამიანების, რომლებიც ამბობენ: “არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე!” ამ სიტყვებში იგრძნობა განზე განდგომა შემეცნებისაგან და ეს ყოველივე კი ადამიანში ადამიანობის დეფიციტზე მიუთითებს. ევოლუციის ხსენებისას, თავში მაშინვე ასე გაღეჭილი ფრაზა, “გადარჩევა შერჩევის გზით” მოგვივა.  და თუ უფრო დავძაბავთ გონებას, ასევე შეიძლება გაგვახსენდეს “იმარჯვებს უძლიერესი”

დიდი ხნის განმავლობაში მიმაჩნდა, რომ ევოლუციამ ჩაიარა. ჩვენა ვართ მისი უმაღლესი საფეხური და მორჩა, აქ დაისვა წერტილი. ასე არ არის, ჩვენ ვვითარდებით და უბრალო რგოლი ვართ ამ ხანგრძლივ ჯაჭვში. გადარჩენისათვის ბრძოლას თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ჩვენამდე მოღწეულ ცხოველთა უმრავლესობას ერთი საერთო ნიშანი გააჩნიათ: მათ შეძლეს ადაპტირება მოცემულ გარემოში, გაუძლეს ბუნების კატაკლიზმებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში განიცადეს ტრანსფორმაცია, მაგრამ საბოლოოდ გადარჩნენ და ჩვენამდე მოაღწიეს. მინდა ვიფიქრო, რომ ადამიანებს, ამ კონკრეტულ ქვეყანაში, საქართველოს რომ უწოდებენ, აქვთ მომავალი, შეძლებენ გადარჩენას და არ დაიკარგებიან უსახელოდ ევოლუციის მკაცრ პირობებში.

საკუთარი აღნაგობის შემხედვარეს სულ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში: ამგვარი ფიზიკური მონაცემებით ველურ ბუნებაში სიცოცხლე არ მეწერა. ფიზიკური სიძლიერე და სიჯანსაღე  უპირველესი ფაქტორი გახლდათ პირველყოფილებში თვითგადარჩენის ინსტიქტის ამუშავებისას. ამიტომაც, ბავშვობიდან თავი მივეჩვიე იმ აზრს, რომ გადარჩენა გონებრივი სიძლიერითაც შეიძლება. სწორედ ეს იყო, ალბათ, ქვეცნობიერად ჩემი მამოძრავებელი ამდენი ხნის განმავლობაში. დაუღლელი გონებრივი მუშაობა, თვალსაწიერის გაფართოვება წიგნის ყვითელი ფურცლებიდან, საკუთარი მსოფმხედველობის გაჩენა და განმტკიცება. მიმაჩნდა, რომ კუნთების სიძლიერე არ განსაზღვრავს ჩემს არსებობას ამ ქვეყნად.

ვხედავ რა ადამიანებს, რომლებიც ცოდნას ზურგს აქცევენ, მე თვალნათლივ წარმოვიდგენ მათ ინდივიდებად, რომლებმაც ევოლუციას ზურგი აქციეს. თუ რაიმე დასკვნის გამოტანა შეგვიძლია პირველყოფილი ადამიანისა და თანამედროვის შედარებისას, ესაა მისი გონებრივი მუშაობის სინატიფის გაჩენა, ინტელექტის დახვეწა. ამის შედეგი იყო სწორედ პირველყოფილი იარაღების გამოგონება, თანდათანობით კომფორტის ცნების გაჩენა, საკუთარი მეს უზრუნველყოფა, ცხოვრების გამარტივება. ვაკვირდები რა საზოგადოებას, მიმაჩნია, ჩვენ კვლავ პირველყოფილთა დონეს დავუბრუნდით, ვერ განვვითარდით. გონის დაძაბვას, კუნთის დაჭიმვას ვამჯობინებთ. მტყუან-მართალის გარკვევისას მუშტებზე ვიყურებით, ლოგიკურ მსჯელობას უარვყოფთ და საკუთარი აზრის ძალით გატანას ვლამობთ. ამგვარი ევოლუცია კი იქამდე მიგვიყვანს, რომ გადავთელავთ სუსტ, მაგრამ მოაზროვნე ინდივიდებს, ფიზიკურად გავაქრობთ მათ და საბოლოოდ მივიღებთ ძლიერ, კუნთმაგარ, მაგრამ თავცარიელ ბრბოს, რომლის მართვა და დამორჩილება გონიერი ხრიკებით ძალზე მარტივია.

zezva-and-mzia

ტექნიკის პროგრესთან ერთად, გაადვილდა ცოდნის მოპოვება, მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერესმა იკლო. ეს სულ უფრო მარტივი შესამჩნევი ხდება. ამგვარი გაქანება საბოლოოდ ფსკერთან შეტაკებამდე მიგვიყვანს. ამ განწირულ რბოლაში თითოელმა უნდა სცადოს საკუთარი წვლილის შეტანა.

განვიცდი, რომ ჩემ ძმას წიგნზე მეტად კომპიუტერული თამაშები აინტერესებს. ვაძალებ, ვეჩხუბები კიდეც, მაგრამ ამგვარად ინტერესის გაჩენა სწავლისადმი წარმოუდგენლად მიმაჩნია. მის ასაკში მყოფი ირგვლივ გამეფებულ უსამართლობას ვუყურებდი. ჩემი და ცოტა უფროსი თაობის წარმომადგენლები კანონიერ ქურდობაზე მეოცნებე უსაქმურების ჯგუფი გახლდათ. მე მაშინ ერთგვარი პროტესტის განცდა მქონდა ირგვლივარსებული უცოდინარობის მიმართ, ერთგვარი მოტივატორი გახლდათ ეს ჩემთვის. იქედან მოყოლებული ვცდილობდი ამ ერთფეროვანი სიშავიდან თავის დაღწევას.

დღესაც თვალს ვავლებ ირგვლივ და კვლავ უკუნს ვხედავ. მინდა სინათლე შემოვიტანო, მცირედი მაინც, თუნდაც ჩემს ირგვლივ, მაგრამ საოცრად რთულია აღნიშნული გასაკეთებლად. იმედს არ ვკარგავ, მაგრამ გული მიგრძნობს საკუთარი მცდელობის სამომავლო კრახს. ვცდილობ საკუთარი თავი დავხვეწო. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, უფრო მეტად მიპყრობს სევდა, რომ ფიზიკურად არ ეყოფა ჩემი ცხოვრება ყველაფრის შეთვისებას. ამგვარი დეპრესიის დროს, ხშირად მსტუმრობს ამგვარი აზრი: იქნებ, მე ვცდები? ნუთუ მართლა კუნთების სიდიდე წყვეტს ყველაფერს ცხოვრებაში?

“კუზიანს სამარე გაასწორებსო”- ჩემზეა ზედგამჭრილი. ცოტახნის წინ მართლაც კინაღამ დამასამარეს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ფიქრსა და განსჯაში. პირიქით, ერთგვარი ხელშემწობი გახდა, თითქოს “მეორე სუნთქვა” გამიხსნა.

უბრალოდ, აღარ მინდა ისეთი საზოგადოებაში ცხოვრება, რომელმაც “არ იცის და არც აინტერესებს”, მეტი არაფერი…

მეგის ქარდავას “მექანიკური ფორთოხალი”

სტანდარტული

1971 წელს ეკრანებზე გამოვიდასტენლი კუბრიკის ლეგენდარული “მექანიკური ფორთოხალი”, ენტონი ბერჯესის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ნანახმა მაყურებელი შოკში ჩააგდო. ყველაზე სინტერესო რაც გახლავთ, იმის მაგივრად, რომ საზოგადოება დაფიქრებულიყო ძალადობის უაზრობაზე, ფილმმა პირიქით იმოქმედა. ბრიტანეთის მასშტაბით გაიზარდა ძალადობის შემთხვევები. ხშირად თავს ესხმოდნენ უსახლკაროებს, მათხოვრებს, დაუცველ ადამიანებს.

კადრი ფილმიდან "მექანიკური ფორთოხალი"

კადრი ფილმიდან “მექანიკური ფორთოხალი”

***

ეკრანზე ნანახი ყოველთვის დიდ ემოციას იწვევს მაყურებელზე. ჩემთვის ასე იყო პროკურატურის მიერ გავრცელებულ  კადრებზეც.  ეს იყო საშინელი ძალადობა ადამიანის შინაგან სამყაროზე, არანაკლებ შემძვრელი და ემოციური ვიდრე ფიზიკური ძალმომრეობა.

“მეგის ქარდავა”- მითოლოგიური პერსონაჟივით იქცა. არა, ჩემთვის უფრო მონსტრივით. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ გადაშენების პირას მყოფი იშვიათი ცხოველიათქო. კარგი, ბატონო, ეს ვიღაც მეგის ქარდავა დამნაშავეა, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ…

მაგრამ, მე, უბრალო ადამიანს მიჩნდება კითხვა, რეალურად ვინაა დამნაშავე?

ისევ და ისევ ჩვენ, საზოგადოება!  ხშირად გამიგონია “ტოლერანტულად” განწყობილი ადამიანებისგან: “აბა, სად ირღვევა მაგათი უფლებები? იყვნენ თავისთვის, ჩვენ არაფერს ვუშავებთო.” მეტი რაღა უნდა დავაშავოთ? ადამიანებს ვაიძულებთ გამუდმებით მალვაში იყვნენ, მუდმივად ნიღბით იცხოვრონ. ასეთ სტრესს კი რთულია გაუმკლავდეს ადამიანი. ა, ხო! ჩვენ ხომ მათ ადამიანებადაც არ აღვიქვამთ! რაღაა გასაკვირი? “იყოს გეი, ოღონდ მე ნუ გამაგებინებს” პრინციპი მუშაობს.

საზოგადეობის მენტალური მზაობა რომ ყოფილიყო, მსგავსი ჩანაწერების გაკეთების აუცილებლობა უბრალოდ არ იარსებებდა. ყველამ ჩავიხედოთ გულში. მცირეოდენი მეგის ქარდავა ჩვენც გვიზის ღრმად, სადღაც შიგნით, ზოგნი რომ სულს უწოდებენ.

ზოგიერთი, ამის წამკითხველი, გაბრაზდება ჩემზე. “მე, აქაოდა ტოლერანტულად ვარ განწყობილი სექსუალური უმცირესობების მიმართ და შენ ტალახს მცხებო”- მეტყვის. არა, ბატონებო! თქვენ საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ. “ჩვენში” მე საკუთარ თავს მოვიაზრებ. ჰომოფობ თანამოქალაქეებთან ერთად, მეც მიმიძღვის ჩემი წილი დანაშაული, საკუთარ ტვირთს საზოგადოებას ვერ ავკიდებ. როგორც ჩანს, საკმარისად აქტიურად არ გამოვდივარ და არ ვაპროტესტებ, საკმარისად არ ვითხოვ ადამინის უფლებათა დაცვას. ამის შეცვლა მაინც შემიძლია, საზოგადოების აზროვნების თუ არა. სოციუმის მსოფმხედველობის ცვლილებაც ასე იწყება, ერთი ადამინის გონებაში მომხდარი რევოლუციით.

ფსიქიატრიიდან ვისწავლე, როცა ძალადობას უყურებ და შენში ეს ემოციას იწვევს, ეს ნორმალურია. თუკი იგივეს რამდენჯერმე უყურებ, შენ ტოლერანტული ხდები ნანახის მიმართ და ემოციური გაღიზიანებაც წყდება. იმისათვის, რომ შემდგომში ძალადობამ შენში ემოციური გაღიზიანება გამოიწვიოს, იგი წინაზე, ადრე ნანახზე უფრო სასტიკი უნდა იყოს. ფსიქიკის აღნიშნული დაცვითი მექანიზმი ადამიანის გადარჩენაში ეხმარება, მაგრამ თავისთავად საშიშ ხასითს ატარებს, რადგანაც შესაძლოა ადამიანი მის წინაშე მომხდარი ძალადობის აქტის მიმართ ინდიფერენტული გახდეს, რადგანაც ეს მასში ემოციურ ფონს აღარ ცვლის. მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოებას ერთიანი პროტესტისათვის ციხის კადრებზე უფრო საშინელი კადრები სჭირდება, რათა ემოციური განმუხტვა მოახდინოს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ასე დიდი გამოხმაურება არ მოჰყვა. ააა, თუმცა რას ვამბობ! ჩვენ ხომ საქართველოში ვართ! ჩვენ ხომ სექსუალური უმცირესობის ბედი ფეხზე გვკიდია!

***

“მექანიკური ფორთოხალი” რატომღა ვახსენე? თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რაშია საქმეა. ნანახს და განცდილს საზოგადოებაში კათარზისი უნდა გამოეწვია. ასევე უნდა ყოფილიყო ჩვენს შემთხვევაში. ეკრანზე ნანახს უნდა გამოეწვია თანაგრძნობის, დაზარალებულთა ტკივილის განცდა, რასაც შემდეგ უნდა მივეყვანეთ კათარზისამდე, რაც საბოლოოდ გამოიწვევდა ფასეულობათა გადაფასებას. შემდეგ, შესაძლოა, ამას დიდი ცვლილებებიც მოჰყოლოდა…

სანაცვლოდ რას ვღებულობთ? კომენტარებში, უბრალო საუბრებში, კიდევ უფრო დიდი აგრესია ჩანს. საზოგადოების რაღაც ნაწილი საკუთარი საქციელით მეგის ქარდავას ამართლებს. საწყენია… სირცხვილია…

ნაწილი კი თვალებს ხუჭავს… და წყნარად აგრძელებს ცხოვრებას, ვითომც არაფერი მომხდარა…

საოცარი ანდაზა გვაქვს ქართველებს: “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი”

***

იშტვან საბოს “პოლკოვნიკი რედლი” ისტორიული ფაქტების ალტერნატიული, რეჟისორისეული ხედვა გახლავთ. აღნიშნული სურათი ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია რეჟისორის შემოქმედებაში.  პოლიტიკური თამაშები, სამეფო ინტრიგები და მუდმივად ნიღაბს ამოფარებული ადამიანის ტრაგედია- აი, რას ნახავთ ფილმში. გადახედეთ, ბევრი საინტერესო პარალელი გამოიკვეთება დღევანდელობასთან მიმართებით აღნიშნულ კინოსურათში.

კადრი ფილმიდან "პოლკოვნიკი რედლი"

კადრი ფილმიდან “პოლკოვნიკი რედლი”

 

ყვითელი პროტესტი

სტანდარტული

ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ დღეს დილიდან.

medianews.ge

როგორც აღმოჩნდა აღნიშნულ გაფიცვას წინ უსწრებდა გამაფრთხილებელი აქცია მერიასთან. ასევე გამართხილებელი აქცია მოაწყვეს მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა, თუმცა ისინი დღევანდელ გაფიცვას არ შეუერთდნენ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლიდან ვერ გავედი დღეს, თუმცა წარმომიდგენია, რა რთული მდგომარეობაა შექმნილი ქალაქში. მახსენდება  რამდენიმე წლის წინ სამარშუტო ტაქსების (“მარშუტკების”) მძღოლები გაიფიცნენ 1 დღით. წვიმდა. საშინელება იყო. ტაქსები გასამმაგებულ თანხას ითხოვდნენ, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ჰგავდა ეს ყოველივე…

“ამ ხალხის არ მესმის პირველივე დღიდან რომ გაფიცვები დაიწყეს აქამდე სად იყვნეენ? მოსწონდათ ხელფასები და ეხლა აღარ მოსწოონთ?”

“ეს ხალხი აქამდე ორმოში იჯდა? ეხლა გაახსენდათ, რომ დაბალი ხელფასები აქვთ?

“პირველ დღეს როცა დაიწყეთ მუშაობა, რატომ არ მოითხოვეთ უფრო დიდი ხელფასები. ვიცი, თავს იკლავდით, ოღონდ მანდ გემუშავათ, თან რომელ ხელშეკრულებაზე გაქვთ ხელი მოწერილი, თუ იცით? ყველა დაქირავებული ვართ იმ მთავრობის მიერ. როცა უნდათ, მაშინ გაგანთავისუფლებენ. რატომ ვაწერდით ხელს მაშინ იმ ხელფასებს? მოითმინეთ ხალხო, რა გჭირთ?”

“ყველა ამ დროს რომ იფიცებით, არ გრცხვენიათ??? ნაცებს რატომ არ სთხოვდით ხელფასების გაზრდას???ყველა ეხლა რამ გაგაგიჟათ???ან ვინ გყავთ დირიჟორი??? ამ ეტაპზე ასეთი გაფიცვები ღალატის ტოლფასია….თორემ ხელფასის მომატება ყველაზე მეტად მე მინდა”

“რატო აქამდე არ იღებდით ხმას?”

ასეთ კომენტარებს ვაწყდები ძირითად და ნერვები მეშლება… მერე მეცინება… სიმწრით…

“ბრბოც ყოველთვის მხოლოდ ერთს ითხოვს, : გთხოვ, გამხადე, გამაუპატიურე.”

“ჰანუსენი”. რეჟისორი: იშტვან საბო

ეტყობა საოცრად მოკლე მეხსიერება აქვს ხალხს. მე ჯერ არ ვუჩივი ჩემს გონებას.

ყვითელი ავტობუსების შემოსვლისას უმუშევრობის დონე გახსოვთ? რაღა არის გასაკვირი, რომ კაპიკებზე მუშაობასაც დათანხმდებოდა ხალხი, ოღონდ ოჯახი გამოეკვება! უარს იტყოდა და მეტს მოითხოვდა? მაშინვე მოიძებნებოდა ადამიანი, ვინც ამ კაპიკებზე იმუშავებდა.

ამდენი ხანი სად იყვნენ და რატომ არ იღებდნენ ხმას?  როგორც ჩანს აღარ გახსოვთ საზოგადოდ გავრცელებული შიში ხალხში, ამდენი ხანი რომ სუფევდა ირგვლივ! აღარ გახსოვთ არც 7 ნოემბერი, არც 25 მაისის ღამე! ვინც ხმას ამოიღებდა, სამსახურიდან რომ მოისვრიდნენ, ეტყობა ესეც არ იცით!

მე მიხაროდა, როცა ვნახე ხალხის მიერ შიშის დაძლევა და პატიმრების წამების გაპროტესტება! ასევე მიხაროდა, როცა ვხედავდი დაუსრულებელ რიგებს საარჩევნო უბნის წინ! ვიგრძენი, რომ ადამიანებმა გამოფხიზლება დაიწყეს. გამიხარდა, როცა ცხოვრებაში პირველად ვნახე, როგორ შეიძლება არჩევნების გზით მთავრობის შეცვლა! ახლა კი ვზივარ და მათ პირველ ნაბიჯებს ვაკვირდები ძალაუნებურად…

რკინიგზის მუშაკთა გაფიცვამ შექმნა ჯანსაღი პრეცენდენტი. აჩვენა, რომ თანამედროვე ეპოქაში მონობა მიუღებელია და ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა საკუთარი უფლებები დავიცვათ.  რკინიგზელთა პროტესტს უმრავლესობა მხარს უჭერდა. იმიტომ ხომ არა, რომ კონკრეტულად აღნიშნული პრობლემა, რეალურად მათ პირად კეთილდღეობას არ აწუხებდა და მათი პროტესტი სოციალურ ქსელებში სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთგვარი პოზის დაჭერა?

პროტესტი იმისაა, რომ ერთნაირად მიიტანოს  სატკივარი უმაღლეს ეშელონებთან და უბრალო ადამიანებთან. პროტესტი სწორედაც რომ უნდა შეგეხოს, შენ, უბრალო ადამიანს, რომ ადგე და შენც გამოხატო საკუთარი პოზიცია! ავტობუსის მძღოლებზე კი არა, მთავრობაზე უნდა გაბრაზდე ადამიანი! დიახ, სწორედაც მთვრობაზე! მერე რა, რომ ახალარჩეულია და ჯერ მხოლოდ სწავლობს ნაბიჯების გადადგმას. რაკი არჩევნებში მონაწილეობდნენ, გამარჯვებაზე ჰქონდათ პრეტენზია, სწორედაც რომ უნდა შეძლონ ახლა აღნიშნულ პრობლემებთან გამკლავება. გამოუცდელობა გამართლება არ არის!

წარმოვიდგინოთ, რომ ექიმთან ხართ, რომელიც გეუბნებათ, “იცით, მე ჯერ გამოუცდელი ვარ და რომ შემომაკვდეთ მკურნალობის პროცესში, არავინ გამამტყუვნებს, მე ხომ წინასწარ გაგაფრთხილეთ!” დარწმუნებული ვარ, თქვენ ადგებით და სხვა ექიმს მოითხოვთ, უფრო გამოცდილს და საკუთარი საქმის მცოდნეს. ექიმს, რომელიც ავადმყოფს მკურნალობას იწყებს, ზურგს უნდა უმაგრებდეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც იგი სტუდენტობის პერიოდში იძენს. თუ რაიმე პრობლემა ექმნება, უფრო გამოცდილი სპეციალისტისათვის დახმარების თხოვნის არ უნდა ეშინოდეს.  (შეიძლება ეს არასწორ შედარებად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმედია მიმიხვდით, რისი თქმაც მსურს).

ამ ეტაპზე ასეთი გაფიცვები ღალატის ტოლფასია” –  ამგვარი პოზიცია ყოვლად გაუმართლებელი და მიკერძოებულია. საკუთარი უფლებების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ნებისმიერ ეტაპზე გამართლებულია. დარწმუნებული ვარ, რომ მძღოლების უმრავლესობამ ამჟამინდელ სამთავრობო ლიდერს მისცა არჩევნებში ხმა უკეთეს მომავალზე “ოცნებით”. თუნდაც ასეც რომ არ იყოს და “მეტი სარგებლის” იმედით შემოეხაზა ბიულეტინი, რა, ეს ფაქტი მათ მოღალატეებად და მთავრობისგან გარიყულ ინდივიდებად აქცევთ მათ? დღევნდელი მმართველი ძალა ერთნაირად მმართველია მისდამი პოზიციურად და ოპოზიციურად განწყობილი ხალხისათვის!

რატომ მაინცადამინც დღეს გაიფიცნენ? იმის გამო ხომ არა, რომ “ქამრების შემოჭერის” საფინანსო პოლიტიკის პირობებში საპატრიარქოს დაფინანსება 22 800 000 მილიონი ლარიდან 25 მილიონამდე გაიზრდება. საპატრიარქოს ნამდვილად არ უჭირს დღეს და არც გაუჭირდება მრევლის სიმრავლის გამო. სამთავრობო პრიორიტეტები გლახაკ მოკვდავთა სურვილებისგან საკამოდ განსხვავდება, როგორც ჩანს!  უბრალო ხალხს წელი ისედაც გაწყვეტაზე აქვს და კიდევ ქამრის შემოჭერა რამდენად გვიშველის, მალე გამოჩნდება. ფრთხილად უნდა ვიყოთ! ემანდ, წელზე არ გავწყდეთ საერთოდ!

ფაქტია, რომ დღეს შიში აღარ არის საზოგადოების ქმედებების წარმმართველი, რაც დღევანდელ მთავრობას უნდა უხაროდეს, რადგანაც ეს ერთგვარად დემოკრატიის საწყისის ლაკმუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ. შეწუხებულ მგზავრებს ვურჩევდი, მძღოლებზე გაბრაზებას, უმჯობესია მხარი დაუჭიროთ მათ, რათა დროულად მოგვარდეს აღნიშნული კრიზისი.

P.S. ხვალ გამოცდა მაქვს მაღლივ კორპუსში. ნეტა, როგორ მოვახერხებ მისვლას?

“დაუნი რობოტების ცეკვა” ანუ ბოდიში

სტანდარტული

“მე ვიტყვი სიტყვას- ათასები ყურს დამიგდებენ. მე ვიტყვი სიტყვას შვენიერზე და ღვთაებრივზე და ჩემი სიტყვა თუ დაეცა ფხვიერ ყამირზე, ამ სიტყვას მერმე ათასები ისევ იტყვიან.”

“დიონისოს ღიმილი”

კონსტანტინე გამსახურდია

დაუნის სინდრომი განვითარების თანდაყოლილი დარღვევაა, რომელიც გონებრივი ჩამორჩენილობით, ძვლების ზრდის დარღვევითა და სხვა ფიზიკური ანომალიებით ვლინდება. ეს არის გონებრივი ჩამორჩენილობის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა, თუმცა სრული იდიოტიზმი არასდროს ვითარდება.
დაუნის სინდრომით დაავადებულები ინარჩუნებენ ნაყოფის განვითარების ადრეული სტადიისთვის ნიშანდობლივ ფიზიკურ თვისებებს, მათ შორის – თვალის ვიწრო ნაპრალს, რაც ადამიანს მონგოლოიდური რასისთვის დამახასიათებელ გარეგნობას სძენს. 1866 წელს ლ. დაუნმა სწორედ ამ ნიშნის საფუძველზე უწოდა დაავადებას მონგოლიზმი და განავრცო რასული რეგრესიის მცდარი თეორია. სინამდვილეში დაუნის სინდრომი რასობრივ თავისებურებებთან არ არის დაკავშირებული და ყველა ერის წარმომადგენლებს შორის გვხვდება.


დაუნის სინდრომით დაავადებულს აქვს დამახასიათებელი გარეგნობა: ბრტყელი კეფა, ფართო ცხვირის ძვალი, პატარა ყურები, თვალის ირიბი ჭრილი, ნახევრად ღია პირი, კბილების ანომალია. თითები – მოკლე და მსუქანი, ნეკი – შედარებით პატარა და შიგნით მოხრილი, მტევანსა და ტერფზე პირველ და მეორე თითებს შორის მანძილი გაზრდილია, კიდურები მოკლეა, სხეულის სიმაღლე – ნორმაზე ნაკლები. ამასთან ერთად, აღინიშნება კუნთების გამოხატული ჰიპოტონია, ხშირია გულის მანკი და ადრეული სიმელოტე, მომატებულია ინფექციური და სიმსივნური დაავადების (ლეიკოზები) განვითარების რისკი. დაუნის დაავადების დროს ავადმყოფებს სასქესო ნიშნები სუსტად აქვთ განვითარებული და მათ უმრავლესობას შთამომავლობა არ ჰყავს.

დაუნის სინდრომის შესაძლო მიზეზებს შორის უამრავ ფაქტორს განიხილავდნენ. ამჟამად დადგენილია, რომ დაავადების საფუძველს ქრომოსომის ანომალია წარმოადგენს: ამ დარღვევის მქონე პირებს 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა აქვთ. ზედმეტი ქრომოსომა უჯრედების მომწიფების დარღვევის გამო წარმოიქმნება.

წყარო: mkurnali.ge

დღეისათვის ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების უმეტესობა განკურნებადია, ხოლო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია და საშუალოდ 55 წელს შეადგენს. დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა. ასეთი ბავშვები გვიან სწავლობენ ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს, თამაშს, საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურ ჩვევებს. ამასთან, ისინი ზედმეტად მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოსადმი. მათი წყენინება ძალიან ადვილად შეიძლება. ამავე დროს, ისინი სწრაფად რეაგირებენ მეგობრულ და მშვიდ დამოკიდებულებაზე, უყვართ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, სიახლე, არიან ცნობისმოყვარენი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სკოლის მასალას ნელა სწავლობენ და ნელა ითვისებენ ჩვევებს, მაგრამ ძალიან მონდომებულნი არიან; სწავლებისა და აღზრდის პროცესში მათი წახალისება მეტად ეფექტურია. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დიდი გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ყველა მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ისევე როგორც სხვა ბავშვებს, მათაც განსხვავებული უნარ-შესაძლებლობები და ნიჭები გააჩნიათ; უმეტესობას სუსტი და საშუალო ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს, დაავადებულთა მცირე პროცენტში აღინიშნება ძლიერ გამოხატულიგონებრივი ჩამორჩენილობა.

წყარო: education.ge

ალბათ მიხვდებოდით, რისთვის დამჭირდა ასეთი რაკურსის გაკეთება. ბევრ თქვენგანს, დარწმუნებული ვარ, გაუგია აღნიშნული დაავადების შესახებ, ზოგიერთს შესაძლოა ურთიერთობა ჰქონია აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებთან. თუმცა როგორც ჩანს ნაღები საზოგადოების ზოგიერთ “გლამურულ” წარმომადგენელს ამის შესახებ წარმოდგენაც არ გააჩნია…

სიტყვა “დაუნის” გამოყენება თაკო გაჩეჩილაძისა და ია ფარულავას მიერ მსგავს კონტექსტში, სხვა არაფერია თუ არა შეურაცხყოფა! ეს არის შეურაცხყოფა აღნიშნული სინდრომის მქონე ყველა ადამიანისა და მათი ოჯახების წინაშე, და სხვა თუ არაფერი, მინიმუმ საჯაროდ ბოდიშის მოხდას მაინც საჭიროებს. ეს დაახლოებით ისეთივე დონის შეურაცხყოფაა, ვინმემ ამერიკულ ტელესივრცეში აფროამერიკელი “ნიგერად” რომ მოიხსენიოს!

მეზობელი მყავდა ბავშვობაში დაუნის სინდრომით. საოცარი პიროვნება გახლდათ. მასთან თამაში განსაკუთრებით მიყვარდა, ყველასგან განსხვავებული, ჩემთვის უცნაური ხედვა ჰქონდა სამყაროსი. ასაკის მატებასთან ერთად მასთან კონტაქტი დამეკარგა, საერთო ენის გამოძებნა მიჭირდა. ის თავის სამყაროში დარჩა, მე- ნაცრისფერ რეალობაში. დღემდე ვნანობ ამ ფაქტს! ბევრი შემეძლო მისგან მესწავლა, თუმცა უკვე დიდი ხანია გვიანია…

თავს ვერ დავდებ, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი: სავარაუდოდ ამ ადამიანებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ აღნიშნული პათოლოგიით გატანჯულ ადამიანებთან და მათი ოჯახის წევრებთან. მათ, მეეჭვება, ელემენტარულად იცოდნენ, რა ტკივილის გავლა უწევთ ასეთ ოჯახებს.

რათქმაუნდა, ცხოვრებაში ყველას გამოგვიყენებია აღნიშნული სიტყვა! გვითქვამს სხვისთვის “დებილო”, “კრეტინო”, მაგრამ დარწმუნებული ვარ აღნიშნული შემთხვევების უმრავლესობა ადრეულ ბავშვობაში დარჩა. მეც არა ვარ გამონაკლისი, ამიტომაც ბოდიშს ვუხდი ყველას ჩემი გაუაზრებელი, უნებური საქციელის გამო.

ადამიანები ვართ ყველა და შეცდომა ყველას მოგვდის! უნებურად გაფრენილ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად გამაღიზიანებელად საკუთარი თავისთვის გამართლების მოძებნა მეჩვენება.

“მე ვახსენე დაუნი პირველმა?! გასაგებია, რომ იმ ადამიანმა, ვინც ცეკვავდა, თავის თავს “დაუნი რობოტი” უწოდა და გაიმეორა ეს სამჯერ. მე გავაკეთე მხოლოდ სიტყვების გადათამაშება, მეტი არაფერი. მე საერთოდ არ ვგულისხმობდი, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინა დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის, ან მათი მშობლებისთვის. მე დღეს ფეისბუკზე განვათავსე სტატუსი და ძალიან კარგი გამოხმაურება მქონდა, თან არამხოლოდ მეგობრებისგან… ეტყობა, ვიღაცას რაღაც პიარის გაკეთება უნდა. ადამიანის უამრავი უფლება ირღვევა: ხალხს ციხეში აწამებენ, ტრეფიკინგებია და ჩემს ერთ სიტყვას ეკიდებიან… მე ვფიქრობ, რომ ერთგვარ პიარს აკეთებენ და არ გავაკეთებინებ პიარს ია ფარულავას ხარჯზე”– განაცხადა ფარულავამ  medianews.ge -სათვის მიცემულ ინტერვიუში.  “სიტყვების გადათამაშება” ვინმეს ათავისუფლებს პასუხისმგებლობიდან? აი, რომ ავდგე ახლა და ჰიტლერის სიტყვები ებრაელთა ჰოლოკისტის შესახებ “გადავათამაშო” მართალი ვიქნები? “გადაათამაშა” და შავად იხუმრა ლარს ფონ ტრიერმა კანში, 2011 წელს.

ამას ის მოჰყვა რომ ამიერიდან მისი ფილმები ვერცერთ პრესტიჟულ ფესტივალზე ვერ მოხვდება. მოიხადა ამ ადამიანმა ბოდიში, პოზა არ დაუჭერია.

ციხის მოვლენებს რა პროტესტიც მოჰყვა, ყველას გახსოვთ. რატომ მიაჩნია ამ ადამიანს, რომ მის სიტყვებსაც არ უნდა მოჰყვეს გამოხმაურება? ფაქტია, რომ დიდი, ჯერ-ჯერობით გადაუჭრელი პრობლემები კვლავ არსებობს ქვეყანაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი ყურადღების მიღმა უნდა დავტოვოთ!

მიმაჩნია, რომ როცა შოუ-ბიზნესისა თუ მასმედიის წარმომადგენელი როცა ხარ, და ათასობით ადამიანი შემოგცქერის ეკრანის მიღმა, მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვება! ელემენტარულად, უნდა ხვდებოდე, რას ამბობ და როგორ გაიგებს ამას ადამიანი.

ბოდიშის მოხდას რა უდგას წინ? დააკლდება რაიმე ან ერთს, ან მეორეს? არამგონია, ეს ის საკითხი იყოს, სადაც ჯიბრზე დგომა რომელიმე მხარეს არგებს, შეურაცხყოფილთა მხარეს კი ეგებ ადამიანთა მიმართ ნდობა აღუდგინოს…