Tag Archives: საბჭოთა პროპაგანდა

კინოს გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

სტანდარტული

„თუკი გექნებათ კარგი ქრონიკა, სერიოზული და საგანმანათლებლო სურათები, არაუშავს, მაყურებლი მოსაზიდად რაიმე უსარგებლო ფილმიც რომ აჩვენოთ… რათქმაუნდა, ცენზურა მაინც საჭიროა. კონტრევოლუციური და უზნეო ფილმები არ უნდა დავუშვათ“

ვლადიმერ  ლენინი

***

რა ძალა გააჩნია კინოს და რა ზემოქმედების მოხდენის უნარი შესწევს მას ადამიანის ფსიქიკაზე? რით ემსგავსება მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის პროპაგანდისტული კინო თანამედროვეობის ხანის ფილმებს? რა ზიანის მოტანა შეუძლია სინემას? მოვყვეთ ქრონოლოგიურად.

***

საკუთარი იდეოლოგიის გასატარებლად, ევროპული სახელმწიფოები კინოს გამოყენებას მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან იწყებენ. 1920-იან წლების დასაწყისში კი კინემატოგრაფი მასაზე მოქმედების მძლავრ იარაღად ყალიბდება.

1922 წელს ლენინი იტყვის, რომ „კინო ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებაა.“ მისი სიტყვები განსაზღვრავს შემდგომი ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კინემატოგრაფის განვითარების კალაპოტს.

პროლეტარიატის კულტურული განვითარებისათვის ბრძოლაში უხმო, მოძრავი სურათები მოწინავე რიგებს იკავებენ.

პროპაგანდისტული კინო შეიძლება ორ ძირითად მიმდინარეობად დავყოთ: პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროპაგანდა. საზოგადოებრივი პროპაგანდა ნათლად წარმოაჩენდა ყოფით პრობლემებს: გაჭირვება, ჰიგიენის მნიშვნელობა, სოფლის მეურნეობის განვითარების სირთულეები. თავისი არსით, ამგვარი პროპაგანდა ხელს უწყობდა ადამიანის თვითშეგნების ამაღლებას და იგი არანაირ საფრთხეს არ შეიცავდა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროპაგანდას. ამ მხრივ გამოსაყოფია კინოს თეორეტიკოსის, საბჭოთა კინოს სულისჩამდგმელი სერგეი ეიზენშტეინის ადრეული ნამუშევრები.

„გაფიცვა“

„ჯავშნოსანი „პოტიომკინი“

„ოქტომბერი“

აღნიშნული სურათები ამდენი წლის შემდეგაც კი მაყურებელში აგრესიას იწვევს. საოცრად გადმოცემულ ეკრანულ სისასტიკეს რეალობა უდევს საფუძვლად, რასაც რეჟისორი ბურჟუაზიას, „თეთრ ინტელიგენციას“ აბრალებს. შეიძლება ითქვას, იგი პროპაგანდას უწევს ადამიანთა ამ ჯგუფზე ძალადობრივ ქმედებებს, რაც იმდროინდელ მოქალაქეებში, იმდროინდელი ემოციური ფონის გათვალისწინებით, უცილობელ აგრესიას გამოიწვევდა. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტების მოძიება ვერ ხერხდება, რადგანაც საბჭოთა სისტემა ამის გამოაშკარავებას არ დაუშვებდა.

***

პოლიტიკური, აგრესიული პროპაგანდის და ადამიანთა ფსიქიკაზე ზემოქმედების კლასიკურ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ფაშისტური პროპაგანდა და მისი ფლაგმანი, ლენი რიფენშტალი. მისი ფილმები,  „რწმენის გამარჯვება“,  „ვერმახტის თავისუფლების დღე“, საოცარი პათოსით არის გაჯერებული და მაყურებელს უეჭველად პატრიოტულ განწყობაზე დააყენებდა, ჯარისკაცებს საკუთარ თავში თვითდაჯერებულობას მოუმატებდა, უბრალო მოქალაქეებს კი ნაცისტური პარტიისადმი სიმპატიით განმსჭვალავდა.

„რწმენის გამარჯვება“

„ვერმახტის თავისუფლების დღე“

მისი ფილმი, „სურვილის ტრიუმფი“, არის ოდა, მიმართული ჰიტლერის პიროვნების კულტის შესაქმნელად.

სურათი იმგვარად არის გადაღებული, რომ ახლაც კი, რომ არ ვიცოდეთ ფიურერის ნამდვილი სახე, მის მიართ სიმპატიით განმსჭვალავდა მაყურებელს. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა სურათი ნაცისტ ჯარისკაცებზე და მოქალაქეებზე. ფაქტია, რომ კინოს სისხლიანი რეჟიმები მასაზე მოქმედების იარაღად იყენებდნენ. ადამიანთა გონებაში ნერგავდა იდეას, რომ ყველაზე მაღლა იდგნენ განვითარებით და მსოფლიო ბატონობისათვის ყველას დამონება, ან უკეთესი, ამოწყვეტა, გამართლებული აზრი გახლდათ.

***

1971 წელს გამუსულმა, სტენლი კუბრიკის „მექანიკურმა ფორთოხალმა“ (ენტონი ბერჯესის იმავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაცია) გამოიწვია შოკი. ფილმის მთავარი მოქმედი გმირის აგრესიული ქცევის გამშვები მექანიზმი გახლდათ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ჰანგები.

თვითონ ის ფაქტი, რომ წარმოჩენილი იყო მუსიკის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, აღნიშნულ სურათს უნიკალურს ხდის. საოცარია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ საზოგადოება დაფიქრებულიყო ძალადობის უაზრობაზე, ფილმმა პირიქით იმოქმედა. ბრიტანეთის მასშტაბით გაიზარდა ძალადობის შემთხვევები. ხშირად თავს ესხმოდნენ უსახლკაროებს, მათხოვრებს. აღნიშნულმა ფაქტმა ცხადყო, რაოდენ დიდი გავლენი მოხდენა შეუძლია მხატვრულ სურათს ადამიანის ფსიქიკაზე და რამდენად განაპირობებს მის ქცევას.

კადრი ფილმიდან "მექანიკური ფორთოხალი"

კადრი ფილმიდან “მექანიკური ფორთოხალი”

***

საბჭოთა კავშირის დასუსტებამ გამოიწვია ცენზურის შემცირება და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ჰოლივუდური ბლოკბასტერები. ფილმებში ნაჩვენებმა ძალადობამ იმდენად იმოქმედა ახალგაზრდებზე, რომ მათ დაავიწყდათ, რომ სურათში მთავარი გმირი ხშირად ტყვიამიუკარებელია. ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებისას დაფიქსირებული შემთხვევები, როცა ახალგაზრდა მეომრები, კინოს გავლენით, ივიწყებდნენ ელემენტარულ, დაუწერელ კანონებს: აქტიური ცეცხლისას სანგრის დატოვება სიკვდილის ტოლფასია. ხშირად ისინი ჯონ რემბოს მსგავსად იქცეოდნენ ბრძოლის ველზე, რასაც ფატალური შედეგები მოჰყვებოდა. კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ეკრანზე ნანახი ადამიანის გონებაზე

***

1995 წელს გამოსული, სკოტ კალვერტის ფილმი „კალათბურთელის დღიურები“ 2 შემზარავი დანაშაულების მიზეზი გახდა. 1997 წელს ჰიტის სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გაუხსნა თანაკლასელებს, 1999 წელს კი კოლუმბაინის სკოლაში ორმა სტუდენტმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. ორივე შემთხვევაში გამოძიებამ დაადგინა, რომ მსგავსი ქმედების იდეა დამნაშავეებმა სწორედ აღნიშნული ფილმიდან აიღეს, სადაც მთავარი მოქმედი გმირი წარმოიდგენს, თუ როგორ ხოცავს მასწავლებელსა და თანაკლასელებს.

2011 წელს ნორვეგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 77 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დამნაშავემ, ანდრეს ბერინგ ბრეივიკმა აღნიშნა, რომ აღნიშნული იდეა მას მიაწოდა ლარს ფონ ტრიერის ფილმმა, „დოგვილი“

***

საკმარისად ბევრი ფაქტი ჩამოვთვალე, რომ განსჯას შევუდგე. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა საზოგადოებას აჩვენებ ფილმს და რა პოლიტიკურ -სოციალური სიტუაცია სუფევს ირგვლივ. რომ არაფერი ვთქვათ მხატვრული სურათის ღირებულებასა და ხარისხზე. ფილმი მაყურებელზე დიდ  გავლენას ახდენს და მასში განსხვავებულ ემოციას იწვევს. ამ დროს გასათვალისწინებელია მაყურებლის ფსიქიკური მდგომარეობა და მზაობა ფილმში გამოთქმული აზრის მისაღებად. ჩემი აზრით, უმრავლეს შემთხვევაში, ავადმყოფური აზრი უკვე არსებობს დაავადებულთა გონებაში, მხატვრული სურათი კი მისი განხორციელების გამშვებ მექანიზმად გვევლინება. შესაძლოა, იგი ზოგჯერ აღნიშნული აზრის მასაზრდოებელიც კი იყოს წლების განმავლობაში, მაგრამ იმაზე მსჯელობა, რამდენად შეუძლია ფილმმა გონებაში ჩათესოს ავადმყოფური იდეა, საკმაოდ რთულია. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ იგი ავადმყოფური იდეის პირველწყაროდ მოიაზრება, შეუძლებელია მან ავადმყოფური აზრი ჯანსაღ ფსიქიკას მოახვიოს, რადგანაც ჯანმრთელ ადამიანს ლოგიკური განსჯის უნარი აქვს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, საკითხავია: რამდენად მზად იყო ფსიქიკა, როცა მას ფილმმა იდეა მიაწოდა? სავარაუდოდ, ქცევის განსახორციელებლად წინასწარგანწყობა, თუნდაც ქვეცნობიერის დონეზე, უკვე არსებობდა და მხატვრული ნამუშევარი დაეხმარა ცნობიერს აზრის ქვეცნობიერიდან ამოტანაში, გახდა ინსპირატორი.

პრაქტიკოსი ფსიქიატრისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, გაიგოს პაციენტის გემოვნება ფილმებში. ეს შესაძლოა დაეხმაროს მას ავადმყოფის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაში. რათმაუნდა გასათვალისწინებელი ფაქტორია, რამდენად ემოციურად აღიქვამს იგი სურათს. ეს საშუალებას მისცემს სპეციალისტს ზუსტად გაერკვეს ავადმყოფური იდეის გაჩენისა და ჩამოყალიბების მექანიზმში.

***

პიერ პაოლო პაზოლინის უკანასკნელი ნამუშევარი„სალო ანუ სოდომის 120 დღე“ საკრალური გახდა რეჟისორისათვის. ფილმში ნაჩვენები ენითუთქმელი სისასტიკე გულგრილს ვერ დატოვებს მაყურებელს ამდენი წლის შემდეგაც კი. მარკიზ დე სადის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციის გამო, ეჭვიც კი გაჩნდა, რომ რეჟისორის ფსიქიკა სრულად ჯანსაღი არ იყო, იმდენად შოკისმომგვრელი იყო ფილმში ნაჩვენები კადრები…

მისსავე შედევრს ჰგავდა პაზოლინის სიკვდილიც. 10 მოტეხილი ნეკნი, გაგლეჯილი გული, ჩამტვრეული ქვედა ყბა, მოტეხილი მარცხენა ხელი, თითქმის მოგლეჯილი ორივე ყური: ასეთ მდგომარეობაში იპოვეს გენიალური მაესტროს გვამი…

Advertisements

წითელი ნაძვის ხე

სტანდარტული

ნაძვის ხის მორთვისათვის თადარიგი რატიმ რამდენიმე დღით ადრე დაიჭირა. წინასწარ შეიძინა სათამაშოები. თეთრი, ვარდისფერი და წითელი ბრჭყვიალა ბურთები, ოქროსფერი ვარსკვლავები, საახალწლო განათებაც არ დავიწყნია. კვირა დღისათვის გადაწყდა ნაძვის ხის მორთვა.

ნასვამი დავბრუნდი გლდანიდან. სახლში უკვე ფუსფუსი გაჩაღებულიყო. ნინო და იაკო,  სახლის დალაგების პროცესში იყვნენ. მალე გადმოვიღეთ სალომეს მიერ შარშან 2 ლარად ნაყიდი ნაძვის ხე და ბავშვებიც მის გამართვას შეუდგნენ. მე ზედმეტად ნასვამი ვიყავი ამ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. სავარძელში ჩავეშვი, ლუდის ჭიქით ხელში. მთვრალმა აზრებმა წამიღო…

***

სახლში, მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთი ნაძვის ხე გვქონდა, საბჭოთა დროიდან შემორჩენილი. თხელი, პლასტმასის ბრტყელი ნაწილებისგან შედგებოდა. ასევე ბრტყელი, სამკუთხა ხის სადგამი ჰქონდა, რომელის ცენტრშიც რკინის წვრილ შტირს ჩაამაგრებდი და ამავე შტირზევე წამოაგებდი დანარჩენ ნაწილებს. სათამაშოებიც ძველი დროისავე გვქონდა. მინის, წითელ-ყვითელი, თავმოჭმული სათამაშოები, ორმაგი ძაფის საკიდებით.

დაახლოებით მსგავსი

დაახლოებით მსგავსი

ასევე საოცრად ძველი, გატყაული წვიმები. ნაწილი- უსაშელოდ გრძელი, რამდენჯერმე რომ მოევევა ნაძვის ხეს, ზოგიც პატარა, პომ-პომებივით. ნარინჯისფერი გასანათებელი, ოდნავ ჩამოღვენთილი სანთლები, რამდენიმე წყებად ეხვეოდა ხეს და მისი მკრთალი ალი ანათებდა მომცრო ოთახს. დიდი, უზარმაზარი მინის მზე, რომელსაც ნაძვის ხის ძირას დაფენილ ბამბაზე ვდებდით ქართველი თოვლის ბაბუს პლასტმასის სათამაშოს გვერდით.  კენწეროს სამშვენისად ჰქონდა წითელი, მანათობელი ვარსკვლავი, რომლის ციალიც თვალებს მიბლიტავდა და მის ყურებაში მეძინებოდა ყოველთვის, ახალი წლის დღეებში.

მანათობელი ვარსკვლავი

მის ქვეშ აუცილებლად ვკიდებდით ოვალური ფორმის მინის სათამაშოს, რომელზეც საათის ციფერბლატი იყო გამოსახული და მუდმივად ერთსადაიმავე დროს, 23 საათსა და 55 წუთს უჩვენებდა.

საათი

საოცარი ნაძვის ხე მქონდა… ჯადოსნური და ძილისმომგვრელი…

***

საბჭოთა სიმბოლიკაზე ხშირად ვფიქრობ. დღევანდელმა ნაძვის ხის აწყობის ცერემონიამაც ჩემს მოგონებაში ბავშვობის მოგონებათა ხატება ამოატივტივა. „სამამულო“ პროპაგანდა ახალწელსაც კი არ ივიწყებდა. დიად დედაქალაქს, მოსკოვს, ყველა ვერ სტუმრობდა, თუმცა ახალ წელს თვითონ მოჰქონდა მისი მკრთალი ანარეკლი ყველა ოჯახში. ნაძვის ხის კენწეროზე მყარად დამაგრებული ვარსკვლავი და მის ქვეშ აუცილებლად ჩამოსაკიდი საათი, სხვა არაფერი იყო, თუ არა კრემლის ალუზორიული გამოხატულება… და რიგითი საბჭოელიც კმაყოფილი იყო ამით… ასევე ასწავლიდა თავის პატარას  მმართველობის მოწოდებებს. საინტერესოა, ესოდენ უწყინრი მოხატულობა, რამხელა აზრის მატარებელი შეიძლება იყოს…

მოგვანებით იყო მოწოდებები, ჩიჩილაკის პატრიოტული დატვირთვის შესახებ… რომ ეს არის სწორედ ქართული ნაძვის ხე და ყველა პატრიოტი ახალ წელს სწორედაც რომ ამ გაჩეჩილი ხის მომცრო ნაჭერით დამშვენებულ ოთახში უნდა შეხვდეს…

საბჭოთა პროპაგანდას გონებაში, აზროვნებაში უნდა ვებრძლოთ და არა სიმბოლიკაში. რკინის ნაჭერზე გამოსახული ნამგალი და ურო არაფერია, როცა ხალხის  ტვინია დადაღული მსგავსი შტამპით.

მშობლებს არასოდეს უთქვამთ  მსგავსი ფაქტები ჩემთვის. წლების შემდეგ, თვითონვე მივხვდი ყოველივეს. ჩემი ახალი წელი არ იყო გაჯერებული პროპაგანდისტული დაპირებებითა და ლექციების კითხვით. ამიტომაც, რამდენჯერ ნაძვის ხეს მოვკრავ თვალს, სულ ჩემი ბავშვობის საახალწლო მორთულობა მიტივტივდება გონებაში. მიუხედავად მსგავსი “სამამულო” დატვირთვისა, ეს ჩემთვის მაინც უმწიკვლო ხასიათს ატარებს. მე ხომ გონება მაქვს თავისუფალი წითელი აჩრდილებისაგან.

მომენატრა სანთლების ნარინჯისფერი ციალის ყურებაში ჩაძინება…

***

რატისა და გოგოების მიერ მორთულ ნაძვის ხეს წითელი ვარსკვლავი არ ამშვენებს, არც თოვლის პაპა ან სანტა-კლაუსი ჩანს მის ახლომახლოს. ერთი შეხედვიდაც კი იგრძნობა, რომ უკვე გავიზარდეთ… ერთგვარად სევდის მომგვრელია ეს სანახაობა…

ჩვენი ნაძვის ხე

თბილისი

23-24 დეკემბერი

2012