Tag Archives: 1986

BIAFF 2011. ალექსანდრე მინდაძე

სტანდარტული

სასაცილოა, რომ ახლა ვცდილობ შარშანდელი კინოფესტივალის ქრონიკა შევქმნა.  სხვა ქალაქში კინოსთვის წასვლა, სამწუხაროდ, ჩემს ძალებს სცილდება. ამიტომაც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა 2011 წელს ჩენგან შეუმჩნევლად ჩაიარა. მოგვიანებით მოვიძიე მხოლოდ ინფორმაცია ფილმების შესახებ, რამდენიმე რეცენზიას გადავხედე და ეს იყო სულ. დავგეგმე კიდეც, ამ ფილმებს აუცილებლად ვნახავთქო და როგორც იქნა, ერთი წლის თავზე მოვახერხე კიდეც. ნამუშევართა უმრავლესობა “პირატულად” გადმოვწერე და ჩავუჯექი. ამიტომაც ამ ფესტიფალს სახელიც შევუცვალე ჩემებურად: საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო პირატული ფესტივალი 2011.

თბილისის კინოფესტივალის დროსაც ვფიქრობდი “პირატული” პოსტების დაწერას. ფილმების უმრავლესობა ვნახე მაშინ… ასევე “პირატულად”. სახლიდან გასვლა დამეზარა კინოთეატრში. სიმართლე ითქვას ამდენი ფულიც არ მქონდა, რომ ყველაფერი მენახა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვფიქრობდი პოსტების მთელი სერიის დაწერას, მაგრამ გადავიფიქრე. არანაირი ინტერესის იმედი არ მქონდა. ახლაც ასეა, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ, ომარას რჩევას დავუჯერებ და ყველაფერს დავიკიდებ. მხოლოდ ჩემთვის დავწერ…

გახსოვდეთ, რომ მე უბრალო მაყურებელი ვარ, რომელსაც კინოსთან მხოლოდ სიყვარული აკავშირებს და ამიტომაც ფილმებისა თუ რეჟისორების შეფასება შესაძლოა მეტად სუბიექტური იყოს.

ჩემეული შეფასებები იწერება ფილმის ნახვისთანავე, ამიტომაც ემოციები შესაძლოა გადაჭარბებულიც მოგეჩვენოთ.

არტ-ჰაუსს „განწყობის კინოს“ ვეძახი. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის მოქმედების ქვეშაც უყურებ სურათს. ხარ თუ არა მზად იმისათვის, მიიღო ფილმში გადმოცემული პრობლემა, ნამდვილად განწყობაზეა დამოკიდებული. ამიტომაცაა ალბათ, რომ ზოგჯერ ძალიან კარგ კინოს კრიტიკოსები მიწასთან ასწორებენ, სრულიად უსამართლოდ. პრინციპში არც გაემტყუნებათ, ისინი ხომ ამ საქმის სპეციალისტები არიან და რეჟისორისგან გაცილებით მეტ მოითხოვენ, ვიდრე უბრალო მაყურებელი.

დიდად არ მჯერა რეჟისორების, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩრდილში იყვნენ და უეცრად, 60 წელს მიახლოებულნი რომ დაიწყებენ კინოს გადაღებას. მიმაჩნია, რომ ნიჭიერი ადამიანი ახალგაზრდობაშივე, ყველაზე პროდუქტიულ წლებში შეეცდება საკუთარი სიტყვის თქმას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასაკოვანი რეჟისორისგან სადებიუტო ნამუშევრად შედევრს ველოდები რატომღაც. ვფიქრობ, კაცი, რომელიც ამდენი წელი ჩუმად აკვირდებოდა მოვლენებს, ამდენი რამ ნახა და გამოირა, ალბათ შეჯამებას გაუკეთებს თავის გზას და დაგვანახებს პრობლემებს, რომლებიც ნებისმიერ ასაკში პრობლემატურია, რამეთუ განუცდია თვითონ ახალგაზრდობიდან დღემდე მოყოლებული…

ალექსანდრე მინდელის პიროვნებამ თავიდანვე დამაინტერესა. ამ ადამიანს არაფერი სცხია ქართული, გარდა გვარისა. თუმცა ეს საერთოდ არ მაწუხებს. მე უფრო მაინტერესებდა, რა ჰქონდა ამ ადამიანს ასეთი სათქმელი, რომ სარეჟისორო სკამს 58 წლის ასაკში მიუჯდა.

მისი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი გახლავთ  Отрыв.

გადმოვიწერე, დიდი იმედებით მივუჯექი და… საოცრად უკმაყოფილო დავრჩი. თითქოს ფილმი „ტრაკში-პერო“ საზოგადოებისთვის გადაიღო, ისეთი შეგრძნება დამეუფლა. შეეცადა, რომ გადმოეცა ადამიანური ბუნების სურათები მძიმე ტრაგედიის ფონზე, დაეხატა სასოწარკვეთილი ხალხის ემოციები, ამას დაუმატა მდარე მისტერია, ხმაურით დაბინძურებული კადრები, რამდენიმე შიშველი სცენა „მსუბუქი ეროტიკის“ ჟანრში და „შედევრიც“ მზადაა. ისეთი შეხედულება შემექმნა, რომ საკმაოდ საინტერესო სცენარი უბრალოდ გააუპატიურა. აზრი ვერ განავითარა, სიტუაცია ჩახლართა და საბოლოოდ თვითონვე გაება ამ კვანძებში. მოკლედ, კაცმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისი ფილმი წესიერად ვერავის გაეგო და სნობების წრეში საინტერესო არტ-ჰაუს რეჟისორის სახელი მოეპოვებინა.  ფილმის ნახვისას სერიალი Lost გამახსენდა. მათაც კარგად დაიწყეს და საშინლად დაასრულეს ფრიად საინტერესო სცენარი თავიანთი უთავბოლო ბორიალით. მოკლედ, პირველი შეხედულება, ალექსანდრე მინდაძეზე, საოცრად უარყოფითია. იმედია, ეს ხელს არ შემიშლის მისი მეორე ფილმის ნახვისას, რომელსაც საკმაოდ საინტერესო რეზონანსი მოჰყვა კინოკრიტიკოსთა წრეში.

დასკვნა: ფილმი  Отрыв.  შეგიძლიათ არ ნახოთ! ან ნახოთ და მიწასთან გამასწოროთ.

В субботу

აღნიშნული ფილმი მონაწილეობდა საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

პირველი ემოცია, რაც ამ ფილმის ნახვის შემდეგ გამიჩნდა, იყო სინანული. დამენანა, რომ აღნიშნული არ იყო რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი. რაოდენ ბევრ რამეს იტყოდა მის ამდენხნიან დუმილზე. დუმილზე, რომელსაც პირზე ნამგლისა და უროს მძიმე ბოქლომი ედგა…

ფილმი მოგვითხრობს ჩერნობილის ტრაგედიაზე… არა, არაა სწორი ფორმულირება. ფილმი საბჭოთა ცხოვრებაზეა. თუკი ვინმე სინანულს გამოთქვამს „დიადი კავშირის“ დაშლის გამო, მაშინვე ეს სურათი უნდა ააფაროთ სახეზე. ყველაფერია აქ. ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირზე უნდა იცოდეს ადამიანმა…

სისტემის მანკიერი მხარეების გამოაშკარავება ხდება სურათის დასაწყისშივე, და ხვდები, რომ აქ “ჰეფი ენდი” არ იქნება. ვერც იქნება. ატომური კატასტროფა, რომელიც გასაიდუმლოვდა უბრალო მოკვდავთათვის. ეს უკანასკნელნი კი, ალბათ, საკუთარ ბოლო ბედნიერ დღეს ატარებენ უდარდელად. რაოდენ დიდი ტკივილი და ამვდროულად ცინიზმია სურათში. უფრო სატკენი კი ის ბრმა ნდობაა, რითაც ხალხის გონებაა განმსჭვალული სისტემის მიმართ. რეჟისორმა შეძლო საოცარი სიზუსტით გადმოეცა სასიკვდილოდ განწირული კაცის ადამინური განცდების მთელი კასკადი:  შიში, მწუხარება დანაკარგზე, ფაქტის უარყოფა, ბრაზი, დეპრესია და შეგუება. ერთადერთი არ გვხვდება “მოლაპარაკების” სტადია, როცა განწირული ადამიანი ცდილობს ღმერთს რაღაცის სანაცვლოდ გამოსთხოვოს საკუთარი სიცოცხლე. აღნიშნული ემოციები ყველა გმირში სხვადასხვა სტადიაში დახატა მინდაძემ, რითაც ძალიან მოვიხიბლე.

გადაღება ფრიად საინტერესოა. მოქმედების სცენა, გარემო, მუსიკა და კოსტუმებიც ისე ზუსტადაა შერჩეული, რომ საათნახევრით მართლაც მოახერხებთ 80-იანი წლების საბჭოთა ცხოვრება გაიზიაროთ. კამერა, როგორც ცოცხალი არსება ისე დასდევს მთავარ გმირს. აღნიშნულმა ხერხმა ჯერ კიდევ გას ვან სანტის „ტრილოგია სიკვდილზე“ (GerryElephantLast Days) ნახვის შემდეგ მომხიბლა. და შენც ერთვები ამ სიკვდილის მარათონში. შენც ცეკვავ ეგზალტირებულ, მთვრალ ბრბოსთან ერთად რესტორანში, მაშინ როცა 3 კილომეტრში სიკვდილის ღრუბელი აფარებია მონსტრ რეაქტორს. საინტერესოა, განწირული ადამინების მხიარულების ხილვა. ბრაზი და სინანული გახრჩობს. და ხვდები, რომ ნებისმიერი რეჟიმის ხელში, შენც ასეთივე მარიონეტი ხარ, უხილავი ხელი რომ  ახტუნავებს თავის ნებაზე.

ყველაზე საინტერესოდ კომპარტიის წევრის რეაქცია მეჩვენა აღნიშნულ ტრაგედიაზე. იგი არ იჯერებს არავის ნათქვამს. უფრო სწორი იქნება, არ უნდა დაიჯეროს, რომ რეაქტორი მართლაც აფეთქდა. მიდის სანახავად, ხედავს ამ ყოველივეს და თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს ბრმა რწმენა იწირავს კიდეც მის სიცოცხლეს. ასეა, მეგობრებო, ურწმუნოებაც და ფანატიკური რწმენაც ზოგჯერ სასიკვდილოა.

ნუ დაბრმავდებით, ნუ დაყრუვდებით, ცრუ იმედებს ნუ მიენდობით. იაზროვნეთ. ამას მე არ გეუბნებით, ეს ფილმი გმოძღვრავთ.

რატომ გამოვიდა ეს სურათი ასეთი კარგი? იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტრაგედიაა, ადამიანური ბუნების ტრაგედიაა და ამას რეჟისორი კარგად იცნობს. ჩვენ კი გვიყვარს ტკივილის მრავალგზის განცდა, ეკრანზე მაინც, რათა ქვეცნობიერად გვიხაროდეს, რომ ამჟამად არა გვიჭირს რა.

საინტერესოა, როგორ განაგრძობს სარეჟისორო კარიერას ალექსანდრე მინდაძე? ფაქტია, რომ კარგი ფილმის გადაღება ძალუძს. იმედია, რეალობას არ მოსწყდება, პრობლემებს თითიდან არ გამოწოვს და გვიამბობს იმაზე, რაც კარგად იცის და თვითონვე გამოუცდია. გვიამბობს მეტს წითელის ბნელ მხარეზე და მის ცოცხალ აჩრდილებზე.

P.S. ახლა გადავავლე თვალი ნაწერს და მგონი ზედმეტი მომივიდა. გაუცნობიერებლად ხალხს შეურაცხყოფა მივაყენე და ამისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მირჩევნია ასევე დავტოვო,  უფრო ნათლად იგრძნობა კინოს შემდგომი ემოცია.

P.P.S. ნებისმიერ განსხვავებულ აზრს თუ შენიშვნას სიამოვნებით მივიღებ.

Advertisements