Tag Archives: Album

ეს სისხლია!

სტანდარტული
ეს სისხლია!

აწეწილ-აცდენილი აბდაუბდად ნაწერი პოსტ- ჩანახატი, რომლის დინებაც შესაძლოა სრულად აცდენილია ავტორის განზრახვებსა და ჩანაფიქრებს. თითოეული აბზაცი იკითხება შესაბამისი ტრეკის ფონზე და ამგვარად ქმნის მუსიკალურ- ვიზუალურ ფიქრთა კასკადს

…ინფანტილური მარშით გაუყვები გზას დაკარგული სიყვარულისკენ და გაიხსენებ მისი სხეულის სითბოს, რომელიც უკვე დაკარგე. ეცდები წარმოიდგინო, როგორი იქნებოდა სიცოცხლე ერთად რომ დარჩენილიყავით. გულისრევამდე იტრიალებდით კარუსელებზე და ირბენდით ქვიშიან სანაპიროზე. მარტო დარჩენილს სიტყვებისა და სარკეების ლაბირინთში საკუთარი გადაწყვეტილებების გამო გულში შხამიანი ისრების წვიმას იგრძნობ და ეცდები მისი სახელი გაიხსენო, მაგრამ არაფერი გამოგივა. წარმოდგენაში მისი სახე უკვე წაშლილია…

…იმედგაცრუებული კოკაინს გაიყნოსავ და სითბური ტალღები დაგივლის მთელს სხეულში. ზურმუხტად გადაქცეული გულიდან ლივლივით წაიღებს ბგერებს ალმასის თვალებისკენ ეგოიზმი და ამგვარი გარდაქმნა წამიერად სინდისის ქეჯნას მოგგვრის. სადღაც შიგნით ხმა გეტყვის, რომ ეს დასასრულია, თუმცა ბნელი ტყიდან ვარსკვლავების ცვენის ცქერა შენს სხეულს ფერფლად გადააქცევს…

…გამოფხიზლებულს უიმედობა შეგიპყრობს. აკანკალებული გაიქცევი სახლისკენ, სადაც უკვე კარგანია არავინ გელოდება. ათას ნაწილად დაშლილი პატიებას ითხოვ საყვარელი ადამიანებისგან. მგლის ტრავში გახვეული მობუზული ბეკეკასავით გაექცევი სიცოცხლეს…

… სირბილით დაღლილი ხვდები, რომ თავის მოტყუება სიხარულს განიჭებს, რადგანაც  კათარზისი ყოველთვის აუტანლად მტკივნეულია. იცი, კვლავ დაიფშვნები. უიმედოდ ჩამოჯდები მდინარის წინ და შეეცდები ანარეკლი შეიცვალო. წყალში ცქერაში ძილი მოგერევა და წაგთვლემს. მთვარის შუქით ალაპლაპებულ შავს სითხეს შეურევ საკუთარ სხეულს და მიხვდები, რომ გულის ტკივილი ყველაზე კარგი მასწავლებელია. ზურზე დაწოლილი წაყვები მდინარის ცივ ტალღებს. მეჩხერი დინება აქეთ-იქეთ გაქანავებს, მაგრამ შენს ძილს ეს ვერ დააფრთხობს. საკუთარ თავზე შეყვარებული კვლავ ბავშვად გადაიქცევი სიზმრებში…

…მოგონებები ერთმანეთში აგეხლართება და მუდმივი დეჟავუ გამოზომილი რუდუნებით შეუდგება ტვინის უჯრედებს კვლას. თვალებში ნაპერწკლები იწყებს ფრქვას. სარკეში ჩახედავ საკუთარ ჩამოცვენილ თვალის უპეებსა და უსიცოცხლო ლოყებს. ნახევარი სახე მობრეცით დაიწყებს ღვენთას იატაკზე.  ყურებზე ხელებმიჭერილი ბოლო ხმაზე დაიწყებ ყვირილს, მაგრამ ხმა არ აგმოხდება პირიდან, თითქოს იოგებზე ვინმემ თხევადი ყინული მიაშხურაო. იგრძნობ მათ წყვეტას და წვიმის კრისტალებრ ცვენას ყელში. გულის ზიდებით ამოანთხევ სისხლს და მოწყვეტით დაენარცხები ზურგით იატაკს თავბრუდახვეული…

…შავ-თეთრ ზმანებაში გახვეული ხედავ, როგორ დარბიხარ მინდორში ჯერ კიდევ უგონო ბავშვი, როდესაც ასე დაბზარული არ იყო შენი შინაგანი სამყარო. ციცინათელების დევნით დაიღლები და ზაფხულის ღამის სიჩუმეს დაუგდებ ყურს. არარაობის ხმაურით დათრგუნული დაივიწყებ, რისი გახსენებაც გსურდა…

…წვიმაში გაღვიძებული გაიხსენებ პირველ სიყვარულს. სკოლის რვეულების და მკრთალი მელნის სუნი გააღვიძებს შორეულ მოგონებებს. ნეირონებში გატარებული იმპულსები ქალას სიღრმეში დაიწყებს აფეთქებას და იგრძნობ, როგორ დაიწყებს ტვინის შავ-თეთრი წილი ფერად ზეთის საღებავში აზელვას. ცხვირიდან სისხლი დაიწყებს წვეთას…

…ნახევრად მთვლემარე მოიწმენდ მაჯით ცხვირს. თეთრი ფხვნილის შავი აჩრდილი გალუმპულს ამოგატივტივებს საკუთარი სააბაზანოს იატაკზე. ნაგვად ქცეული ცხოვრება ქვასავით დაგაწვება ფაქიზ გულმკერდზე და ნეკნებს ჭახჭახს დაუწყებს. ეცდები დაივიწყო საკუთარი არსებობა და სიკვდილის კიდევ ერთ სპეტაკ ბილიკს შეუყვები…

…გზა კი არის შორი და ქანცისგამწყვეტი. უიმედოთ შთენილს ცრემლები წაგსკდება. ნელ-ნელა დაიწყებ დესინქრონიზაციას და უჯრედ-უჯრედ  დაშლას. მტვრად და ფერფლად. უპეებიდან დაცვენილ წვეთებში აღმოაჩენ ახალ სამყაროს, ასე შორეულს და სანატრელს შენთვის. გაიწურები და ნელა ჩაირეცხები საკუთარი სხეულის შიგნით. თავბრუდახვეული გულისრევას იგრძნობ. თვალებში წვრილი ვარსკვლავები დაიწყებს გადღაბვნას…

…იატაკზე დაგდებულ საკუთარ გვამს ზემოდან დახედავ და დაგენანება სუსტი სხეული, თუმცა უკანდასაბრუნებელი გზა უკვე ჩაიკარგა შავი სისხლისთ გაჯერებულ ვენურ კოლექტორებში. უსასრულობისკენ მიმავალ ამომავალი მზის სხივებს გაყვები მსუბუქი ფარფატით. შეუსრულებელი დაპირებები გაიძულებს ხალასად იფრინო მზისკენ. უაზროდ გაფრენილ სიტყვებს შეერევი ბგერებად და ქარად გადაიქცევი. მობერილი სიო კი შენი გვამიდან აიტაცებს შემხმარი სისხლის მოტკბო მტვერს.

 

 

 

Advertisements

New პოლ მაკარტნი

სტანდარტული

პოსტი ეძღვნება thebeatles.ge-ს და ბითლომან მეგობრებს: ვასასის, ქეთის, ოთოს, ვახოს, ნათიას, ლუკას, ზურას და ანას.

ერთმა ძალიან კარგმა ქართველმა ბითლომანმა თქვა: “პოლ, არ დაბერდე!” და როგორც ჩანს, მაკარტნიც უჯერებს მის ნათქვამს. ძნელია ამ ადამიანზე თქვა, დრო რაიმეს აკლებსო. მისი შემოქმედება ღვინოსავითაა. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტად მშვენიერდება და ფასი ედება.

2012 წელს, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, მაკარტნიმ ერთგული მსმენელი არ დააღალატა და საუცხოო ალბამი, Kisses on the Bottom, გამოსცა.

Paul-Mccartney-Kisses-on-the-Bottom-cover

საოცარად ჰარმონიული, მელოდიური და ერთგვარად სენტიმენტალური გახლდათ პოლი ამ ალბომში. მსმენელს ის შორს, მეოცე საუკუნის დასაწყისისკენ გაუძღვა და სიგარის კვამლით გაბუღულ ჯაზ-კლუბებში შეახედა. მისი ამგვარი განწყობა არ გამკვირვებია. მაკარტნი ხომ სტილის ადამიანია. და ვინ, თუ არა მან, იცის როგორ ჟღერს გემოვნებიანი მუსიკა.

ალბომის გამოსვლას წინ უსწრებდა სინგლი, My Valentine, რომლის შექმნაშიც პოლს ლეგენდარული გიტარისტი და შემსრულებელი, ერიკ კლეპტონიც, შეუერთდა.

სიმღერის კლიპი ინტერნეტში გამოჩენისთანავე აიტაცა მსმენელმა. ამაში გარკვეული წვლილი ჯონი დეპისა და ნატალი პორტმანის სახელმაც ითამაშა. ასე იყო, თუ ისე, მსემენელი თბილად შეხვდა პოლის სენტემენტებს.

გამუდმებით ვრცელდებოდა ხმები, რომ მაკარტნი ახალ ალბომზე მუშაობს. ჩემთვის ცოტა ძნელად დასაჯერებელი გახლდათ ეს ყოველივე. მის ხანგრძლივ ტურნეებს Online რეჟიმში ვადევნებდი თვალსა და ყურს, და ცოტა არ იყოს მიკვირდა: “საიდან შემორჩა ამ ადამიანს ენერგია, 3 საათი სცენაზე იდგეს და მაყურებელი ექსტაზამდე მიიყვანოს? ამგვარ რეჟიმში როგორ შეუძლია ახალ პროექტზე მუშაობა?” ამიტომაც იყო ალბათ, რომ მის ახალ ალბომს, მინიმუმ უახლოესი 2 წლის განმავლობაში არ ველოდი, მაგრამ…

Paul McCartney- New 

paul-mccartney-new-

Paul McCartney- New (Deluxe Edition)

ამგვარი უცნაური სახელი მაშინვე თვალში მეცა. ერთგვარად ხაზი გაუსვა ლეგენდარულმა მუსიკოსმა, რომ ჯერ კიდევ შესწევს ძალა, რაღაც ახალი აკეთოს. იგივე სახელწოდების სინგლი მალევე გავრცელდა ინტერნეტში.

თავისი ჟღერადობით ტრეკმა მაშინვე “ბითლზის” ფსიქედელიური ჰარმონიები გამახსენა, ამჯერად ახლებური ვოკალური შესრულებით.  გასაოცარმა საუნდმა აღმოსავლური მელოდიები კვლავ დაბრუნდა თითქოს ევროპულ მუსიკაში. ისეთი განცდა დამრჩა, რომ პოლმა ახალგაზრდობა გაიხსენა და თავის განვლილ გზას გადახედა. ამგვარი დასაწყისი იმედისმომცემად მენიშნა.

შემდეგ იყო მორიგი ტრეკი ახალი ალბომიდან “Everybody Out There”. არ შემიძლია არ გამოვყო შემოქმედის აქცენტი აკუსტიკურ გიტარაზე, რაც აღნიშნულ სიმღერას საოცარ ხიბლს მატებს

არ დააგვიანა ალბომის მეორე სინგლმაც, ” Queenie Eye”

ვერაფერს იტყვი, საოცრად ენერგიული სიმღერაა. ამ ადამიანზე ვერ იტყვი ნამდვილად ასაკში შევიდაო.

გაყიდვაში მაკარტნის ახალი ალბომი 14-15 ოქტომდერს უნდა გამოვიდეს, მაგრამ მე გუშინ მოვუსმინე  და მას მერე ვეღარ ვიგდებ თავიდან. თანაც Deluxe გამოცემას გადავაწყდი, თავისი ბონუს ტრეკებით, რამაც კიდევ უფრო აღმაფრთოვანა. უბრალოდ გენიალურია, ზედმეტად კარგია მსმენელისათვის. ზოგადად, მთლიანი ალბომი საოცარი კრებულია. ერთგვარი მოგზაურობა მუსიკალურ ჟანრებში. მოისმენთ “ბითლზისეულ” ჰარმონიებს, “Wings”-ისეულ ენერგიულ როკს, აკუსტიკური გიტარის გასაოცარ  პასაჟებს, პოლის კარიერის დასაწყისისათვის სახასიათო ქანთრი მელოდიებს, 80-იანი წლებისათვის დამახასიათებელ დისკო-საუნდს და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მძიმე მელოდიურ პასაჟებსაც, რომელიც ალბათ Elbow-ს გაგახსენებთ. მოკლედ, ალბომი New ნათელი დასტურია იმისა, რომ შეუძლებელია პოლ მაკარტნი ერთ კონკრეტულ ჟანრში გამოამწყვდიო. იგი სრულიად თავისუფალია ამგვარი კლიშეებისაგან და რაც მთავარია, არ ბერდება!

თუკი გაინტერესებთ, როგორია New პოლ მაკარტნი, გადმოწერეთ და ისიამოვნეთ უბერებელი ხოჭოს მუსიკით

Paul McCartney- New (Deluxe Edition)

P.S. პოლ, არ დაბერდე!