Tag Archives: Amore e Morte

ეს სისხლია!

სტანდარტული
ეს სისხლია!

აწეწილ-აცდენილი აბდაუბდად ნაწერი პოსტ- ჩანახატი, რომლის დინებაც შესაძლოა სრულად აცდენილია ავტორის განზრახვებსა და ჩანაფიქრებს. თითოეული აბზაცი იკითხება შესაბამისი ტრეკის ფონზე და ამგვარად ქმნის მუსიკალურ- ვიზუალურ ფიქრთა კასკადს

…ინფანტილური მარშით გაუყვები გზას დაკარგული სიყვარულისკენ და გაიხსენებ მისი სხეულის სითბოს, რომელიც უკვე დაკარგე. ეცდები წარმოიდგინო, როგორი იქნებოდა სიცოცხლე ერთად რომ დარჩენილიყავით. გულისრევამდე იტრიალებდით კარუსელებზე და ირბენდით ქვიშიან სანაპიროზე. მარტო დარჩენილს სიტყვებისა და სარკეების ლაბირინთში საკუთარი გადაწყვეტილებების გამო გულში შხამიანი ისრების წვიმას იგრძნობ და ეცდები მისი სახელი გაიხსენო, მაგრამ არაფერი გამოგივა. წარმოდგენაში მისი სახე უკვე წაშლილია…

…იმედგაცრუებული კოკაინს გაიყნოსავ და სითბური ტალღები დაგივლის მთელს სხეულში. ზურმუხტად გადაქცეული გულიდან ლივლივით წაიღებს ბგერებს ალმასის თვალებისკენ ეგოიზმი და ამგვარი გარდაქმნა წამიერად სინდისის ქეჯნას მოგგვრის. სადღაც შიგნით ხმა გეტყვის, რომ ეს დასასრულია, თუმცა ბნელი ტყიდან ვარსკვლავების ცვენის ცქერა შენს სხეულს ფერფლად გადააქცევს…

…გამოფხიზლებულს უიმედობა შეგიპყრობს. აკანკალებული გაიქცევი სახლისკენ, სადაც უკვე კარგანია არავინ გელოდება. ათას ნაწილად დაშლილი პატიებას ითხოვ საყვარელი ადამიანებისგან. მგლის ტრავში გახვეული მობუზული ბეკეკასავით გაექცევი სიცოცხლეს…

… სირბილით დაღლილი ხვდები, რომ თავის მოტყუება სიხარულს განიჭებს, რადგანაც  კათარზისი ყოველთვის აუტანლად მტკივნეულია. იცი, კვლავ დაიფშვნები. უიმედოდ ჩამოჯდები მდინარის წინ და შეეცდები ანარეკლი შეიცვალო. წყალში ცქერაში ძილი მოგერევა და წაგთვლემს. მთვარის შუქით ალაპლაპებულ შავს სითხეს შეურევ საკუთარ სხეულს და მიხვდები, რომ გულის ტკივილი ყველაზე კარგი მასწავლებელია. ზურზე დაწოლილი წაყვები მდინარის ცივ ტალღებს. მეჩხერი დინება აქეთ-იქეთ გაქანავებს, მაგრამ შენს ძილს ეს ვერ დააფრთხობს. საკუთარ თავზე შეყვარებული კვლავ ბავშვად გადაიქცევი სიზმრებში…

…მოგონებები ერთმანეთში აგეხლართება და მუდმივი დეჟავუ გამოზომილი რუდუნებით შეუდგება ტვინის უჯრედებს კვლას. თვალებში ნაპერწკლები იწყებს ფრქვას. სარკეში ჩახედავ საკუთარ ჩამოცვენილ თვალის უპეებსა და უსიცოცხლო ლოყებს. ნახევარი სახე მობრეცით დაიწყებს ღვენთას იატაკზე.  ყურებზე ხელებმიჭერილი ბოლო ხმაზე დაიწყებ ყვირილს, მაგრამ ხმა არ აგმოხდება პირიდან, თითქოს იოგებზე ვინმემ თხევადი ყინული მიაშხურაო. იგრძნობ მათ წყვეტას და წვიმის კრისტალებრ ცვენას ყელში. გულის ზიდებით ამოანთხევ სისხლს და მოწყვეტით დაენარცხები ზურგით იატაკს თავბრუდახვეული…

…შავ-თეთრ ზმანებაში გახვეული ხედავ, როგორ დარბიხარ მინდორში ჯერ კიდევ უგონო ბავშვი, როდესაც ასე დაბზარული არ იყო შენი შინაგანი სამყარო. ციცინათელების დევნით დაიღლები და ზაფხულის ღამის სიჩუმეს დაუგდებ ყურს. არარაობის ხმაურით დათრგუნული დაივიწყებ, რისი გახსენებაც გსურდა…

…წვიმაში გაღვიძებული გაიხსენებ პირველ სიყვარულს. სკოლის რვეულების და მკრთალი მელნის სუნი გააღვიძებს შორეულ მოგონებებს. ნეირონებში გატარებული იმპულსები ქალას სიღრმეში დაიწყებს აფეთქებას და იგრძნობ, როგორ დაიწყებს ტვინის შავ-თეთრი წილი ფერად ზეთის საღებავში აზელვას. ცხვირიდან სისხლი დაიწყებს წვეთას…

…ნახევრად მთვლემარე მოიწმენდ მაჯით ცხვირს. თეთრი ფხვნილის შავი აჩრდილი გალუმპულს ამოგატივტივებს საკუთარი სააბაზანოს იატაკზე. ნაგვად ქცეული ცხოვრება ქვასავით დაგაწვება ფაქიზ გულმკერდზე და ნეკნებს ჭახჭახს დაუწყებს. ეცდები დაივიწყო საკუთარი არსებობა და სიკვდილის კიდევ ერთ სპეტაკ ბილიკს შეუყვები…

…გზა კი არის შორი და ქანცისგამწყვეტი. უიმედოთ შთენილს ცრემლები წაგსკდება. ნელ-ნელა დაიწყებ დესინქრონიზაციას და უჯრედ-უჯრედ  დაშლას. მტვრად და ფერფლად. უპეებიდან დაცვენილ წვეთებში აღმოაჩენ ახალ სამყაროს, ასე შორეულს და სანატრელს შენთვის. გაიწურები და ნელა ჩაირეცხები საკუთარი სხეულის შიგნით. თავბრუდახვეული გულისრევას იგრძნობ. თვალებში წვრილი ვარსკვლავები დაიწყებს გადღაბვნას…

…იატაკზე დაგდებულ საკუთარ გვამს ზემოდან დახედავ და დაგენანება სუსტი სხეული, თუმცა უკანდასაბრუნებელი გზა უკვე ჩაიკარგა შავი სისხლისთ გაჯერებულ ვენურ კოლექტორებში. უსასრულობისკენ მიმავალ ამომავალი მზის სხივებს გაყვები მსუბუქი ფარფატით. შეუსრულებელი დაპირებები გაიძულებს ხალასად იფრინო მზისკენ. უაზროდ გაფრენილ სიტყვებს შეერევი ბგერებად და ქარად გადაიქცევი. მობერილი სიო კი შენი გვამიდან აიტაცებს შემხმარი სისხლის მოტკბო მტვერს.

 

 

 

სიყვარული და სიკვდილი

სტანდარტული

“სისხლი საცეკვაო მოედანზე”- ასე ჰქვია მის ერთ-ერთ სიმღერას. თვითონაც ასეთია, სისხლის ბოლო წვეთამდე იცლება ლაივზე და იგივეს აიძულებს მსმენელს. ახლა კი სიყვარულისა და სიკვდილის რაობაზე ჩაფიქრდა.

რომა ლიტვინოვი, იგივე Mujuice, საკმაო ხანია მუსიკას აკეთებს. საკმაოდ ხარისხიანსაც, სხვათაშორის. “ელექტრონული მუსიკის ვიქტორ ცოი”- ასეც უწოდებენ ხოლმე და მომწონს ამგვარი შედარება. თვითონ რამდენად სიამოვნებს ეს გრძელი მეტსახელი ძნელი სათქმელია.

მისეულ ჟღერადობაში არის თითქოს რაღაც ნაცნობი და ბავშვური, ისეთი განცდა გრჩება. ამას ალბათ უფრო ისინი გაიგებენ, ვისაც 80-იანები და 90-იანები გამოუვლიათ. რატომ არ ვიცი, მაგრამ ამგვარ ასოციაციებთან იკვეთება მისი მუსიკა ჩემს თავში.

სულ პირველად კი იყო SuperQueer. კარგი პოსტ-საბჭოთა გლიტჩი- ასეც შეიძლება ეწოდოს დებიუტს

დიდად ელექტრონულ მუსიკაში ვერ ვერკვევი, ამიტომაც აღნიშნული ალბომის არქიტექტურაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ათვლის წერტილი ეს იყო რომას შემოქმედებაში.

ცოტა უფრო მოგვიანებით კი საკუთარ სიმღერებში ხმის ამოღებაც გაბედა და კლიპის გადაღებაც სცადა. პროფესიით გრაფიკული დიზაინერია, ამიტომაც სიმღერისთვის ვიდეო თავად ააწყო

ხმის ამოღება კი კარგად გამოუცადა.

 

შესაძლოა, მოგვიანებით მიხვდა, რომ კარგად გამოსდის სიმღერა, ამიტომაც უმატა ტრეკებში საკუთარი ვოკალის წარმოჩენას.

2011 წელს კი გარდატეხა მოახდინა საკუთარ მუსიკაში ალბომით “Downshifting”, ხოლო სიმღერამ “Выздоравливай скорей!” აღიარება აპოვნინა

ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ აღნიშნული ვიზუალიზაციით ის შეეცადა გაქცეოდა მოსაწყენ, ერთფეროვან, დეპრესიულ საბჭოთა არქიტექტურას, რაც მისი ბავშვობის თანამევი იყო. სწორად მაშინ შესადარეს მისი მუსიკა ცოის შემოქმედებას. ალბათ ერთგვარი მელანქოლიურობის გამო.

სიმართლე ითქვას, რომა ცოცხლად ვერც თუ ისე კარგად მღერის. ამიტომაც საკუთარ ლაივებზე მხოლოდ ჩუმადაა, მაგრამ რასაც აკეთებს- ეს გასაოცარია! სხვათაშორის, ის პირველი იყო, ვინც Boiler Room-ისთვის ლაივ სეტი ჩაწერა რუსეთიდან

თბილისსაც ესტუმრა 2015 წელს და ბოლომდე დაიხარჯა სცენაზე. თუკი გქონდათ ბედნიერება მოგესმინათ და მასთან ერთად გეცეკვათ, ალბათ დამეთანხმებით.

#tbilisiopenair2015 💕

A post shared by Mujuice (@romalitvinov) on

პარალელურად მეტად საინტერესო პროექტებზე მუშაობს ეპიზოდურად. 2015 წელს გუგლის რუსეთის ბიუროს პროექტში მიიღო მონაწილეობა და II მსოფლიო ომის დროინდელ ფრონტიდან გამოგზავნილ წერილს ახალი სიცოცხლე აჩუქა

მანამდე კი იყო ბროდსკი და მისი პოეზია. აღნიშნული ნამუშევრის კომენტირება მიჭირს- სიტყვებს ვერ ვპოულობ უბრალოდ.

2 კვირაში კი ახალ ალბომს, “Amore e Morte”  გამოუშვებს. ამბობენ, ერთგვარად “Downshifting”-ის გაგრძელება იქნებაო.

დაველოდოთ.