Tag Archives: art-house

გამოქვაბულიდან – მთებს მიღმა

სტანდარტული

მიყვარს კინოსა და რეალურ ცხოვრებას შორის პარალელების გავლება. ამით ვრწმუნდები, რომ ფილმებს ჭეშმარიტად გააჩნია ღირებულება და ის მხოლოდ ტიტრებით არ მთავრდება…

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში  ნაჩვენები იყო თურქი რეჟისორის, ემინ ალფერის, „მთებს მიღმა“.

სოფლად მყოფ მამასთან შვილი ჩადის სტუმრად შვილიშვილებთან ერთად. მიკარგულ ადგილას მყუდროებას მომთაბარეები არღვევენ, რომლებიც საკუთარი პირუტყვის მამულის გავლით გაყვანას დააპირებენ. ოჯახის მოხუცი უფროსი ამის კატეგორიული წინააღმდეგია, ამიტომაც მომხვდურთა გასაფრთხილებლად მათი ფარიდან ცხვარი მოიტაცა, თუმცა მომთაბარეები არ ერიდებიან კოფლიქტში შესვლას და ხანგრძლივი დაზვერვისა და პარტიზანული მოქმედების შემდეგ ნამდვილი ომიც იწყება…

დიდი არაფერია წასაკითხად, დამერწმუნეთ, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ მომთაბარეებს ვერცერთ კადრში ვერ ვხედავთ.  გმირები უბრალო ადამიანები არიან, ოღონდ ცუდი გაგებით… შინაგანად, ფსიქიკურად, გონებრივად ხეიბარი მაქვს მხედველობაში. ეტაპობრივად, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად იკვეთება მათი მანკიერი მხარეები: ავხორცობა, ვირივით სიჯიუტე, შეუგნებლობა. ყველაზე მთავარი რაცაა, ვხვდები, მტერი არ არსებობს! ეს უბრალოდ საჭიროა, რომ არსებობდეს, რათა მათ სიცოცხლეს ფასი, აზრი მიეცეს… და მერე რა, რომ გამოგონილ მოწინააღმდეგეს აკვდებიან, მაინც მზად არიან ბოლომდე ებრძლოლონ ქარის წისქვილებს.

დღევანდელობას მოვავლე თვალი. ჩვენც გვჭირდება მტერი! აუცილებელია ეს! ამიტომაცაა, რომ როცა ჭეშმარიტი მოწინააღმდეგე თვლემს, ჩვენ ვქმნით მის ხატებას და სასტიკად ვუპირისპირდებით: არა აქვს მნიშვნელობა ნაციონალურ ფონზე, თუ პოლიტიკურ მოსაზრებაზე, რელიგიურ მრწამსსა თუ სექსუალურ ორიენტაციზე, მთავარი მტრის არსებობაა, რადგან ბრძოლაში (სიტყვიერში, რათქმაუნდა! ფიზიკურის ტრაკი სადა გვაქვს აბა?) ვრწმუნდებით საკუთარ თავში და ვნიღბავთ სისუსტეებს. არადა ერთადერთი, ვინც ნამდვილად დაპირისპირების ღირსი და უძლეველი მეტოქეა: ეს ჩვენივე თავია! სანამ გამოხვალთ და ვიღაცას მხოლოდ იმიტომ აგინებთ, რომ თქვენს აზრს არ ითვალისწინებს, დაფიქრდით, თქვენს თვალში დირემ ხომ არ დაგაბრმავათ? სხვის შეცვლას მაშინ მოახერხებ, როცა თვითონ შეძლებ იგივეს გავლას. ფიზიკური ძალადობა კვლავ ძალადობას შობს და მჯობნზე მჯობნს რა დალევს? საკუთარი აზრის დამტკიცება კუნთების ხარჯზე ყველაზე სუსტებს შეუძლიათ. როცა ძალა არ შეგწევს, ლოგიკური პასუხი მოუძებნო შენს წინააღმდეგ არგუმენტს და მუშტებზე დაიხედავ, დაფიქრდი, რით განსხვავდები მაიმუნისაგან…

მთავარია ადამიანს სურდეს საკუთარი თავის დახვეწა. ამის გააზრება უკვე სანახევროდ გაკეთებულ საქმეს უდრის. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ამ ნდომას დღეს ვერ ვხედავ. ალბათ ხალხს სურს კვლავ გამოქვაბულის დონეზე დარჩეს, რადგანაც „რაც უფრო ცოტა იცი, უკეთ გძინავს“. გამღვიძებელიც გამოჩნდება ოდესმე, რომელსაც კვლავ ტყვიას ვესვრით და წლების მერე ცხარედ დავიტირებთ…

Advertisements

BIAFF 2011. Room 304

სტანდარტული

სასაცილოა, რომ ახლა ვცდილობ შარშანდელი კინოფესტივალის ქრონიკა შევქმნა.  სხვა ქალაქში კინოსთვის წასვლა, სამწუხაროდ, ჩემს ძალებს სცილდება. ამიტომაც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა 2011 წელს ჩენგან შეუმჩნევლად ჩაიარა. მოგვიანებით მოვიძიე მხოლოდ ინფორმაცია ფილმების შესახებ, რამდენიმე რეცენზიას გადავხედე და ეს იყო სულ. დავგეგმე კიდეც, ამ ფილმებს აუცილებლად ვნახავთქო და როგორც იქნა, ერთი წლის თავზე მოვახერხე კიდეც. ნამუშევართა უმრავლესობა “პირატულად” გადმოვწერე და ჩავუჯექი. ამიტომაც ამ ფესტიფალს სახელიც შევუცვალე ჩემებურად: საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო პირატული ფესტივალი 2011.

თბილისის კინოფესტივალის დროსაც ვფიქრობდი “პირატული” პოსტების დაწერას. ფილმების უმრავლესობა ვნახე მაშინ… ასევე “პირატულად”. სახლიდან გასვლა დამეზარა კინოთეატრში. სიმართლე ითქვას ამდენი ფულიც არ მქონდა, რომ ყველაფერი მენახა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვფიქრობდი პოსტების მთელი სერიის დაწერას, მაგრამ გადავიფიქრე. არანაირი ინტერესის იმედი არ მქონდა. ახლაც ასეა, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ, ომარას რჩევას დავუჯერებ და ყველაფერს დავიკიდებ. მხოლოდ ჩემთვის დავწერ…

გახსოვდეთ, რომ მე უბრალო მაყურებელი ვარ, რომელსაც კინოსთან მხოლოდ სიყვარული აკავშირებს და ამიტომაც ფილმებისა თუ რეჟისორების შეფასება შესაძლოა მეტად სუბიექტური იყოს.

ჩემეული შეფასებები იწერება ფილმის ნახვისთანავე, ამიტომაც ემოციები შესაძლოა გადაჭარბებულიც მოგეჩვენოთ.

ფილმის რეჟისორი გახლავთ ბირგიტე სტარმოსე, რომლის ბოლო ნამუშევარიც , წარმოდგენილი იყო  საავტორო კინოს ბათუმის VI საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ფილმების სექციაში

დაფიქრებულხართ რა არის სასტუმრო? გიფიქრიათ იმ საცხოვრებელ ნომერზე, სადაც დროებით გაჩერდით? საინტერესოა თითოეული ოთახის ისტორია. ჩვენ არ ვიცით რა იყო ამ ოთახში ჩვენამდე, სამაგიეროდ ვიცით რას გადავცემთ ჩვენ შემდგომ მობინადრეს. თითქოს ერთგვარი ურთიერთობათა და გრძნობათა გაცვლა გვაკავშირებს ერმანეთთან. დიდი სიხარულის და ტკივილის მომცველია სასტუმრო. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ აღნიშნული დაწესებულება ერთგვარი მედიატორია, რომელიც ერთმანეთთან აღნიშნულ ემოციებს აკავშირებს. სწორედ ამის გადმოცემა სცადა ფილმში, „ოთახი 304“ რეჟისორმა.

ეს მისი პირველი ნამუშევარი არაა, თუმცა, სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი მისი სხვა ფილმების მოძიება. ყურადღებას იპყრობს საკუთრივ გადაღების სტილი, რომლითაც „ოთახი 304“ ძალიან ჰგავს გას ვან სენტის ტრილოგიას სიკვდილზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც „სპილოში“, აქაც კამერა ცოცხალი არსებასავით დასდევს ფილმის გმირებს, ხდება თითოეული პერსონჟის ცხოვრების აღწერა, ანუ  აღნიშნული პერსონაჟის მცირე ისტორიის მოთხრობა. ასევე აღნიშნული ფილმი „სპილოს“ ემსგავსება ერთიდაიგვე სიტუაციის სხვადასხვა რაკურსით ხედვის ტექნიკით, თითქოს ამით ხაზი ესმევა ფილმის გმირების მკაცრ ინდივიდუალობას, ამასთანავე როგორც „უკანასკნელ დღეებში“ აქაც გვხვდება ერთიდაიგივე კადრის გამეორება, სხვადასხვა გმირის კონტექსში. ანუ მიუხედავად ინდივიდულობისა, სიტუაციის ზოგადი აღქმა საერთოა ყველასათვის. საკუთრივ გადაღების ასეთი სტილი ფილმს საოცრად ყურებადს ხდის, პირადად ჩემთვის. საინტერესოა აგრეთვე სცენარიც. ფილმის დასაწყისშივე ვიცით, რა მოხდა, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს არა საკუთრივ ფაქტი, არამედ ლოგიკური ჯაჭვი, სიტუაციის განვითარება, რომლის ფინალიც ჩვენთვის ცნობილია, ანუ ჩვენთვის საინტერესოა კითხვა „რატომ“. ამიტომაც, აუცილებელია თითოეული დეტალის გაანალიზება, ამისათვის კი მოქმედ პერსონაჟებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთმანეთისათვის სრულიად უცხო ადამიანები უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებულნი. ალბათ ესაა სასტუმროს პრინციპი. ხაზგასასმელია, რომ ფილმში ბედნიერ ადამიანს ვერ ვხედავთ. მოქმედი პერსონაჟები დაფიქრებულნი, დასევდიანებულნი არიან. მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ყველას ერთნაირად სტკივა და განიცდის, რაც ადამიანებს ათანასწორებს. ემოციური მდგომარეობაა, რაც საერთო აქვს ნიუ-იორკში მცხოვრებ თანამედროვე პიროვნებას და აფრიკის მიკარგულ ჯუნგლებში მცხოვრებ პირველყოფილს. ადამიანთა განსხვავებულობის და ამასთანავე საოცარი მსგავსების ხაზგასასმელად რეჟისორმა მრავალენოვნება გამოიყენა. ფილმი არის დანიურ-ფილიპინურ-გერმანულ-ესპანურ ენოვანი. საკუთრივ მიმდინარეობა ძალიან ჩამთრევია. სცენარი ერთგვარი დეტექტიური ჟანრისაა, მაგრამ უფრო ყურადსაღები, ამ ფილმში, პერსონაჟების ფსიქო-ემოციური მდგომარეობაა. საკუთრივ ტიპაჟების დახატვაა ყურადსაღები. ჩვენ ვხვდებით ძლიერ, სუსტ, მიტოვებულ და ასევე უემოციო ადამიანებს. განსაკუთრებით ყურადღებას ამ უკანასკნელზე გავამახვილებდი. ადამიანი, რომელმაც არ იცის როგორ გაიცინოს, რადგანაც ეს სრულიად უცხოა მისთვის. თითქოს ადამიანებმა დაივიწყეს რა არის ბედნიერება, სიხარული, უბრალოდ ღიმილიც კი. აღნიშნული ფილმი საშუალებას გვაძლევს დავფიქდეთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. თითქოს რეჟისორი არ ცდილობს გვაჩვენოს სერიოზული დრამა, მაგრამ ფილმში ნანახი იმდენად ადამიანური და ნაცნობია, რომ შეუძლებელია გულგრილად შეხედო ამას.

განსაკუთრებით საინტერესოა ფილმის დასასრული, რომელიც ამასთანავე დასაწყისიცაა. საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტაა. რეჟისორი არ გვაჩვენებს მხოლოდ ფაქტს, არ ტოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს. მას შემდეგ, რაც განვითარებული მოვლენები პიკს აღწევს, ავტორი კვლავ უბრუნდება პერსონაჟებს, კვლავ მათ ემოციებს გადმოგვცემს, ანუ ის ცივი გონებით არ განსჯის ფაქტს, საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ, ვიმსჯელოთ.

თუ თვალებს ფართოდ გავახელთ, აღმოვაჩენთ, რომ აღნიშნულ ფილმში აღწერილი სასტუმრო დედამიწის ერთგვარი მოდელია. მართლაც ასეა. ჩვენ, ყველანი მდგმურები ვართ ერთ, უზარმაზარ სასტუმროში, დედამიწას რომ უწოდებენ. სრულიად უცხონი, ერთმანეთს ვუკავშირდებით საკუთარი ემოციებით, განცდებით. საოცრად განვსხვავდებით და ამასთანავე ვგავართ ერთურთს. ვიკვებებით სხვისი არსებით, ვკვებავთ სხვას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ფაქტის სხვისი კუთხიდან აღქმა შეგვეძლოს, რათა მოვახდინოთ შედარებითი ობიექტურობის მიღწევა. ჩვენი მკაცრი ინდივიდუალობის მიღმა გახედვა უნდა შეგვეძლოს. უნდა ვიგრძნოთ სხვისი განცდები, რათა გვქონდეს ბედნიერება, საკუთარ თავს ადამიანი ვუწოდოთ.

შეიძლება აღნიშნული განხილვა საკმაოდ სუბიექტურია… ნახეთ ფილმი „ოთახი 304“, გამოთქვით საკუთარი აზრი და ეგებ მივაღწიოთ შედარებით ობიექტურობას.

ცხვირების კლასიკური მუსიკა

სტანდარტული

ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც დოკუმენტურ ფილმს ნახავს კლასიკურ მუსიკაზე მოწყენის გარეშე… თვით მუსიკოსებს შორისაც კი…

ვინ არის კლასიკური მუსიკის შემსრულებელი? ადამიანი, ვინც გრძნობს, გადმოგცმს იმას, რაც საუკნეების წინ იგულისხმა კომპოზიტორმა. ერთგვარი მოციქულივითაა ღმერთ-ხელოვანსა და უბრალო მსმენელს შორის. ცოტა რთულია, წარმოიდგინო შემსრულებელი რეალურ ცხოვრებაში, სცენის მიღმა. უფრო რთულია იცინო კლასიკურ მუსიკის ფონზე…

ჰოდა, ადგა ალქსეი იგუდესმანი და გადაიღო ფსევდო-დოკუმენტური ფილმი თავის მეგობარზე, ვიოლინოს ვირტუოზ ჯულიან რაკლინზე და მის ორკესტრზე, და გააჯერა საოცარი იუმორით, ტროლინგით და სკეტჩებით…

იგუდესმანი მევიოლინისა და დირიჟორს როლს კარგად ერგება ცხოვრებაში, ამჯერად რეჟისორის სავარძელიც მოუხდა. ცნობილი სახეებიც მოახვედრა საკუთარ იუმორისტულ სატირაში: ჯონ მალკოვიჩი და სერ როჯერ მური, რომელთა იუმორი ცალკე საუბრის თემაა.

ფილმში საოცრად ბევრი სიცილია, რომლის მიღმა ტრაგედიის დანახვაც შეგიძლია. ბედი, რომელიც დღეს კლასიკური მუსიკის შემსრულებელს ელოდება, არცთუ სახარბიელოა. სურათში საოცარი იუმორით პასუხი არის გაცემული ამ კითხვაზე: პარიზის მეტრო… და ვირტუოზი შემსრულებლები ასწავლიან სტუდენტებს, როგორ შეასრულონ და იმათხოვრონ ერთდროულად. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…

ასევე კარგი გზავნილებია გაკეთებული კლასიკურ მუსიკასა და მის მოთხოვნაზე საზოგადოებაში. ჩნდება განცდა, რომ იგი არავის სჭირდება, აქტუალობა დაკარგა. ეს ფილმი და მუსიკის გადმოცემის მსგავსი საშუალება ეხმარება შემქმნელებს კლასიკა მიიტანონ ნებისმიერ თაობასთან.

ფილმისათვის მასალებს 2 კვირის განმავლობაში იღებდნენ, თუმცა მისმა მონტაჟმა წელიწადნახევარს გასტანა. სებასტიან ლაითნერმა, ოპერატორმა და მონტაჟის ავტორმა, ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ საკმაოდ რთული იყო აურაცხელი მასალიდან ამოერჩიათ ზუსტად ის, რაც ფილში მოხვდა. მას მონტაჟის პროცესი ძალიან უყვარს და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სურათის შეკვრას ამდენი ხანი მოანდომა. როგორც გამოირკვა, ახლაც მუშაობენ პროექტზე, სადაც კლასიკური მუსიკის შემსრულებლები ითამაშებენ ფილმში საკუთარ თავებს, რაც ასევე საინტერესო იქნება.

მოკლედ, ნახეთ „ნოუსლენდი“, მოუსმინეთ საოცარ მუსიკას და იცინეთ ბევრი…მერე იფიქრეთ…

BIAFF 2011. ალექსანდრე მინდაძე

სტანდარტული

სასაცილოა, რომ ახლა ვცდილობ შარშანდელი კინოფესტივალის ქრონიკა შევქმნა.  სხვა ქალაქში კინოსთვის წასვლა, სამწუხაროდ, ჩემს ძალებს სცილდება. ამიტომაც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა 2011 წელს ჩენგან შეუმჩნევლად ჩაიარა. მოგვიანებით მოვიძიე მხოლოდ ინფორმაცია ფილმების შესახებ, რამდენიმე რეცენზიას გადავხედე და ეს იყო სულ. დავგეგმე კიდეც, ამ ფილმებს აუცილებლად ვნახავთქო და როგორც იქნა, ერთი წლის თავზე მოვახერხე კიდეც. ნამუშევართა უმრავლესობა “პირატულად” გადმოვწერე და ჩავუჯექი. ამიტომაც ამ ფესტიფალს სახელიც შევუცვალე ჩემებურად: საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო პირატული ფესტივალი 2011.

თბილისის კინოფესტივალის დროსაც ვფიქრობდი “პირატული” პოსტების დაწერას. ფილმების უმრავლესობა ვნახე მაშინ… ასევე “პირატულად”. სახლიდან გასვლა დამეზარა კინოთეატრში. სიმართლე ითქვას ამდენი ფულიც არ მქონდა, რომ ყველაფერი მენახა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვფიქრობდი პოსტების მთელი სერიის დაწერას, მაგრამ გადავიფიქრე. არანაირი ინტერესის იმედი არ მქონდა. ახლაც ასეა, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ, ომარას რჩევას დავუჯერებ და ყველაფერს დავიკიდებ. მხოლოდ ჩემთვის დავწერ…

გახსოვდეთ, რომ მე უბრალო მაყურებელი ვარ, რომელსაც კინოსთან მხოლოდ სიყვარული აკავშირებს და ამიტომაც ფილმებისა თუ რეჟისორების შეფასება შესაძლოა მეტად სუბიექტური იყოს.

ჩემეული შეფასებები იწერება ფილმის ნახვისთანავე, ამიტომაც ემოციები შესაძლოა გადაჭარბებულიც მოგეჩვენოთ.

არტ-ჰაუსს „განწყობის კინოს“ ვეძახი. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის მოქმედების ქვეშაც უყურებ სურათს. ხარ თუ არა მზად იმისათვის, მიიღო ფილმში გადმოცემული პრობლემა, ნამდვილად განწყობაზეა დამოკიდებული. ამიტომაცაა ალბათ, რომ ზოგჯერ ძალიან კარგ კინოს კრიტიკოსები მიწასთან ასწორებენ, სრულიად უსამართლოდ. პრინციპში არც გაემტყუნებათ, ისინი ხომ ამ საქმის სპეციალისტები არიან და რეჟისორისგან გაცილებით მეტ მოითხოვენ, ვიდრე უბრალო მაყურებელი.

დიდად არ მჯერა რეჟისორების, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩრდილში იყვნენ და უეცრად, 60 წელს მიახლოებულნი რომ დაიწყებენ კინოს გადაღებას. მიმაჩნია, რომ ნიჭიერი ადამიანი ახალგაზრდობაშივე, ყველაზე პროდუქტიულ წლებში შეეცდება საკუთარი სიტყვის თქმას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასაკოვანი რეჟისორისგან სადებიუტო ნამუშევრად შედევრს ველოდები რატომღაც. ვფიქრობ, კაცი, რომელიც ამდენი წელი ჩუმად აკვირდებოდა მოვლენებს, ამდენი რამ ნახა და გამოირა, ალბათ შეჯამებას გაუკეთებს თავის გზას და დაგვანახებს პრობლემებს, რომლებიც ნებისმიერ ასაკში პრობლემატურია, რამეთუ განუცდია თვითონ ახალგაზრდობიდან დღემდე მოყოლებული…

ალექსანდრე მინდელის პიროვნებამ თავიდანვე დამაინტერესა. ამ ადამიანს არაფერი სცხია ქართული, გარდა გვარისა. თუმცა ეს საერთოდ არ მაწუხებს. მე უფრო მაინტერესებდა, რა ჰქონდა ამ ადამიანს ასეთი სათქმელი, რომ სარეჟისორო სკამს 58 წლის ასაკში მიუჯდა.

მისი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი გახლავთ  Отрыв.

გადმოვიწერე, დიდი იმედებით მივუჯექი და… საოცრად უკმაყოფილო დავრჩი. თითქოს ფილმი „ტრაკში-პერო“ საზოგადოებისთვის გადაიღო, ისეთი შეგრძნება დამეუფლა. შეეცადა, რომ გადმოეცა ადამიანური ბუნების სურათები მძიმე ტრაგედიის ფონზე, დაეხატა სასოწარკვეთილი ხალხის ემოციები, ამას დაუმატა მდარე მისტერია, ხმაურით დაბინძურებული კადრები, რამდენიმე შიშველი სცენა „მსუბუქი ეროტიკის“ ჟანრში და „შედევრიც“ მზადაა. ისეთი შეხედულება შემექმნა, რომ საკმაოდ საინტერესო სცენარი უბრალოდ გააუპატიურა. აზრი ვერ განავითარა, სიტუაცია ჩახლართა და საბოლოოდ თვითონვე გაება ამ კვანძებში. მოკლედ, კაცმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისი ფილმი წესიერად ვერავის გაეგო და სნობების წრეში საინტერესო არტ-ჰაუს რეჟისორის სახელი მოეპოვებინა.  ფილმის ნახვისას სერიალი Lost გამახსენდა. მათაც კარგად დაიწყეს და საშინლად დაასრულეს ფრიად საინტერესო სცენარი თავიანთი უთავბოლო ბორიალით. მოკლედ, პირველი შეხედულება, ალექსანდრე მინდაძეზე, საოცრად უარყოფითია. იმედია, ეს ხელს არ შემიშლის მისი მეორე ფილმის ნახვისას, რომელსაც საკმაოდ საინტერესო რეზონანსი მოჰყვა კინოკრიტიკოსთა წრეში.

დასკვნა: ფილმი  Отрыв.  შეგიძლიათ არ ნახოთ! ან ნახოთ და მიწასთან გამასწოროთ.

В субботу

აღნიშნული ფილმი მონაწილეობდა საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

პირველი ემოცია, რაც ამ ფილმის ნახვის შემდეგ გამიჩნდა, იყო სინანული. დამენანა, რომ აღნიშნული არ იყო რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი. რაოდენ ბევრ რამეს იტყოდა მის ამდენხნიან დუმილზე. დუმილზე, რომელსაც პირზე ნამგლისა და უროს მძიმე ბოქლომი ედგა…

ფილმი მოგვითხრობს ჩერნობილის ტრაგედიაზე… არა, არაა სწორი ფორმულირება. ფილმი საბჭოთა ცხოვრებაზეა. თუკი ვინმე სინანულს გამოთქვამს „დიადი კავშირის“ დაშლის გამო, მაშინვე ეს სურათი უნდა ააფაროთ სახეზე. ყველაფერია აქ. ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირზე უნდა იცოდეს ადამიანმა…

სისტემის მანკიერი მხარეების გამოაშკარავება ხდება სურათის დასაწყისშივე, და ხვდები, რომ აქ “ჰეფი ენდი” არ იქნება. ვერც იქნება. ატომური კატასტროფა, რომელიც გასაიდუმლოვდა უბრალო მოკვდავთათვის. ეს უკანასკნელნი კი, ალბათ, საკუთარ ბოლო ბედნიერ დღეს ატარებენ უდარდელად. რაოდენ დიდი ტკივილი და ამვდროულად ცინიზმია სურათში. უფრო სატკენი კი ის ბრმა ნდობაა, რითაც ხალხის გონებაა განმსჭვალული სისტემის მიმართ. რეჟისორმა შეძლო საოცარი სიზუსტით გადმოეცა სასიკვდილოდ განწირული კაცის ადამინური განცდების მთელი კასკადი:  შიში, მწუხარება დანაკარგზე, ფაქტის უარყოფა, ბრაზი, დეპრესია და შეგუება. ერთადერთი არ გვხვდება “მოლაპარაკების” სტადია, როცა განწირული ადამიანი ცდილობს ღმერთს რაღაცის სანაცვლოდ გამოსთხოვოს საკუთარი სიცოცხლე. აღნიშნული ემოციები ყველა გმირში სხვადასხვა სტადიაში დახატა მინდაძემ, რითაც ძალიან მოვიხიბლე.

გადაღება ფრიად საინტერესოა. მოქმედების სცენა, გარემო, მუსიკა და კოსტუმებიც ისე ზუსტადაა შერჩეული, რომ საათნახევრით მართლაც მოახერხებთ 80-იანი წლების საბჭოთა ცხოვრება გაიზიაროთ. კამერა, როგორც ცოცხალი არსება ისე დასდევს მთავარ გმირს. აღნიშნულმა ხერხმა ჯერ კიდევ გას ვან სანტის „ტრილოგია სიკვდილზე“ (GerryElephantLast Days) ნახვის შემდეგ მომხიბლა. და შენც ერთვები ამ სიკვდილის მარათონში. შენც ცეკვავ ეგზალტირებულ, მთვრალ ბრბოსთან ერთად რესტორანში, მაშინ როცა 3 კილომეტრში სიკვდილის ღრუბელი აფარებია მონსტრ რეაქტორს. საინტერესოა, განწირული ადამინების მხიარულების ხილვა. ბრაზი და სინანული გახრჩობს. და ხვდები, რომ ნებისმიერი რეჟიმის ხელში, შენც ასეთივე მარიონეტი ხარ, უხილავი ხელი რომ  ახტუნავებს თავის ნებაზე.

ყველაზე საინტერესოდ კომპარტიის წევრის რეაქცია მეჩვენა აღნიშნულ ტრაგედიაზე. იგი არ იჯერებს არავის ნათქვამს. უფრო სწორი იქნება, არ უნდა დაიჯეროს, რომ რეაქტორი მართლაც აფეთქდა. მიდის სანახავად, ხედავს ამ ყოველივეს და თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს ბრმა რწმენა იწირავს კიდეც მის სიცოცხლეს. ასეა, მეგობრებო, ურწმუნოებაც და ფანატიკური რწმენაც ზოგჯერ სასიკვდილოა.

ნუ დაბრმავდებით, ნუ დაყრუვდებით, ცრუ იმედებს ნუ მიენდობით. იაზროვნეთ. ამას მე არ გეუბნებით, ეს ფილმი გმოძღვრავთ.

რატომ გამოვიდა ეს სურათი ასეთი კარგი? იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტრაგედიაა, ადამიანური ბუნების ტრაგედიაა და ამას რეჟისორი კარგად იცნობს. ჩვენ კი გვიყვარს ტკივილის მრავალგზის განცდა, ეკრანზე მაინც, რათა ქვეცნობიერად გვიხაროდეს, რომ ამჟამად არა გვიჭირს რა.

საინტერესოა, როგორ განაგრძობს სარეჟისორო კარიერას ალექსანდრე მინდაძე? ფაქტია, რომ კარგი ფილმის გადაღება ძალუძს. იმედია, რეალობას არ მოსწყდება, პრობლემებს თითიდან არ გამოწოვს და გვიამბობს იმაზე, რაც კარგად იცის და თვითონვე გამოუცდია. გვიამბობს მეტს წითელის ბნელ მხარეზე და მის ცოცხალ აჩრდილებზე.

P.S. ახლა გადავავლე თვალი ნაწერს და მგონი ზედმეტი მომივიდა. გაუცნობიერებლად ხალხს შეურაცხყოფა მივაყენე და ამისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მირჩევნია ასევე დავტოვო,  უფრო ნათლად იგრძნობა კინოს შემდგომი ემოცია.

P.P.S. ნებისმიერ განსხვავებულ აზრს თუ შენიშვნას სიამოვნებით მივიღებ.