Tag Archives: Banksy

Banksy NY- Before/After

სტანდარტული

“ვანდალიზმის ვანდალიზმი”- ამგვარი დახასიათებაც შეიძლება მივცეთ აღნიშნულ პოსტს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ის, რასაც ბენქსი აკეთებს, კანონის თვალთახედვით, ვანდალიზმად ფასდება და დასჯას ექვემდებარება. მეორეს მხრივ, მისი ნამუშევრები მაღალმხატვრულ ღირებულებას ატარებს და მათი დაზიანებაც, ასევე ვანდალიზმად ფასდება. ამგვარად, დაუსჯელი არავინ რჩება… მათ შორის, არც უბრალო დამთვალიერებელი…

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სტრიტ-არტისტი, ბენქსი, ქუჩას დაუბრუნდა. თავის ახალ პროექტს მხატვარმა “Better Out, Than In” დაარქვა. ოქტომბერში იგი  ნიუ-იორკში იმყოფებოდა “მივლინებით”, სადაც ერთი თვის განმავლობაში, ყველასაგან მალულად ხატავდა კედლებს და აწყობდა პერფორმანსებს, აკეთებდა ვიდეო-არტს. ასე იყო, თუ ისე, ბენქსის სტუმრობამ მუდმივი ხმაურის ქალაქში 30 დღეს გასტანა და გულგრილი არავინ დატოვა.

banksy-nyc2013

როდესაც “უსახელო ნაბიჭვარმა” (როგორც მას სამშობლოში უწოდებენ) ფილმი, Exit Through the Gift Shop, გადაიღო, იქვე ხაზი გაუსვა დოკუმენტალისტკის აუცილებლობას, რადგანაც მისი ნამუშევრები ქუჩაში გამოჩენიდან, არცთუ იშვიათად, მეორე დღესვე ქრება. პროექტმა “Better Out, Than In” მხატვრის სიტყვები მწარე რეალობით დაამტკიცა. ქვემოთ წარმოდგენილ კოლაჟებში თქვენ იხილავთ ბენქსისეულ ორიგინალ სურათებს და მათ ამჟამინელ მდგომარეობას.

The street is in play

The street is in play

This is my New York Accent

This is my New York Accent

All I ever wanted was a shoulder to crayon.

All I ever wanted was a shoulder to crayon

ვიდეო-არტის სფეროში ბენქსის პროფესიონალიზმში ეჭვს ვერ შევიტანთ. სხვა თუ არაფერი, მისი სარეჟისორო დებიუტი “ოსკარის” ნომინაციით აღინიშნა. ამჯერად არტისტი ახლო აღმოსავლეთში გააქტიურებულ ტერორიზმის თემას გამოეხმაურა. როგორც ყოველთვის, ფრიად ორიგინალურად და მისთვის დამახასიათებელი სატირით

ბენქსიმ მისეულ ბუშტების თემატიკას ნიუ-იორკშიც ვერ აუქცია გვერდი.  აღნიშნული ნამუშევარი, ამჟამად სპეციალურ დამცავ მინაშია მოქცეული, რათა როგორმე მოხერხდეს მისი კონსერვაცია

banksy heart ballon

შემდეგი ნამუშევარი ალუზიაა ამერიკელი სამხედროების გახმაურებულ ოპერაციაზე ერაყში, როდესაც მათ უიარაღო, მშვიდობიანი მოქალაქეები დაცხრილეს უპილოტო გამანადგურებლის საშუალებით. აღნიშნული ფაქტის შესახებ მსოფლიომ ჟულიან ასანჟის “ვიკილიქსის” წყალობით შეიტყო. სურათს შესაბამისი აუდიო-ფაილი დაურთო მხატვარმა, რათა მაყურებელმა სრული სიცხადით შეიგრძნოს მთელი ამ დანაშაულის ტრაგიზმი. სამწუხაროდ, აღნიშნული ნამუშევარი სანახევროდ არის შემონახული

Banksy- Crazy Horse

ბენქსის სტუმრობა საკმაო ხმაურითაც გამოირჩეოდა ნიუ-იორკში. აღნიშნულის მიზეზი, არტისტის პერფორმანსი გახლდათ, რომელსაც მან “Sirens of the lambs” უწოდა. ამ  წარმოდგენით, იგი შეეცადა მნახველთა ყურადღება გაემახვილებინა ცხოველთა ბედსა და მათ უფლებებზე.

მხატვრის შემდეგ ნამუშევრებსაც არ დაადგათ კარგი დღე

Concrete confessional

Concrete confessional

ბენქსიმ ძალიან ჭკვიანური და დამაფიქრებელი გზავნილი დაუტოვა ხელოვნების მოყვარულთ შემდეგი პერფორმანსით. იგი შეეცადა, ეჩვენებინა ყველასთვის, რომ მთავარი ხელოვნებაა და არა არტისტის ავტოგრაფი ნამუშევარზე. ამის დასამტკიცებლად, მან საკუთარი ორიგინალი სურათები ქუჩაში გასაყიდად გამოიტანა. მათი ფასი კი სულ რაღაც 60$ (!) გახლდათ. იმის აღნიშნვნა საჭირო არ უნდა იყოს, რომ ბენქსის მსგავსი ნამუშევრების ღირებულება აუქციონებზე კოლოსალურ მასშტაბებეს აღწევს.

სამწუხაროდ, ვანდალებმა არ დაინდეს მხატვრის სხვა ექსპონატებიც.

Some people criticize me for using sources that are a bit low brow (this quote is from 'Gladiator') but you know what? "I'm just going to use that hostility to make me stronger, not weaker" as Kelly Rowland said on the X Factor

Some people criticize me for using sources that are a bit low brow (this quote is from ‘Gladiator’) but you know what? “I’m just going to use that hostility to make me stronger, not weaker” as Kelly Rowland said on the X Factor

Banksy 9/11

Banksy

Banksy boy

მსოფლიო პროვოკატორის შემდეგ ვიდეო-ინტალაციას უკომენტაროდ დავტოვებ

ნიუ-იორკი იმითაც გახლდათ გამორჩეული, რომ ბენქსიმ მის გარეუბანს  სფიქსის მისეული სკულპტურაც შემატა, თუმცა მსახვრალ ხელს ვერც ეს ქანდაკება გადაურჩა

No turn unstoned. A 1/36 scale replica of the great Sphinx of Giza made from smashed cinderblocks. You're advised not to drink the replica Arab spring water.

No turn unstoned. A 1/36 scale replica of the great Sphinx of Giza made from smashed cinderblocks. You’re advised not to drink the replica Arab spring water.

შემდეგი ნამუშევარი ჩემი ფავორიტია. მისი სამომავლო ბედი უკვე გარკვეულია და უახლოს ხანში იგი რომელიმე პრესტიჟულ აუქციონზე კვლავ გაიელვებს… ისიც მხოლოდ ცოტა ხნით…

Waiting in vain at the door of the club

Waiting in vain at the door of the club

შემდეგი ნამუშავრის ადრესატი “The New York Times” გახლდათ. ირონიულია, ნახატის ამჟამინდელი მგომარეობა

Today’s piece was going to be an op-ed column in the New York Times. But they declined to publish what I supplied.

Today’s piece was going to be an op-ed column in the New York Times.
But they declined to publish what I supplied.

ბენქსის ამერიკული ვოიაჟის ფინალური აკორდი გახლდათ გრაფიტის ფონტის სტილში შესრულებული ინსტალაცია, რომლის ფასიც, როგორც ამას მავანი ამბობს, 200 000$-ს აღემატება.

An inflatable throw-up

An inflatable throw-up

And that’s it.
Thanks for your patience. It’s been fun. Save 5pointz. Bye
Banksy

სამწუხაროა, რომ სტრიტ-არტისტის დაუზიანებელ ნამუშევართა მხოლოდ ნაწილის ხილვა შეუძლია დამთვალიერებელს. მხატვრის ამერიკული ტურნეს შესახებ, უახლოეს ხანში, კიდევ მოგითხრობთ. შემდეგ ჯერზე, მის ინოვაციურ მიგნებაზე ვისაუბრებთ.

Advertisements

სისტემა უნდა დაინგრეს?

სტანდარტული

ამ პოსტის დაწერის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ერეკლე დეისაძის „სისტემა უნდა დაინგრეს“ მოვისმინე და ძმაკაცმა მითხრა: „რაღას მღერის? რა უნდა? სისტემა ხომ უკვე დაინგრა?“

***

„-სოფლელებით გაივსო ქალაქი… ხოო… ხოო… ამათი ბრალია, გარყვნეს ყველაფერი… გარყვნეს ყველეფერითქო…“- მობილურზე საუბრობდა 50 წლამდე ასაკის კაცი. ტალახის შხეფებით დასვრილი შავი ჯინსის შარვალი ეცვა, ხაკისფერი ზამშეს კურტაკი, გადაქექილი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი ცხვირზე საცოდავად გადატყავებოდა. მარჯვენა მტევნის ცერა და საჩვენებელ თითებს შორის, ხელის ზურგზე „ბეში“ (ერთი კაცი ოთხ კედელში) ჰქონდა ამოსვირინგებული, მარცხენა ხელის შუათითზე დამრეცი ჯვარი…

***

„სისტემა უნდა დაინგრეს! სისტემა უნდა დაინგრეს!“

ყველგან ეს მესმოდა, ყველგან ამას ვკითხულობდი, Facebook- კომენტარებიდან და სტატუსებიდან დაწყებული ქალაქში შენობის ფასადებით დამთავრებული. მეც ვფიქრობდი ასე: სისტემა უნდა დაინგრეს! ფაქ ზე სისტემ!

Banksy -Riot

Banksy -Riot

დანგრევას როცა ვახსენებ ყოველთვის ჰანა მახმალბაფის ფილმი, „ბუდა სიცხვილისაგან აფეთქდა“ მახსენდება.

სურათიც სწორედაც რომ აფეთქებით იწყება, თუმცა მერე ვხვდები, რომ ეს არაფერია იმ ნგრევასთან შედარებით, რაც პატარა გოგონას გონებაში ხდება სურათის განმავლობაში. ვერანაირი  ნაგებობისა თუ გამოქვაბულის მიწასთან გასწორება ვერ შეედრება იმას, რასაც ბავშვობის გაცამტვერება ჰქვია. თვალნათლივ ხედავ, როგორ იშლება აგურ-აგურ ფერადი სამყარო და ნანგრევების ბუღში სასტიკი, დენთის სუნით გაჯერებული რეალობა იკვეთება. დასასრულს კი რეფრენად გასდევს პატარა გოგონას მეგობრის ისტერიული ყვირილი: „მოკვდი და თავისუფალი იქნები! მოკვდი და თავისუფალი იქნები!“

***

სისტემის ნგრევა ჩემთვის ეს არის. ერთდროულად, ასანთის ღერებით ნაშენი ხუხულის ჩამონგრევა, თუმცა, როგორ ჩანს, სისტემამ მესამე გოჭივით ჭკუა იხმარა და ბინა საიმედოდ დაცულ მდიდრულ სასახლეში დაიდო. შენობის ნგრევაზე როცა მიდის საქმე, წესით და რიგით ასე ხდება: მცხოვრებლებს გამოასახლებენ, უსაფრთხოების პარამეტრებს დაიცავენ და მიმდინარეობს დემონტაჟი, შემდეგ კი იწყება ნანგრევებისაგან გაწმენდის დაუსრულებელი პროცესი. თქვენ რა, გგონით ჩვენც ამ ეტაპზე ვართ და დარღვეული მმართველობის ნანგრევები გაგვაქვს სანაგვეზე?

არა, მეგობრებო! ჩვენ მაძღარი ხალხი გამოვასახლეთ შენობიდან და მშიერი, ულევი მადის მქონენი შევასახლეთ შიგნით, თან გავიძახით, რომ სასახლის დემონტაჟმა წარმატებით ჩაიარა. მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვა: ძველი, ძლიერი სისტემა ახლით შევცვალეთ და ახლა ველოდებით, ხელს ვუწყობთ მას, როდის გაიდგამს ღრმად ფესვებს, როდის მოძლიერდება. მერე რა, რომ ჩრდილეთის ქარი უბერავს, გაგებით ვეკიდებით…

***

ცხვრის ფარას თხას უყენებენ წინ, რომ სულელი პირუტყვი არ დაიბნეს. მოაშორებ თუ არა ყოჩს, ფარა ირევა, ქაოსის ჟამი დგება და ზოგიერთი, ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი დროს იხელთებს, ბენზინგასამართ სადგურს დააყაჩაღებს, ვიღაცას საფულეს მოპარავს, ვიღაცას ყელს გამოღადრავს… და როცა ახალ თხას ჩააყენებენ წინ, ისინი კვლავ  კიკინით გაჰყვებიან მას და თვალებს აქეთ-იქეთ გააცეცებენ, ეგებ საკბილოს გამოჰკრან ხელი. ვაი რომ, ასე ნაქები თხა ახლა სწავლობს ნაბიჯების გადადგმას და უღრან ტყეში მიუძღვის ფარას, რომლის ბოლოსაც ხევის კიდე მოჩანს…

Banksy- monkey parliament

Banksy- monkey parliament

***

სისტემა გვჭირდება, მის გარეშე არარაობანი ვართ! ფაქტმა აჩვენა ეს 90-იანებში და ფაქტებივე აჩვენებენ ახლაც. გაუფრთხილდით სისტემას! გადაარჩინეთ სისტემა!

***

ჭეშმარიტად სისტემის დანგრევაზე როდის შეიძლება “ოცნება”, იცით? როცა საკუთარი გონების მიერ დამყარებულ რეჟიმს მოუწყობ რევოლუციას! როცა მიხვდები, რომ მართმადიდებელ ქრისტიანს და მუსულმანს შეუძლიათ მშვიდობით და ურთიერთპატივისცემით არსებობა… როცა გაანალიზებ, რომ “ჰომოსექსუალიზმი” მუშტების ქნევით „არ იკურნება“ და შვილებს, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ „გაგიპიდარასტებენ“… როცა შეიგნებ, რომ საქალწულე აპკი პატიოსნებას არ განსაზღვრავს… როცა მიხვდები, რომ „არ ტეხავს“ „მოიკაზე“ მუშაობა… როცა მიხვდები, რომ 40 წლის ასაკში უკვე დროა დედიკოს პენსიას არ უცდიდე სიგარეტის საყიდლად… როცა მიხვდები, რომ მიშას, ბიძინას, პეტრეს, პავლეს მთავრობას სულაც ჰკიდია შენი ქვეყანა, იმიტომ რომ მათ „ფული უნდა იშოვონ, მილიონერები უნდა გახდნენ“… როცა მიხვდები, რომ ის, რასაც ეკრანზე უყურე, რამაც ნერვები უკიდურესად დაგაწყვიტა და ქუჩაში გამოგიყვანა ყვირილით „დღეს მეც პატიმარი ვარ“, სინამდვილეში შენს გონებას უკეთებს ახლა მთავრობა… როცა ბოლოსდაბოლოს გაანალიზებ, რომ სისტემა, ეს შენი აზროვნება, ობმოდებული მსოფმხედველობაა და დაანგრევ მას, რომ „მოკვდე, რათა გათავისუფლდე“. უკვე მერე შეძლება გამოხვიდე და ხმამაღლა დაიძახო: „სისტემა უნდა დაინგრეს!“

 You tell me it’s the institution

Well, you know

You better free your mind instead

P.S. ქალაქში კორპუსების კედლებს ვათვალიერებ ყოველთვის, მიყვარს წარწერების კითხვა… „სისტემა უნდა დაინგრეს“ ყველგან გადაჩხაპნილი და გადაღებილია… ვიღაცას ძალიან უნდა, რომ წაშალოს ჩვენში ეს მოგონება… ნუ ვიჩქარებთ, გაგებით მოვეკიდოთ…
სისტემა უნდა დაინგრეს

როგორ შევხვდი ჯონ ლენონს

სტანდარტული

სიზმარის სამყარო გასაოცარია. ასეთი თავისუფლება, უკონტროლობა და უკიდეგანობა რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა კედელზე ჩამოკიდებული ჩარჩო, რომელსაც რაც არ უნდა ეცადო ვერ გასცდები. ხის რიკულებიანი ნაჭრები მჭიდროდ გვეკვრის გარს და სულს გვიხუთავს. ჩვენს მიერ თვალსაწიერის გაფართოება კი სხვა არაფერია, თუ არა ირგვლივ არსებული ოთხკუთხედი სამყაროს პერიმეტრის გაზრდა, რითაც ვახერხებთ კედლის უფრო დიდი ფართი მოვიცვათ, თუმცა არ გვიწერია მთლიანად შევიცნოთ იგი. ზუსტად ასეთი შეგრძნება დამეუფლა, როცა  ბენქსის საგამოფენო ნამუშევარს შევავლე კომპიუტერის ეკრანზე პირველად თვალი.

“There are four basic human needs; food, sleep, sex and revenge.”
Banksy

და მაინც, რახანაც ვართ “თავის უფლები” მხოლოდ ძილში, ჩვენი ტვინის ხვეულების ალფა რხევებში, ვახერხებთ რამდენიმე წუთით გადმოვიდეთ შავთეთრი სურათიდან და ფერადი კედელი მოვათვალიეროთ.

სიზმარი ფრიად საინტერესო თვისებით ხასიათდება. იგი ყოველთვის ქვეცნობიერს გამოავლენს, რომელთან წვდომაც ადამიანის ცნობიერს არ აქვს. სწორედ ამიტომაც სწავლობდა ფროიდი პაციენტების სიზმრებს, რომელთა შესწავლის საფუძველზეც დააშენა შემდეგ საკუთარი “ფსიქოანალიზი”.

სიზმრად უცხო ადამიანი გინახავთ? საინტერესო ფაქტი: ძილში ახალი სახის შექმნა არ შეგვიძლია. ჩვენთვის “უცხო” ადამიანები სინამდვილეში სადღაც ნანახი, შეიძლება უბრალოდ თვალმოკრული რეალური პიროვნებები არიან, რომლებიც ღრმად ჩაიბეჭდნენ მეხსიერებაში და ფიზიკური მოსვენების ჟამს ბურუსიდან გამოიკვეთნენ, როგორც სუსხიანი შემოდგომის ნისლიან დილას თანდათან ჩნდება პეიზაჟი. სიზმრად სრულდება ჩვენი დამალული ოცნებები და სურვილები, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში მიღწევა ხშირად არ უწერიათ. მე, მაგალითად ბითლზის კონცერტზე ვიყავი ერთხელ, სულ წინა რიგებში, ხშირად დავფრინავ ყოველგვარი დახმარების გარეშე, ოპერაციებს, ან უბრალოდ შეხვევებს ვაკეთბ, ზოგჯერ სამყაროს ფერადოვნებით დაძაბუნებული მხატვარიც ვარ…

***

ქალაქში ვარ… ქუთაისს ჰგავს ძალიან, მაგრამ თბილისია აშკარად. საუბარი და ქუჩების განლაგება დედაქალაქისას მიუგავს, ყოველშემთხვევაში. ვიღაც გოგსთან ერთად ვარ. საოცრად ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვერ შევიცანი ვერაფრით. მშვიდად ვარ, საფრთხეს ვერ ვგრძნობ. წყნარად მივუყვები ქუჩას და მანქანების კოლონას ვაკვირდები. ქუჩის კუთხეში კომიქსების მაღაზიას მოვკარი თვალი. საოცრად მომინდა შესვლა და დათვალიერება, კომიქსი ხომ რეალურ ცხოვრებაში თვალითაც არ მინახავს… საოცარი გარემოა… შემინული დახლები ფერადად ბრჭყვიალებს. ჩემთვის სრულიად უცნობ და ასე საინტერესო სუპერგმირებს შევყურებ პრიალა გარეკანზე… ნება-ნება ვათვალიერებ დახლებს… სალაროს ვუახლოვდები, რომლის მარცხნივაც უზარმაზარი შემინული კარადა დგას. კი მეუცნაურა, ცოტა მოუხერხებლად ჩაუდგამთ, მაგრამ ამისთვის ვის სცხელა? კარადის წინ ავეყუდე…

სიტყვებით რთულია გადმოსცე განცდა რაც მისი შიგთავსის დანახვისას მეუფლება! ეს არის ბითლზის ალბომების სტერეო რემასტერი ვინილზე (ცნობისათვის, ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა, 12 ნოემბრიდან გაეშვება ქსელში)

The Beatles studio album remasters on 180 gram vinyl

საოცარია… პირდაპირ ჯადოსნური… განათებაც კი ისეთი აქვს, მიუწვდომელს და ხელშეუხებელს რომ ხდის.

-ხედავ? ხედავ???- ისტერიკულად ვეკითხები გოგონას, რომლის სახეც ასე მეცნობა, და მაინც ვერ გავიხსენე რა ჰქვია.

გოგო სალაროში გამყიდველთან საუბარს მორჩა და ჩემ გვერდით აიტუზა. დამუნჯებულები შევცქერით ვიტრინას.

კარის თავზე ჩამოკიდებული ზარი გაწკრიალდა… მაღალი, თხელ მანტოში გამოწყობილი, შავი მზის სათვალით და ოდნავ გრძელი ცხვირით, თხელი, ვიწრო ბაკენბარდებით, ჰაეროვნად შემოაბიჯა ამ მიკარგულ კომიქსების მაღაზიაში ღმერთმა- ჯონ ლენონმა! წამით ვიგრძენი, რომ გული გამიჩერდა…

“არა! ეს შეუძლებელია! წარმოუდგენელია! როგორ?”- ფიქრები თევზებივით აირია თავში.

გვერდით ჩაგვიარა, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და თავი დაგვიკრა… სალაროს მიადგა… გაჭაღარავებულ, მსუქან გამყიდველს, რუს საშას, გაუბა ჩუმად საუბარი…

-ისაა???- ვკითხე ჩემ გვერდით მდგომ უცნობ-ნაცნობ გოგონას, რომელმაც მხრები აიჩეჩა.

იდაყვით სალაროს მაგიდას ჩამოეყრდნო, მუხლები მოხარა… კევს ღეჭავს…

-საშა, ჩემთვის უნდა იყოს რაღაც…

საშამ დავთარი ამოიღო…

-ჯონ ლენონი.

საშამაც კირკიტი დაუწყო ჟურნალს. ეტყობა რაღაც სიაა, ისე ჩააყოლა კალამი…

“ისაა! ისაა!!!”- ეს აზრი ისე ხმამაღლა ყვირის ჩემ თავში,  ყურებზე ხელს ვიჭერ, რომ “ბარაბნები” არ გამისკდეს…

-ასეთი სახელი სიაში არაა!- რუსულად პასუხობს მსუქანი საშა

“რაა? ეს ხომ არ გამოყლევდა??? რას ქვია არაა! ჯონ ლენონია, ბოლოსდაბოლოს! ვერ ცნობს, ეს ჩემისა?”- ხელები ამჯერად პირზე ავიფარე, რომ აზრები ტუჩებს მიღმა არ გამქცეოდა.

-ააა, ხო!- უდარდელ გაეცინა ჯონს- მართალია! რობერტ ჰაქსლი ნახე!

-კი, არის, ბატონო რობერტ!

“რაა? რა რობერტ? ვინაა რობერტ ჰაქსლი?- გამიელვა აზრმა, მაგრამ მალევე გადამავიწყდა. ჩემ გვერდით მდგომი გოგო ჯონს მიუახლოვდა და რაღაც ჰკითხა. მას გაეღიმა, თავი დახარა და ოდნავ დააქნია… ხელი ჩამოართვა… ჩემსკენ წამოვიდა…

კანკალი ამიტყდა… ხელისგულები გამიოფლიანდა… რამდენჯერმა სწრაფად დავისვი შარვალზე… ენა მებმევა… რაღაც აზრის გამოთქმა მინდა რუსულად…

-я ваш фанат…   ისაა… ჯანდაბა!- საერთოდ წამერთვა ლაპარაკის უნარი

-Easy, boy!- გაეცინა მას და ხელი ჩამომართვა, – მე მესმის და ვგებულობ.

მთელ სხეულში ელექტრო მუხტმა დამიარა თითქოს…

რამდენიმე წამით წყდება სიზმარი

ახლა მე და ლენონი ვდგავართ ვიტრინის წინ და ბითლზის რემასტერ-ვინილ ალბომების ყუთს შევყურებთ.

-ჰა, როგორია?

-მე ვერ შევწვდები, ძალიან ძვირია- ჩუმად ჩავილაპარაკე. 319$ ღირს, ფასი ვიცი უკვე… (სიზმარშიც კი ჯიბეგაფხეკილი ვარ)

-ეგ არაფერი! შენ Shaved Fish-ს უნდა მოუსმინო!- მითხრა მან და სალაროსკენ წავიდა…

საშამ პატარა, შესასვლელი კარი გაუღო და დახლში შეიყვანა. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კედელზე აწოწილი რკინის კარადა გახსნა, რომელიც ცელოფნის დაფასოებული პარკებით იყო გამოტენილი. ლენონი ოდნავ აიწია და ორი პაკეტი ჩამოიღო. ნაცრისფერი პაკეტის ზედაპირზე მისი სურათი გავარჩიე…

ნახატი პარკზე

მომიახლოვდა და პაკეტი გამომიწოდა…

-გახსენი, შენია! ჩემგან.

პაკეტი გამოვართვი და გახსნა დავიწყე. რამდენიმე მაისური მისი გამოსახულებით, საოცრად მოკლე, “ლივერპულის” საფერხურთო შორტი, პლაკატი ხელმოწერით და მისივე დახატული სურათი კომპაქტურად იწყო პარკში.

-მადლობა! დიდი მადლობა!

-ააჰ, ეგ არაფერი! გახსოვდეს, მთავარი მშვიდობაა, მეგობარო! Peace- თქვა და მარჯვენა ხელის ორი თითით მშვიდობის სიმბოლო გამოხატა…

ამ სიტყვები შემდეგ, ლენონის ნაჩუქარი პაკეტით ხელში უდაბნოში, უზარმაზარ რიგში ამოვყავი თავი… რატომღაც ჩავთვალე, რომ ახლო აღმოსავლეთში მოვხვდი… სუფთა წყალს ელოდებოდა ხალხი…

***

რა არის მაინც სიზმარი, და სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის? ჩემი სიზმარი იმდენად რეალურს ჰგავდა, რომ ახლაც, ფხიზელ გონებაში მიჭირს ამ ყოველივეს უბრალო ზმანება ვუწოდო. იმედია კიდევ მომეცემა საშუალება ჯონს მშვიდაბაზე ვესაუბრო.

სიზმრის თემას რამდენჯერაც არ უნდა შევეხო, გაჩერება მიჭირს… სანამ თავს მოგაბეზრებთ, გირჩევთ ნახოთ/კიდევ ერთხელ გადახედოთ კროსტოფერ ნოლანის შედევრს Inception. დატკბით ადამიანის გონებისა და შესაძლებლობების უკიდეგანობით…

მე კი ბონუსად ჯონ ლენონის Shaved Fish-ს დაგიტოვებთ.

ფერად სიზმრებს გისურვებთ…