Tag Archives: BIAFF

პორნო- სიყვარული და გეი ეიზენშტეინი

სტანდარტული

პორნო დიდ ეკრანზე და გასხმები 3D-ში- მოლოდინი ასეთი იყო

რეალურადაც ასე მოხდა. უფრო მკაფიო მაგალითი რომ მოვიყვანო: ეაკულაციის სცენის დროს  სპერმა პირდაპირ მაყურებელს “შემოესხა” 3D ეფექტის გამოყენებით, რა დროსაც ჩემ წინ მჯდომმა ქალმა შეჰკივლა, სწრაფად გადაიხარა გვერდზე, თესლი რომ აეცილებინა და ისტერიულად მოიხსნა სათვალე.

და მაინც, სად გადის ზღვარი პორნოგრაფიასა და არტ-კინოს შორის? როგორც ჩანს რეჟისორის გვარზე.

Gaspar Noe-

Gaspar Noe- “Love”

ფსევდო-ეგზისტენციალურმა, ყალბი ნარატივებით გაჟღენთილმა მწირმა დიალოგებმა სიყვარულის უპირველოსობაზე და სიცოცხლის მოძრაობის ძალაზე გულისრევამდე მიმიყვანა. სამაგიეროდ, სექსის ესთეტიკა ლამაზად იყო გადმოცემული და ფერთა თამაშიც ფრიად ახარებდა (არამარტო) თვალს. უფრო საგულისხმო და ალბათ ფასეული ფილმში საკუთარი სექსუალური ფანტაზიების ძიება და ეტაპობრივი გახსნა იყო. მცდელობა რაღაც ახლის განცდისა და შემეცნებისა, თავისი შიშნარევი ინტერესით- მკაფიოდ იყო დახატული. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რეჟისორი არ შეუშინდა კულტურათა შორის სხვაობის წარმოჩენას, რა დროსაც ამერიკელები ლამის პირველყოფილ ცხოველებს შეადარა აგრესიის მუშტებით გამოხატვის გამო და მიუთითა მათსავე კონსვერვატულობაზე პირად ურთიერთობებსა თუ სექსუალურ ცხოვრებაში. ამგვარად ნოე შეეცადა ეჩვენებინა  ევროპა, ყოველგვარი კლიშეებისგან თავისუფალი მსოფმხედველობა და გახსნილობა საკუთარ სურვილებსა თუ მისწრაფებებში. სამწუხაროა, რომ ეს სათქმელი ფაქტორბივად სრულიად ჩაიკარგა სექსის მრალფერ სცენებს შორის ( თუმცაღა მეეჭვება ამის გამო ვინმე დამწუხრებულიყო)

ჩემდა სამწუხაროდ (და სამარცხვინოდ) გასპარ ნოეს სხვა ფილმები ნანახი არ მაქვს, რის გამოც ამ უკანასკნელით რეჟისორზე ვერ ვიმსჯელებ, თუმცა ამგვარი თამამი და ნოვატორული განაცხადი მეტად დასაფასებელია, რაც დიდ ინტერესს მიჩენს რეჟისორის სხვა ნამუშევრების მიმართ. მეტად სასიხარულოა, რომ ბათუმის კინოფესტივალი არ შეუშინდა მსგავსი ხასიათის ფილმის დიდ ეკრანზე გაშვებას (იმის ფონზე, რომ თბილისი კინოთეატრებმა თავის დროზე უარი განაცხადეს ლარს ფონ ტრიერის “ნიმფომანიაკის” ჩვენებაზე)

***

არანაკლებ სკანდალური გახლდათ პიტერ გრინუეის ნამუშევარი “ეიზენშტეინი გუანახუატოში”. ლამის ღმერთის დონემდე აჰყავთ კინომოყვარულებს საბჭოთა რეჟისორი. მისეული მონტაჟის ხელოვნება და ამგარი ფორმით სათქმელის გადმოცემა დღემდე აღტაცებას იწვევს მაყურებელში. გრინუეი კი ადგა და შეეცადა სერგეი ეიზენშტეინი სულ სხვა კუთხით ეჩვენებინა: მთვრალი, ჩასვრილი, ნარწყევით მოთხვრილი და სექსუალურად ექსცენტრიული. მექსიკაში ფილმის გადასაღებად ჩასული საბჭოთა რეჟისორი, სტალინის ყოვლისმხედველი თვალისგან მოშორებული საკუთარი თავისუფლების ძიებაში და შიშში მეტად საინტერესო სანახავი გახლდათ.

ფილმის გადასაღებად ბრიტანელი რეჟისორის მთავარი ინსპირატორი სერგეი ეიზენშტეინის ჰომო-ეროტიული ნახატები გახდა, რაც იმთავითვე მინიშნებად ეჩვენა მას.

გრინუეის ნამუშევარში დაჭრა-შეწებების ოსტატი საკუთარ სხეულზე ზიზღნარევად მოსაუბრე, ჩაკეტილი ადამიანია, რომელიც ეტაპობრივად ხსნის საკუთარ სექსუალობას ახალგაზრდა, სიმპათიურ მამაკაცთან და უყვარდება კიდეც ეს უკანასკნელი. ამგვარად შეეცადა გრინუეი აეხსნა ეიზენშტეინისეული სახეცვლილება მექსიკაში მოგზაურობის შემდგომ. ერთ დროს საბჭოთა პროპაგანდის პიონერი საკუთარ ფილმებს აადამიანურებს და წინა პლანზე ადამიანური ბუნება გამოაქვს ეკრანზე.

რუსეთში ფილმს მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ჩრდილოეთში ვერ აიტანეს გეი ეიზენშტეინი. რუსმა მსახიობებმა უარი თქვეს მისი როლის შესრულებაზე, პროდიუსერებმა და არტ-ჰაუს კინოდისტრიბუციულმა კომპანიებმა თავი შეიკავეს ნამუშევრის შესყიდვაზე, რასაც საფუძვლად ჰომოსექსუალობის პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონი და ჰომოფობიური საზოგადოება დაუდეს. თუმცაღა ასეთი პათეტიკა მათი მხრიდან ცოტა სასაცილოდ მეჩვენება. ყველაფერი მარტივია: რუსი ერი ვერ აიტანს გეი ეიზენშტეინს! ისიც ჰყოფნის და ძლივს ეგუება, რომ ებრაელი იყო და ახლა კიდე ეს.  ვერც დაუშვებს ამგვარ ვარიანტს. უმალვე განაცხადეს, მისი სექსუალური მისწრაფებები უცნობი იყო და საჯარო განხილვის თემა არასდროს გამხდარაო. ამგვარად პროექტი რუსული მხარის მონაწილეობის გარეშე შედგა.

EisensteinInGuanajuatoSeattleGay

კადრი ფილმიდან “ეიზენშტეინი გუანახუატოში”

სად არის სიმართლე, ძნელი გასარკვევია, მაგრამ ფაქტია: ამგვარი რაკურსით ეიზენშტეინი არავის წარმოუჩენია ეკრანზე. გრინუეიმ კი ყველაფერი მეტად არტისტულად, დახვეწილი მხატვრობით, საბჭოთა რეჟისორისეული სწრაფი მონტაჟის მეთოდით და იუმორით მოიტანა მაყურებლამდე. იმ მაყურებლამდე, რომელთაც გეი სექსის სცენით აღშფოთებულებმა არ დატოვეს დარბაზი.

***

ორივე ფილმში მთავარი თავისუფლებისკენ ლტოლვა და საკუთარი თავის შეცნობაა, რომელიც ასე სჭირდება ადამიანს პროგრესისათვის. რა მოუტანა და რა მისცა მაყურებელს ამ ნამუშევრებმა? მინიმუმ ვიზუალური მასალა მასტურბაციისათვის, სექსუალური განწყობისამებრ. ეგეც ბევრს ნიშნავს…

P.S. ეს პოსტიც  ერთგვარი ვერბალური მასტურბაციაა, რომელიც ყველასთვის განკუთვნილი არ არის! #ოთარიოსელიანი

Advertisements

არტ-კინო და ბისექსუალური არჩევანის შანსი

სტანდარტული
არტ-კინო და ბისექსუალური არჩევანის შანსი

გველივით მიხვეულ-მოხვეული ქუჩები ასეც ვერ დავისწავლე. ბათუმის ურბანული დაგეგმარება ჩემთვის დღემდე დაუძლეველ რუბიკონად რჩება. ერთი მხრივ კარგიც არის ეს ყოველივე. თითოეულ ჩამოსვლაზე ხელახლა აღმოვაჩენ ხოლმე ქალაქს. მოულოდნელი სტრიტ-არტი ძლიერ ალამაზებს აქაურობას

აქ ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი წელსაც უვლელია: ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი. მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას გადავხედე- საინტერესო კვირეული გველოდება წინ

არტ-კინოს უპირატესობა და ნაკლიც ერთი მომენტია: იგი გარკვეულ წრეზეა გათვლილი და ამგვარად ექსკლუზიურობას ინარჩუნებს. ხელოვნების ძირითადი მიზანი დღეს-დღეობით სწორედაც რომ სოციალური პრობლემატიკის განვრცობა და მისი გადაწყვეტის გზების ძიება უნდა წარმოადგენდეს. სამწუხაროა, მაგრამ ამ მხრივ ჯერ-ჯერობით ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ: გარკვეული ჯგუფია მხოლოდ მაყურებელი და შემფასებელი მსგავსი ნამუშევრების, მასა კი- ინდიფერენტულია.

ბათუმის კინოფესტივალი ერთგვარი მცდელობაა, გააცნოს “სხვა კინო” ფართო აუდიტორიას. რამდენად მიიღებს ამას მაყურებელი და რამდენად გამოიწვევს ესა თუ ის ნაწარმოები ზოგიერთ ინდივიდში კათარზისს, მსოფხედველობის გადაფასებას- ცალკე საკითხია.

ბლოგერი მეგობრები დიდი ხანია არ მინახავს, ამიტომაც სალაპარაკო ბევრი დაგვიგროვდა. ძირითადად სოციალურ პრობლემატიკას და თვითშეგნებას გადავწვდით. ჰომოსექსუალობის “განკურნებაზეც”და მის სანაცვლო პასუხზეც ვისაუბრეთ ორიოდ სიტყვით, თუმცა საკმაოდ ძნელია აღნიშნულ საკითხზე ჯეროვანი რეაქციის ქონა.

აღნიშნულმა ბლოგ-პოსტმა პოლონელი რეჟისორის, ტომაშ ვასილევსკის დრამა Floating Skyscrapers გამახსენა, სადაც ძალზე კარგად არის ნაჩვენები, თუ რაოდენ მძიმე პრობლემაა საზოგადოებისა და ოჯახის მხრიდან მიუღებლობა (“ვთავაზობ ამ შვილზე, უბრალოდ, უარის თქმას. დედა იქვე უყვირის შვილს რომ ის მისი დედა აღარ არის. მე ვეუბნები ბიჭს, რომ აწი ის თავისუფალია და შეუძლია წავიდეს”)

სწორედ ეს აკლია თანამედროვე დამოუკიდებელ ქართულ საავტორო კინოს- გაუბედაოვობა და შიში. შიში საზოგადოებრივი რეაქციისა. ამგვარად ქართული არტ-კინო ვერ სცდება დამკვიდრებულ კლიშეებს: ნარკომანია, აფხაზეთი- თემები, რომლებსაც დარბაზი ყოველთვის ერთნაირი ენთუზიაზმით აიტაცებს.

ეს ყოველივე კი სასაცილოა იმის ფონზე, როდესაც ვიხსენებ ოთარ იოსელიანის შესანიშნავ ფილმს “გიორგობისთვე”- “ფილმი იმაზე თუ როგორ უნდა იცხოვრო და როგორ არ უნდა იცხოვრო).

დღევანდელი ახალგაზრდობა ჯერ კიდევ შეზღუდულია თვითგამომხატველობაში, რადგანაც ჰგონია, რაც მას არ ეხება, მისი საქმე არ არის. ამგვარად ვიღებთ მუდმივად თევზივით დამუნჯებულ ძალას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინდიფერენტულია გარემო მოვლენებზე და თავისი უმოქმედობით თანამოაზრედ იქცევა.

ხელოვნება და კინო უნდა გახდეს კატალიზატორი შეხედულებების გადააზრებისა, რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში დეფიციტს წარმოადგენს.

რამდენიმე საათში კი ბათუმის კინოფესტივალი სტარტს აიღებს

ბათუმის მუსიკალური (კინო)ფესტივალი

სტანდარტული

ენით გადმოუცემელი განცდაა, როდესაც ჩაბნელებულ დარბაზში, დიდ ეკრანზე ამას უყურებ და გრძნობ, როგორ შემოდის უზარმაზარი გამაძლიერებლებიდან მუსიკა პირდაპირ შენს სხეულში. ვიბრაცია, რომელიც თითებს გიგრეხს, თითქოს შენც ელექტრო-გიტარაზე უკრავდე და განცდა იმისა, რომ ახლა, აქ აღარ ხარ, სადღაც გადაინაცვლე დროსა და სივრცეში, გაეცალე დედამიწას, უკან მოიტოვე ყოველგვარი საფიქრალი…

ვიჯექი კინოთეატრ „აპოლოს“ დარბაზში, დიდ ეკრანზე ჯიმის შევცქეროდი და ვფიქრობდი: „როგორ არ გამიმართლა ცხოვრებაში! ნამდვილად სხვა დროს უნდა დავბადებულიყავი!“ ამგვარი ფიქრი გამყვა მთელი სეანსის მანძილზე. ფილმის დასრულების შემდეგ კი დავფიქრდი: რა კეთდება იმისათვის, რომ ხარისხიანი მუსიკა შეიქმნას და მსმენელამდე მივიდეს?

გაკეთებით ალბათ კეთდება კიდეც. ახალგაზრდა მუსიკოსები ქმნიან, თავიანთ ჭიას ახარებენ, მაგრამ მიდის კი ეს ყოველივე მსმენელამდე? ერთგვარად შემრცხვა, რომ მე, რიგით მსმენელს, არანაირი წვლილი არ შემიტანია ამ ყოველივეში. არ დავსწრებივარ კონცერტებს, არ ვყოფილვარ კლუბებში ახალგაზრდა როკ-შემსრულებელთა გამოსვლებზე, არ დავსწრებივარ არცერთ მუსიკალურ ფესტივალს. და ამის მერე, რაღა ნამუსით ვილაპარაკო საქართველოში მუსიკის განვითარების პრობლემებზე?

თუნდაც სტატისტის როლში მყოფს, იმდენი დაკვირვების უნარი მაინც მაქვს, რომ აღვნიშნო, მუსიკალური ფესტივალები ჩვენში საკმაო იშვიათობას წარმოადგენს. წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ თუ ჩატარდება მართლა ხარისხიანი (როგორც ამბობენ) მუსიკალური ფესტივალი. რათქმაუნდა, კლასიკურ მუსიკას და ჯაზს არ ვგულისხმობ. ეს სულ სხვა განზომილებაა.

ბათუმის წლევანდელი კინოფესტივალი  მეტად მუსიკალური გამოდგა, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა… სასიამოვნოდ გამაკვირვა. ძირითადი თემა კი 60-იანი წლების ბრიტანული ანდერგრაუნდი გახლდათ. იმდროინდელი  ანდერგრაუნდი, შემდგომში როკ მუსიკის კლასიკად იქცა. ჯერ იყო და ბათუმის ღია ცის ქვეშ “პინკ ფლოიდის” The Wall” აჩვენეს.

მერე იყო და ჯიმი ჰენდრიქსის შესახებ დოკუმენტური სურათით დატკბობის საშუალება მოგვეცა.  ფილმის რეჟისორი და “პინკ ფლოიდის” პირველი პროდიუსერი, ჯოი ბოიდი, თავად უყვებოდა დაინტერესებულ ადამიანებს აღნიშნული ლეგენდების შესახებ.

Crazy illusion- Tonight let’s make music in Batumi

60-იანი წლების მხატვრობა და ალტერნატიული მოდაც არ დარჩენილა უყურადღებოდ.

Litterator’s Blog- მამაკაცი კალეიდოსკოპის თვალებით

სახასიათოდ მეჩვენა ამგვარი ჩაძიება შორეულ და ჩვენთვის ასე უცხო, მაგრამ იმთავითვე მეტად ახლობელ და ნაცნობ 60-იანებში. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ეს ერთგვარი რეაქცია იყო იმაზე, რაც ამჟამად ქვეყანაში ტრიალებს მუსიკალურ ასპარეზზე. შესაძლოა, ეს იყო ერთგვარი ბიძგის მიცემის მცდელობა, რომ ყინული დაიძრეს და იმატოს უფრო მეტად ხარისხიანი მუსიკალური პროდუქტის რაოდენობამ და მისმა მიწოდებამ მომხმარებლამდე (რა ეკონომიკური ტერმინოლოგია ამიტყდა, ვერ გამიგია ნამდვილად)

ასეა თუ ისე, ფაქტი სახეზეა. ბათუმის კინოფესტივალი ერთგვარი მოთელვა იყო შემდგომ მუსიკალურ ტალღამდე. ეს მშვენიერი ქალაქი ამჯერად მუსიკალურ ფესტივალს, Batumi Calling, მასპინძლობს.

Batumi Calling

ფესტივალი გრემის ნომინანტმა, დიმიტრი ილარიონვმა გახსნა. ეს უკანასკნელი კლასიკური გიტარის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელად მოიაზრება, მოცემულ მომენტში.

მსგავსი ტიპის ფესტივალები მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველგან ტარდება. კინოფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო ასევე ჟენია გორინის ფილმი „მუსიკის მასწავლებლის სიზმრები“, რომელიც კალუგაში მიმდინარე ფესტივალის, „გიტარის სამყარო“, მიმდინარეობის შესახებ მოუთხრობდა მაყურებელს.

ბათუმის გიტარის ფესტივალის გამორჩეული სტუმარი სტენლი ჯორდანი იქნება. ეს ადამიანი გრემის ოთხგზის ნომინანტი გახლავთ, მისეული შესრულების სტილი კი შეიძლება ითქვას გასაოცარია. Tapping ტექნიკის საოცარი ფლობით, როგორც ამბობენ, მისი მოსმენისას იქმნება ილუზია, რომ ერთდროულად ორი გიტარისტის კოლაბორაციას უსმენ.

მეტად საინტერესო ფაქტი: სტენლი ჯორდანმა გიტარაზე დაკვრა ჯიმი ჰენდრიქსის მიბაძვით დაიწყო. მუსიკის მოყვარულთ მისი მოსმენის საშუალება 13 ოქტომბერს ექნებათ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თუ გემოვნებიანი მუსიკა გიყვართ და უქმეების გატარებას სასიამოვნოდ გეგმავთ, ბათუმი საუკეთესო არჩევანი იქნება ამისთვის. მე კი მანამდე სტენლი ჯორდანისეულ „Eleanor Rigby”-თი შევიყოლიებ თავს.

ცოტა რამ თანამედროვე თურქულ არტ-კინოზე

სტანდარტული

ჩემი გაცნობა თანამედროვე თანამედროვე თურქულ კინოსთან ბიაფის საშუალებით მოხდა. 2012 წელს განვლილი წლის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების სექციის მონაწილე ნამუშევრებს ვნახულობდი. სელიმ გიუნეშის სადებიუტო სურათი, „თოვლივით თეთრი“, სწორედ მაშინ ვნახე.

მის შესახებ ემოციები კი პოსტის სახით სახით გადმოვეცი. მაშინ ჩავფიქრდი, რომ ახალი საკბილო გამომიჩნდა არტ-ჰაუსში. არც შევმცდარვარ. შემდეგ ნური-ბილგე ჯეილანის ნამუშევრებს ჩავუჯექი, რომლის თითქმის ყველა ნამუშევარი კანის ფესტივალის საკონკურსო ფილმებს შორის ხვდებოდა. ამის შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის კინო სულაც არ ყოფილა ხელწამოსაკრავი რამ.

თანამედროვე თურქული კინო, თავისი განვითარებით, რატომღაც, მოზარდ ორგანიზმს მაგონებს, ყოველწლიურად რომ იზრდება, ყალიბდება, ფორმას იცლის, იხვეწება ერთგვარად.  თვალში საცემია თურქი რეჟისორების თხრობის სტილი, რომელსაც ძალიან ვამსგავსებ თანამედროვე სკანდინავიურ კინოს, განსაკუთრებით შვედურ არტ-ჰაუსს. ასევე მეტად მხიბლავს თურქული პეიზაჟები, ერთგვარად ბუნებრივად გამეფებული სიცარიელე კადრებში, ანდაც მინიმალისტური ხედვა გარემოსი. მოკლედ, რომ ვთქვა,  შემიყვარდა თურქული კინო და საკუთარ თავს მიზნადაც დავუსახე მისი უკეთ შესწავლა.

კარგად მახსოვს შარშანდელ ფესტივალზე ნაჩვენები “ერთხელ ანატოლიაში” და დარბაზის ორაზროვანი რეაქცია.

ნაწილი დაღალა რეჟისორის გაწელილმა თხრობის მანერამ, უწყვეტმა, თითქოს დაუსრულებელმა კადრებმა, რომლებიც მაყურებელს უთუოდ ბელა ტარს გაახსენებდა. მაშინ ბელა ტარიც სტუმრობდა ფესტივალს და მაყურებელს ნური-ბილგე ჯეილანთანაც შეეძლო გასაუბრება. ვინც შემოქმედის ფილმს ბოლომდე გაუძლო, ფრიად ნასიამოვნები დარჩა სანახაობით. სურათმა მათ დაფიქრების და რაღაც შეხედულებების გადახედვის მიზეზიც მისცა.

შარშანდელი ემოციები წლევანდელ ფესტივალზეც გადმომყვა. ამიტომაც იყო, რომ თურქულ ნამუშევარს, რეჟისორ ასლი ოზგეს ფილმს “მთელი ცხოვრება”, განსაკუთრებული ინტერესით ველოდი.

სურათის შესახებ მეგობარმა ბლოგერებმა უკვე დაწერეს, ამიტომაც იგივეს გამეორებით თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ გადახედეთ მათ პოსტებს

ლიტერატორის ბლოგი- სიცოცხლის ბოლომდე

Crazy illusion- ფარული მესიჯები

ჰაგის ბლოგი- BIAFF – Lifelong

ჩემი მხრივ ვიტყვი, რომ  ნამუშევარმა იმედი არ გამიცრუა. ზუსტად ისეთი კინო იყო, როგორსაც ველოდი და როგორიც მე მიყვარს. მინიმალისტური, საოცრად მწირი დიალოგებით, სიტყვებს შორის მრავლისმეტყველი სიჩუმით და მეტად სახასიათო ვიზუალით. თითქოს რეჟისორმა თვით ცხოვრება გადმოიტანა კინოეკრანზე. აღნიშნულმა ფილმმა მაფიქრებინა, რომ ასევე საინტერესო იქნებოდა იეშიმ უსტაოღლუს “განსაწმენდელი (სადღაც შუაში)”

აღნიშნული სურათის ნახვა არ დამცალდა, სამწუხაროდ, თუმცა რაც ვიხილე, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემი სიმპათია კიდევ უფრო გამემყარებინა თურქული კინოს მიმართ.

ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა “ქართულ-თურქული კოპროდუქციის პლატფორმა”, რაც მეტად იმედის მომცემად მენიშნა ქართული კინოსათვის. ფაქტია, ჩვენ გვაქვს სასწავლი რაღაც თურქული კინოპროდუქციისგან, და დარწმუნებული ვარ, გვაქვს რაღაც ისეთი, რისი გაცემაც შეგვიძლია. სამომავლო თანამშრომლობა ფრიად სასარგებლო იქნება ჩვენთვის. იმედი მაქვს, თანამედროვე დამოუკიდებელი ქართული კინო, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს,  მოახერხებს განვითარდეს ეტაპობრივად. ეგებ, ამგვარი თანამშრომლობის მერე მაინც იმატოს ხარისხიანმა, არტ-კინოპროდუქციამ სამამულო სინემაში.

"გაუცხოება" ნური-ბილგე ჯეილანი

“გაუცხოება”
ნური-ბილგე ჯეილანი

“არა, მეგობარო!”, ანუ მოკითხვა დაკარგულ თაობას

სტანდარტული

არა, მეგობარო, აქ უარესია,

აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.

აქ ქრება ოცნება, ოცნება – მესია,

ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

 

თუნდაც ამ ერთ სტროფში ჩაეტევა მთელი 90-იანების ახალგაზრდობის ცხოვრება…

„არა, მეგობარო!“ გიო მგელაძის სადებიუტო ნამუშევარი გახლავთ. ფილმში მთავარი როლი ლევან აბაშიძემ შეასრულა. აღნიშნული მცირე როლი მსახიობისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ფილმზე მუშაობის პროცესში ლევანი აფხაზეთის ომში წავიდა, სადაც დაიღუპა კიდეც. ერთგვარად საკრალური გახლდათ მისი თამაში და მთლიანად აღნიშნული სურათი მსახიობისათვის.

ლევან აბაშიძე

ლევან აბაშიძე

საინტერესო ფაქტია, რომ რეჟისორმა ფილმზე მუშაობა 1993 წელს დაიწყო. მისასალმებელია ამგვარი ენთუზიაზმი, იმის გათვალისწინებით, რაც მაშინ „ქვეყანაში“ ტრიალებდა. ეს ბრჭყალები შემთხვევითი შეცდომა არ გეგონოთ. ძნელია 90-იანების დასაწყისის საქართველოს ქვეყანა უწოდო. ალბათ, ახალგაზრდა შემოქმედს ძალა არ ეყო ჩუმად დარჩენილიყო, როგორღაც მაინც უნდა გამოხმაურებოდა იმ ჭაობს, სადაც უწევდა ცხოვრება.

მგელაძის ნაშრომი იმითაც გამორჩეულია, რომ რეჟისორმა მოახერხა და გადმოსცა საკუთარ ნამუშევარში ახალგაზრდა თაობის მთელი ტკივილი, ის უძლურება და უძრაობა, რაც გამეფებული გახლდათ ირგვლივ.  ზედმეტად რეალურად და მტკივნეულად გადმოსცა ის ძირითადი, თვალშისაცემი პრობლემები, რაც სოციუმში ტრიალებდა. ყოველივე ამის ფონზე, მან დახატა ადამიანი, რომლის არსებაშიც საბოლოოდ მშვიდობის საწყისი იმარჯვებს.

აღნიშნული სურათის ხილვის შემდეგ, მთელი ტრაგიზმით აღიქვამ თაობის ტკივილს. იმ უმოწყალო გარემოს, რომელმაც რომანტიზმის ნიღბით მრავალი ახალგაზრდა მოხიბლა და საბოლოოდ შეიწირა კიდეც. 20 წლის შემდეგაც კი, ფილმის ნახვისას შეუძლებელია ემოციებს გაექცეთ და არ ჩაფიქრდეთ იმ უსამართლობაზე, რასაც ეპოქის ულმობელი ზემოქმედება ჰქვია.

ხშირად ვფიქრობ, რომ ვერც ჩვენმა და ვერც ჩვენზე უფროსმა თაობამ ვერ მოახერხა 90-იანების პერიოდის მთელი ტრაგიკულობის გაანალიზება, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა იმდროინდელი კრიმინალური რომანტიზმის ილუზიიდან. თუმცა, არც მიკვირს. ჩვენ ხომ ჯერ საბჭოთა წითელი ურჩხულის დამღა არ მოგვიცილებია ტვინიდან.

ერთი ადამიანის ტრაგედია, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს მთლიანი თაობის ტკივილს- ამგვარი ახსნაც შეიძლება მოვუძებნოთ ფილმს. სურათს განსაკუთრებულ ხიბლს ირაკლი ჩარკვიანის შესრულებაც მატებს.

აღნიშნული მოკლემეტრაჟიანი სურათის ჩვენება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფესტივალმა ერთგვარად პატივი მიაგო ლევან აბაშიძის ხსოვნას, რომელსაც წელს 50 წელი შეუსრულდებოდა. დარბაზში მყოფ მაყურებელთა საშუალო ასაკი 30 წელს აღემატებოდა, თუმცა მე მათში რაიმე განსაკუთრებული ემოცია არ დამინახავს… საწყენია ერთგვარად…