Tag Archives: Martin Sulík

BIAFF 2011. მარტინ შულიკი (ნაწ. II)

სტანდარტული

მარტინ შულიკის შემოქმედების ჩემეული განხილვის პირველი ნაწილი იხილეთ აქ

როგორც  აღვნიშნე, ფილმი “რაც მე მიყვარს“ ფრიად მომეწონა. ასევე მომხიბლა აღნიშნულმა სურათმა, მაგრამ თუ მაშინ ერთი ადამიანის ცხოვრება იყო გადმოცემული, აქ სხვადასხვა ადამიანების ცხოვრების საინტერესო მომენტებია ერთად თავშეყრილი. ერთგვარი ცხოვრებისეული ვიდეო-პოსტები, გაშლილი დროში.

შულიკს ეხერხება, რამდენიმე წუთში ადამინის ცხოვრების ერთი მომენტი დახატოს, ოღონდ თან მოახერხოს მისი მთელი ცხოვრების შესახებ მოგცეს ინფორმაცია. ყველაზე საინტერესო მომენტს აკვირდები, თან იცი ადამინის წარსული და ამიტომაცაა, რომ განიცდი მათ ბედს. ერთიანი სიუჟეტის განვითარება არ ხდება, მაგრამ გამოხატულია დროის ცვლა: დაწყებული მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდიდან გაგრძელებული  საკუთრივ ომით, დამთავრებული სოციალისტური ჩეხოსლოვაკიის ფორმირებით. ომის პერიოდი გადმოცემულია პატარა ძმების, პეტრესა და პავლეს, თვალით. ამიტომაცაა, რომ სასტიკი ომი ბავშვური ცნობისმოყვარეობით და გულუბრყვილობითაა გაჯერებული, თუმცა სისასტიკე აქტუალობას არ კარგავს, ოღონდ ამ შემთხვევაში მას სულიერი სახე აქვს და არა ფიზიკური.

საინტერესო რეფრენი გასდევს ფილმს: „ამ სოფელში კარგა ხანია არავინ დაბადებულა“. ეს სიტყვები ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ. აქ იგულისხმება, რომ თაობათა ცვლა გონებრივი კუთხით არ მომხდარა, მენტალური განვითარება შეწყვტილია და სწორედ ამიტომაცაა რომ ეს სოფელი განწირული.

აღსანიშნავი ფაქტია ასევე ისიც, რომ თითოეული ეპიზოდი ერთგვარი სევდითაა განმსჭვალული, ცხოვრებისეული სატკივარით. სწორედ ამიტომაცაა, რომ ფილმი საოცრად რეალური და ცხოვრებისეულია. თუ გსურთ თვალი მიადევნოთ უცხო ადამიანთა ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს შეგიძლიათ ნახოთ ფილმი „პეიზაჟი“ აქ.

მარტინ შულიკის ფილმების ყურებისას ერთ დასკვნამდე მივედი. ამ რეჟისორს შეუძლია ადამიანთა სატკვარი საოცრად რეალურად გადმოგვცეს, თუმცა ამ დროს არ მიმართავს ზედმეტ დრამატულობას და ამგვარად არ სწყდება რეალობას, მისი შემოქმედება არ ხდება ერთგვარად განყენებული. ასევეა ფილმში „მზის ქალაქი, ანუ მუშათა კლასის გმირი

სათაურმა მაშინვე მიმიზიდა მთელი რიგი მიზეზების გამო. მათგან უპირველესი და ძირითადი, მაინც „მუშათა კლასის გმირი“ გახლავთ.  სიმღერა, აღნიშნული სათაურით, ჯონ ლენონის სოლო კარიერში მნიშვნელოვან ადგილზე დგას თავისი ფილოსოფიური დატვირთვით. ზოგადად, მისი მაშინდელი შემოქმედება ცალკე საუბრის თემაა, და ამიტომაც აღარ გავაგრძელებ, თორემ გაჩერებას ვერ მოვახერხებ.

ფილმში გადმოცემულია 4 მეგობრის ისტორია, რომლებიც ქარხნიდან დაითხოვეს და ახლა ისინი დამოუკიდებლად ცდილობენ თავის გატანას. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული და ამასთანავე მსგავსია. განსხვავებულია მათი პრინციპები, აღმზრდელობითი მიდგომები, საერთოა მცდელობა, თავი გაიტანონ, გადარჩნენ ცხოვრების მძიმე პირობებში. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთგვარად ავსებენ ერთმანეთს, ერთმანეთის ნაკლს ფარავენ.

რეჟისორი ახერხებს და თითოეული გმირის ისტორიას დაწვრილებით გვიყვება, გვიხატავს მათ შინაგან სამყაროს, გარემოს, მუშაობის მიღმა. ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რაც აიძულებთ მათ კბილებით მოეჭიდნონ ცხოვრებას. დალხენილი არსებობა არცერთ მათგანს არ აქვს. სწორედ ესაა ალბათ მუშათა კლასი. „ზაოდი-კრაოტი“- გაგონილი ფრაზა ამოტივტივდა თავში. ვუყურებ ფილმს და ვფიქრობ, მაინც ვინაა მუშათა კლასის გმირი? რა მოეთხოვება მას ამ წოდების მისაღებად? შეუძლია თუ არა უმუშევარ, სამსახურის მძებნელ ადამიანს იყოს გმირი?

საკუთრივ სიტყვა „გმირი“ ყოველთვის პატივისცემით განმაწყობს ადამიანის მიმართ. მითუმეტეს „მუშათა კლასის გმირი“, ან „შრომაში გამოჩენილი გმირობა“. რატომღაც ყოველთვის მგონია, რომ ასეთი ადამიანი შარავანდედით მოცული, ნელა დააბიჯებს და ირგვლივ მყოფთ კეთილი ღიმილით უქნევს ხელს. ვუყურებ ფილმს და ვხვდები, რომ მუშა-გმირის ჩემეული ხატება სრულიად არამიწიერია. ვხვდები, რომ გმირია ისიც, ვისაც არ ეზარება მუდმივ ძიებაში იყოს. ცდილობდეს, წვალობდეს, შეიძლება არაფერი გამოსდიოდეს, მაგრამ მაინც. ასეთი გმირები უსახელოდ ცხოვრობენ, შეიძლება ჩვენც გვხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ ვამჩნევთ მათ. ისინი ჩუმად საქმიანებონ, ყოველგვარი რეკლამის, ყვავილების კონებისა და წითელი ხალიჩების გარეშე. საშუალო ადამიანები, რომლებიც დაუზარლად ასრულებენ მძიმე საქმეს, რათა თავი გაიტანონ სიცოცხლისთვის, არსებობისათვის დამქანცველ ბრძლაში მდუმარედ ატარებენ მუშათა კლასის გმირის მძიმე წოდებას…

თუ ჩემი აზრების აღრეულმა დინებამ ოდნავ მაინც დაგაინტერესათ შეგიძლიათ ფილმიც მოიძიოთ და ნახოთ აქ.

აღნიშნული ფილმი წარმოდგენილი გახლდათ საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის შარშანდელ საკონკურსო პროგრამაში.

ბოშათა კულტურის, ცხოვრების შესახებ საკმაოდ მწირი წარმოდგენა მქონდა, ამიტომაც აღნიშნული სურათი ჩემთვის ორმაგად საინტერესო გახლდათ. ზოგადად, უცხო კულტურასთან, ადათ-წესებთან, ყოფა-ცხოვრებასთან გაცნობა, ყოველთვის საინტერესო პროცესია. მარტინ შულიკი არ გაექცა რეალობას, არ დაიწყო ლამაზი, თავბრუდამხვევი ზღაპრების შეთხზვა. მან შეძლო და გვაჩვენა ირგვლივ გამეფებული სიღარიბე, ჭუჭყი, უიმედობა. არ მოერიდა და გვითხრა: აქ არ არის მომავალი, ია-ვარდით მოფენილი გზა არ არსებობს, თავის გადასრჩენად ბრძოლისას აქ ყველა გზა ციხისკენ მიდის!

ამ ყოველივეს ფონზე, ის გვიხატავს მთავარი პერსონაჟის სახეს, გვაცნობს მისი ცხოვრების წესს და პრინციპებს. ბოშა, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკებს, არ ქურდობს, ცდილობს ისწავლოს, რაიმეს მიაღწიოს… და ამ ყოველივეს წინ მარჩენალი მამის დაღუპვა აღუდგება. ოჯახური ტრაგედია კი მოზარდს იძულებულს ხდის ცხოვრების ეკლიან გზას შეუდგეს. მისი მორალი აქაც უცვლელია. საინტერესოა ასევე იმის ხილვა, რომ მამის სიკვდილმა მის ფსიქიკაზე წარუშლელი დაღი დატოვა, ამიტომაც მამა მოჩვენების (სიზმრის) სახით მოდის მაშინ, როცა ეს ადამს (მთავარ გმირს) ყველაზე მეტად სჭირდება.

საინტერესო ფაქტია საკუთრივ ბოშათა დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ. ისინი, ერთგვარად, განცალკევებით ცხოვრობენ და მათი განდგომა არამარტო ფიზიკურ, არამედ მორალურ სახესაც ატარებს. „თეთრები“- ასე უწოდებენ ისინი ყველა არაბოშას. მრავლადაა ასევე სტერეოტიპული შეხედულებებიც  „თეთრებზე“. ამ ყოველივეს საფუძვლად რამდენიმე ადამიანის მწარე გამოცდილება უდევს, და ისინიც ცდილობენ ახალგაზრდობას ცხოვრება ასწავლონ, თავი გამოუტენონ ათასგვარი სისულელით: ყველა „თეთრი“ ერთნაირია, რა საჭიროა შრომა, როცა შეგიძლია მოიპარო და ა.შ. როგორ უნდა გადარჩეს მოზარდი ადამი ისე, რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოს? იგი სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „და რას საქმიანობენ ბოშები? იპარავენ? ქალებს ყიდიან?“ ამით მან სცადა განდგომოდა მშობლიურ ადათებს.

ამ ყოველივეს ფონზე, გასაგები ხდება, რატომაა საზოგადოების დამოკიდებულება ბოშათა მიმართ თითქმის ყველგან ერთგვაროვანი. ქურდი ხომ ყველგან ერთნაირად ეზიზღებათ.

მთავარი გმირი ცდილობს იმუშაოს, პატიოსნად გამოიმუშავოს ცხოვრებისათვის, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია. მიუხედავად ამ სირთულეებისა,მას მაინც რჩება დრო და ძალა სიყვარულისავის, გართობისათვის.

მამის მოჩვენება მას ერთგან ეტყვის: „ბოშა ადამიანურად მხოლოდ მაშინ იცხოვრებს, თუ უარს იტყვის ბოშათა ცხოვრების წესზე“. გამოუვა თუ არა ადამს ეს ყოველივე, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

საბოლოო ჯამში, მარტინ შულიკის შემოქმედება ფრიად საინტერესო გამოდგა. რეჟისორს განსხვავებული ხედვა და აღქმა აქვს, რაც მის ნამუშევრებს თავისებურ ხიბლს სძენს. მის შემდგომ ნამუშევრებს სიამოვნებით დაველოდები.

Advertisements

BIAFF 2011. მარტინ შულიკი (ნაწ. I)

სტანდარტული

სასაცილოა, რომ ახლა ვცდილობ შარშანდელი კინოფესტივალის ქრონიკა შევქმნა.  სხვა ქალაქში კინოსთვის წასვლა, სამწუხაროდ, ჩემს ძალებს სცილდება. ამიტომაც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა 2011 წელს ჩენგან შეუმჩნევლად ჩაიარა. მოგვიანებით მოვიძიე მხოლოდ ინფორმაცია ფილმების შესახებ, რამდენიმე რეცენზიას გადავხედე და ეს იყო სულ. დავგეგმე კიდეც, ამ ფილმებს აუცილებლად ვნახავთქო და როგორც იქნა, ერთი წლის თავზე მოვახერხე კიდეც. ნამუშევართა უმრავლესობა “პირატულად” გადმოვწერე და ჩავუჯექი. ამიტომაც ამ ფესტიფალს სახელიც შევუცვალე ჩემებურად: საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო პირატული ფესტივალი 2011.

თბილისის კინოფესტივალის დროსაც ვფიქრობდი “პირატული” პოსტების დაწერას. ფილმების უმრავლესობა ვნახე მაშინ… ასევე “პირატულად”. სახლიდან გასვლა დამეზარა კინოთეატრში. სიმართლე ითქვას ამდენი ფულიც არ მქონდა, რომ ყველაფერი მენახა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვფიქრობდი პოსტების მთელი სერიის დაწერას, მაგრამ გადავიფიქრე. არანაირი ინტერესის იმედი არ მქონდა. ახლაც ასეა, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ, ომარას რჩევას დავუჯერებ და ყველაფერს დავიკიდებ. მხოლოდ ჩემთვის დავწერ…

გახსოვდეთ, რომ მე უბრალო მაყურებელი ვარ, რომელსაც კინოსთან მხოლოდ სიყვარული აკავშირებს და ამიტომაც ფილმებისა თუ რეჟისორების შეფასება შესაძლოა მეტად სუბიექტური იყოს.

ჩემეული შეფასებები იწერება ფილმის ნახვისთანავე, ამიტომაც ემოციები შესაძლოა გადაჭარბებულიც მოგეჩვენოთ.

მარტინ შულიკი სლოვაკი რეჟისორია. დაიბადა 1962 წლის 10 ოქტომბერს. მისი სარეჟისორო კარიერა 90-იანი წლებიდან იწყება. მისი ბოლო ნამუშევარი, “ბოშა“, წარმოდგენილი იყო  საავტორო კინოს ბათუმის VI საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ფილმების სექციაში

ბლოგებზე პირად პოსტებს თუ გადაავლებთ თვალს, აღმოაჩენთ, რომ პოსტების უმრავლესობა ემოციური გავლენის ქვეშ იწერება. არა აქვს მნიშვნელობა საკუთრივ ემოციას, დადებითი იქნება ეს, თუ უარყოფითი. ნებისმიერი საინტერესო მომენტის შემონახვა შეიძლება პოსტების, ფოტოების, ვიდეოების დახმარებით. სწორედ ეს არის თანამედროვე ადამინისათვის ერთგვარი აუცილებლობა: უკვდავყოს მომენტი, რაც მისთვის რაღაცით მნიშვნელოვანია. თუმცა, საკუთრივ ცხოვრებისეული მომენტის განუმერებლობა მას განაკუთრებულ ხიბლს სძენს. ამ შემთხვევაში კი,  გამუდმებული განმეორება მას ფასს უკარგავს და აუფერულებს. სხვისი რა გითხრათ, ჩემთვის პირადად ასეა.

მარტინ შულიკის  ფილმი “რაც მე მიყვარს” , მთავარი გმირის ცხოვრების საინტერესო მომენტების კრებულია. აზრობრივად დატვირთულ და დასაფიქრებელ ეპიზოდებს ენაცვლება უაზრო, მაგრამ ლამაზი, დასამახსოვრებელი კადრები. გადაღების აღნიშნული სტილი ფილმს დინამიურს და სასიამოვნო სანახავს ხდის.

ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს ჭეშმარიტ მეორე ნახევარს. ზოგიერთს ადრევე უმართლებს, ნაწილს კი მეორე ცდა სჭირდება. მარტოობის განცდა კი მუდმივია ამ პერიოდში. ადამიანი  ყველანაირი გზით ცდილობს მას გაექცეს.

აღნიშნულ საურათშიც ასეა: მამაკაცი- ძიების პროცესში. საკმაოდ საინტერესოა ასევე შუა ხნის ასაკის მამაკაცის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სიყვარულის ძიება, სიახლოვის განცდა ყოფილ მეუღლესთან, პრობლემები მშობლებთან… და ამ ყველაფერ ამას საოცარი სიმარტოვის განცდაც ემატება. ეს განაკუთრებით ფილმის ბოლოს გაჟღერებული ბითლზის Eleanor Rigby -დან ჩანს.

ფილმი ადვილად სანახავი და საკმაოდ საინტერესოა, საკუთარი აზრით თუ მხატრული გამომხატველობით. მისი ნახვა შეგიძლიათ აქ.

მარტინ შულიკის პირველი ფილმი საოცრად მომეწონა, ამიტომაც იყო ალბათ, რომ აღნიშნული სურათის ყურებისას თავიდანვე დადებითი განწყობით განვმსჭვალე. არც შევცდარვარ.

გახსოვთ, არსებობს ასეთი წიგნები, სადაც თავებს წინ წამძღვარებული აქვს მოკლე ანოტაცია, სადაც გადმოცემულია, რას წაიკითხავს მკითხველი აღნიშნულ თავში. ეს მკითხველის დაინტერესებას იწვევს და კითხვის გაგრძელების მოტივაციას აძლევს. სწორედ აღნიშნულ მეთოდს მიმართა ფილმში რეჟისორმა. სურათი დაყოფილია თავებად და თითოეულს წინ მოკლე ანოტაცია უსწრებს. ფრიად ორიგინალური და საინტერესო მიდგომაა.

ცხოვრებაში დგება ასაკი, როცა მამაკაცს ახალგაზრდა აღარ ეთქმის, ვერც მოხუცს უწოდებ. ერთგვარი „ადრეული შემოდგომა“. ამ დროს კაცი პირველად იწყებს სერიოზულად გადახედოს საკუთარ ცხოვრებას, შეაფასოს, რა შექმნა, რას მიაღწია… და როცა ხელში სიცარიელე  შერჩება, იგი იწყებს საკუთარი თავის ძიებას. უღრმავდება თავის არსებას, უბრუნდება წარსულს, რათა გაიკვალოს გზა მომავლისაკენ. ასეა სწორედ აღნიშნულ სურათშიც. მთავარი გმირი, რომელიც უკვე წლებია მამის ბინაში ცხოვრობს, მიემგზავრება სოფლად, რათა ბაბუის დატოვებული ბაღი სახლითურთ მოაწესრიგოს, გაყიდოს და საკუთარ გზას ეწიოს. სწორედ აქედან იწყება ჯადოსნური, მისტიური მოგზაურობა საკუთარი პიროვნების ძიებაში.

ფილმი საშუალებას მოგცემთ შეიგრძნოთ სოფლის უბრალო ცხოვრება, დატკბეთ საოცარი გარემოთი, გაიცნოთ ბრძნად მეტყველი უბრალო ადამიანები, ჯადოქრები, შეიმეცნოთ სამყაროს მათეული აღქმა, მიიღოთ ფილოსოფიური რჩევა-დარიგებანი ჟან-ჟაკ რუსოსა და ვიტგენშტეინისაგან. დაეხმარება ეს ყოველივე მთავარ გმირს იპოვოს „თავი თვისი“? ამის ნახვა შეგიძლიათ აქ

მიტოვებული ადამიანის ინტეგრაცია საზოგადოებაში მეტად პრობლემური საკითხია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ძნელად აღსაზრდელ ბავშვს ეხება. მე თუ მკითხავთ,  ინტერნატები გამოუსადეგარი, არაჰუმანური დაწესებულებაა. სწორედ ამიტომაცაა, რომ ასეთი მოზარდების უმრავლესობა საკუთარ თავში ჩაკეტილი და მარტოსულია.  ისინი ქმნიან წარმოსახვით სამყაროს, რომელიც რეალობისაგან მრავალფეროვნებით, სიკეთით და თავისუფლებით გამოირჩევა.

მიტოვებული გოგონას გზა ბავშვთა თავშესაფრიდან დედისაკენ. ეს გზა კი ჯადოსნური რუკის საშუალებით უნდა გაიკვლიოს მოზარდმა იმ ჯუნგლებში, ცხოვრებას რომ ეძახიან. საინტერესოა, რომ მას გზად უამრავი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანი ხვდება. თავიანთი სატკივარით, სიხარულით, მწუხარებით. თითოეული მათგანი თავისებურად კეთილია გოგონას მიმართ. მისი გზა კი საკმაოდ შორი და დამღლელია, თუმცა ამავდროულად საინტერესოც. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ თითოეული გზაზე შემხვედრი ადამიანი ცხოვრების გაკვეთილს აძლევს მთვარ გმირს,რომელიც თვალსა და ხელს შუა იზრდება მაყურებლის წინ.

ყველაზე მეტად ამ ფილმში სლოვაკური ქორწილის ტრადიციის ძირეულმა აღწერამ მომხიბლა. ზოგადად, სასიამოვნოა, როცა ფილმი საშუალებას გაძლევს უცხო კულტურა გაგაცნოს და შენამდე მოიტანოს, რაც მარტინ შულიკს საოცრად ლამაზად გამოუვიდა. საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ სიუჟეტური ცვლა მეტად მრავალფეროვანია და ამასთანავე არაა მოსაბეზრებელი, გამაღიზიანებელი. საერთო  სიუჟეტი არა დაკარგული, დინამიურად ვითარდება და ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. თუ გსურთ, თქვენც გაყვეთ ძნელად აღსასზრდელ მოზარდს ცხოვრების რთულ გზაზე, ნახეთ ფილმი აქ.