Tag Archives: The Beatles

როგორ შევხვდი ჯონ ლენონს

სტანდარტული

სიზმარის სამყარო გასაოცარია. ასეთი თავისუფლება, უკონტროლობა და უკიდეგანობა რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა კედელზე ჩამოკიდებული ჩარჩო, რომელსაც რაც არ უნდა ეცადო ვერ გასცდები. ხის რიკულებიანი ნაჭრები მჭიდროდ გვეკვრის გარს და სულს გვიხუთავს. ჩვენს მიერ თვალსაწიერის გაფართოება კი სხვა არაფერია, თუ არა ირგვლივ არსებული ოთხკუთხედი სამყაროს პერიმეტრის გაზრდა, რითაც ვახერხებთ კედლის უფრო დიდი ფართი მოვიცვათ, თუმცა არ გვიწერია მთლიანად შევიცნოთ იგი. ზუსტად ასეთი შეგრძნება დამეუფლა, როცა  ბენქსის საგამოფენო ნამუშევარს შევავლე კომპიუტერის ეკრანზე პირველად თვალი.

“There are four basic human needs; food, sleep, sex and revenge.”
Banksy

და მაინც, რახანაც ვართ “თავის უფლები” მხოლოდ ძილში, ჩვენი ტვინის ხვეულების ალფა რხევებში, ვახერხებთ რამდენიმე წუთით გადმოვიდეთ შავთეთრი სურათიდან და ფერადი კედელი მოვათვალიეროთ.

სიზმარი ფრიად საინტერესო თვისებით ხასიათდება. იგი ყოველთვის ქვეცნობიერს გამოავლენს, რომელთან წვდომაც ადამიანის ცნობიერს არ აქვს. სწორედ ამიტომაც სწავლობდა ფროიდი პაციენტების სიზმრებს, რომელთა შესწავლის საფუძველზეც დააშენა შემდეგ საკუთარი “ფსიქოანალიზი”.

სიზმრად უცხო ადამიანი გინახავთ? საინტერესო ფაქტი: ძილში ახალი სახის შექმნა არ შეგვიძლია. ჩვენთვის “უცხო” ადამიანები სინამდვილეში სადღაც ნანახი, შეიძლება უბრალოდ თვალმოკრული რეალური პიროვნებები არიან, რომლებიც ღრმად ჩაიბეჭდნენ მეხსიერებაში და ფიზიკური მოსვენების ჟამს ბურუსიდან გამოიკვეთნენ, როგორც სუსხიანი შემოდგომის ნისლიან დილას თანდათან ჩნდება პეიზაჟი. სიზმრად სრულდება ჩვენი დამალული ოცნებები და სურვილები, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში მიღწევა ხშირად არ უწერიათ. მე, მაგალითად ბითლზის კონცერტზე ვიყავი ერთხელ, სულ წინა რიგებში, ხშირად დავფრინავ ყოველგვარი დახმარების გარეშე, ოპერაციებს, ან უბრალოდ შეხვევებს ვაკეთბ, ზოგჯერ სამყაროს ფერადოვნებით დაძაბუნებული მხატვარიც ვარ…

***

ქალაქში ვარ… ქუთაისს ჰგავს ძალიან, მაგრამ თბილისია აშკარად. საუბარი და ქუჩების განლაგება დედაქალაქისას მიუგავს, ყოველშემთხვევაში. ვიღაც გოგსთან ერთად ვარ. საოცრად ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვერ შევიცანი ვერაფრით. მშვიდად ვარ, საფრთხეს ვერ ვგრძნობ. წყნარად მივუყვები ქუჩას და მანქანების კოლონას ვაკვირდები. ქუჩის კუთხეში კომიქსების მაღაზიას მოვკარი თვალი. საოცრად მომინდა შესვლა და დათვალიერება, კომიქსი ხომ რეალურ ცხოვრებაში თვალითაც არ მინახავს… საოცარი გარემოა… შემინული დახლები ფერადად ბრჭყვიალებს. ჩემთვის სრულიად უცნობ და ასე საინტერესო სუპერგმირებს შევყურებ პრიალა გარეკანზე… ნება-ნება ვათვალიერებ დახლებს… სალაროს ვუახლოვდები, რომლის მარცხნივაც უზარმაზარი შემინული კარადა დგას. კი მეუცნაურა, ცოტა მოუხერხებლად ჩაუდგამთ, მაგრამ ამისთვის ვის სცხელა? კარადის წინ ავეყუდე…

სიტყვებით რთულია გადმოსცე განცდა რაც მისი შიგთავსის დანახვისას მეუფლება! ეს არის ბითლზის ალბომების სტერეო რემასტერი ვინილზე (ცნობისათვის, ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა, 12 ნოემბრიდან გაეშვება ქსელში)

The Beatles studio album remasters on 180 gram vinyl

საოცარია… პირდაპირ ჯადოსნური… განათებაც კი ისეთი აქვს, მიუწვდომელს და ხელშეუხებელს რომ ხდის.

-ხედავ? ხედავ???- ისტერიკულად ვეკითხები გოგონას, რომლის სახეც ასე მეცნობა, და მაინც ვერ გავიხსენე რა ჰქვია.

გოგო სალაროში გამყიდველთან საუბარს მორჩა და ჩემ გვერდით აიტუზა. დამუნჯებულები შევცქერით ვიტრინას.

კარის თავზე ჩამოკიდებული ზარი გაწკრიალდა… მაღალი, თხელ მანტოში გამოწყობილი, შავი მზის სათვალით და ოდნავ გრძელი ცხვირით, თხელი, ვიწრო ბაკენბარდებით, ჰაეროვნად შემოაბიჯა ამ მიკარგულ კომიქსების მაღაზიაში ღმერთმა- ჯონ ლენონმა! წამით ვიგრძენი, რომ გული გამიჩერდა…

“არა! ეს შეუძლებელია! წარმოუდგენელია! როგორ?”- ფიქრები თევზებივით აირია თავში.

გვერდით ჩაგვიარა, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და თავი დაგვიკრა… სალაროს მიადგა… გაჭაღარავებულ, მსუქან გამყიდველს, რუს საშას, გაუბა ჩუმად საუბარი…

-ისაა???- ვკითხე ჩემ გვერდით მდგომ უცნობ-ნაცნობ გოგონას, რომელმაც მხრები აიჩეჩა.

იდაყვით სალაროს მაგიდას ჩამოეყრდნო, მუხლები მოხარა… კევს ღეჭავს…

-საშა, ჩემთვის უნდა იყოს რაღაც…

საშამ დავთარი ამოიღო…

-ჯონ ლენონი.

საშამაც კირკიტი დაუწყო ჟურნალს. ეტყობა რაღაც სიაა, ისე ჩააყოლა კალამი…

“ისაა! ისაა!!!”- ეს აზრი ისე ხმამაღლა ყვირის ჩემ თავში,  ყურებზე ხელს ვიჭერ, რომ “ბარაბნები” არ გამისკდეს…

-ასეთი სახელი სიაში არაა!- რუსულად პასუხობს მსუქანი საშა

“რაა? ეს ხომ არ გამოყლევდა??? რას ქვია არაა! ჯონ ლენონია, ბოლოსდაბოლოს! ვერ ცნობს, ეს ჩემისა?”- ხელები ამჯერად პირზე ავიფარე, რომ აზრები ტუჩებს მიღმა არ გამქცეოდა.

-ააა, ხო!- უდარდელ გაეცინა ჯონს- მართალია! რობერტ ჰაქსლი ნახე!

-კი, არის, ბატონო რობერტ!

“რაა? რა რობერტ? ვინაა რობერტ ჰაქსლი?- გამიელვა აზრმა, მაგრამ მალევე გადამავიწყდა. ჩემ გვერდით მდგომი გოგო ჯონს მიუახლოვდა და რაღაც ჰკითხა. მას გაეღიმა, თავი დახარა და ოდნავ დააქნია… ხელი ჩამოართვა… ჩემსკენ წამოვიდა…

კანკალი ამიტყდა… ხელისგულები გამიოფლიანდა… რამდენჯერმა სწრაფად დავისვი შარვალზე… ენა მებმევა… რაღაც აზრის გამოთქმა მინდა რუსულად…

-я ваш фанат…   ისაა… ჯანდაბა!- საერთოდ წამერთვა ლაპარაკის უნარი

-Easy, boy!- გაეცინა მას და ხელი ჩამომართვა, – მე მესმის და ვგებულობ.

მთელ სხეულში ელექტრო მუხტმა დამიარა თითქოს…

რამდენიმე წამით წყდება სიზმარი

ახლა მე და ლენონი ვდგავართ ვიტრინის წინ და ბითლზის რემასტერ-ვინილ ალბომების ყუთს შევყურებთ.

-ჰა, როგორია?

-მე ვერ შევწვდები, ძალიან ძვირია- ჩუმად ჩავილაპარაკე. 319$ ღირს, ფასი ვიცი უკვე… (სიზმარშიც კი ჯიბეგაფხეკილი ვარ)

-ეგ არაფერი! შენ Shaved Fish-ს უნდა მოუსმინო!- მითხრა მან და სალაროსკენ წავიდა…

საშამ პატარა, შესასვლელი კარი გაუღო და დახლში შეიყვანა. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კედელზე აწოწილი რკინის კარადა გახსნა, რომელიც ცელოფნის დაფასოებული პარკებით იყო გამოტენილი. ლენონი ოდნავ აიწია და ორი პაკეტი ჩამოიღო. ნაცრისფერი პაკეტის ზედაპირზე მისი სურათი გავარჩიე…

ნახატი პარკზე

მომიახლოვდა და პაკეტი გამომიწოდა…

-გახსენი, შენია! ჩემგან.

პაკეტი გამოვართვი და გახსნა დავიწყე. რამდენიმე მაისური მისი გამოსახულებით, საოცრად მოკლე, “ლივერპულის” საფერხურთო შორტი, პლაკატი ხელმოწერით და მისივე დახატული სურათი კომპაქტურად იწყო პარკში.

-მადლობა! დიდი მადლობა!

-ააჰ, ეგ არაფერი! გახსოვდეს, მთავარი მშვიდობაა, მეგობარო! Peace- თქვა და მარჯვენა ხელის ორი თითით მშვიდობის სიმბოლო გამოხატა…

ამ სიტყვები შემდეგ, ლენონის ნაჩუქარი პაკეტით ხელში უდაბნოში, უზარმაზარ რიგში ამოვყავი თავი… რატომღაც ჩავთვალე, რომ ახლო აღმოსავლეთში მოვხვდი… სუფთა წყალს ელოდებოდა ხალხი…

***

რა არის მაინც სიზმარი, და სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის? ჩემი სიზმარი იმდენად რეალურს ჰგავდა, რომ ახლაც, ფხიზელ გონებაში მიჭირს ამ ყოველივეს უბრალო ზმანება ვუწოდო. იმედია კიდევ მომეცემა საშუალება ჯონს მშვიდაბაზე ვესაუბრო.

სიზმრის თემას რამდენჯერაც არ უნდა შევეხო, გაჩერება მიჭირს… სანამ თავს მოგაბეზრებთ, გირჩევთ ნახოთ/კიდევ ერთხელ გადახედოთ კროსტოფერ ნოლანის შედევრს Inception. დატკბით ადამიანის გონებისა და შესაძლებლობების უკიდეგანობით…

მე კი ბონუსად ჯონ ლენონის Shaved Fish-ს დაგიტოვებთ.

ფერად სიზმრებს გისურვებთ…

Advertisements

ტურისტული ფიქრები

სტანდარტული

17.08.2012

11:58

Tkupi Eka

Bqbvshvebo rogor xart, gaigvidzet? Gaemxadet mske unda gabidet 15 cutshi

მამიდაშვილის მესიჯმა გამაღვიძა. სენსორულ ეკრანს ვერ შეეჩვია ჯერ, გავიფიქრე და ავდექი. ნამთვრალევზე ცოტა პირი მიშრება. კიდე კარგი, თავი არ მტკივა. წვიმს, როგორც გამოეტევა, თითქოს სათლიდან (უთხარი არა „ვედროს“!) ღვრიანო სითხეს. სად ვიშოვო „ზაგარნი“ კრემი ასეთ ამინდში? არადა, რა აუცილებლობაა!

დატვირთული დღე გვაქვს წინ. დელფინარიუმს უნდა ვესტუმროთ 2 საათზე, ბილეთები ჯერ კიდევ გუშინ ვიყიდეთ.

გაგვიმარლა, რიგი არ დაგვხვდა. ადგილები დავიკავეთ და შოუც 5 წუთში დაიწყო. ასეთი სიამოვნება კარგა ხანია არ მიმიღია. წამყვანი ქარიზმატული მსახიობი გამოდგა, დამსწრეებს ადვილად იყოლიებს, დიქციაც კარგი აქვს. დელფინები ცოცხლად პირველად ვნახე. მორჩა, დღეიდან ეს ძუძუმწოვარი ჩემი საყვარელი არსებაა. ვიფიქრე, მთლიან შოუს მობილურის კამერით ჩავიწერთქო, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე. განუმეორებელი წამი განუმეორებლად უნდა დარჩეს. სულმა მაინც წამძლია და 2 წუთიანი ვიდო მაინც გადავიღე მოგვიანებით. თუ ვინმე ბათუმში მოხვდებით, აუცილებლად ეწივიეთ ამ სანახაობას! ფრიად ნასიამოვნები დარჩებით.

საინტერესო შენიშვნა: დელფინი საოცრად მეგობრული და მოსიყვარულე არსებაა. დელფინებთან ერთად ცურვას სამკურნალო მიზნით წარმატებით იყენებენ აუტიზმით დაავადებულ ბავშვებში.

ბიძაშვილს ვეუბნები:

-ჩადი და მიკროფონში თქვი: Best show ever!

-ტროლებიღა აკლიათ ახლა მაგათ!

-LOL!

ამინდს არაუშავს, მთავარია არ წვიმს, არაფერს დავეძებ. ზღვისპირა კაფეს მივაშურეთ. პირველად დავლიე მოხ(ჰ)იტო. უალკოჰოლო სასმელი მეგონა, რატომღაც. ზღვისპირას ვზივარ, მოხ(ჰ)იტოს ვსვამ და ჰორიზოტს გავყურებ. ორლულიანიდან ტყვიას დავიხლი და ჰემინგუეი ვარ ნამდვილი, სხვა არაფერი მიკლია….

გლეხის ბიჭმა დამირეკა. ხვალ აქ იქნება. საოცრად გამიხარდა. ამას რა სჯობია? მე, ომარა, ზღვა, ალკოჰოლი და ჩვენი საუბარი ცხოვრების ამაოებაზე.

ბულვარს გავყევით. საოცრად დაუგრძელებიათ, არ ვიცოდი. პინგ-პონგი ვითამაშე. არა რა, ნებისმიერი ტიპის სპორტზე აცრილი ვარ რა. დავფიქრდი: სპორტი არ მიყვარს, არც სათამაშოდ, არც საყურებლად, მანქანებში ვერ ვერკვევი და არ მიზიდავს, ნებისმიერი სახის იარაღს ვერ ვიტან. რაღაც, ნაკლებად კაცური გამოდის ჩემი პორტრეტი… პოხუი, ბლინ!

დედაენის კოშკი ვნახე ახლოდან. კონცეფცია ძალიან მომეწონა. დნმ-ის სპირალებში ჩაწერილი ანბანი, ანუ ანბანი-როგორც გენეტიკური კოდი. მკეთრ ინდივიდუალიზმს და განუმეორებლობას უსვამს ხაზს. შთამბეჭდავია, როგორც იდეა და გამომსახველობა.

ბათუმის პიაცაზე ვიყავი. საოცრად ლამაზი სივრცეა, ღამით მითუმეტეს.

საქართველოში არ მეგონა თავი, იმდენად უცხოა არქიტექტურა. ცოცხალი მუსიკაც უკრავდა, The Goblins. ქავერებს ასრულებდნენ. ჩემდა გასახარად ბითლზის Hey Jude და Let It Be შეასრულეს.  მომენტალურად შემიყვარდა ეს ადგილი.

პიაციდან კვლავ ბულვარს გავუყევით, ალის და ნინოს ძეგლის სანახავად. ფრიად ორიგინალური რამაა. ტელევიზორში ნანახს რეალობამ გადააჭარბა, პირადად ჩემთვის. იქვე ახლოს კლუბური მუსიკის ფესტივალი, Batumi Summer Set ტარდება. მუხტი დავიჭირე. ცეკვით მივდივარ მანქანისკენ, უბრალდ ვერ ვჩერდები.

სასტუმროში დავბრუნდი. რამდენი რამეა გასაკეთებელი! პოსტია დასაწერი, მარტინ შულიკის კინოებია სანახავი. ვერ ვასწრებ, ფაქტია! ამოვქაჩავ ამასაც.

რესტორანში ავედი. დღეს შუფუტინსკის შემოქმედების დღეა.

ლუდი ვიყიდეთ. მე და ბიძაშვილი შევყევით ერთმანეთს. ცივ ლუდს ვსვამთ, მიწისთხილს ვაყოლებთ. ამინდი? წვიმს, როგორც ყოველთვის, უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში. ვიღას ადარდებს?

ბათუმი

05:29

18 აგვისტო, 2012.

ჩემეული Paul 70

სტანდარტული

“არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გამოირჩევი საზოგადოებისაგან! მთავარია, რამდენად ამჩნევს ამას საკუთრივ სოციუმი”- ჩაიბურტყუნა და კიბეზე ჩაირბინა. ნელა შეაბიჯა უცხო გარემოში. ნაცნობებს მოჰკრა თვალი. არ აჩქარებულა, კედლებზე ფოტოებს დაუწყო თვალიერება და ნელა განაგრძო სვლა. ზურა მისალმა, გადაკოცნა. გაუკვირდა და გაუხარდა რომ იცვნეს. დარბაზისკენ წავიდა. ნელა მოავლო თვალი სივრცეს. ცენტრში მოთავსებულ აპარატურას ჰკიდა მზერა. დაენანა, რომ დაკვრა არ შეუძლია და საერთოდაც მუსიკოსი არ არის. მისთვის განკუთვნილი მაისური გადაიცვა. დარბაზიდან გავიდა და წიგნებით სავსე მაგიდას მიაშურა.
-შეიძლება?
-რათქმაუნდა!
თითები გადაუსვა გარეკანს. ესიამოვნა სიგრილე. ფრთხილად აიღო და გადაფურცვლას შეუდგა. ილუსტრირებულმა ბიოგრაფიამ მაშინვე მოხიბლა. “რამდენი სურათი არ მქონია ნანახი!” წიგნი დახურა და უკანვე დააბრუნა. არ უნდოდა მთელი სიამოვნება დაეხარჯა. მომავლისთვის შეინახა. ხელში გათამაშების ბილეთი შეაჩეჩეს. ღიმილით ჩაიდო შარვლის უკანა ჯიბეში. არასოდეს არაფერი მოეგო და არც ახლა ელოდა რამეს. ხის დივანზე ჩამოჯდა, ტელეფონი ამოიღო და აზრების ჩაწერას მიჰყო ხელი.
“რადგანაც ჩვენ მოაზროვნე ცხოველები ვართ, გადარჩენის ინსტიქტი გვაიძულებს, რომ გავერთიანდეთ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში, რაც ჩვენ ინტერესებს ასაზრდოებს. და ინდივიდები, რომლებიც ცდილობენ მარტო დარჩნენ, გაემიჯნონ სოციუმს, თავიდანვე განწირულნი არიან.”
-დიტო, შემო დარბაზში!- ფეხზე წამოაყენა ზურამ და დარბაზისკენ წაიყვანა.
დივანზე ჩამოჯდა, აპარატურის წინ. დიდ საზოგადოებაში, ოჯახის წევრებთანაც კი, უხერხულობას განიცდის და უსიამოვნო შეგრძნება ეუფლება. თვალი დახუჭა და წარმოიდგინა, რომ საავადმყოფოშია, საოპერაციო ოთახის ხელსაბანთან და თავს სარკეში უყურებს. მომენტალურად დამშვიდდა. უცნაურმა აზრმა გაუელვა თავში. “იქნებ ქირურგია სწორედ იმიტომ მიყვარს, რომ ადამინებთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი? არა, არაა მართალი! საუბარი მანამდეც და მერეც მიწევს, მაგრამ ის სულ სხვა შემთხვევაა… აბა, რატომ ვგრძნობ თავს ყველაზე მშვიდად სწორედ საოპერაციო მაგიდასთან და არა სხვაგან?”
ფიქრებს თავი დააღწია და ირგვლივ მიმოიხედა. ხალხი მომატებოდა დარბაზს. უჰაერობის განცდამ მოიცვა. სწრაფად წამოდგა, გასასვლელისკენ მოუჩქარა ნაბიჯს. სუფთა ჰაერზე სიგარეტი მოწია. “ჰმ, სუფთა ჰაერი! ირონიულია!”. კვლავ უკან დაბრუნდა. ისეთი ადგილი შეარჩია, საიდანაც სცენასაც ხედავდა, დიდ ეკრანსაც, ვიდეო მონიტორსაც და გასასვლელთანაც ახლოს იდგა.
“რატომ არ იწყებენ?”- მოესმა ვიღაცის სიტყვები. “მართლაც და რატომ? თუმცა სად მეჩქარება?”
აგურის კედელს მიეყუდა. ხალხს დაუწყო თვალირება. “ყველა ვიღაცასთან ერთად მოვიდა. ნუთუ ასე ძლიერია გადარჩენის ეს პირველყოფილი ინსტიქტი? პრინციპში, ამას სახელად მეგობრობა ჰქვია, სამეცნიერო ტერმინებს რომ მოვეშვათ.”
ამასობაში, შეამჩნია, რომ მუსიკოსები ინსტრუმენტების გასწორებას შეუდგნენ. პირველი აკორდი… სისხლში სითბომ დაუარა, თმები დაებურძგლა და გულმა იგრძნო, რომ შეგრძნებები კიდევ შემორჩა. რითმს ფეხი ააყოლა, ტექსტს პირი, უხმოდ, მაგრამ მაინც. მერე ტაშიც შემოჰკრა, ისე გაშინაურდა. ასე იყო პირველ რამდენიმე კომპოზიციაზე, Get Back-ზე ცდუნებას ვერ გაუძლო და ხმამაღლა დაიწყო სიმღერა…

მიხვდა, ემოციები არ ჰყოფნიდა. დარბაზს გამოშორდა ცოტა ხნით. ამოისუნთქა. შეეცადა წამი შეენახა. სრულიად უცხო ტელევიზიის წარმომადგენელმა მიკროფონი მიუშვირა. წამით ვერ მიხვდა რა ხდებოდა. კამერის განათების შუქმა თვალი მოსჭრა. უარის თქმა გვიანი იყო. საოცრად დაბნეულმა მისცა ინტერვიუ. პირველი კითხვა ახსოვს მხოლოდ:
-თქვენ ბითლზს უსმენთ თუ პინქ ფლოიდს?
-ძირითადად ბითლზს.
ისე სიმართლე გამოუვიდა. ბითლზის გარდაც ხომ არსებობენ საოცარი შემსრულებლები? მაგალითად ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი…
სცენისკენ წაიწია. ამჯერად სხვა სიმღერამ აიტაცა…

“სანამ ერთი ადამიანი მაინც იკივლებს ამ სიმღერაზე, მანამდე ყველაფერი კარგად იქნება”- გაიფიქრა და ცრემლი მოადგა. თავი შეიკავა, ემოციებს საზოგადოდ არ გამოხატავს. ასე გაზარდეს. ასე ჩამოაყალიბა ცხოვრებამ.
მობილურით გადაღება გადაწყვიტა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა, მუსიკის შეურაცხყოფა იქნება ჩემი ყურმილით დამახინჯებაო. ზოგჯერ ბედნიერებისთვის აუცილებელია, რომ მომენტი განუმეორებელი იყოს. უცვლელი და შეურყვნელი, მხოლოდ შენს თავში. მეხსიერება მას რამდენადმე ასხვაფერებს, მაგრამ ამით მხოლოდ ხიბლს სძენს. მრავალგზის გამეორება უხარისხო ტელეფონის ეკრანზე, სილამაზეს უკარგავს და თანდათან ანაცრისფრებს.
კვლავ კივილმა აიტანა იქაურობა. თვითონაც აჰყვა ემოციურ ტალღას ბითლზის საფირმო თავის ქნევით…

თვალები დახუჭა და კონცერტზე მოხვდა. წინა რიგში, შავთეთრ ეკრანზე. ლივერპულელი ბიჭები კი მხოლოდ მისთვის უკრავდნენ იმ მომენტში. “სიცოცხლეს დავთმობდიო ასეთი შესაძლებლობისთვისო”- უნებურად გაუელვა.
მერე იყო “მოგონებები გარდასულ დღეთა” ძირძველი ბითლომანებისაგან, რომელთაც ამცნეს, როგორ რუდუნებით აგროვებდნენ “ბარიგის” მიერ გაყიდულ “ბითლზ-კევს”, რომელზეც თურმე ოთხეულის “ნაკლეიკები” იყო შემოხვეული. როგორ ყიდულობდნენ “მუსიკას ძვლებზე”, ანუ “პირატულად” ჩაწერილ სიმღერებს რენტგენის ფირებზე. წამით მიხვდა, რომ ამ ხალხთან შედარებით თვითონ უბრალოდ უსუსური ბითლომანია. შეშურდა კიდეც მათი.
ოთო მოვიდა. გადაკოცნა და კამერის წინ ჰკითხა:
-რატომ უნდა ჩამოვიდეს პოლი საქართველოში?
პირველი, რამაც თავში გაუელვა Back In U.S.S.R.-ში ნათქვამი “That Georgia’s always on my mind”, თუმცა ეს უკვე სხვას ჩაუწერია. ამიტომაც, ამის შემდეგ რაც პირველი აზრად მოუვიდა იყო: “სიყვარული!” მოგვიანებით გაანალიზა, რომ რაიმე კონკრეტული, ლოგიკური მიზეზი არ გააჩნდა პოლის საქართველოში სანახავად. არ აქვს კომერციული ან პოლიტიკური მიზანი. უბრალოდ უნდა და მორჩა. ესაა ალბათ სიყვარული… როგორ გადმოსცე სიტყვებით, რატომ უნდა ჩამოვიდეს მისი ღმერთი საქართველოში?
დაიღალა. დივანზე ჩამოჯდა. თვალები დახუჭა და სმენად იქცა…

და საოცარი სიმშვიდის განცდა დაეფლა. ამჯერად საოპერაციოში აღარ იდგა. ის აქ იყო, სრულიად უცხო ხალხით გარშემოტყმული, უცნობ ადგილას და ისინი ამ მომენტში მისთვის ყველაზე ახლობლები იყვნენ. გაეღიმა… ბედნიერება იგრძნო… როგორც იქნა…
“ეს არის სწორედაც ბითლზის და პოლის მუსიკა! მეტი, ვიდრე აკორდს აყოლებული ხმა. ჰანგები, რომელთაც შეუძლიათ სრულიად შეგცვალონ უკეთესობისკენ, სიცოცხლე გაგრძნობინონ. მარტივი, მსუბუქი მელოდია, რომელიც გულამდე აღწევს და ტვინის ბნელ ხვეულებში მიძინებულ ჭეშმარიტ “მეს” გაპოვნინებს…”
დასასრულს იყო “ჰეი, იუდა!” 🙂

ემოციებისგან დაიცალა, სანთებელა- თხევადი გაზისაგან. ვახოს, ზურას, ოთოს მადლობა გადაუხადა დაუვიწყარი საღამოსთვის.
-ბლოგზე რატო აღარ წერ?-ჰკითხა ოთომ
-დღეს დავწერ!-უპასუხა გაკვირვებულმა და საოცრად ნასიამოვნებმა.
-აბა შენ იცი! დეპრესიას ნუ მიეცემი!
ცდილობს… არ ნებდება… სანამ მუსიკა აქვს, ყოველთვის ეშველება.

P.S. დასასრულს, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი thebeatles.ge -ს   და ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ მშვენიერი საღამოს მოწყობაში.
P.P.S. პოლ, არ დაბერდე!
Rocks