Tag Archives: Wintergatan

#weekplay- Vol. 1

სტანდარტული

მუსიკა განწყობაა, რაც მუდმივად ცვლადი ცნებაა. იგივე შეიძლება ითქვას შემეცნებაზე. ძიებამ   უცნობი არტისტები უნდა გაგვაცნოს, ან სულაც მივიწყებული მელოდიები ამოქექოს გონებიდან. ჟანრობრივად განსხვავებულ ტალღებზე გვატაროს და ამგვარი საოცარი ცვლილებებით საკუთარი თავი სულ სხვა რაკურსიდან დაგვანახოს.

მუსიკის ძიების პროცესი ძალიან მიყვარს, პირველად მოსმენის სიამოვნებას კი ვერაფერზე გავცვლი. ამგვარად მომივიდა იდეა #weekplay პროექტისთვის, რაც თავისთავში მოიაზრებს კვირის განმავლობაში აღმოჩენილი და ხშირად მოსმენილი მელოდიების გაზიარებას. ამას დავუამტოთ მცირეოდენი ინფორმაცია არტისტების შესახებ და voilà!

მოცემულ მომენტში ბლოგ-პოსტ კონცეფცია სამუშაო ვარიანტის დონეზეა და ეტაპობრივად შეიძლება დაიხვეწოს, ან სულაც შეწყდეს (ხასიათის ამბავია, როგორც ხვდებით)

jewel-1

1. Wintergatan – Marble Machine

შვედური ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ინსტრუმენტალური ნამუშევრებით. ჟღერადობა თავისი სტრუქტურით იან ტიერსენის ადრეულ ნამუშევრებს მოგაგონებთ. მათი ლიდერი, მარტინ “გაკგაივერ” მოლინი საკუთარი ინსტუმენტთმშნებლობით სრულიად უნიკალურს ხდის მისსვე კომპოზიციებს. ბოლო ნამუშევარი, Marble Machine დაახლოებით 14 თვე მზადდებოდა (უფრო ზუსტად ინსტრუმენტი ეწყობოდა ამ ხნის განმავლობაში). ამ გასაოცარი ტრეკის პრეზენტაცია 1 მარტს შედგა და მაშინვე ვირუსულ ვიდეოდ იქცა.

2. Moderat – Reminder

Moderat= Modeselektor +Apparat 
გერმანელი არტისტების კოლაბორაცია საოცრად წარმატებულია, რასაც მათივე დისკოგრაფია ცხადყოფს. აღნიშნული ნამუშევარი კი მომავალი ალბომის სინგლია. მისი საშუალებით წარმოდგენა შეიძლება შეგვექმნას ნარატივზე, რაც რიგით მესამე კოლაბორაციას გაჰყვება თან. “Moderat III”-ის რელიზი 1 აპრილს არის დაგეგმილი

3. Kings of Convenience – Winning a Battle, Losing the war

ინდი პოპ-ფოლკ დუეტი ნორვეგიიდან. საოცარი რელაქსაციური მელოდიურობით და კარგი ტექსტებით გამოირჩევიან. თუ მათ დისკოგრაფიას ჩაუჯდებით, რამდენიმე ბედნიერი საათი გარანტირებული გაქვთ

4. The Whitest Boy Alive – Courage

გერმანულ-ნორვეგიული აწ უკვე ყოფილი პროექტი. მათ ანგარიშზე მხოლოდ 2 სტუდიური ალბომია. ჯგუფის ვოკალისტი Erlend Øye (გვარი როგორ გამოითქმის ვერ გეტყვით, რაღა დაგიმალოთ) Kings of Convenience-ს თანადამაარსებელია. ამ პროექტით საკუთარი ხმა სინთ-პოპს მოარგო და ამგვარად საოცრად კარგი, Dance ტიპის მუსიკა გააკეთა გერმანელ თანამოაზრეებთან ერთად. 

5. Tycho – Dive

თუ რელაქსაციას ეძებთ, ტიეკოს ჟღერადობა გულგრილს არ დაგტოვებთ. მისი ნამუშევრები ერთნაირად აღვიძებს მიძინებულ ნოსტალგიას და აჩენს ფუტურისტულ მონახაზებს გონებაში, ჰარმონიულია ბუნებასთან და შინაგან ფიქრთა დინებასთან

6. Rone – Acid Reflux

რონეს მუსიკა არაერთგვაროვანია. განსაკუთრებით მისი ფსიქედელიური ნამუშევრები მომწონს. ეს უკანასკნელი- განსაკუთრებით. აღნიშნულ ტრეკში საყვირის პარტიას ტოშინორი კონდო, იაპონელი ავანგარდ მესაყვირე, ასრულებს, რაც ნამუშევარს განსაკუთრებულ მელოდიურობას, მისტიურობას და სიღრმეს ანიჭებს

7. Young Fathers – SHAME

სამწუხაროდ ჰიპ-ჰოპში დიდად ვერ ვერკვევი და ნამუშევრის ფასეულობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ეს კია, სიმღერა  ჩამთრევია და ვიდეო- უფრო მეტად. შესაძლოა ეს ბრიტანული არტ-ჰაუს კინოს სიყვარულის გავლენაა, რომ ვიზუალიზაციამ ტრეკი მომაწონა. ცეკვაზე აღარფერს ვამბობ

 Bonus Tracks